ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2009


მინაწერები ცადსაფრენ წერილებზე

(ყველას  წაკითხვა  სავალდებულო  არ  არის)


უკანასკნელი  ფოთლისა  და  ქარისა
..............................................................

თუკი  ჯერ  კიდევ  არ  არის  გვიან,
მეც  არც  დღეიდან  არ  დავიშურებ
სიცოცხლეს  -  ჟამს  რომ  ისედაც  მიაქვს
არც  ფიქრს  -  შენს  ფრთებქვეშ  მოშარიშურეს...

არც  სისხლს  -  ვიდრემდის  სულ  არ  დამშრალა
და  ჯერაც  მითბობს  ძარღვებს  ნაზამთრალს...
არც  სულს  -  ვიდრემდის  ხორცის  სანგარი
ვერც  დათმო  და  ვერც  გულთან  დაზავდა...

ქარცოფებმა  კი  მძარცვონ  როდემდის,
რომ  მტრობენ  ხეთაც  ფურცელგაცვენილთ
და  ვეღარ  გაძღნენ  მათი  გოდებით?!.

ბაც-ნაცრისფერ  ცის  სივრცეს  გავცქერი
და  ვით  ფოთოლი  უკანასკნელი
ჩემს  უკანასკნელ  ქარს  ველოდები...



მარადმომლოდინისა
....................................

სანამ  უნდა...
სანამ  უნდა
ამ  ქვებზე  და
ამ  ღორღებზე?!.
დამაყენე  საშველი  და
ამოშაქრე,
ამოღერღე!..

სანამ  -
ოდენ  მოლოდინით
და  იმედით  ხვალინდელ  დღის?!.
სანამ,
სანამ...
ამის  პასუხს
თუ  არა  შენ  -  სხვა  ვინ  მეტყვის?!..

ან  სხვამ  ვაღამ  დამიფაროს  -
ვინ  რა  უწყის,  რაც  მტკენია?..
ეს  საწუთრო  გაიპარა  -
ჯერ  კრინტი  არ  დაგცდენია...
-  არც
-  თუ  რისთვის  დამიბარე...
-  არც
-  თუ  რისთვის  მაცდევინებ!..



მარადი  ლტოლვისა
....................................

თუმც  გაჩენიდან  ხილვას  შენსას  ამაოდ ვცდილობ,
ხელმოცარულსაც  ნუ  მიმათვლი  ბედის  მომჩივანთ!..
გადაჭიმული  ბედისწერის  ჩარჩოზე  ტილო  -
ჩემი  სიცოცხლე  -  თავის  მხატვარს  ელის  მორჩილად...

მწირი  სვეწერა  სიმწრით  წერდა,  ნაწყვეტ-ნაწყვეტად,
საწუხარს  ჩემსას  -  მტირალ  ვაზის  ცრემლის  ნოტებით...
გზა  -  იმედით  რომ  დაიწყო  და  ეჭვით  გაგრძელდა  -
უფრო  მაეჭვებს,  რაც  მის  ბოლოს  ვუახლოვდები...

მაინც  მოვილტვი...
სხვა  რა  გზა  მაქვს...
- ჯანგატეხილმა
ამ  უღრან-ბნელში  სხვა  ბილიკი  აწ  ვით  ვეძებო?!.
თუ  ვერ  გიხილავ  -  სახედველნი  რად  ამეხილა,
ან  რად  დაგეძებ  განწირულის  თვალისცეცებით?!.

ან  სხვამ  ვინ  მიხსნას  -
                                              როს  ვაგლახად  წავიფორხილებ
და  არქონილი  ფრთებიც  ოდეს 
                                                          დამეკეცება?!.


კიდევ  ორი  ვედრება
......................................

1.    დღემდე  ძაღლებრ  მოღავღავისა


-  მთლად  ბედის  ანაბარად
ნუ  დამაგდებ,  ღმერთო  -
ერთხანს  კიდევ  მაფარე
კალთა  სასიკეთო!..

ერთხანს  კიდევ  გამითბე
გული  მზით  და  მადლით...
მცირე  ჟამიც  დამითმე
თქმად  სიტყვისა  მართლის!..

ერთხანს  კიდევ  საფლავებს
მომაფერე  ძმათა...
სიმწრით  სულის  მღაფავი
კვლავ  მარკინე  ჟამთან...

-  კვლავ  ძაღლებრ  მაღავღავე
შენი  საყდრის  კართან!..


2. ავი  სიზმრისა


ავ  სიზმარს  ნუ  ამიხდენ,
გლახ-გულს  რომ  მიკენწლავს!..
- მამულს  ნუღარ  დამიგდებ
გიენათა  კერძად!..

უმწეოდ,  უპატრონოდ
რა  იღონოს  ერმა?!.
ვინძლო  შვება  ადროვო
და  აკმარო  გვემა!..

როს  წმინდა  დედის  წილხვედრ
მიწას  ავად  ზვერავს
ჯილაგი  ქვეგამხედვრის  -
ჩვენი  ბედისწერა...

-  მაღალ  გადმოსახედით
ნუ  მოგვაკლებ  მზერას!..



ტარიგისა 
.....................

ტაძრისკენ
საბლით
შესაწირი
მიჰყავთ  ბატკანი...
მისდევს
ბაკუნით,
რაღად  უნდა  ნეტავ  საბელი?!.
წყნარი,
ფუმფულა,
უდრტვინველად  ყოვლის  ამტანი,
სად  გამქცევია  უსაბლოდაც,
ანდა  გამფრენი?..

უფალო,
ვხედავ  -
მეც  იმ  ბატკნის  ბედი  მრგებია!..
მეც  ბედისწერისსაბელშებმულს  -
მისებრ  მექცევი...
ეს  ოცნებები  იქნებ  მართლა  ჩემი  ფრთებია,
მაგრამ  -  შენ  მაინც!..  –
რომც  გავფრინდე!..  -  სად  გაგექცევი?!.

როს  სული  ჩემი
                                ჟამს  თავადვე  ასდევნებია
და  დღენიადაგ
                              თავად  გეძებს  თვალისცეცებით?!.



მზისა  და  მთვარისა
........................................

ხანდახან...
                      -  რას  არ  ვფიქრობ  ხანდახან...
-  შავ  ღამეს  თეთრად  ვათევ  ხანდახან...
უცებ...
              -  იფეთქებს  ბავშვის  სიცილი
და  ზეაიწევს  ზეცის  ჩარდახი...

ხანდახან...
- შიში  შემძრავს  ხანდახან...
კოშმარი  ლამის  შემშლის  ხანდახან...
უცებ...
- ცაც  იძვრის  ბავშვის  ტირილზე
და  მთვარის  დამღით  უკუნს  დადაღავს...

ხანდახან...
                      -  ეჭვიც  მწამლავს  ხანდახან...
-  სადა  ხარ,  ღმერთო,  როცა  არ  ჩანხარ?!.
წყვდიადში  რწმენის  წრიალებს  მღრღნელი...
- ნუთუ  ამ  ეულ  სხივსაც  გადახრავს?!.

-  მოგვხედე  ცოდვილთ
                                              და  ნუ  ჩაგვიქრობ
მთვარეს  ქათქათას
                                      და  მზეს  ჩახჩახას!!!


      მარტვილის  დათოვლილი  ჯვრისა
................................................................

არც  იანვრის,
                          არც  თებერვლის,
                                                              აღარც  მარტის
არ  ჰგავს  თოვას  -
                                  ისე  ათოვს
                                                          ახლა  მარტვილს!..
არც  ჩხრიალი  ისმის  ვერცხლის  -
                                                                ოცდაათის...
თოვს  შრიალით...
                                  თოვს  ნარნარით...
                                                                      თოვს  ტაატით...


არც  იანვრის,
                          არც  თებერვლის,
                                                            აღარც  მარტის
დღისას  არ  ჰგავს
                                    არც  ეს  ცა  და
                                                                ეს  ამინდი...
ცად  რომ  ნათობს
                                  და  თავს  ადგას
                                                                    სვეტი  ნათლის  -
მაღალ  გუმბათს
                                ზეავხედო  -
                                                        ვბედავ  რიდით...


დათოვლილი
                            ჯვარი
                                          ისე  ადგას  მარტვილს,
ვით  ყოველი  ბოროტების 
                                                  მეხამრიდი!!!




    ღვთივ  შენდობის  მოიმედისა
..........................................................

რაც  დღემდე  მითქვამს,
                  რასაც  დღეს  ვამბობ,
ხვალ  ვიტყვი  რასაც
                  თუკი  დამცალდა,
-  ისევ  და  მხოლოდ
                  ის  ჯავრია, 
                              რაც  ამ  გულს  აპობს,
-  ამ  ნასახლართა,
                  ამ  ნანგრევთა,
                              ამ  ნახანძრალთა...

და  სისხლის  ვიდრე  აშავია
                  წვეთიც  მარაგად,
ვერ  დაიოკებს  ვერასოდეს
                  გული  ამ  სურვილს,
რომ  მამულისად 
                  აღესრულოს 
                              ტარიგ-ზვარაკად
გათენის  დღითვე
                  მისივ  ბედის
                              ბეჭედდასმული...

სათქმელის  თქმა  კი
                  თუ  ბოლომდე  ვეღარ  დასცალდა,
შენ  შეიწყნარე
                  მამაღმერთო
                              და  ძევ  ჯვარცმულო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები