ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: იუმორისტული
8 მაისი, 2009


ავარია

(ნამდვილი ამბავი)

დასავლეთში მივდიოდი სარეისო მიკროავტობუსით... სად და რა მიზნით, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

მე ხომ “არანორმალური” ვარ? ყოველთვის იქ ვჯდები, სადაც ყველაზე სახიფათოა ჯდომა. ბავშვობიდან სულ ამას მეჩხუბებოდნენ, - “შენ რატომ იგდებ საფრთხეში თავს? შენს მეტი არავინ იყოო?”

გადამრევს ეს ხალხი, - იმ სხვას, რა, პატრონი არ ჰყავს? იმას არავინ ეუბნება, “სახიფათო ადგილას არ დაჯდეო”?

15 წელია, სამსახურში ქალაქგარეთ დავდივარ მიკროავტობუსით და ჩემი თავი სულ სტადიონზე მჯდომი სტუდენტი მგონია...
რატომ?
იმიტომ, ჩემო კეთილო, რომ სტუდენტობის პერიოდში ჩვენ ჩვენი საკუთარი ადგილები გვქონდა სტადიონის აღმოსავლეთ ტრიბუნებზე. რაც თავი მახსოვს, სულ მე-14 სექტორის მე-16 რიგში ვიჯექი...

მიკროავტობუსში  ჩემი “მე-14 სექტორის მე-16 რიგი” - შესასვლელში მდებარე მარტოსკამი იყო...  მძღოლებმა გასახსნელი ფანჯრებიც კი დამიყენეს მინებზე, რათა ზამთარ-ზაფხულ სუფთა ჰაერით მესუნთქა და მესულდგმულა!

ახლაც, დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა, “ჩემი” ადგილი მოვნახე და დავჯექი.

მშვიდად და წყნარად მივდიოდით.
ფიქრებმა გამიტაცა. გამახსენდა, შარშან რატომაც ვერ წამოვედი სოფელში, - მხარი მქონდა მოტეხილი...
ხო, რატომ გაგიკვირდათ?
ხელი კი არა, მხარი!
ისე, მაზალოდ კი მოვიტეხე... ანეკდოტია, პირდაპირ!

თებერვალი იყო...
წინა დღეს წვიმდა... იმ დილასაც...
ლიტერატურული საიტის წევრებს შეხვედრა გვქონდა დაგეგმილი.
კაფეში წინასწარ შევუკვეთეთ მაგიდები... პრინციპში, ის კაფე დავხურეთ, - მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
სუფრასთან დავსხედით და პალტოები სკამებზე გადავკიდეთ.
კაფეს მენეჯერმა, - “სკამზე გადადებული პალტოები შეგაწუხებთ, გარდერობში დაკიდეთო”.
გარდერობი – კიბის თავზე ყოფილა. მორიგეობით ავიტანეთ პალტოები და დავკიდეთ.
როგორც შეხვედრის ორგანიზატორს, ყველა მე მითანხმდებოდა მოსვლა-არმოსვლის შესახებ.
ახლაც ჩვენმა საიტელმა – სპილუკამ დამირეკა:
- კაფე რა ნომერში მდებარეობს?
- 7...
- უი, გავცდი მგონია...
- მოიცა, გამოვალ და შეგხვდები, - ვუპასუხე და მობილურიანად გარეთ გავედი.

არავინ იყო.
ცას ავხედე, - თოვლი მოდიოდა, მსხვილი, ფარფათა ფანტელები მოფრინავდნენ ციდან.

დარბაზში შემოვბრუნდი, თან ცას არ ვაცილებდი თვალს.
- ხალხნო, იცით, როგორ თოვს? – ვთქვი ესა და კიბეზე ჩასვლა დავიწყე.

დარბაზისკენ 4-საფეხურიანი კიბე ჩადიოდა, თეთრი მარმარილოსი... იატაკიც ასეთივე თეთრი მარმარილოსი იყო.
კიბეზე ტილო დაეფინათ, რომ გარედან ტალახიანი ფეხებით არ შესულიყო ვინმე...
ის იყო, კიბის ერთ საფეხურზე ჩამოვდგი ფეხი და ამ ტილოზე დავდგი, რომ, ტილოიანად, ჩემი ცალი ფეხი დაბლა დასრიალდა. მივხვდი, რომ ჩემს დაცემას საკუთარი ორივე ფეხი შეეწირებოდა, რადგან მეორე ფეხი ზედა კიბეზე დამრჩა. ფიქრის დრო აღარ იყო, - ზედა საფეხურზე დარჩენილი ფეხი კიბეს ვკარი და... გავფრინდი. 

“ფრენის” დროს იმასაც მივხვდი, რომ:
1. თუ ჩემს ახალთახალ მობილურს იატაკზე დავახეთქებდი, - გატყდებოდა და 500 ლარი მეკარგებოდა... ამიტომ მობილურიანი ხელი მაღლა ავწიე!
2. თუ ამ თეთრი მარმარილოს იატაკს ცხვირ-პირით დავასკდებოდი, ძალიან საეჭვო იყო, ის იატაკი თეთრად დარჩენილიყო და მე კი – ცხვირი და კბილები შემრჩენოდა... მთელს აღარ ვამბობ, - საერთოდ შემრჩენოდა-მეთქი... ამიტომ, ჰაერშივე, გვერდი ვიბრუნე,  გრილზე წამოგებული გოჭუნასავით!
3. თუ პირდაპირ ვიფრენდი, თავით შევვარდებოდი სამსპირალიან გამათბობელში და შევიწვებოდი... ისევ და ისევ - გოჭუნასავით! ამიტომ თავი მოვიქნიე და... დნკ! - ისეთი ძალით გავკარი გამათბობელს, რომ ზონარი შტეფსელიდან გამოვარდა და გამათბობელი 80 სმ-ით გვერდით გაიწია.

ჩემი მეგობრები გაოგნებულნი უყურებდნენ ჩემს საფრენოსნო ვირაჟებს... სულ რაღაც 4 საფეხურიდან გადმოფრენის პერიოდში.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემგან განაწირი მარჯვენა ხელი მოტეხილი ფრთასავით დამეკიდა და ტკივილისგან კინაღამ გული წამივიდა.

ჩემს გვერდით, “გაფრენამდე”, ნუკრი და ნეკერა ისხდნენ.
ნუკრიმ თვალი გამომაყოლა, როცა გარეთ გავდიოდი და...
მოკლედ, ნუკრიმ დაინახა, როგორ ვიცვლიდი ფრენის ტრაექტორიას ჰაერში, მაგრამ ხელის შეშველება – ვერ მოასწრო.... ყველაზე ადრე წამოხტა ფეხზე, ყველაზე პირველმა მოირბინა ჩემამდე და წამოჯდომაში მომეხმარა.

ეტყობა, მანამდე გონი დამიკარგავს და რომ წამომაჯინეს, მხოლოდ ნუკრის დაფეთებული თვალები დავინახე. დანარჩენთა სახეები – ყველა ერთნაირად ნაცრისფერი იყო: ან იმიტომ, რომ შეეშინდათ და ან იმიტომ, რომ მე მირუხდებოდა თვალებში...
პეტრე, ძველი სპორტსმენი, მაშინვე მიხვდა, რომ ხელი მხოლოდ მოტეხილი კი არა, მხრიდან ამოვარდნილიც მქონდა.
- თამრი, გამიჩერდი ცოტა ხანს... – ისე თქვა პეტრემ, თითქოს სადმე ვიყავი წამსვლელი, შემდეგ ჩემი ხელი დაიჭირა და... ტკააააც! – იმხელა ხმა ჰქონდა მხრის სახსრის ადგილზე ჩასმას, რომ, ლამის, მეზობლებმა გამოიხედეს გარეთ, - “რა ხდებაო”?
- რას შვები, ადამიანო, სულ გინდა, მოაძრო ეს მკლავი? – პროტესტი გამოთქვა ნუკრიმ და... დაინახა კიდეც, რომ მის ზურგს უკან გაოგნებული თვალებით ვუყურებდი ვიღაცას.

ნუკრიმ უკან მიიხედა და უუუუზარმაზარი ადამიანი დაინახა, რომელიც საწყალი თვალებით მომჩერებოდა.
- თუ ძმა ხარ, სეირის ყურების დროა ახლა? წადი, ძმაო, შენს გზაზე წადი... – უყვირა ნუკრიმ.
- ვინც არა მგონია, აქ შემოეხეტება ახლა, - გაბრაზდა ლელაც და ტუალეტს მიაშურა, რათა სახეზე შეესხა წყალი, გულის წასვლის თავიდან ასაცილებლად.
- მე სპილუკა ვარ... – ამოილუღლუღა უცნობმა და გვერდზე გადგა, - მე უნდა დამხვედროდა თამრიკო...

გონზე ბოლომდე რომ მომიყვანეს, მარჯვენა მკლავი თეას შარფით ჩამომაბეს მხარზე. სპილუკამ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი დამალევინა, თუმცა კი მხარი მაინც საშინლად მტკიოდა. კბილს კბილზე ვაჭერდი, რომ ტკივილი დამეძლია.
შევძელი...
ბოლომდე არ მივატოვე ჩემი მეგობრები.

მეორე დღეს მივაკითხე ერთ-ერთ ტრავმატოლოგს.
- რა ვქნა ახლა მე? გაგკოჭო ზეწრით? – მკითხა ექიმმა, როცა სურათს დახედა.
- რატომ უნდა გამკოჭოთ? და თანაც ზეწრით?! – ალალად გამიკვირდა.
- აბა თაბაშირს ვერ დაგადებ და...
- არ გაქვთ თაბაშირი? – იკითხა ჩემმა მეუღლემ.
- კი, როგორ არ გვაქვს, მაგრამ ამ ადგილას - არ იდება! ერთადერთი გამოსავალია: ფიქსატორი უნდა შეიძინოთ და იმით დაგიფიქსირებთ მხარს.

ჩემი მეუღლე წავიდა და მალე დაბრუნდა რაღაც თხელი, ჩანთისმაგვარი ფიქსატორით.
- ოოო, კარგია! ზუსტად ეს გვჭირდება... – ექიმმა ხელი ამ ფიქსატორით ჩამომაბა კისერზე. – ახლა, კიტრი ხომ იცი, კიტრი?...
- კიტრი? კი, როგორ არა!
- ხოდა, სახლში რომ მიხვალ ერთი კიტრი ამეიდე იღლიაში... ნაკლებად გეტკინება....
- რატო, კიტრი – ტკივილგამაყუჩებელია? – ვიკითხე და მეუღლეს გავხედე.

ჩემი მეუღლე სიცილს ძლივს იკავებდა და გაბერილი ლოყებით გავარდა გარეთ.

სახლში რომ მივედით, გადავწყვიტეთ, რომ მეორე დღეს ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში მივსულიყავით.

ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ბ-ნ გურამთან მოვხვდით.
ხელმეორედ გადამიღეს სურათი. 
აღფრთოვანებულმა მითხრა:
- ულამაზესი მოტეხილობა გაქვს. ასე იუველირულად 1000 კაცში ერთმა შეიძლება მოიტეხოს მხარი...
- მოტეხილობის სილამაზე არ გაიშვას არსად.... – ჩამეცინა...
- რას ლაპარაკობ? ეს რომ სხვა კუთხით მოტეხილიყო, მოგიწევდა ან თაბაშირის ფიქსატორით სიარული და ან, კიდევ უარესი, საკმაოდ რთული ოპერაცია მხარზე. 22-ე დღიდან ფიზიო-ვარჯიშები დაგჭირდება....

მთელი წელი გამაწამა ხელმა და გავაწამე ხელი: მას ამოძრავება არ უნდოდა და მე მისი გაშეშება არ მაწყობდა.
ვაჯობე, - ხელი დავიმორჩილე!

და აი, ახლა დანდობილი ვიჯექი  მიკროავტობუსში ჩემს საკამზე და გზას გავცქეროდი.
ტრასა სრულიად თავისუფალი იყო.
“ეს ჩვენი მძღოლი ნამეტანი ბოლომდე პატიოსანია... ამ ცარიელ ტრასაზე  ცოტა ვერ მოუჩქარებს სიარულს? უფფფ... იმ კაცს, სულ ბოლო რიგში, რა გემრიელად სძინავს? მთელი გზაა სძინავს, წუთითაც არ გამოუხელია თვალი”.....

ამის გაფიქრება ვერ მოვასწარი ბოლომდე, რომ იქვე, ჩვენთან ძალიან ახლოს დავინახე ეზოს ჭიშკრიდან ჩვენი მოძრაობის პერპენდიკულარულად გამომხტარი მანქანა.
იმ უბედურმა, ჯერ ცხვირი კი არ გამოყო გარეთ და მერე კი არ გამოვიდა? არაააა, ჯიქურ გამოვარდა და... პირდაპირ ჩვენს წინ დაამუხრუჭა!

ჩვენმა მძღოლმაც მთელი ძალით დაამუხრუჭა და... 10-ოდე მეტრი მანქანანდე ასრიალა მიკროავტობუსი და 5-6 მეტრიც – იმ მანქანაზე “შემჯდარმა”.

რადგან გზას გავყურებდი, შინაგანი ძალების სრული მობილიზაცია მოვახდინე და თავი შევიკავე, რომ კარებსა და სულ წინა სკამს შორის სიცარიელეში არ ჩავჩეხილიყავი.

უეცრად მხარში რაღაც არანორმალური ტკივილი ვიგრძენი და... დავინახე კიდეც, როგორ გამოახილა თვალები თავით ჩემს იღლიაში შემომძვრალმა თუ შემოვარდნილმა იმ დაძინებულმა მამაკაცმა.
ის მამაკაცი საკმაოდ მსუქანი იყო და ისე გაეკვეხა სხეულით - სკამებს შორის და თავით – ჩემს მოტეხილ მხარსა და ჩემი სკამის სახელურს შორის, რომ ძლივს გამოანთავისუფლეს.

მანქანიდან გადმომიყვანეს და ღობეზე შემომსვეს.
მგზავრთა და თვითმხილველთა ერთი ნაწილი – დამტვრეულ მანქანებს ათვალიერებდა და მეორე ნაწილი – მე... ყველა წყალს მოარბენინებდა ჩემკენ და ზოგი დასალევად მაწვდიდა და ზოგი – სახეზე მისვამდა სველ ხელებს...

შემდეგ მანქანა გამოიძახეს და პირდაპირ საავადმყოფოში გამაქანეს.

საავადმყოფოში ტრავმატოლოგი არ აღმოჩნდა და ქირურგს მოუხმეს.
საოცარი სანახავი იყო აბსოლუტურად უპაციენტო საავადმყოფო.
ნეტა გენახათ, რა გახარებული მორბოდა ის ქირურგი, - “სერიოზული და მძიმე ოპერაცია თუ არა, აპენდიციტს მაინც ხომ ამოვჭრი ვინმესო”...

ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, - ვერც ამომჭრიდა და ვერც მომჭრიდა ვერაფერს.
დაღონებულმა, ლაბორანტს სურათი გადააღებინა მხარზე, რადგან მაინცა და მაინც მხარს ვიტკიებდი და... შემდეგ დიდხანს ათვალიერებდა ამ სურათებს.
- მგონი მოტეხილობაა... ან არ არის მოტეხილობა, მარა ატკეჩილობა იქნება უსათუოდ...
- როგორ თუ “მგონი”? – გამიკვირდა.
- ვერ ვარჩევ კარგად... – ქირურგმა ხან ერთი მხრიდან უყურა სურათს, ხან მეორე მხრიდან...
- ოდესმე ასეთი, მოტეხილობის სურათი გჭერია ხელში? – შემეცოდა, რადგან ვნახე, რომ ალალად ცდილობდა, რამე გაერკვია.
- კი, სტუდენტობის პერიოდში... ტრავმატოლოგიას რომ გავდიოდით...
- ვაი, შვილო, - აღმომხდა უეცრად, - კაი, შენ ამაზე არ ინერვიულო, ვცნობ მხრის მოტეხილობის ტკივილს...
- ნამდვილად მხარი გაქვთ მოტეხილი? – ისეთი საცოდავი სახით მკითხა, რომ გული მომიკვდა...
- კი, დედი, მხარია... დღეს ფიქსატორს ჩამოვატანინებ და დავაფიქსირებ...
- კიდევ გქონიათ მოტეხილი?
- კი, შარშან... კიდევ კარგი, 6 ხელი არ მაქვს, თორემ რა გაუძლებდა ყოველ წელიწადს თითო მოტეხილი მხრის ტკივილს? რამდენი უნდა გადაგიხადო?
- ნუ, ერთი სურათი – 15 ლარია... თქვენი ბრალი ხომ არ არის, მე თუ მეორე სურათიც დამჭირდა? ამიტომ, მეორე სურათი – უფასოდ იყოს... და თუ ჩემს სახელზეც დატოვებთ ექიმთან ვიზიტის 10 ლარს, კარგი იქნება, მთელი კვირაა არავის შემოუხსნია საავადმყოფოს კარი...

ისე შემეცოდა, მოწყალებასავით გავეცი 10 ლარი და “ბედნიერი” სახით ავედი სოფელში.

მეორე დღეს თბილისში დავბრუნდი.
მეორე დღესვე მივაკითხე ტრავმატოლოგიურში ბ-ნ გურამს.
რომ დამინახა ფიქსატორჩამოცმული, - გაუკვირდა.
- ისევ მხარი მოვიტეხე, ბ-ნო გურამ....
- სურათი?
- გადავიღე უკვე....
- შარშანდელი სურათიც მოიტანე? – გაუკვირდა, როცა სურათს დახედა.
- არა, ეს წლევანდელია....
- სულ არ მინდა შენი ფული, ოღონდ ის ამიხსენი, როგორ ახერხებ ასე იდენტურად და უნიკალურად მხრების მომტვრევას, რომ არც თაბაშირი გჭირდება და არც ოპერაცია?! – გაოცებას ვერ მალავდა ბ-ნი გურამი.

ჩემმა მეგობარმა, მზიამ რომ გაიგო, “თამრიკომ მხარი მოიტეხაო,” გაოცებულმა თქვა:
- მაგას სიბრძნის კბილივით, ეტყობა, ფრთებმა უნდა ამოჭრას და მაგიტომ იმტვრევს მხრებსო...

თქვენც ასე ფიქრობთ?... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები