ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2009


თავი 23. 1978 წლის 14 აპრილი... ("გაცვლა")

ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში თეონა ფაკულტეტის პარტკომის მდივანმა დაიბარა და უთხრა:
- განცხადება დაწერე, კომპარტიის რიგებში უნდა მიგიღოთ, წევრობის კანდიდატად...
- მე რომ ჯერ არ ვარ 19 წლის?
- არაფერია, ხომ მალე გახდები?
- მარტის ბოლოს...
- ჰოდა, რაღა დარჩა მარტის ბოლომდე? სულ რაღაც სამი თვე... დაწერე... დროზე!
- და თუ არ დავწერ?
- შვილო, არ გინდა ასპირანტურაში ჩაბარება? ჩვენ ყველას კი არ ვღებულობთ კომპარტიაში? მხოლოდ გამორჩეულებს... და უნივერსიტეტს არ უნდა შენი, როგორც მომავალი თანამშრომლის, ხელიდან გაშვება.
- მერე?
- რა მერე? სრულ ჭკუაზე ხარ, თეონა?! სპეციალურად შენთვის დაუშვეს ეს ადგილი! ჰოდა, კეთილ ინებე და შეიმშნოვე! არა და, მერე, როცა ასპირანტურაში ჩაბარებაზე მიდგება საქმე, ნუ გაგიკვირდება, რომ სხვას ჩარიცხავენ და შენ – არა!
- სახლში ვკითხავ...
- არა! ან დაწერ ახლა და ან არ დაწერ საერთოდ! მე პასუხი უნდა შევატყობინო... ამ ადგილზე – ნადირობენ ფაკულტეტების პარტკომები!... – და ტელეფონის ყურმილს დაავლო ხელი.
- კარგით, მომეცით ფურცელი... – ამოიოხრა თეონამ, პარტკომის მდივნის კარნახით დაწერა განცხადება, ხელი მოაწერა და ჩააბარა.
- თავისუფალი ხარ... 15 იანვარს – თსუ პარტკომის სხდომაა... იქ უნდა გახვიდე შერჩევაზე...

15 იანვარს, თსუ პარტკომის სხდომაზე, III კურსის ფრიადოსანი სტუდენტის, თეონა გელოვანის პირადი საქმე წაიკითხეს:

1. კათედრის სტუდენტური სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
2. ფაკულტეტის სტუდენტური სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
3. ფაკულტეტის კედლის გაზეთის რედაქტორი;
4. ფაკულტეტის ალკკ კომიტეტის წევრი, ერთდროულად ხელმძღვანელობს ორ სექტორს, -კულტმასობრივს და პირველ კურსთან მუშაობის სექტორებს;
5. ფაკულტეტის თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელი და აქტიური წევრი;
6. მაღლივი კორპუსის ინტერნაციონალური კლუბის ვიცეპრეზიდენტი;
7. თსუ ინტერნაციონალური კლუბის პრეზიდიუმის მდივანი;
8. თსუ გაერთიანებული პროფკომის წევრი;
9. თსუ სახალხო კონტროლის წევრი...

უნივერსიტეტის პარტკომის მდივანმა გაოცებულმა შეხედა ჯერ ფაკულტეტის პარტკომის მდივანს და შემდეგ - თეონას:
- ამდენ რამეს ასწრებ, გოგონი?
- დიახ... ვასწრებ...
- და არ იღლები?
- ცოტას... არაფერია, ღამე ხომ ვისვენებ?

თეონას ამ გულუბრყვილო პასუხზე ყველას გულიანად გაეცინა და ერთხმად დაუჭირეს მხარი. თან გააფრთხილეს, რომ ზუსტად ერთ თვეში კომპარტიის რაიკომის სხდომაზე მოუწევდა გასვლა.

ერთი თვეც მალე გავიდა.
თებერვლის შუა რიცხვებში კომპარტიის რაიკომის სხდომაზე თსუ პარტკომის მდივნის მიერ იქნა დახასიათებული თეონა.

რაიკომის მდივანმა, ქ-ნმა ნათელამ გაოცებულმა შეხედა ჯერ თეონას, შემდეგ პარტკომის მდივანს. ვეღარ მოითმინა და მკაცრად იკითხა:
- მაგ ფაკულტეტზე თეონა გელოვანის გარდა სწავლობს კიდევ ვინმე?
- რა თქმა უნდა... ეს დიდი ფაკულტეტია!
- მერე? ეს ბავშვი არ გეცოდებათ? შეიძლება, რომ ერთ სტუდენტს ჰქონდეს ამდენი საზოგადოებრივი დატვირთვა? როდის-ღა უნდა ისწავლოს?
- გელოვანი ფრიადოსანია, ქ-ნო ნათელა!
- ძალიან კარგი, მაგრამ... გგონით ეს ამართლებს ფაკულტეტის ხელმძღვანელობას? – შემდეგ თეონას მიუბრუნდა, - ძალიან კარგი გოგო ყოფილხარ... მაგრამ, არ იღლები?
- ცოტათი... მაგრამ დასვენებასაც ვასწრებ...
- მხატვრული ლიტერატურის საკითხავად თუ გრჩება დრო?
- დიახ... კითხვა ძალიან მიყვარს... გუშინწინ დავასრულე ჰიუგოს “საბრალონი”...
- კინოში თუ დადიხარ? ან ბოლოს როდის იყავი თეატრში? – ისეთი ტონით იკითხა რაიკომის მდივანმა, რომ აშკარად უარყოფით პასუხს ელოდა და შემდგომი შეტევისთვის ემზადებოდა.
- რუსთაველის თეატრში, სამი დღის წინ... თქვენც იქ ბრძანდებოდით მაშინ... ბენუარის ლოჟაში იჯექით... ვიკითხე, “რა ლამაზი ქალია, ნეტა ვინ არის-მეთქი” და... 

დარბაზში ხმამაღალი სიცილი გაისმა... ერთს – მეორე აჰყვა, მეორეს მესამე და ბოლოს მთელი კომიტეტი ერთად იცინოდა. თავად ქ-ნი ნათელა – ლამის მოსაბრუნებელი გახდა...
- უუჰ, შენ გაიხარე, თეონა! რამდენი ხანია ასე გულიანად აღარ მიცინია! წადი, შვილო! კარგი გოგო ხარ... დღეიდან შენ კომუნისტური პარტიის წევრობის კანდიდატი ხარ!
- დიდი მადლობა... – ჩაილაპარაკა გაღიმებულმა თეონამ და ოთახიდან გავიდა.


- გოგო, რომ ატლიკინებ მაგ ენას, შენ არ უნდა იცოდე, ვისთან რა უნდა თქვა? – გაუწყრა ფაკულტეტის პარტკომის მდივანი გარეთ გამოსულ თეონას, - ახლა გადავრჩით და გაეცინათ... და რომ გაბრაზებულიყო? გესმის, რა მოხდებოდა?
- და ხომ არ გაბრაზებულა?! ან რა ვთქვი გასაბრაზებელი? კომპლიმენტი ვუთხარი, “ლამაზი ქალი ბრძანდები-მეთქი”... – მხრები აიჩეჩა თეონამ.
- ასეთი კომპლიმენტი, სახლში რომ მიხვალ, იქ უთხარი ბებიაშენს...
- გმადლობთ... აუცილებლად ვეტყვი... მართლა ლამაზი ქალია ბებიაჩემი!
- მომცილდი! თვალით არ დამენახო! – ახლა კი სერიოზულად გაბრაზდა პარტკომის მდივანი და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისკენ.


ისევ დადგა გაზაფხული.
თეონა მორიგი დაბადების დღის აღსაღნიშნავად ემზადებოდა.
ამ დროს კი საქართველოში დიდი, საერთო-ეროვნული ხასიათის კონფლიქტი მზადდებოდა.

1978 წლის 23 მარტს საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში თათბირი ჩატარდა, სადაც ითქვა, რომ ძველ, 1936 წლის კონსტიტუციაში მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს ჩაუწერეს, რომ ამ ქვეყნებში, შესაბამისად, მხოლოდ ქართული და სომხურია სახელმწიფო ენები. სხვა მოკავშირე რესპუბლიკათა კონსტიტუციებში არ ყოფილა მუხლი  სახელმწიფო ენის შესახებ. ამიტომ, ყველა რესპუბლიკა ერთნაირ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, გადაწყვიტეს 76-ე მუხლის, სადაც სახელმწიფო ენაზეა საუბარი, ამოღება და 75-ე მუხლის ჩაწერა. აღსანიშნავი იყო ის, რომ გარდა საქართველოსი და სომხეთისა, 75-ე მუხლი არ იყო არცერთი მოკავშირე რესპუბლიკის კონსტიტუციაში.

მეორე დღეს, 24 მარტს გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნდა საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტი:
“ახალი კონსტიტუცია არსებითად იგივეა იყო, რაც ძველი, მაგრამ არის ერთი ცვლილება: ამოღებულია მუხლი, სად ეწერა, რომ “საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული” და მის მაგივრად შეტანილია 75-ე მუხლი: “საქართველოს სს რესპუბლიკა  უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორჰგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის.
საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე სხვა ენებისა,რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს!
რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები  ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება.”

იმავე დღეს, 24 მარტს საქართველოს კპ ცკ-ის სხდომათა დარბაზში დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა: საქართველოს კპ ცკ-ის წევრები, რაიკომის მდივნები, მინისტრები, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, შემოქმედებითი  კავშირების ხელმძღვანელები და სხვ.

საერთო ინფორმაცია შეკრებილ საზოგადოებას ედუარდ შევარდნაძემ მიაწოდა.
როცა ოფიციალურ პირთა გამოსვლები დამთავრდა, ბ-ნი ედუარდი კრების მონაწილეებს მიუბრუნდა და შეკითხვები დაუსვა.
პირველად განათლების მინისტრს ჰკითხა:
- როგორ არის საქმე?
- განათლების სამინისტრო მზად არის კონსტიტუციის პროექტის განსახილველად. ვფიქრობ, მხარდაჭერაც ერთსულოვანი იქნება.

შემდეგ ბ-ნი ედუარდი საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანს მიუბრუნდა და იგივე შეკითხვა დაუსვა. პასუხი აქაც დადებით იყო.

კრების მესამე მონაწილე, ვისაც ბ-ნმა ედუარდმა კითხვით მიმართა, გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
- ბ-ნო ედუარდ, ავად ვიყავი და უნივერსიტეტში დღეს მივედი. ამდენად სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვამ კარგად ჩაიაროს. თუმცა, გულახდილად უნდა ვთქვა: შემატყობინეს, რომ როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთა შორის არის უკმაყოფილება.
- მაინც რით?
- 75-ე მუხლით, სადაც ენაზეა ლაპარაკი.
- რას ამბობენ, რატომ არ მოსწონთ?
- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით... ავად ვიყავი. ვითარებას ზუსტად გავეცნობი და მოგახსენებთ.
- პირადად თქვენ რა აზრის ხართ, მოგწონთ თუ არა 75-ე მუხლი?

რექტორი გაჩუმდა. ვერც “ჰო” თქვა და ვერც “არა”...
მაშინ ედუარდ შევარდნაძემ საყვედურით აღნიშნა:
- თუ თქვენ არ გაქვთ შემუშავებული საკუთარი აზრი, მაშინ ცხადია ვერ უხელმძღვანელებთ უნივერსიტეტში კონსტიტუციის პროექტის განხილვას. კიდევ ვის უნდა რამის დამატება?

სიტყვით რამდენიმე ადამიანი გამოვიდა.
საბოლოო სიტყვა ედუარდ შევარდნაძემ თქვა.
- კონსტიტუცია დიდ პერსპექტივებს უშლის წინ ქართველ ხალხს და იგი დიდი მონაპოვარია. “სახელმწიფო ენის” ჩაწერა არ შეიძლება, რადგან ლენინი იყო ამის წინააღმდეგი. მართალია, იგი ამას რუსული ენის შესახებ ამბობდა, მაგრამ დებულება ყველა ენას ეხება. ერთადერთი, რასაც მოსკოვში მივაღწიეთ, ეს 75-ე მუხლია. იგი არ შეიცვლება. იმედი მაქვს ქართველი ხალხი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს ახალ კონსტიტუციას და მისი მიღება საზეიმო ვითარებაში ჩაივლის.

მომავალი ამბებისთვის ამ კრებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისში თვალისდახამხამებაში გავრცელდა ეს ამბავი.
აქტიურად ამოქმედდა პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატი. იგი ყველა ღონეს ხმარობდა, ზეგავლენა მოეხდინა ადამიანებზე, დაექსაქსა ისინი. თანამდებობის პირებს მოხსნით ემუქრებოდნენ. იწვევდნენ დაწესებულებათა არა საერთო კრებას, არამედ ცალკეული განყოფილებების, ლაბორატორიების, კათედრების, საამქროების მიხედვით. ხალხს არ აძლევდნენ საშუალებას, ერთმანეთისთვის მხარი დაეჭირათ.

საქმეში ხშირად ერეოდა სუკ-ი.
მაგალითად, დაიწერა უნივერსიტეტის ლექტორთა პროტესტი, რომელსაც 40 კაცი აწერდა ხელს. ეს წერილი გაიგზავნა საკონსტიტუციო კომისიაში. მაგრამ სტუდენტებს, რომელთაც წერილი მიჰქონდათ, დაეწია უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, რომელსაც თავადაც ჰქონდა ხელი მოწერილი ამ წერილზე,  სუკ-ის თანამშრომლებთან ერთად, და ამ სტუდენტებს ის წერილი წაართვეს.

ამის შემდეგ სტუდენტები უფრო ეშმაკურად იქცეოდნენ. ისინი რამდენიმე ეგზემპლარად ადგენდნენ საპროტესტო წერილებს. რექტორატისა და პარტკომის მოთხოვნისამებრ ერთ ეგზემპლარს  მათ აბარებდნენ, მეორე კი – საკონსტიტუციო კომისიაში მიჰქონდათ. და როცა რექტორატსა და პარტკომში ეგონათ, "ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთო", იმ დროს სტუდენტთა საპროტესტო წერილები დასტა – დასტა ეწყობოდა საკონსტიტუციო კომისიაში.

ასევე აკეთებდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც.



* * *
დადგა აპრილიც...
14 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესია დაიწყო.

უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი. ჭავჭავაძის გამზირზე განლაგებული სასწავლო კორპუსებიდან ადვილი იყო I კორპუსის ეზოსთან მოხვედრა. ფეხითაც ადვილად მივიდოდა მსურველი...

თსუ მაღლივი კორპუსი I კორპუსიდან მოშორებით მდებარეობდა... და როდესაც რექტორატიდან ფაკულტეტებზე მოვიდა ბრძანება “ნებისმიერი ფორმით შეაჩერეთ სტუდენტთა I კორპუსში წამოსვლაო”, მაღლივი კორპუსის პრორექტორმა სხვა უკეთესი გამოსავალი ვერ მონახა და... მაღლივი კორპუსის ყველა კარი ჩააკეტინა.

პარტკომმა თეონა კაბინეტში დაიბარა. კაბინეტში კიდევ სამი ფაკულტეტის წარმომადგენელი დახვდა თეონას.
- თეონა, სტუდენტური დღეებისთვის მზად ხართ?
- დიახ, ქ-ნო მზია... ყველა ნომერი მზად გვაქვს.
- მაშინ ახლავე დაუკავშირდი სხვა ფაკულტეტების ალკკ კომიტეტის მდივნებს, ან შესაბამის სექტორებს და გამოყენებითი მათემატიკის სააქტო დარბაზში სახელდახელო კონცერტი მოაწყვეთ... დროზე... სტუდენტებმა კორპუსი არ უნდა დატოვონ!
- კი, მაგრამ... ქართული ენის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლა მაღლიველებს არ გვეკუთვნის?
- მე შენ ერთხელ გაგაფრთხილე უკვე, - მოეშვი ენის ტლიკინს! გააკეთე, რასაც გეუბნები!

თეონა ალკკ კომიტეტის ოთახში შევიდა და კომიტეტის მდივანს, თამრიკოს გადასცა პარტკომის დანაბარები.
- თამრი, შენ უნდა მიხედო ამ საქმეს...
- მე? თეონა, მგონი შენ დაგავალა მზიამ...
- მე მივდივარ...
- სად?
- I კორპუსთან!
- გიჟო, დაკეტილია ყველა კარები!
- დარაჯებს ვთხოვ და გამიღებენ...
- არა, არ გაგიღებენ!... კარებთან დეკანები დგანან.
- არ ვიცი... მოვიფიქრებ რამეს.

ოთახიდან გამოსული – ჯაბას შეეფეთა. ჯაბა მას ეძებდა.
- თეონა, აქ ხარ?
- ჯერ - კი...
- და რას აპირებ? ყველა კარი დაკეტილია! დაბლა ჩვენი დეკანი დგას. ვთხოვე, “ვარჯიში მაქვს და გამიშვი-მეთქი”... არ ქნა!
- აუუუ, ესე იგი, არც მე გამიშვებს... ჯაბა, რა ვქნა?
- ვერაფერს იზამ... აგერ შევიდეთ აუდიტორიაში და დაველოდოთ კარის გახსნას!
- კარის გახსნას, რომელიც ცის გახსნის ტოლფასი იქნება?! მე ვერ დაველოდები.
- აბა რას იზამ?
- ჯერ არ ვიცი... წამომყვები დაბლა? – თეონამ ფანჯრიდან გადაიხედა და უეცრად იყვირა, - მე მივდივარ-მეთქი... მოდიხარ თუ არა?
- სად?
- I კორპუსთან, ჯაბა!
- ვარჯიში მაქვს, თეეე... ნეტა შევძლო აქედან გასვლა!
- მაშინ – აქ იყავი! მე – წავედი!... ჯაბა, მე შენ არ გინახივარ, კარგი?
- დალაპარაკება მინდოდა შენთან...
- ახლა არ არის ამის დრო, ჯაბა... წავედი!

თეონამ მაღლიდან დაინახა, როგორ მიადგა ფანჯრის მხრიდან სასადილოს დიდი ტომრებით სავსე სატვირთო მანქანა. ტომრებში ზოგში ფქვილი იყო, ზოგში შაქარი, ზოგში ბურღული...
კიბეზე ჩაირბინა და სასადილოს გამგეს, ნელის სთხოვა, ფანჯრიდან გადასვლის უფლება მომეციო...
- თეონა, მაღალია ძალიან! მთლად ორი სართული არ არის, მაგრამ 3 მეტრი– ნაღდად არის!
- ჰოდა, მითუმეტეს... ორი სართულიც არ ყოფილა...

და ვიდრე ვინმე კიდევ რამეს ეტყოდა, თეონა ფანჯრიდან გადახტა!

ერთმა მუშამ, რომელიც ტომრებს ტვირთავდა, დაინახა ფანჯრის რაფაზე ასული გოგონა და დაყვირებაც ვერ მოასწრო, რომ ეს გოგონა მათი მანქანისკენ “გაფრინდა”. და სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, ჰაერშივე დაიჭირა “მფრინავი გოგონა” და ტომრებზე “დააგდო”, რათა მანქანიდან არ გადავარდნილიყო.

თეონას ეგონა, ტომრები რბილი იქნებოდა, მაგრამ... კარგად დატენილი ტომრები საკმაოდ მაგრები აღმოჩნდა და გვარიანად დაებეჟა გვერდები. მაგას დაეძებდა? მთავარია დამსხვრეული მინებითა და ნატეხი ქვებით მოფენილ დაქანებულ მიწაზე არ მოადინა ზღართანი.

- გაგიჟდი, გოგო? რომ დამტვრეულიყავი? – უყვირეს მუშებმა, - თავი გაქვს მობეზრებული?
- მგონი მაინც დავიმტვერი... – გაეცინა თეონას.
- ვინმეს გამოექესი? – ჰკითხა იმ ახალგაზრდა მუშამ, რომელმაც თეონა დაიჭირა.
- არა, კორპუსში ჩაგვკეტეს და... არა და, აუცილებლად უნდა გამოვსულიყავი კორპუსიდან.
- ისე, შენისნაირი ლამაზი გოგო რომ დაგაფრინდება, არაა ცუდი... კარქათ მოფრენდი.
- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის... და მოდი, ბარემ აქედანაც გადამაფრინე, კარგი? თუ ჩემით გადავხტე?
- არა, მე ჩავალ და შენ ჩამოხტი, დაგიჩერ...  რა ქვია?
- თეონა...
- მე – რასული... აისორი ვარ... - დააზუსტა ყოველი შემთხვევისთვის, თუმცა არავის უკითხავს მისთვის ეროვნება.

რასული დაბლა ჩახტა და თეონას ხელი გაუწოდა.
სხვა მუშებმაც შეაშველეს ხელი და თეონა მანქანიდან დაბლა ჩასვეს.
- დიდი მადლობა, რასულ... კარგი ბიჭი ხარ, - გაუცინა თეონამ, სხვა მუშებსაც მადლობა გადაუხადა და გაიქცა.

თეონამ სასაფლაოების მხარეს მიაშურა.
გარბოდა და თან გული უკანკალებდა: იმ ვიწრო გზაზე არც მანქანები დადიოდნენ, არც ფეხით მოსიარულენი... სასაფლაოებამდე ხომ – საერთოდ უკაცური ტერიტორიები იყო...

ამ ვაი-გზაზე თუ ვინმე დადიოდა, არავინ იყო საკაიკაცოდ გამოსული, - ან ყომარბაზები იყვნენ, რომლებიც ფულზე თამაშობდნენ,  ან მორფინისტები, რომლებიც თვალსმოფარებულად “საქმიანობდნენ”...

სწორედ ამ გზაზე გარბოდა თეონა, როცა მოტოციკლეტის ბღუილით წამოეწია ორი ახალგაზრდა ვაჟი. მათ შეხედეს თეონას და სიცილით ჩაუჭრეს გზა.
მიხვდა თეონა, რომ ძალიან ცუდად იყო მისი საქმე და... ვა-ბანკზე წავიდა!
- რა გაცინებთ? იმის ნაცვლად, რომ მითხრათ, “გოგონი, ნუ გეშინია, ამ უკაცრიელ გზაზე არ მიგატოვებთ და აქედან გაგიყვანთო”, იცინით?
- ეე, აბა რა ვქნათ? იცი, რა მაზალოდ გარბიხარ? ან, ვაბშემც, სად გარბიხარ? ჩვენზე უკეთესები გელოდებიან?
- 75-ე მუხლის შესაცვლელად გავრბივარ!
- გვაშაყირებ, ტოოო?
- რა დროს შაყირია?! კონსტიტუცია რომ უნდა შევცვალოთ, არ იცით? თქვენც იტყვით, რა, ქართველები ვართო! – თეონამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს აქამდე სხვანაირად ფიქრობდა ამ ბიჭებზე და ახლა წარმოდგენა გაუფუჭდაო...
- შენ ან გიჟი ხარ, ან ჩვენი გაგიჟება გინდა... რა კონსტუ... კონსტუტი... ფუ, როგორ თქვი, რა იცვლებაო?
- კონსტიტუციის 75-ე მუხლი... ქართულ ენას გვართმევენ, გესმით? ეეეჰ... – ჩაიქნია თეონამ ხელი და ისევ წასასვლელად მოემზადა.
- მაიცა, სად მიდიხარ? თქვი, რა, ბოლომდე?!
- რა ვთქვა? ამის მერე ქართულად რომ აგიკრძალავენ ლაპარაკს, აი, მაშინ იტყვით, "ნეტა იმ გოგოს მივხმარებოდითო"...
- და როგორ მოგეხმაროთ? მოტოციკლეტი ორადგილიანია...

თეონამ საქმიანად მიიხედ-მოიხედა და... რაღაც თოკისმაგვარი დაინახა... შემდეგ 60 სმ-მდე სიგრძის ფიცარსაც მოჰკრა თვალი. ვიდრე საჭირო ატრიბუტებს ეძებდა, - სახელებიც გამოჰკითხა ბიჭებს.

თეონამ კაკო (ასე ერქვა უკან მჯდომ ვაჟს) მოტოციკლეტიდან ჩამოიყვანა, ფიცარი ძნელად, მაგრამ მაინც დააბა უკანა დასაჯდომზე. შემდეგ ისევ კაკოს მოუხმო და უთხრა:
- ახლა მე და შენ ერთდროულად უნდა დავსხდეთ ამ ფიცარზე... მთავარია, შარვლის ტოტი არ ჩაგყვეს ბორბალში... და მეც მაგრად უნდა მომკიდო ხელი.
- არ გადავცვივდებით? – თვალები გაუფართოვდა კაკოს.
- უნდა ვეცადოთ, რომ არ გადავცვივდეთ. თან რამაზს (მძღოლს) ჩავეჭიდებით...

მართლაც ასე დასხდნენ.
მოტოციკლეტი ჯერ ნელა დაიძრა.
რამაზმა რომ ნახა, რომ ორივე მგზავრი მყარად იჯდა ამ თვითნაკეთ სკამზე, სიჩქარეს მოუმატა.
- თეონა, მაგრად ჩაგვეჭიდე! შენნაირი მაგარი გოგო ჯერ არ შეგვხვედრია!
- ნაღდად, რააა!... მოგიკვდეს ჩვენი თავი! შენს გვერდით გვიგულე ნებისმიერ დროს!
- დიდი მადლობა, ბიჭებო... 12-ზე უნივერსიტეტის I კორპუსთან უნდა ვყოფილიყავი... ცოტას ვერ მოუჩქარებ?
- კი, თეონა... კაკოს და მე ჩაგვეჭიდე კარგად და წავედით! უუუუუუუუუუუუ!.....
- ვაუუუუუუ!.... – ლამის ერთ ხმაში იყვირეს თეონამ და კაკომ, როცა რამაზმა სიჩქარეს მოუმატა.

მალე გასცდნენ სასაფლაოს, ველოტრეკს... ვაკე-საბურთალოს გზაზე გავიდნენ.
- თეონა, გინდა I კორპუსამდე მიგიყვანთ?! ასწორებს ასე სიარული! - გამოსძახა რამაზმა.
- არ გაგვაჩერებენ? – ყვირილით იკითხა თეონამ.
- არ გავაჩერებ და ეგ იქნება!... წავედიიიიიით!
- გლიჯაააააააააავს! – ყვიროდა კაკოც და მაგრად ეჭირა თეონას ცალი ხელი.

ხალხი გაოცებული უყურებდა სამადგილიანად გადაკეთებულ ორადგილიან მოტოციკლეტს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიჰქროდა თსუ I კორპუსისკენ.


(გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები