ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2009


პატარა მაწანწალები

  კიდევ ერთი დილა გათენდა...
  ისევ სამათხოვროდ უნდა წავიდნენ, ეს უკვე პროფესიად იქცა ორი პატარასათვის. უფროსი, დათო, 16 წლის იყო, უმცროსი, ირაკლი კი - 8 წლის,  ქერა, ხუჭუჭა თმებითა და დიდრონი, ცისფერი თვალებით. სამათხოვროდ ცალ-ცალკე დადიოდნენ, საღამოს დათო ფულს თვლიდა და საჭიროებისამებრ ხარჯავდა.
  ავადმყოფ ბებიასთან ერთად ცხოვრობდნენ. ირაკლი ერთი წლის იყო, როცა მამამ ბავშვები მიატოვა, მერე კი დედაც გარდაეცვალათ. თავის სარჩენად ქუჩას მიაშურეს და უკვე მერამდენე დღეს ხვდებოდნენ ასე.
    მოსაღამოვებული იყო. სახლისკენ მიმავალი ირაკლი მაღაზიაში შევიდა, სათამაშოების წინ გაჩერდა და თვალი ერთ პატარა დათვზე გაუშტერდა.  რამდენიმე წუთი ხმაამოუღებლად უყურებდა, მერე კი დღის განმავლობაში მოგროვილი თანხა გადათვალა და გამყიდველს გაუწოდა.
 
  - სად არის ფული? ნუთუ დღეს არაფერი გიშოვია? ამ ფულით ერთ პურსაც კი ვერ ვიყიდით. მითხარი, სად არის დანარჩენი?
  ირაკლი შიშისაგან კანკალებდა.
  - მეტი არ მაქვს...
  - რას ნიშნავს არ გაქვს? მე უნდა ვიმათხოვრო, შენ კი ტყუილუბრალოდ იხეტიალო ქუჩაში არა?
    გაბრაზებულმა დათომ ბავშვს ხელი ჰკრა და ძირს დააგდო, მერე მივიდა, თავი აუწია და აცრემლებულ თვალებში ჩააშტერდა.
  -  უკანასკნელად გეკითხები! სად არის ფული? ვერ ვიჯერებ რომ მეტი არ გაქვს.
  - მე...მე... არ...ვიცი... - ძლივს ლუღლუღებდა ატირებული ბავშვი.
    უარმა დათო კიდევ უფრო გაამწარა. ააყენა და ხელი მოუქნია, ირაკლის ცხვირიდან სისხლი წასკდა და ზლუქუნს მოუმატა. რაც უფრო მეტად ტიროდა ბავშვი, მით უფრო გამეტებით ურტყამდა ძმა.
  - მტკივააა... - ბავშვი უკვე ვეღარ სუნთქავდა, ცრემლები ახრჩობდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ სლუკუნებდა.
  - ძამიკო...არ დამარტყა, მეტი არ მაქვს...
  დათო ვეღარ აზროვნებდა, ძირს დააგდო რომ წიხლი ჩაერტყა, ბავშვი გასაქცევად გაფოფხდა და ამ დროს შარვლის ჯიბიდან სათამაშო ჩამოუვარდა.
  - რა არის ეს? ვისია? ეხლა იყიდე? ამიტომ არ გაქვს არა ფული? ამაში დახარჯე...
    ხელი სტაცა, კიდევ უნდა დაერტყა, რომ ირაკლიმ დაიყვირა: - დღეს გიყიდე, შენ ხომ მალე დაბადების დღე გაქვს და მინდოდა მეჩუქებინა...
  დათო გაშრა. ხელები უმწეოდ ჩამოუშვა და კედლისკენ გატრიალდა, არ უნდოდა ცრემლიანი თვალები ძმისთვის ეჩვენებინა.
  "ჩემთვის იყიდა, მე კი...როგორ მოვექეცი..."
  - მოგეწონა? - ბავშვს ჯერ კიდევ ცრემლი უკიაფებდა თვალზე.
  - მაპატიე პატარავ! მოდი, ჩაგეხუტო... ძალიან მიყვარხარ! - დათო სევდანარევი ხმით ეფერებოდა უმცროს ძმას.
 
  დაღამდა.  ხვალ ალბათ ისევ წავლენ...

ლიკა ოხანაშვილი

14.05.2009




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები