 | ავტორი: როლანო ჟანრი: პროზა 11 მაისი, 2009 |
უბრალოდ-წკრიალა, ანუ როგორ გაჩნდნენ ციცინათელები
წკრიალაძეების ოჯახმა ადგილსამყოფელი გამოიცვალა. დასახლდნენ “დიდი დათვის” მარჯვნივ, არ მისული “მფრინავ თევზამდე”. ცოტა ხმაურიანი ხალხი იყო, რის გამოც, ახალი მეზობლები ცოტა არ იყოს ამრეზით უყურებდნენ. “დიდი დათვის” ოჯახიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. “მფრინავი თევზიდან” ხანდახან ღიღინს თუ გაიგებდი, ისიც ძალიან ხმადაბალს. ბევრნი კი არ იყვნენ წკრიალაძეები: მამა-წკრიალა, დედა-წკრიალა, ძმა-წკრიალა და უბრალოდ-წკრიალა. თქვენ ალბათ მიხვდით, რომ ყველანი ვარსკვლავები იყვნენ. არა, შეიძლება ვარსკვლავები არც იყვნენ, მაგრამ ვარსკვლავეთში კი ცხოვრობდნენ. - მე მოგზაურობა მიყვარს - ამბობდა მამა-წკრიალა, - ოჯახით ვმოგზაურობ, მთელი ვარსკვლავეთი მაქვს შემოვლილი. დედამიწაზეც კი ვარ ერთი-ორჯერ ნამყოფი, მთვარეზეც. დედამიწა ყველაზე საინტერესოა. აბა, ესენი არიან? ჩემს მეზობლებლებზე გეუბნებით. როცა არ უნდა გახედო, არიან დატყეპებულები ერთ ადგილას. “წამოდი გავისეირნოთ მეთქი, ”მფრინავი თევზის” ბიჭს შევთავაზე. და იცით რა მიპასუხა? “მაწანწალა ხომ არა ხარ, რას დაეხეტები წინ და უკანო. ჩვენ ვარსკვლავები ვართ და სერიოზული ქცევა გვმართებსო, არისტოკრატები ვართო, მე მე-16-ე თაობის “მფრინავი თევზი” ვარო. შენ კიდევ, სადღაც წკრიალეთიდან ჩამოსულხარ და ჩვენი წესები გინდა შეცვალოო? არ გამოგივაო”. მე ვუთხარი, “თქვენი წესები კი არ მინდა შევცვალო, შენ მინდა ქვეყანა განახო, თორემ თავშიც ქვა გიხლია მეთქი”. შევბრუნდი და წავედი. იმის მერე იქით აღარც გამიხედავს. შორიდან კი მივაძახე, “სადღაც წკრიალეთიდან კი არა, მე სხვათა შორის, თანავარსკვლავედ “წეროს” ახლო ნათესავი ვარ”, თანაც დავაყოლე “ახლა 21-ე საუკუნეა და მე ვარსკვლავური სივრცის თავისუფალი მოქალაქე ვარ-თქო”. ყურიც არ დამიგდო. ხოდა, მეც ვიფიქრე, კიდევ ერთხელ უხლია მეთქი თავში ქვა. დედა-წკრიალა, ჩვეულებრივი დიასახლისი გახლდათ. მთელი დღე სამზარეულოში ფუსფუსებდა. თავისუფალ დროს კი ლექსებს წერდა. შემდეგ, იმ ფურცლისაგან, რომელზედაც ლექსი დაეწერა, თვითმფრინავს აკეთებდა და დედამიწისაკენ უშვებდა. “ოჰ, რა ლამაზი ხარ დედამიწავ, რა მიმზიდველი”.- სევდიანად ამოიოხრებდა და ახალ ფურცელზე, ახალი ლექსის წერას იწყებდა. ძმა-წკრიალას, მამამისივით აქეთ-იქით სეირნობა უყვარდა. მაგრამ, მამისაგან განსხვავებით, ძმა-წკრიალა მეგობრობდა “პატარა ლომთან”, “ოქროს თევზთან” და კიდევ ბევრ თანავარსკვლავედებთან. არც პატარა ვარსკვლავებს უბზუებდა ცხვირს, მათთან ხან დაჭირობანას თამაშობდა და ხან ვარსკვლავურ ომს აჩაღებდა. ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი იყო. უბრალოდ-წკრიალა, ძალზედ ცელქი გოგონა ბრძანდებოდა, ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა და ძმა წკრიალასაგან განსხვავებით, მარტოს უყვარდა სეირნობაცა და თამაშიც. დედამიწაზე, რამოდენიმეჯერ იყო ნამყოფი, დედამისივით მასაც ძალიან მოსწონდა იქაურობა და ერთი სული ჰქონდა, კიდევ როდის ეწვეოდა, ამ პატარა პლანეტას. დედამიწაზე მესამედ რომ ჩავიდა, ქოჩორა გაიცნო. ქოჩორას ხუჭუჭა თმა ჰქონდა და ეს მეტსახელიც იმიტომ შეარქვეს. იმ დღის მერე, მოსვენება დაჰკარგა წკრიალამ. სულ, ამ ბიჭის სახე ედგა თვალწინ. ქოჩორა, პატარა ბიჭი იყო,, მთელი ღამეები ტბასთან იჯდა და იქ არეკლილ ვარსკვლავებს აკვირდებოდა. ერთხელ გამვლელმა ჰკითხა, “ვარსკვლავები რომ ასე გიყვარს, ცაში რატომ არ იხედებიო?”. “ცა შორსაა, ტბაში კი ისე ახლოს არიან, გეგონება მეც მათთან ვარო”. გამვლელმა საფეთქელთან თითი მიიდო, გადაატრიალ-გადმოატრიალა, ერთიც დაუსტვინა და გზა განაგრძო. ქოჩორა, ისევ ტბას აკვირდებოდა, აკვირდებოდა და ელოდა. იცით ვის ელოდა? ვის და წკრიალას. ამ ლურჯთვალა, ბრჭყვიალა გოგონამ, პირველი ნახვისთანავე შეაყვარა თავი. იქვე მდინარე ჩამოედინებოდა, მაგრამ ქოჩორას არ უყვარდა. მდინარეში ვარსკვლავები არ ჩანდა და სულ სადღაც ეჩქარებოდა. ქოჩორას მოშორებით, მდინარის პირას კაცი იჯდა და წყალს ჩაშტერებოდა, თითქოს რაღაცას ელოდებაო. ერთ დილას, როდესაც ვარსკვლავებმა დაიძინეს და ტბაში მხოლოდ წყლის ლივლივი-ღა ჩანდა, ქოჩორა მდინარეში მოცქერალ უცნობს მიუახლოვდა და ჰკითხა: “მე ტბაში ვარსკვლავებს ვაკვირდები, შენ კი მდინარეში რას ეძებო?” “მე ველოდებიო”, უპასუხა კაცმა. “რა გქვიაო?” “მე, ლოდინი მქვიაო”, უპასუხა უცნობმა და ისევ მდინარეს ჩააშტერდა. “რას ელოდებიო?” არ მოასვენა ქოჩორამ. “როცა დრო მოვა გაიგებ და ჩემს ლოდინსაც ბოლო მოეღებაო”. მოსაღამოვდა. ვარსკვლავეთში წკრიალა დედამიწაზე ჩასასვლელად ემზადებოდა. დედა-წკრიალა გადაკოცნა და დაბლა დაიწყო დაშვება. ნელ-ნელა მოფრინავდა. მხრებზე მოგდებული, ვერცხლისფერ-ბრჭყვიალა მოსასხამი ტალღასავით ეფინებოდა ზურგზე. - ვარსკვლავი ჩამოვარდა - გასძახა ლოდინმა ქოჩორას. - არა, არ ჩამოვარდა, ეს წკრიალაა, ჩემთან მოდის, - უპასუხა ქოჩორამ. წკრიალა მიწაზე დაეშვა. - გამარჯობა ქოჩორა. - გამარჯობა წკრიალა, მომენატრე. რატომ მალოდინე ამდენ ხანს? - მე შენს წასაყვანად მოვედი, - მიმართა წკრიალამ. - ვერ წამოვალ, ვარსკვლავი ხომ არ ვარ? ვერც ავფრინდები ვარსკვლავეთამდე. შენ დარჩი. - ჩემს მოსასხამს მოგცემ და აფრინდები. გინდა ვცადოთ? - ვცადოთ. წკრიალამ მოსასხამი მოიხსნა და ქოჩორას მოახურა. ქოჩორა თითქოს თვითონაც გაბრწყინდაო. წკრიალას ხელი ჩაჰკიდა და აფრენა სცადა. მიწას ასცდნენ, ცოტათი აფრინდნენ კიდეც, მაგრამ ხის მწვერვალსაც ვერ მიაღწიეს. ისევ მიწაზე დაეშვნენ. ქოჩორამ მოსასხამი მოიხსნა და წკრიალას გაუწოდა. - წადი წკრიალა, წადი. მე ვარსკვლავი ვერასოდეს ვერ გავხდები, არც მინდა. მე დედამიწაზე მირჩევნია. აქ, ტბასთან არის ჩემი სახლი. წკრიალას თვალებში ცრემლმა გამოანათა. - ვერ წავალ ქოჩორა, ჩემი ადგილიც აქ არის, შენს გვერდით, მოიხურე მოსასხამი და ვიფრინოთ ერთად. ცოტას მაინც ხომ ვიბრწყინებთ, გზააბნეულ მგზავრს, ბილიკს ხომ გავუნათებთ? დედამიწის ვარსკვლავები ვიქნებით, ციცინათელები. ქოჩორამ წკრიალას ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. ამ დროს ციდან ქაღალდის თვითმფრინავი დაეშვა. წკრიალამ აიღო, გაშალა, ქაღალდი გაასწორა, პატარა ნავი გააკეთა და მდინარეს გაატანა. - მეშველა, - ჩაიჩურჩულა ლოდინმა, ქაღალდის ნავს დასწვდა, გაშალა და სწრაფად გადაიკითხა. - ქოჩორა, ქოჩორა მეშველა. - ქოჩორა და წკრიალა ციმციმით მიფრინდნენ ლოდინთან. კაცმა წკრიალას შეხედა. - შენ წკრიალა ხარ? - ჰო. - დედაშენივით ლამაზი ხარ. - შენ დედაჩემს საიდან იცნობ? - ლოდინმა კითხვას არ უპასუხა. ყოჩაღ წკრიალა, აი დედაშენმა კი ვერ გაბედა. - კაცმა ქაღალდი გულის ჯიბეში ჩაიდო და მდინარის ნაპირს დაუყვა. გავიდა ხანი. ქოჩორა და წკრიალა ღამ-ღამობით, ხელი-ხელ ჩაკიდებულნი დაფრინავდნენ და გზააბნეულებს ბილიკს უნათებდნენ. წკრიალა ხანდახან მიწაზე დაეშვებოდა, ქაღალდის ახალ თვითმფრინავს აიღებდა, გაასწორებდა, ნავს გააკეთებდა და წყალს გაატანდა. მოშორებით, მდინარის პირას მამაკაცი იჯდა, ქაღალდის ნავებს იჭერდა, კითხულობდა, კეცავდა და გულის ჯიბეში ინახავდა. გულს ლოდინი მოსცილებოდა, მონატრებაღა დარჩენოდა. ციცინათელები კი დღემდე დაფრინავენ და ბილიკის გარდა, გულს გვინათებენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. როლანო (რიგამუნტი) ასეა ხო?! ჰო,ნიჭიერი ადამინი,რომელიც მგონი არასოდეს წამიკითხავს და მისი ფსევდონიმი ზეპირად ვიცი...უცნაურია რა!
რა კარგად წერ ადამიანო...ვნანობ რომ აქამდე არ შემოვდიოდი...
"დედამიწის ვარსკვლავები ვიქნებით, ციცინათელები"
თუ ოდესმე კიდევ ვნახე ციცინათელა,ყოველთვის შენი ნაწარმოები გამახსენდება...:) როლანო (რიგამუნტი) ასეა ხო?! ჰო,ნიჭიერი ადამინი,რომელიც მგონი არასოდეს წამიკითხავს და მისი ფსევდონიმი ზეპირად ვიცი...უცნაურია რა!
რა კარგად წერ ადამიანო...ვნანობ რომ აქამდე არ შემოვდიოდი...
"დედამიწის ვარსკვლავები ვიქნებით, ციცინათელები"
თუ ოდესმე კიდევ ვნახე ციცინათელა,ყოველთვის შენი ნაწარმოები გამახსენდება...:)
11. მართლა ციცინათელასავით ნათელი ზღაპარია.... :) და საოცრად დახვეწილია ყველაფერი.... :) მართლა ციცინათელასავით ნათელი ზღაპარია.... :) და საოცრად დახვეწილია ყველაფერი.... :)
10. ძალიან მომეწონა... ძალიან მომეწონა...
9. აქ რა საყვარობა ყოფილა...5 აქ რა საყვარობა ყოფილა...5
6. დიდი მადლობ კომენტარებისათვის. ნაწარმოები მართლაც საბავშვოა. დამავიწყდა მითიტება. ახლა კი არ ვიცი როგორ ჩავამატო. დიდი მადლობ კომენტარებისათვის. ნაწარმოები მართლაც საბავშვოა. დამავიწყდა მითიტება. ახლა კი არ ვიცი როგორ ჩავამატო.
5. ეს გუშინ წავიკითხე, კომენტარი დამვიწყებია... :) კარგია, მაგრამ ჩემი აზრით საბავშვო ჟანრს უფრო მოუხდებოდა :) ეს გუშინ წავიკითხე, კომენტარი დამვიწყებია... :) კარგია, მაგრამ ჩემი აზრით საბავშვო ჟანრს უფრო მოუხდებოდა :)
4. მშვენიერიო:) მშვენიერიო:)
3. ...ციცინათელები კი დღემდე დაფრინავენ და ბილიკის გარდა, გულს გვინათებენ.
ალბათ არ მიწყენ_ეს ნოველაც ციცინათელაა და თავად ავტორიც... პირადად ჩემს გულს შუქად მოეფინა და არა მგონია სხვებისთვისაც დაეყვრდრებინა :)
...ციცინათელები კი დღემდე დაფრინავენ და ბილიკის გარდა, გულს გვინათებენ.
ალბათ არ მიწყენ_ეს ნოველაც ციცინათელაა და თავად ავტორიც... პირადად ჩემს გულს შუქად მოეფინა და არა მგონია სხვებისთვისაც დაეყვრდრებინა :)
2. ძალიან მომეწონა...საინტერესოდ და მრავლისმთქმელად წერთ! ძალიან მომეწონა...საინტერესოდ და მრავლისმთქმელად წერთ!
1. ძალიან თბილი და შთამბეჭდავია, :) ძალიან თბილი და შთამბეჭდავია, :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|