ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2009


დაგვიანებული დატირების სონეტები

                      ე....ს


დაკარგულ  ნატერფალთა  ძიებისა


ძლივს  რომ  ემჩნევა  ჩრდილი  მეჩხერი,
იმ  ჩვენს  ორღობეს  ჩუმად  მივყვები...
ცხელ  და  ცხინვარე  ზეცას  შევცქერი,
ვით  ასცქერიან  უფალს  ბრიყვები...

იქ  -  შენთან!..  -  ნათლის  შუქი  ნიაღვრობს...
აქ  ჩამომესმის  ჰანგი  სამოთხის...
ცთომილიც  სივრცეს  ისევ  მიაპობს
და  დღის  მიმცხრალი  მთვარეც  ამოდის...

რა  დაავიწყებს  გულს  დღეებს  ამგვარს,
შორს  მოვიტოვეთ  როსმე  რომლებიც?!.
-  იმ  ცრემლ-მირონით  განათლულ  ცარგვალს,
დროც  რომ  ვერ  ხელყოფს  -  ყოვლის  მომრევი?!.

...  ...  ...  ...  ...  ...  ...  ...  ...

შენს  ნატერფალებს  გეშს  ვუღებ  ახლა
და  გულში  ცრემლის  ბრუნავს  მორევი...




ნაკლული  სონეტი
            სიზმარში  გასაუბრებისა


ნურაფერს  მკითხავ,  სანატრელო
და  ეს  თვალებიც  -
სველი,  მიმქრალი  -
მოარიდე  მზერას  ეჭვიანს...

წავიდა  ყველა...
ერთადერთი  -  მხოლოდ  წვალება...  -
არ  მიმატოვებს,  ვიცი  -
ისე  შემომეჩვია...

ისევ  ნატრობენ
ლაჟვარდისფერ  აფრებს  ანძები
რუხი  ცის  ფსკერზე  გარინდული
ლურჯი  ხომალდის...

ხსოვნის  ტვირთი  კი
სნეულ  გულს  ხომ  უფრო  აწვება,
ჟამი  -  ყოველწამს!..  -  ხარბად  რაღაც
ძვირფასს  რომ  ართმევს...

გულს  -  აწ  რომელიც
შემოსილი  ხსოვნის  ძაძებით
შენს  ღიმილს  გლოვობს
აპრილიდან  შემოდგომამდის...



უშენოდ  გასავლელი  გზისა


შენი  ცრემლი  ისევ  აწვიმს
        ჩემს  ჭერახდილ  სალოცავს...
შევუყვები  ხსოვნის  გზაწვრილს
        შეიმღვრევა  ცა  როცა...

გავლილია  ხიდი  ბეწვის...
        ეს  გზა  ქვითინს  მაძალებს,
როცა  ქარი  თმაგაწეწილ
        ღრუბლებს  მოაწანწალებს...

გული  მტკივა,  გული  მეწვის...
        გული  -  შენ  გენაცვალე!..

შერევიათ  ფერი  ნაცრის
        გაღმა  -  ხსოვნის  სანახებს...
მოდის  მწუხრი...  და  ქანცგაცლილ
        ნახირს  მოაბალახებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები