ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2008


თავი 14. გიას წერილები & თავი 15. ხელმეორედ გატაცება ("მაგდა")

თავი 14.  გიას წერილები

სოფელში ჩასულმა მაგდამ მალე შეიტყო, რომ ახალი პრობლემის წინაშე დადგა, - მაგდა დედა უნდა გამხდარიყო. ერთ დროს მხიარული გოგონა გულჩათხრობილი გახდა, აღარაფერი ახარებდა, აღარაფერი ართობდა... ბებიას ვერაფერი გაეგო, რა ხდებოდა მაგდას თავს, რამ შეცვალა ასე მაგდა, - ვერც გაეგო და ვერც ვერაფერი ეკითხა თავისი შვილიშვილისთვის. მაგდა თითქოს საუბრებს გაურბოდა, არც მეზობლის გოგო-ბიჭებთან ერთობოდა ძველებურად, აღარც მის საყვარელ წყაროზე უნდოდა წასვლა... ბებიამ ერთ-ორჯერ ცრემლებიც კი შენიშნა მაგდას თვალებში, მაგრამ პასუხად მაგდამ მხოლოდ გაუღიმა და კითხვა უპასუხოდ დატოვა.

გაირბინა თითქმის ორმა თვემ.
აგვისტოს ბოლოს მაგდას ნინომ და მალხაზმა ჩამოაკითხეს და თბილისში წაიყვანეს. სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღე-ღა რჩებოდა.

თბილისში შეიტყო ნინომ მაგდას ახალი გასაჭირი. მაგდას გადაწყვეტილება ურყევი იყო, - ბავშვი არ უნდა გაჩენილიყო, მაგრამ...

ექიმთან მისვლამ ბევრი რამ შეცვალა.
როდესაც ექიმმა უთხრა, რომ გვიანიაო, მაგდა მაინც თვალცრემლიანი ევედრებოდა ექიმს ბავშვის მოცილებას, მაგრამ როდესაც ექიმმა ისიც უთხრა, რომ ამ ბავშვის მოცილების შემთხვევაში მას ბავშვი აღარასოდეს ეყოლებოდა, მაგდა უხმოდ ადგა და კაბინეტიდან გამოვიდა.
ნინო დერეფანში ელოდებოდა. მაგდას სახეს რომ შეხედა, ყველაფერს მიხვდა და აღარაფერი უკითხავს, ისე გაჰყვა გვერდით ფეხათრევით მიმავალ შვილს.

ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მოდიოდა გიას წერილები, პასუხად კი...
25 ივნისის შემდეგ აღარაფერი მიუწერია მაგდას გიასთვის. ან კი რა შეეძლო, რომ მიეწერა?!

გიას ყოველი წერილი იმით იწყებოდა და მთავრდებოდა, რომ ევედრებოდა მაგდას, ნუ იყო გაჩუმებული, რამე, თუნდაც ერთი სიტყვა მაინც მიეწერა მისთვის, სთხოვდა, აეხსნა მისი სიჩუმის მიზეზი...

და აი, ერთ დღეს მაგდამ კიდევ ერთი წერილი მიიღო გიასაგან. მაგრამ ეს წერილი არ იყო ისეთი, როგორც სხვა დანარჩენი:


"მაგდა, მე ყველაფერი ვიცი!

გილოცავ გაბედნიერებას!

არ არის საჭირო თავის მართლება!  აი, თურმე როგორი სიყვარული გცოდნია! აი, თურმე რატომ სდუმდი მთელი 2 თვე...

მე კი... მე დღეებს ვითვლიდი, როდის ჩამოვალ-მეთქი...
თუკი შენც შეგძლებია ღალატი, ვიღასი უნდა ვირწმუნო, ვისი ვიწამო?!

მშვიდობით! ეს ბოლო წერილია, რომელსაც გწერ, რადგან მეტად წერილის მოწერის აღარც სურვილი მაქვს და... აღარც უფლება!

მშვიდობით! ღმერთმა შენი სიმართლით გატაროს!

                                      გია.
                                        26 აგვისტო."


მაგდა დიდხანს კითხულობდა ამ პატარა წერილს!
პატარას?
გააჩნია, ვისთვის იყო იგი პატარა!
შეიძლება სხვას იგი პატარადაც მოჩვენებოდა, მაგრამ მაგდასთვის ეს წერილი იყო ყველაფერი, რომლის შემდეგაც აღარაფერი რჩებოდა,  არაფერი!

მაგდა ლოგინზე დაემხო და მწარედ ატირდა. ტიროდა თავის დაკარგულ სიყვარულს, თავის დანგრეულ მომავალს... ტიროდა თავის ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვს, რომელსაც, ვინ მოსთვლის, რამდენი სიძნელის გადალახვა მოუხდებოდა კიდევ ცხოვრებაში.

ხვალ კი... ხვალ პირველი სექტემბერია და მაგდა თავისი ახალი განცდებით, ახალი შიშითა და ახალი იმედებით უნდა შეხვდეს ახალ სასწავლო წელს!




თავი 15.  ხელმეორედ გატაცება

მხიარული განწყობა სუფევდა უნივერსიტეტში პირველ სექტემბერს. ლექტორებსა თუ სტუდენტებს, ყველას უხაროდა ახალი სასწავლო წლის დაწყება.

მხოლოდ მაგდა იყო გულჩათხრობილი, უკვირდათ მის თანაკურსელებს მაგდას ასეთი "უეცარი" გარდაქმნა, ვერ გაეგოთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი, რომ ეს მხიარული გოგონა ასე შეცვლილიყო. ჯგუფმა ერთხმად გადაწყვიტა, "სწავლის დაწყება სადმე აღვნიშნოთო". მხოლოდ მაგდამ თქვა უარი წასვლაზე, რამაც კიდევ უფრო მეტი გაოცება გამოიწვია.

როგორ არ ეხვეწა ნათია, "ჯგუფს ნუ გამოაკლდები, ჩვენთან ერთად წამოდი, გულიდან სევდა გადაგეყრებაო", მაგრამ მაგდა ვერ დაიყოლია.

- ნათი, გთხოვ, მეტი აღარაფერი მითხრა წასვლაზე... არა მაქვს მაგის განწყობა!

ნათია დარწმუნებული იყო, რომ ნოდარსა და მაგდას შორის არაფერი მომხდარა, რადგან მაგდა სახლში დაბრუნდა. ეს ხომ ლიამაც უთხრა: "...სხვა შემთხვევაში გოგონა უკან არ დაბრუნდება... და თუ მაინც დაბრუნდება, თავის დამღუპველს საციხედ გაუხდის საქმესო"...  მაგდა კი არა მხოლოდ დაბრუნდა, მეორე დღეს სოფელშიც კი წავიდა... ესე იგი...

- მაგდა, გამაგებინე, რა მოგდის?!... ნუ გეშინია, ყველაფერი გაივლის, მერე შენც დაგავიწყდება ის "თარსი" დღე... ამის შემდეგ ერთი წუთით აღარ მოგშორდები გვერდიდან, ოღონდ დღეს წამოდი.
- მაპატიე, ნათი, მაგრამ... ვერ წამოვალ, არ შე-მი-ძლი-ააა! – მაგდა მობრუნდა და აუდიტორიიდან გამოვიდა.
ნათია გამოედევნა და კიბეებზე დაეწია მაგდას.
- დაბრუნდი, ნათი... შენ მაინც ნუ გამოაკლდები ჯგუფს. ჩემს გამო რატომ არ უნდა წახვიდე?... მე სახლში წავალ. საღამოს დამირეკე, რომელი საათიც არ უნდა იყოს, დარეკე, გესმის?

ნათია აუდიტორიაში დაბრუნდა, მაგდა კი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა შენობიდან და... ნოდარის პირისპირ აღმოჩნდა.
მაგდამ ფეხის გადადგმა ვეღარ მოახერხა, თითქოს მიწას ჩაეზარდაო...
ნოდარი მაგდასთან ახლოს მივიდა და ღიმილით მიესალმა.
მაგდას კუნთი არ შეტოკებია სახეზე... არც სიხარული... არც სიძულვილი... არაფრით გამოუხატავს მაგდას, რომ მან ნოდარი დაინახა,  ნ ო დ ა რ ი,  თავისი გამაუბედურებელი და თავისი მომავალი შვილის მამა!

ნოდარს სახეზე შეეყინა ღიმილი, გაწვდილი ხელი ჰაერში გაუშეშდა...
- მაგდა, არაფერს მეტყვი? არ მომესალმები მაინც?...
- გამარჯობის ღირსი არ ხარ, ნოდარ! მაინც, რას მოელი ჩემგან, რის გაგონებას?!  იქნებ თანაგრძნობას?! – ცივი და ყრუ ხმით იკითხა მაგდამ.
- ჰო, მაგდა, თუნდაც თანაგრძნობას!... მე მთელი ზაფხული გირეკავდი, შენ კი სოფელში იყავი წასული... ხან დედაშენს ვეკითხებოდი, ხან – ნათიას, მაგრამ არცერთმა არ მითხრა, სად იყავი წასული, რომელ სოფელში... ან როგორ იყავი!... ფეხით ჩამოვიდოდი შენამდე, მაგრამ... სად მეძებნე?! მაინც ძალიან დიდია ეს პატარა საქართველო, მაგდა!... მერე ისევ აქ მოსვლა ვარჩიე... ვიცოდი, აქ მაინც გნახავდი!... ხმა გამეცი, მაგდა!

მაგდამ მხოლოდ უხმოდ გადააქნია თავი და კიბეს ჩაუყვა.
ნოდარი ადგილზე დარჩა.

მაგდა ფეხით გაუყვა ჭავჭავაძის გამზირს. ამ ბოლო დროს ავტობუსში გული უხდებოდა ცუდად, - ეს მისი შვილი, მისი მომავალი შვილი, მისი გოგონა  უბრძანებდა მას ფეხით სიარულს. დარწმუნებული იყო მაგდა, რომ აუცილებლად გოგო უნდა ჰყოლოდა, რადგან ეშინოდა, "ვაი თუ ბიჭი ნოდარს დაემსგავსოს და მერე მთელი სიცოცხლე იმ "პატარა ნოდარს" რა უყურებსო..."

დაფიქრებული მიდიოდა მაგდა. უეცრად მის წინ თეთრი "ვოლგა" გაჩერდა, მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა ნოდარი, მანქანის მარჯვენა წინა კარი გააღო და "დაჯექიო" კი არ უთხრა, უბრძანა მაგდას.

ამ ბრძანებამ გამოაფხიზლა მაგდა და ბრაზჩამდგარი თვალებით შეხედა ნოდარს, თან კი კბილებს შორის გამოსცრა:
- არა!...
- დაჯექი! – უყვირა ნოდარმა.

მაგდამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და მობრუნება გადაწყვიტა, რომ...…
- მე გეუბნები, დაჯექი-მეთქი! – უფრო ხმამაღლა იყვირა ნოდარმა, მაგდასთან მიიჭრა და ძალით მიიყვანა მანქანასთან, შემდეგ ხელი ჰკრა და მანქანაში შეაგდო.

ასეთ უხეშობას მაგდა ნოდარისგან არ მოელოდა და შეშინებულმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია.
ნოდარი სწრაფად მიუჯდა საჭეს და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

კარგა ხანს ისხდნენ ჩუმად. მაგდა შიშისგან ვერ იღებდა ხმას, ნოდარი კი – ბრაზისგან: გაფითრებულ სახეზე ოფლის მსხვილი წვეთები დაასხდა... 

- ნოდარ, სად მიგყავარ?! ხმა ამოიღე... – შეშინებულმა ამოიჩურჩულა მაგდამ, როცა ნახა, რომ მანქანა მცხეთის გზას დაადგა.
- ერთ ქალს ორჯერ არ იტაცებდნენ-ხოლმე, მაგრამ, თურმე, ესეც შესაძლებელი ყოფილა! კი ბატონო, იყოს ასე!... თუ საჭირო გახდა, მესამედაც მოგიტაცებ... მეოთხედაც!.. და ეს იცოდე, რამდენჯერაც წახვალ, იმდენჯერ ძალით დაგაბრუნებ! გესმის? ძალით! – ნერვიული ხმით ყვიროდა ერთიანად გაფითრებული ნოდარი.
- ნოდარ მომისმინე, - სცადა მისი დამშვიდება მაგდამ, - დრო მომეცი, 1 კვირა მხოლოდ...  1 კვირა, ნოდარ, და მერე როგორც გინდა ისე მოიქეცი... გთხოვ, გევედრები... - მაგდამ ნოდარის საჭეჩაფრენილ ხელს დაადო აცახცახებული ხელი და სიმწრით გაიღიმა.

ამ შეხებამ საოცრად იმოქმედა ნოდარზე. მანქანამ ჯერ სვლას უკლო, შემდეგ კი – სულ გაჩერდა.
ნოდარმა მაგდას ხელს ხელი დააფარა და მწარედ ამოიკვნესა:
- მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგდა... ნუთუ ოდნავი თანაგრძნობის ღირსიც არა ვარ?... მჯერა, შენ მადანაშაულებ, მაგრამ... მე არა ვარ დამნაშავე, მაგდა! ოდესმე შენ თავად მიხვდები ამას, - ნოდარმა მაგდას ხელი ტუჩებთან მიიტანა და ძალიან ნაზად დაუწყო კოცნა.

მაგდას დენივით დაუარა ტანში ჟრუანტელმა და სწრაფად გაითავისუფლა ხელი.
ნოდარმა მძიმედ ამოიოხრა და საჭეს ჩამოაყრდნო თავი.
- ნოდარ, გევედრები, ერთი კვირა მხოლოდ... – თქვა მანქანის კუთხეში უმწეოდ მიყუჟულმა მაგდამ და ისე საცოდავად გაიღიმა, ნოდარმა ვეღარაფერი უთხრა და მანქანა მოაბრუნა.

თბილისამდე აღარცერთს  ამოუღია ხმა.
- მაგდა, ერთ კვირაში პასუხს ველოდები... მე ჩემს სიტყვას არ გადავალ,  იცოდე! – მიაძახა ნოდარმა მანქანიდან გადასულ მაგდას.

მაგდამ თავი დაუქნია და სწრაფი ნაბიჯით გაემართა სადარბაზოსკენ, ნოდარი კი კარგა ხანს იდგა მაგდას სახლის წინ სულ ტყუილი იმედით: "იქნებ ერთხელ მაინც მომხედოსო"...

სადარბაზოში შესული მაგდა კიბეზე ჩამოჯდა, - მუხლები უკანკალებდა, სულს ვერ ითქვამდა. მთელი გზა ცდილობდა, რომ ნოდარს არ შეემჩნია მისი ნერვიულობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაუჯერებდა ნოდარი, რომ მაგდა ერთ კვირაში პასუხს ეტყოდა... სინამდვილეში კი... გულის წასვლამდე იყო მაგდა მისული.

კარგა ხანს იჯდა კიბეზე. შემდეგ ძლივს ადგა და სახლში ავიდა.
კარი ნათიამ გაუღო.
- ნათი, აქ რა გინდა?! შენ მაინც რატომ არ წახვედი? – შეწუხდა მაგდა.
- ნუთუ გგონია, რომ მე იქ დროის გატარებას შევძლებდი, როცა ვნახე, შენ რა მდგომარეობაში იყავი? ჯგუფში შევბრუნდი, ვუთხარი, "ვერც მე მოვდივარ-მეთქი" და გამოგედევნე, მაგრამ წასული დამხვდი. ვიფიქრე, "სახლში წავიდოდა-მეთქი" და მაშინვე აქეთ წამოვედი... სად იყავი?! რატომ თან არ წამიყვანე?! ადამიანის ფერი არ გადევს.
- ეეეჰ, გვიანია უკვე, ჩემო ნათია, "ადიუტანტებით" სიარული, გვიანი!
- ჯერ ერთი, მე "ადიუტანტობად" კი არა, მეგობრობად ვთვლი ჩვენს ურთიერთობას, და მეორეც, რატომ არის "გვიანი"?
- დედაჩემს არაფერი უთქვამს? სად წავიდა?
- არა, არაფერი... მითხრა, "კარგია, რომ მოხვედი, მე სამსახურში დამიბარეს, მაგდას დაელოდეო" და წავიდა... რა ხდება, მაგდა? – ნათია გაოცებული მიაჩერდა მაგდას.

გოგონები დივანზე ჩამოსხდნენ და მაგდამ ყველაფერი უამბო ნათიას.
ცრემლიანი თვალებით უსმენდა ნათია მეგობარს, რადგან, შეიძლება, ამ შემთხვევისთვის მასაც შეეძლო ხელის შეშლა... არ იცოდა ნათიამ, რომ, როცა მან მაგდას მოტაცების ამბავი გაიგო, უკვე ყველაფერი გვიანი იყო.

- მაპატიე, მაგდა! მე რომ შენთან ერთად ვყოფილიყავი, ეს ამბავი არ მოხდებოდა!
- შენ რა უნდა გაპატიო, ნათი? შენი რა ბრალია?! შენ ხომ მეორე დღეს გქონდა გამოცდა?!.. და თანაც, ვინ იფიქრებდა ამას?! კარგი, ნუღარ სტირი, ცრემლი მხოლოდ ჩემი ხვედრია... მე ახლა იცი რაზე ვფიქრობ? საჭორაო მიეცემა ხალხს... რას არ იტყვიან ახლა! ფეხმძიმედ მაინც არ დავრჩენილიყავი...
- ექიმთან იყავი?
- ვიყავი. "ეს რომ მოიცილო, მერე შვილი აღარასოდეს გეყოლებაო"... გათხოვებით მე აღარ გავთხოვდები და...
- ვითომ, რატომ ვერ გათხოვდები?
- "ვეღარ" კი არა, "აღარ"! არ მინდა!... და ჩემი საკუთარი შვილი მაინც მეყოლება...  რა ვქნა, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ... ილაპარაკებენ, ილაპარაკებენ და... გაჩუმდებიან.
- ნოდარმა იცის ბავშვის შესახებ?
- არა!... და თუ ჩემი დაიკო ხარ, შენ არაფერი უთხრა! მპირდები?
- მაგდა, მე ამის შესახებ გაფრთხილება არ მჭირდება. ის კი არა, მე, შენს ადგილზე, ციხეში ამოვალპობდი იმ საძაგელს...
- ვერა, ნათია!... ის ჩემი მომავალი შვილის მამაა! ოდესმე, ჩემმა შვილმა რომ მკითხოს მამამისზე რამე, რა ვუპასუხო? "მამაშენი ციხეში იმიტომ ჩავასმევინე, რომ შენ უნდა გაჩენილიყავი-მეთქი"?... და თანაც, დიდი სიყვარულისთვის არ აპატიმრებენ ხალხს. მე ნოდარს სიტყვა მივეცი... აღარ მინდა ამაზე საუბარი, აღარასოდეს აღარ მინდა!...
- რა დიდსულოვანი ხარ, მაგდა! მე კიდე არ მცნობიხარ, თურმე... მე ამას ვერ შევძლებდი.

მხოლოდ ნინოს მოსვლის შემდეგ დაბრუნდა ნათია სახლში.
მაგდა თავის ოთახში შევიდა, წამოწვა და ტელევიზორი ჩართო. მერე ჩაეძინა კიდეც. ნინომ ფრთხილად გადააფარა თხელი ადიალა და ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან.
ახლა მაგდას რაც შეიძლება მეტი სიმშვიდე სჭირდებოდა.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები