ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2009


თავი 24. 14 აპრილი, - ქართული ენის დღე! ("გაცვლა")

უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში უამრავ ახალგაზრდას მოეყარა თავი, თუმცა კი ხალხის რაოდენობა ყოველწუთიერად მატულობდა.

უნივერსიტეტის რექტორატი, პარტკომი, კომპარტიის ნების აღმსრულებელი სხვა ლექტორები, რაიკომის წარმომადგენლები სტუდენტებს ეხვეწებოდნენ, - “აუდიტორიებში დარჩით, იქნება უმაღლესი საბჭოს სესიამ ისე გადაწყვიტოს საკითხი, როგორც თქვენ ითხოვთ, რომ თქვენი ჩარევა საჭირო აღარ გახდესო...”

არცერთი სტუდენტი არ დაძრულა ადგილიდან. არ სჯერათ ათასნაირი დაპირებისა... არა და შიშიც ბუნებრივია: სანაპირო, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩები საბჭოთა არმიის რაზმებით არის გადაჭედილი. ყველგან დგას საომარი ტექნიკა... ჰაერში 1956 წლის 9 მარტის სუნი ტრიალებს... 
საკმარისია ერთი განკარგულება და... გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა ატყდება!

მელიქიშვილის ქუჩაზე მილიციის კორდონი დგას. ყოველნაირად ცდილობენ, ხალხი მთავრობის სასახლისკენ არ გაუშვან. ნელნელა წამოვიდნენ ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით და სტუდენტებს ჯერ II კორპუსისკენ დაახევინეს და მერე – “ლეჩკომბინატისკენ”.

სტუდენტები ფიქრობდნენ, რომ 12 საათზე დაიძვრებოდნენ ადგილიდან.
პირველის ნახევარი ხდებოდა, როცა უნივერსიტეტის სტუდენტობას სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. მათ მოახერხეს მილიციის კორდონის გათიშვა, ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს, მწკრივად დაეწყვნენ და ასე ხელიხელჩაკიდებულები დაიძრნენ მთავრობის სასახლისკენ.

მოსახლეობა, თითქოს ამას ელოდაო, ნაკადებად მოაწყდა მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირებს, ცენტრალურ ქუჩებზე მომდინარე ხალხის მდინარეს პერპენდიკულარული ქუჩებიდან უერთდებოდა ახალ-ახალი შენაკადები.

“იმელის” შენობიდან ლენინის მოედნამდე მილიციელთა კორდონებია, გადაბმულ ორმაგ მწკრივებად.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან მოყოლებული კი – ყველა ასახვევში სახანძრო მანქანები დგას, საჯარისო შენაერთებთან ერთად.

სტუდენტებს ტრანსპარანტები მოაქვთ წარწერით:
“ილიასა და აკაკის ენა - სახელმწიფო ენა!”
“ქართული ენა – სახელმწიფო ენა!”
“დედაენა!”
“აი ია!”

მთავრობის სასახლიდან მძლავრი რეპროდუქტორებით გადმოიცემა სესიის სხდომა.
უტყვად, შეძახილების გარეშე მოდის ხალხის მდინარე... ყველას ყურადღება რეპროდუქტორებისკენ არის მიმართული.
და ყოველი სიტყვა, თქმული ამ სესიაზე, დამანგრეველი ტალღის ძალით ეჯახება დემონსტრანტთა მწკრივებს, თავებს, ყურებს, გულებს... სესიაზე მსხდომმა დეპუტატებმაც და ქუჩაში მომდინარე ხალხმაც მშვენივრად იციან, რომ ვერაფერს გადაწყვეტს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სესია, - არ შეუძლიათ! გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორი განკარგულებაც მოვა მოსკოვიდან!

მოტიციკლეტი უნივერსიტეტის I კორპუსს რომ მიუახლოვდა, ხალხის ნაკადის ბოლო მწკრივი მელიქიშვილის ქუჩიდან გადიოდა.
ბიჭბმა ისევ მოუმატეს სიჩქარეს და თეონა ხალხის ნაკადს დააწიეს.

- თეონა, არ გეშინია? – მოუბრუნდა რამაზი.
- არა, რამაზ! მე აქ უნდა ვყოფილიყავი და აქ ვარ!
- გინდა, ჩვენც წამოვალთ?
- მოტოციკლეტით? შანსი არაა!... – გაეცინა თეონას.
- თეონა, კიდევ ერთხელ გეტყვი, შენნაირი მაგარი გოგო მე არ შემხვედრია. მენანება კიდეც რომ უნდა დაგშორდე... მაგრამ, თუ მოვინდომებთ, შენი პოვნაც შეიძლება. – კაკომ ორივე ხელი დაუჭირა და თვალებში ჩახედა.
- კაკო, ძალიან დიდი მადლობა, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ, მაგრამ... ჩვენს შემდგომ შეხვედრას არ აქვს აზრი...
- რატომ, თეონა?
- მე სხვა მიყვარს, კაკო...
- შანსი მომეცი, თეონა... და მე დაგიმტკიცებ, რომ არ ვარ ცუდი ბიჭი...
- კაკო, მე შენ ნარდს კი არ გეთამაშები? სხვა მიყვარს!... შენ რომ მიყვარდე და ვიღაც სხვამ მთხოვოს, “შანსი მომეციო”, რას იზამდი?
- მოვკლავდი...
- ჰოდა, მაშინ შენი თავი რაზე მოვაკვლევინო იმას?
- განმაიარაღე, თეონა... მაგრამ... მაინც იცოდე, თუკი დაგჭირდები რამეში, ერთი კი ახსენე კაკო ლეჟავა და... მაშინვე შენს გვერდით გავჩნდები... – კაკომ ახლოს მიუტანა ტუჩები ყურთან და ჩუმად ჰკითხა: და იქნებ  ი ს  არ გიყვარს  ძალიან?
- ძალიან მიყვარს, კაკო, სიგიჟემდე!...
- მერე, სად არის ახლა?! მე მაგის გიჟი დედა ვატირე! ასეთ დროს მარტო რატომ უნდა იყო?! ამდენ ხალხში!...  რამე რომ დაგემართოს?
- რა უნდა დამემართოს?
- მე რა ვიცი? ამდენი სამხედრო და მილიციელი ერთად ომის კინოებში არ მინახავს!
- წავედით, კაკო... შენ უარს გეუბნება და მე როგორ შევბედავ რამეს? მაგრამ, თეონა, მხოლოდ კაკო ლეჟავა არა! თუ რამეში დაგჭირდეთ, მეც შენს გვერდით ვარ... რამაზ გიგაური ვარ მე...
- წავედი, ბიჭებო... ისევ დასაწევად მაქვს საქმე, - თეონამ ჯერ კაკო გადაკოცნა, შემდეგ – რამაზი და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა დემონსტრანტებისკენ...

თეონა სწრაფად შეერია ხალხს და ამ ხალხის ნაკადში ჩაიკარგა.
რამაზმა მოტოციკლეტი დაქოქა.
- ჰა, რას გაშტერდი, კაკო?
- დამაგიპნოზა, ტოოო... მაგნიტი გინახავს? აი, ასე, მაგნიტივით მიზიდავს თავისკენ.
- კაკო, აზრზე მოდი, ბიჭო... წავიდა ის გოგო და როგორღა გიზიდავს? წავედით, რა...
- რამაზ, ცუდად მიგრძნობს გული... რაღაცაში დავჭირდებით თეონას დღეს... წამო, რა, სხვა გზით წავიდეთ და წინ დავხვდეთ სადმე?
- სულ გარეკე, შე ჩემა? 50 ათას კაცში გინდა ერთი პატარა გოგოს პოვნა?
- მაშინ შენ წადი და მე ჩემით დავეწევი... ჯერ არ იქნება შორს წასული...
- ვააა, გოგომ გითხრა, სხვა მიყვარსო და... არ ჩანს ისეთი გოგო, ტყუილად რომ დაუწყო ბაზარი...
- რა ტყუილად, ბიჭო? მაგას ვინმე რომ დაელაპარაკოს ტყუილად, ჩემი ხელით ავუგებ ანდერძს!
- ეეე, ვერა გცნობ, ტოოო... შენ ისევ ის კაკო ხარ, "გოგოების რისხვა"? წამო, რაა, თუ ძმა ხარ? თავიდან, დაგავიწყდა, რისთვისაც მოსდევდი?
- ვაახ, ჩემი... რა მიქნა ამ პატარა გოგომ? შენ რა უნდა მიცნო, შე ჩემა, მე თავად ვეღარ ვცნობ საკუთარ თავს!... წამო, ჰაა!

კაკომ მოტოციკლეტს თეონას მიერ მიბმული ფიცარი მოხსნა და იქვე, ბორდიურთან დააგდო, თავად კი უკანა სკამს გადააჯდა და “წავედითო” – რამაზს ანიშნა.
მოტოციკლეტი ადგილს მოსწყდა და ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ დაეშვა.

თეონა მწკრივში რომ ვერ ჩადგა, გვერდით გაჰყვა სტუდენტთა ჯგუფს, თან თვალებით ეძებდა თუნდაც ერთ ნაცნობ სახეს.
ვერავის მოჰკრა თვალი... ან ამდენ ხალხში აუჭრელდა თვალები... ფაქტია, ვერავინ იპოვა და მარტო გაუყვა გზას. მილიციის კორდონის გასწვრივ მოუწია სიარული. ერთგან ფრიად საინტერესო დიალოგს მოჰკრა ყური. ერთი მილიციონერი - მეორეს ეუბნებოდა:
- ეს საქმეა? მხოლოდ ვაზნები კი არა, ტაბელური იარაღიც კი ჩამომართვეს... რამე რომ მოხდეს, რა ჩემი ფეხები უნდა ვქნა, აა?
- კაი, თუ ძმა ხარ, რა უნდა მოხდეს? პირტიტველა ბავშვები არიან... ამათ ან როგორ უნდა ესროლო, გადატენილი იარაღიც რომ დაერიგებინათ დამატებით?  ჩემი შვილის ტოლები არ არიან, მაგრამ არც ბევრად უფროსები...
- წამო, მაშინ, მაგის დედა ვატირე და ჩვენც იქ ჩავდგეთ... იმ მწკრივებში, ამ ბავშვების გვერდით...
- უუფ, მამინდომა, რააა... კაი, მე წავალ და ჩავდგები... და ეს კბილებამდე შეიარაღებულები რომ წამოვლენ ამათკენ? იმათ რა ვუყოთ?
- მართალი ხარ... მაგის დედაც ვატირე, იმათ ხო მაინც გავაჩერებ, არა? კაია, რომ ჩამოგვართვეს!
- ჰოდა მაგრე... იდექი სადაც დგახარ!

თეონა წელში გაიმართა... იფიქრა, “ყველანი ჩვენს მხარეს ყოფილანო” მაგრამ... ერთ ადგილას გზა გადაუღობეს.
- გამატარეთ, რა? – მორიდებით სთხოვა თეონამ.
- გაგატაროთ კი არა... გადი იქით, უკან დაბრუნდი...
- რა მოხდა, რამ გიკბინა? ქართველი არა ხარ? ერთი სული მაქვს, გავიგო, რითი დამთავრდება ყველაფერი...
- მე კი ერთი სული მაქვს, როდის აგიჭრელებთ გვერდებს... ერთი ბრძანება მივიღო და... მერე ნახავთ, როგორ უნდა “დემოკრატიობანას” თამაში...
- უიმეეე, რა საშინელი ბიჭი ხარ, რაა... რომ გამატარო, რა, დედა მოგიკვდება?
- მე კი არ მომიკვდება დედა, იმ დედებს... მოუკვდება დღეს კარგი... შვილი!
- სულ მაგ სიმართლით გატაროს ღმერთმა!
- წადი, რააა.... გოგო კი არა, ქაჯი ხარ, ვიღაცა ხარ...  წადი, უკან დაბრუნდი!

თეონა უსიტყვოდ მობრუნდა, 20-ოდე მეტრი გაიარა და იმ “კარგ” მილიციელებს მიადგა.
- ვერ გამატარებთ? კორდონის აქეთ დავრჩი... ჩემი მეგობრები კი – იქით არიან, გზაზე...
- კი, გოგონი... მხოლოდ კარს ნუ გაჭრი აქ... უცებ გამოძვერი. – იმ ორ მილიციელს ხელები არ გაუშვია ერთმანეთისთვის, თავად გაიწიეს გვერდით და თეონა მათ შორის გააძვრინეს, მერე კი ისევ მჭიდროდ შეკრეს მწკრივი.
- დიდი მადლობა...
- ჩუუუ, ედიკა ლაპარაკობს... მოუსმინე!

ხალხის ნაკადმა თეონა თავად მიიყვანა მხატვრის სახლის კარებამდე.
თეონა ერთ-ერთი ტიტანის კვარცხლბეკზე აძვრა და ისე გადმოხედა ხალხს: სადამდეც თვალი გასწვდა, - ხალხი იდგა.

თბილისსა და მოსკოვს შორის უწყვეტი სატელეფონო კავშირია. ჯერ არც მოსკოვში გადაუწყვეტიათ, რა ქნან, როგორ მოიქცნენ... დაუთმონ ქართველ დემონსტრანტებს და აღიარონ ქართული ენა სახელმწიფო ენად, თუ ტყვიით გაუმასპინძლდნენ მომიტინგეებს? ქართული ენის აღიარება – მოსკოვის დამარცხების ტოლფასია... ახალი სისხლისღვრა კი... ჯერ ამისგანაც თავს იკავებდა კრემლი!

სიტყვით გამომსვლელები გაჩუმდნენ.
საბოლოო სიტყვა უნდა წაიკითხოს ედუარდ შევარდნაძემ.

ზუსტად თეონას გასწვრივ, მხოლოდ მთავრობის სასახლის კიბეებისკენ უფრო ახლოს, რაღაც ჩოჩქოლი გაისმა. და უცებ ისარივით ამოვარდა ხალხის ჯგუფიდან ახალგაზრდა მსახიობი იზა გიგოშვილი. იგი ფეხის ტერფებით ეჭირათ ბიჭებს.
აი, ამ “თვითნაკეთი” ტრიბუნიდან გაისმა ირაკლი აბაშიძის ლექსი “ხმა კატამონთან”, რომელსაც იზა კითხულობდა:

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენავ დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსულის ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

არ ვიცი, რამდენი ათეული ათასი ადამიანი იდგა იქ, იმ მოედანზე, მაგრამ ხალხმა სუნთქვაც კი შეაჩერა, რათა ლექსის მოსმენაში არ შეშლოდათ ხელი. გაისმა ლექსის ბოლო ფრაზები და იქუხა ტაშმა.

ისმოდა  შეძახილები: “ქართული ენა – სახელმწიფო ენაა”!... 
“გაუმარჯოს ქართულ ენას”!...

უცებ ხალხის ამ უზარმაზარ მასას ტალღასავით გადაუარა ჩურჩულით ნათქვამმა: “ედუარდი მოვიდა!”
მთავრობის სასახლის კიბეებთან 3-4 კაცის თანხლებით გამოვიდა ედუარდ შევარდნაძე და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა:
- მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა თქვენს და ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდეს საკითხი. მხოლოდ ხელს ნუ შემიშლით, - და ისევ სხდომათა დარბაზში დაბრუნდა.

ისევ ჩაირთო რეპროდუქტორები.
ედუარდ შევარდნაძე ტაატით კითხულობს მოხსენებას. ფეხს ითრევს. მოსკოვის პასუხს ელის. არ უნდა იმის წაკითხვა, რაც მის მოხსენებაში წერია. მის მოხსენებაში კი შემდეგი წერია (მომყავს შემოკლებით):
. . . . . . . .
“განხილვის მსვლელობაში საზოგადოების ყურადრება მიიპყრო პროექტის 75-ე მუხლმა, რომელიც ჩამოყალიბებულია ახალი რედაქციით, და აწესებს, რომ “საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველი ღონისძიებით განვითარებისათვის.”
სწორედ მუხლის ამ პირველმა ნაწილმა გამოიწვია ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურებანი. ზოგიერთი ამხანაგი წინადადებას იძლევა, ამოვიღოთ ეს მუხლი პროექტიდან. სხვები გვთავაზობენ სარედაქციო ხასიათის შესწორებას ამ მუხლის გამო... ზოგიერთი გვთავაზობს შევცვალოთ იგი ამ დებულებით – “ქართული ენა – საქართველოს სს რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა”.
ამ მუხლის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული სახელმწიფოს დამოკიდებულებას, უკვე რეალურად არსებობს და გარკვეული პოლიტიკური ხასიათი აქვს მოქმედ კონსტიტუციაში. ენისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება უკვე უკვე გამოხატულია  და კონსტიტუციის პროექტიდან მისი ამოღება რესპუბლიკის კონსტიტუციის გაღარიბება იქნებოდა. მაგრამ არ შეიძლება დავეთანხმოთ წინადადებას, რომ ქართული ენა გამოცხადდეს სახელმწიფო ენად. მარქსიზმ-ლენინიზმის მოძღვრების შესაბამისად ცნებას “სახელმწიფო ენა” აქვს გარკვეული პოლიტიკური შინაარსი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ღონისძიებების, იძულების ღონისძიებების გამოყენებას სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე  ადამიანთა ურთიერთობაში ამ ენის დასამკვიდრებლად.
არავითარი სხვა აზრი ცნებას “სახელმწიფო ენა” არ აქვს. ელემენტარული შეცდომა მოსდით ამხანაგებს, რომელთაც სახელმწიფო ენის არსებობა სუვერენიტეტის ატრიბუტად მიაჩნიათ. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო,  ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოც კი არ მიმართავს პოლიციურ ღონისძიებებს სხვა ენის წინააღმდეგ ერთი ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასამკვიდრებლად. შვეიცარიაში, მაგალითად, მოქალაქეები ლაპარაკობენ ოთხ ენაზე და არცერთ მათგანს არ აქვს სახელმწიფო ენის პრივილეგია. მე აღარ ვლაპარაკობ ჩვენს მრავალეროვან საბჭოთა კავშირზე, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ელაპარაკებიან 100-ზე მეტ ენაზე და არცერთი მათგანი პრაქტიკულად არ არის სახელმწიფო ენა!.

(შემდეგ შევარდნაძემ მოიყვანა უზომოდ ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ ზრუნავენ ქართული ენის განვითარებაზე).

“75-ე მუხლის დებულებები ამკვიდრებს ყველაზე დემოკრატიულ, ბუნებით სოციალისტურ დამოკიდებულებას ენებისა და მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფებისადმი, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ამ ენების საშუალებით.
უნდა ვივარაუდოთ, რომ 75-ე მუხლის ძირითადი დებულებანი სწორად არის ჩამოყალიბებული და ისინი უნდა მივიღოთ!”


* * *
თუ ამას წაიკითხავს საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი, არავინ უწყის, რას მოიმოქმედებს გამძვინვარებული ხალხი. არა და, რამდენ ხანს უნდა გაჭიანურდეს მოხსენების კითხვა?!

გარეთ, ქუჩაში ხალხს მოთმინების ფიალა ევსება...
შიგნით, მთავრობის სასახლეში, დეპუტატები გულის კანკალით ელოდებიან მოსკოვიდან პასუხს...

თეონა დაიღალა ტიტანთან “ჩახუტებული” დგომით და დაბლა ჩამოხტა. ყველაზე მეტი თავისუფლება მხატვრის სახლის კარებთან იყო და თეონაც იქ შეძვრა, კარს მიეყუდა და ისე ისმენდა მოხსენებას.

ჰაერი მოლოდინით არის გაჟღენთილი...
ელიან, რა მოხდება: განმეორდება 1956 წლის 9 მარტი? თუ ამჯერად მაინც დამთავრდება ყველაფერი მშვიდობიანად?

ყველა მზადაა თავგანწირვისთვის... ერთმანეთის თვალებში იხედებიან და... სხვას ვერაფერი ხედავენ, თუ არა საქართველოს სიყვარულს!

არ ცივა, მაგრამ ხელები გაეყინა თეონას... და უცებ დაინახა, ნელ-ნელა მთელი მოედნის თავზე როგორ აღიმართა ურთიერთჩაჭიდებული ხელების ტყე. მარჯვენა მხრიდან ვიღაცამ თეონასაც ჩასჭიდა ხელი. მარცხენა ხელმა თავისით მოძებნა გვერდზე მდგომის მარჯვენა და ხელები ცისკენ გაფრინდა...

მარჯვენა ხელზე ვიღაც ზომაზე მეტად უჭერდა ხელს. მიხვდა, რომ ის ვიღაც მას უყურებდა. თავი მოაბრუნა და...
- კაკო, შენ? აქ საიდან გაჩნდი?
- ქაშუეთის მხრიდან ამოვედი... ბევრი გეძებე და შორიდანვე დავინახე, ამ კაცის ძეგლს რომ ეხუტებოდი...
- ეს კაცი კი არა, ტიტანია... – ალალად გაეცინა თეონას და თავადაც გაუკვირდა, რატომ გაუხარდა ასე კაკოს დანახვა.
- შენ გინდა “ტიტანი” დაარქვი და გინდა “ტარიელი”... კაცია, მა რა არი?
- კაი, "კაცი" იყოს... აქ საიდან გაჩნდი-მეთქი?... შენ ხომ არ აპირებდი მიტინგზე წამოსვლას?!
- შენ ხომ აპირებდი? და, აბა, მარტოს გამოგიშვებდი?
- ახლა რომ ჩემი შეყვარებული მოვიდეს, იმას რა ვუთხრა შენზე, ვინ არის მეთქი?
- მაშინ დაყევი და აქ მდგომი ყველა ადამიანი გააცანი... ჩემით ნუ დაიწყებ, მაინცა და მაინც... და ჩემამდე რომ მოხვალთ, მოსმენის თავიც აღარ ექნება...
- მაგარი ხარ, კაკო, ვინცა ხარ... – იცინოდა თეონა, - ისე მაინც გამეცანი, ვინა ხარ?
- ვინა ვარ და ქართველი ვარ! და ვარ იქ, სადაც უნდა იდგეს ახლა ქართველი! ისე, მართლა, სად არის ის შენი შეყვარებული? რა ჯიშისაა? ან შენ როგორ დაგტოვა ამ მილეთის ხალხში ასე უპატრონოდ და ან საქართველოს დასაცავად რატომ არ დგას აქ?!
- ვაახ, მე რომ არ მეთქვა, ხომ არც შენ იცოდი, რა ხდებოდა დღეს რუსთაველზე?
- მე არ ვიცოდი... და რომ გავიგე, დავდექი... შენს გვერდით დავდექი, თეონა!... დავიჯერო, იმან არ იცოდა, სად მოდიოდი? მაშინ – არ ხარ მართალი...
- ეეეჰ, როგორ არ იცოდა? ისიც იცოდა, მეორე სართულიდან რომ გადმოვხტი აქეთ წამოსასვლელად.
- როდის?
- აი, თქვენ რომ დამეწიეთ, მაშინ... მეორე სართულიდან გადმოვხტი და გამოვიქეცი.
- გეუბნები, რააა, შენნაირი მაგარი გოგო ჯერ არ მინახავს-მეთქი...
- უუფ, მეც ვიცი, რომ მაგარი ვარ!... დაიცა, რა ხდება? საიდან წამოვიდა ეს ამდენი ხალხი?! ვაი, დედა...
- ნუ გეშინია, თეონა... ხელი არ გამიშვა ოღონდ... ხალხო, ცოტა ნელა, რა... თეონა, გამაგრდი... – კაკო ისე დადგა, რომ თეონასკენ არ მიეშვა ხალხის ნაკადი, მაგრამ უშედეგოდ.

თეონა, როგორც კარებთან მდგარი, მხოლოდ ცალი მხრიდან გრძნობდა ამ მიწოლას. კაკომ ხელებს შორის მოიქცია თეონა და ხალხის მოწოლილი ტალღის მკლავებით შეჩერებას ცდილობდა. არაფერი გამოუვიდა, კინაღამ ორივე ხელი ერთად მოტეხეს. კაკომ ხელები მოხარა თუ არა, თეონა მკერდზე აეწება. ყველაფერი ისე მოულოდნელად და სწრაფად მოხდა, რომ ვერცერთმა მოასწრო გონზე მოსვლა: თეონა კაკოს მკლავებში აღმოჩნდა.
- ნუ გეშინია, თეონა!... მე შენს გვერდით ვარ...
- გვერდით კი არა, წინ... – ვითომ გახუმრება სცადა თეონამ და...

ამ დროს ვიღაცამ მხატვრის სახლის კარები გააღო. ხალხის ეს მასა ბურთივით შევარდა ამ  ღია კარებში და... მომენტალურად აღიმართა წაქცეული ხალხის ზედახორა, სადაც სუუულ ქვედა ხაზზე ეგდო თეონა და სულს ღაფავდა.
- გოგო იხუთება... ჩქარა, მიშველეთ, მომეხმარეთ... იყვირა კაკომ, როცა თეონას სახის გამომეტყველების გარჩევა შესძლო.
- მოიცა, აქ ვარ... ნუ გეშინიათ... – ვიღაც გოლიათური აღნაგობის ახალგაზრდა კაცმა თეონას მხრებში ამოსდო ხელები და საცობივით ამოაძრო ხალხის ამ მასიდან.

ლამის გულწასული, ფერ- და ცალფეხსაცმელდაკარგული, გაწეწილი თეონა ხელში აყვანილი აარბენინეს მეორე სართულზე. მოასულიერეს, წყალი დაალევინეს, ვიღაცამ ვალიდოლი მიაწოდა, ვიღაცამ – ცალი ფეხსაცმელი უპოვა და ზევით აუტანა... ჩანთაში – სავარცხელიც აღმოაჩნდა და მალე მოწესრიგდა, ვითომც არაფერი მომხდარაო.

და უეცრად იხუვლა ხალხმა!
- რაღაც მოხდა გარეთ! – იყვირა თეონამ და ფანჯარას ეცა.

მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა: მოსკოვმა უკან დაიხია. დათმო!... მაგრამ მაინც ეშმაკურად დათმო: სახელმწიფო ენის სტატუსი მიანიჭა არა მხოლოდ ქართულს, არამედ სომხურს (სომხეთში) და აზერბაიჯანულს (აზერბაიჯანში). ამით მოსკოვმა სსრ კავშირის მთელ მოსახლეობას უთხრა,  რომ კრემლს ქართველთა ჭირვეულობისა კი არ შეეშინდა, უბრალოდ, ამგვარი პოლიტიკა სცნო მიზანშეწონილად ამიერკავკასიაში.

სინამდვილეში კი ეს დათმობა ერთმა გარემოებამ გამოიწვია: სსრკ ცკ გენერალურ მდივანს, ლეონიდ ბრეჟნევს არ აწყობდა ახალი სისხლისღვრა...
1978 წლის 4 მაისს იგი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა. თუ მოსკოვი არ დათმობდა  და სისხლიან სასაკლაოს მოაწყობდა თბილისში, მაშინ ეს ვიზიტი ჩაიშლებოდა, რადგან საკუთარი მოსახლეობის სისხლში მოთხვრილ ლეონიდ ბრეჟნევს არავინ შეუშვებდა გფრ-ში.
მოსკოვში იმსჯელეს: რა სჯობდა, ვიზიტის ჩაშლა თუ ქართველებისთვის ანგარიშის გაწევა? თუ ქართველებს დაუთმობდნენ, მოსკოვი ამით არაფერს აგებდა. კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად აღიარებას ფორმალური მნიშვნელობა ექნებოდა. პრაქტიკულად ქართულ ენას ეს ფუნქცია მაინც ეკარგებოდა.. და თუ ვიზიტი ჩაიშლებოდა, ეს კრემლისთვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნებოდა.

შემდეგი ეტაპი – რუსთაველის გამზირის სწრაფი გათავისუფლება და მოძრაობის აღდგენა იყო. თეონამ ფანჯრიდან დაინახა, როგორ გამოვიდა მთავრობის სასახლიდან ედუარდ შევარდნაძე, მეგაფონით მოუწოდა გამზირზე მდგარ ხალხს ალექსანდრეს ბაღში გადანაცვლება და თავად გაუძღვა ამ ხალხს ბაღის მიმართულებით.

- ვაშააა! – ყვიროდა ხალხი, როცა ალექსანდრეს ბაღის მიმართულებით მიდიოდა...
- ვაშააა! – ყვიროდნენ ოთახში მყოფნი და ერთმანეთს ულოცავდნენ, - ხელს ართმევდნენ, ეხვეოდნენ, კოცნიდნენ...
- ვაშააა! – იყვირა კაკომაც, თეონა გულში ჩაიხუტა და ისეთი ძალით აკოცა, თეონას კინაღამ გული გაუჩერდა.
- კაკო, გაგიჟდი? – ამ მოულოდნელი ვნებიანი კოცნისაგან გაოგნებულმა თეონამ გაფართოებული თვალებით  შეხედა კაკოს.
- ხო, იქნებ გავგიჟდი კიდეც... შენ გამაგიჟე! მე შენ ვეღარ დაგკარგავ! ალბათ მოვკლავ, ვინც წინ გადამეღობება და შენს წართმევას დამიპირებს!...
- ანუ, მეც მომკლავ?
- შეეენ? შენ რატომ უნდა მოგკლა?
- იმიტომ, რომ  მ ე  მიყვარს ის სხვა! მაპატიე... ვიფიქრე, მეგობრებად დავცილდებით-მეთქი... არ გამოვა მეგობრობა, კაკო... არანაირად აღარ გამოვა.
- თეონა...
- მე ჩემი სათქმელი გითხარი, კაკო... მშვიდობით. აღარ გამომყვე!
- მე შენ მაინც მოგძებნი... და ყოველთვის ისეთ დროს გიპოვი, როცა ძალიან დაგჭირდები.... შენ მიხვდები, როგორ გჭირდები...

თეონამ მხოლოდ ცრემლჩამდგარი თვალებით შეხედა კაკოს, ჩანთას დაავლო ხელი და კიბეზე ჩაირბინა.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები