ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2009


ფრენა ცალი ფრთით....


ცალი ფრთაც საკმარისია,
                  ამ თეთრი ფურცლის ოდენი,
                                                            რომ გავფრინდე....
არა გჯერა?... გუშინ ღრუბლის ნაღველმა მომაბრუნა,
                    თორემ უკვე მივფრინავდი...
ეჰ,.... რა იშვიათად მაკითხავს ეს შენი ღიმილიც,
                    რომ ამამზიანოს და.....
მძიმეა სევდა.... მიშლის ფრენას....

ცალი ფრთაც საკმარისია-თქო და....
                          ფანჯრის რაფაზე ვდგავარ....
ვიშმუშნები....  ძველ დარდებს ვდევნი და
                        არ ვაცლი მზეს და შენს ღიმილს!
მანამდე...მანამდე....
                    ცალი ფრთაც საკმარისიაო და....
რას ავიკვიატე ნეტა,
                      ვიცი, მაინც გამოვედები სადმე
                                        სარეცხის ძველ თოკებს,
ავწყვეტავ და გავიხლართები....ისე,
როგორც ნერვების უსასრულობაშია გახლართული
ჩემი სხეული
        და სისხლძარღვთა ცახცახს აყოლილი, მიიწევს ზეცად....
ცალფრთიანთა მთელი კოჰორტა კი,
                                        ზედა სართულს მიბმული,
                                                      წამწამთა ერთი დაფახულება და...
გაიწელება შორი წეროების უკვე დაწერილი ქარავანივით....
რამდენი თეთრი ფურცელი უნდა გადაჭმუჭნო,
                                                                ცალი ფრთის ჭრაში?
  დაჭრილია და მაინც,
                                        ფანჯრის რაფაზე  შემდგარი,
ველოდები, რომ ამიტაცოს ნასევდარმა ღიმილმა ქარის...
და მერე, რომც არ მინდოდეს, ვითომ....
                          მაინც გავფრინდები, თუნდაც ცალი ფრთით!
                                                                                                                14.05.09.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები