ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2009


თავი 25. მეტოქენი ("გაცვლა")

კარგა ხანს ფიქრობდა თეონა მომხდარზე:
გული სწყდებოდა, რომ 14 აპრილს ჯაბა არ იდგა მასთან ერთად რუსთაველის გამზირზე...
რომ ჯაბას კი არა, კაკოს ეჭირა მისი ხელი სტუდენტი-ახალგაზრდების ზეაღმართული ხელების “ტყეში”...
რომ ჯაბამ კი არა, კაკომ მიულოცა ეს დიდი გამარჯვება...
რომ...
რომ კაკოს ეკუთვნოდა თეონას პირველი კოცნა!

“კოცნა!... არა, ჯაბას, ალბათ, არ ვუყვარვარ, თორემ ერთხელ მაინც ხომ ექნებოდა მცდელობა, რომ ჩემთვის ეკოცნა? დაბადების დღეზე, ან, თუნდაც, დიდი ხნის უნახავს – გადაუკოცნივარ, როგორ არა... მაგრამ... ეეეჰ, სულ სხვა კოცნაზე ვფიქრობ. რატომ მაკოცა კაკომ? - მოვეწონე და იმიტომ... სულაც არ მინდოდა, რომ ეკოცნა, მაგრამ, ვინ მკითხა? ისე, სულაც არ იყო ცუდი ბიჭი... და ჯაბა რომ არ მიყვარდეს ასე ძალიან, იქნებ... არაააა! ჯაბა სულ სხვაა! ჯაბას ერთი გაღიმება მირჩევნია ყველა სხვა ბიჭს, ერთად აღებულს... რატომ მიყვარხარ, ჯაბა, რატომ?!...”

არა და, თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ისე დაიახლოვეს თეონა ჯაბას ოჯახის წევრებმა, რომ ამ ჯადოსნურმა სიტყვამ “მიყვარხარ” – ფუნქცია დაკარგა.
ხან მაყვალა ურეკავდა თეონას, - “სად დამეკარგე, მოდიო”...
ხან ზეიკო ეძახდა თავისთან, - “მოდი, ყავა დავლიოთ და წავიჭორაოთო”...
ხან თათია და ნიკუშა სტაცებდნენ ყურმილს ერთმანეთს ხელიდან, - “თეონააა, შენთან გვინდა... მუშტაედში შენ წაგვიყვანეო...”

და თეონაც ხან მაყვალას მოსანახულებლად მიდიოდა, ხან ბავშვები დაყავდა ატრაქციონებზე, ხან ზეიკოსთან თუ მეგისთან ერთად წრუპავდა სურნელოვან ყავას...

თეონას თვალში ყველა აქტიურობდა, ჯაბას გარდა...

ჯაბა კი...
ჯაბა ჭკუაზე გადადიოდა, თეონა თუ მის გარდა ვისმეს ელაპარაკებოდა... ყველაზე ეჭვიანობდა... ღამეებს ათენებდა მასზე და მათზე ფიქრით... და თქმას კი – ვერ უბედავდა! თავადაც ვერ აეხსნა, რა ძალას ფლობდა ასეთს ეს პატარა გოგო.

რამდენჯერ გადაწყვიტა, თეონასთვის გრძნობების გამხელა... - ვერასოდეს თქვა სათქმელი!
როცა სახლში აცილებდა-ხოლმე, რამდენჯერ გადაწყვვიტა, “ხელს გადავხვევ და ხალხისგან თვალსმოფარებულ ადგილას – ვაკოცებო...” – ნურას უკაცრავად... კოცნა კი არა, ხელის გადახვევაც ვერ გაებედა.

ისეთი გრძნობა ეუფლებოდა ყოველი მიკარებისას, რომ თეონა რაღაც იდუმალი მინის ხუფის ქვეშ იყო მოქცეული. კარგადაც ხედავდა, მასთან მიახლოებაც შესაძლებელი ეგონა და ამ დროს ეს უხილავი ბარიერი უღობავდა გზას თეონასკენ!

* * *

მაისის ბოლო იყო, თეონა აღელვებული რომ გამოვარდა დედამისის კაბინეტიდან.

ჯერ ხომ ისე ვერ მოიშორა თანაკურსელი ზურა  თავიდან? ახლა ისე “გათავხედდა”, რომ დედამისის კაბინეტში შეიჭრა და ლამის ულტიმატუმი წაუყენა თეონასთან დაკავშირებით:
- ქალბატონო თინა, მიშველეთ რამე?
- რა ხდება, ზურა?
- თეონა მიყვარს, მას კი ამ თემაზე დალაპარაკებაც არ უნდა ჩემთან!
- და მე რითი უნდა გიშველო?
- არ ვიცი, უთხარით... სთხოვეთ... უბრძანეთ, რომ შემიყვაროს!
- რას ამბობ, ზურა? ბრძანებით და თხოვნით როგორ უნდა შეგიყვაროს?!
- ჩვენთან, სვანეთში ეს შეიძლება! მშობლის სიტყვა კანონია შვილისთვის!
- კი, მაგრამ... ჩვენ ხომ სვანეთში არ ვცხოვრობთ ახლა?

ამ დროს კაბინეტში თეონაც შევიდა.
- აი, უთხარით რამე, ქალბატონო თინა, თორემ არ ვაგებ პასუხს საკუთარ საქციელზე....
- ზურა, თავი დამანებე! არც მიყვარხარ და არც არასოდეს შემიყვარდები! რა გინდა, რას გადამეკიდე?!
- და მე რომ მიყვარხარ, რა ვქნა?!
- ზურა, მოდი, ასე შევთანხმდეთ: მე თეონას ვერაფერს დავაძალებ, მაგრამ თუ მოახერხებ და მას თავს შეაყვარებ, მე არ წავალ წინააღმდეგი.... ახლა კი – წადი... – თქვა თინამ და სკამზე მოცელილივით დაჯდა.
- გადავირიე! დედა, მომაცილე ეს ადამიანი! რა დავაშავე ასეთი, ააა? – და თეონა კაბინეტიდან გავარდა.

ჯაბა დაინახა იქვე.
ჯაბამაც დაინახა თეონა, რომელსაც ბრაზი სახეზე ეხატებოდა და მისკენ წავიდა.
- რა მოხდა, თეონა?
- რა “რა მოხდა”? ყველა გიჟს მე როგორ უნდა გადავეყარო?
- მაინც?

პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო თეონამ, - ზურა კაბინეტიდან გამოვიდა და იქვე მდგომ თეონას მუქარით უთხრა:
- არ მომყვები, ხომ, ნებით? ამდენი ხალხის თანდასწრებით გეუბნები: შენი ცრემლებით მოვრწყავ სვანეთის გზებს, იცოდე!

ჯაბას სისხლი მოაწვა სახეზე. მობრუნდა და წასასვლელად გამზადებულ ზურას მაჯაში ჩაავლო ხელი:
- წამომყევი!...
- შენ ვინ ხარ, რომ წამოგყვე?!
- ამეჩუ მად მაკუ ამეჟი ლიამბავალ. მოშ ალჩედდ! (აქ არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ცალკე გავიდეთ!) – მკაცრი გამომეტყველებით, სვანურად უთხრა ჯაბამ.
- ქალჩედდ... მა ჯუღვა ლექვის? (გავიდეთ... რა გაქვს სათქმელი?) – ჯაბას ხელი არ გაუშვია ზურასთვის, ისე გავიდნენ კიბის უჯრედზე და შემინული კარი მიიხურეს.
- ალ დინა მი მალატ....ნომა ჯეწე ეჩა ფედიახო მეზის. ისკვი ზისხ ნომა ამაგოშნა! (ეს გოგო - ჩემი საცოლეა... არ დაგინახო მასთან ახლოს მისული. შენს სისხლს ნუ დამაღვრევინებ!) 
- ალე მუშვანი სიტყვალია? (ეს სვანის სიტყვაა?)
- ჰო....მუშვანი სიტყვალი... (ჰო... სვანის სიტყვა...) – და ჯაბამ ისეთი ძალით მოუჭირა ხელი მაჯაზე, რომ ზურას ტკივილისგან სახე მოეღრიცა.

თეონა გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ამ სიტყვიერ “ორთაბრძოლას”, რომელიც კიბის უჯრედზე, შემინულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და ხმა კიდეც რომ გამოსულიყო გარეთ, მაინც ვერაფერს მიხვდებოდა, - არ იცოდა სვანური  ენა.

ჯაბამ ზურას ხელი გაუშვა და კიბისკენ უბიძგა.
ზურას ხმა აღარ ამოუღია, მხოლოდ შორიდან გამოხედა თეონას, შემდეგ ისევ ჯაბას შეხედა და კიბით დაეშვა დაბლა, ჯაბა კი დერეფანში დაბრუნდა და თეონა ლიფტებისკენ წაიყვანა.
- ის ბიჭი აღარასოდეს შეგაწუხებს, თეონა!
- უუუფ, ეს შენ გგონია მასე! ვერ ვიცილებ თავიდან. როგორ არ ვუთხარი, არ უნდა დაჯერება.
- მე არ მგონია, თეე, მე ზუსტად ვიცი...
- საიდან?
- ის სვანია, თეონა! მე მას ისეთი სიტყვა ვუთხარი რომ... ის აღარაფერს გაგიბედავს....

სახლში მისვლამდე და მერეც, ვარჯიშზე წასვლამდე, თეონაზე და იმ “სხვა სვანზე” ფიქრობდა ჯაბა.

“გამაგიჟებს ეს გოგო...”
“თუ უკვე გიჟი არ ხარ...” – ჩასძახა შინაგანმა ხმამ.
“ვითომ, რატომ ვარ უკვე გიჟი?!”
“იმიტომ, რომ მხოლოდ თეონაზე ფიქრობ, დღეც და ღამეც”.
“აბა რა ვქნა? მიყვარს...”
“მაშინ უთხარი...”
“ვერა...”
“რატომ?”
“არ ვიცი... ვერ ვეუბნები!”
“ვერ ეუბნები, რადგან არ გიყვარს...”
“შენ მასწავლი, მიყვარს თუ არა?...”
“გასწავლი, როგორ არ გასწავლი? შენ რომ თეონა გიყვარდეს, აქამდე ბავშვიც გეყოლებოდათ, არათუ სიყვარულში გამოუტყდებოდი...”
“არა!... მიყვარს, მაგრამ...”
“მაგრამ!!!... აი, ეს ”მაგრამ” არის, რაც ჭკუიდან გშლის! ეს ”მაგრამ” არის, რაც მოსვენებას გიკარგავს: თეონა “ის სხვა სვანი” კი არ არის, რომელსაც ადვილად დაიყოლიებ?... თეონა – ამოუხსნელი ძალაა, ამოუხსნელი ფენომენია შენთვის! იცი, რომ შენ კი არ დაიმორჩილებ მას, ის დაგიმორჩილებს და თავისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლად გაქცევს! აი, რა გაფრთხობს შენ!”
“სისულელეა!...”
“მაშინ მიდი და ხვალვე უთხარი შენი სათქმელი.”
“ბანკეტზე ვეტყვი...”
“ჰმ... ბანკეტამდე გადაავადე?...”
“სადაც ამდენი ხანია, ვითმენ, იქ ერთი თვის მოთმენაც შეიძლება!”
“ალილო და ხვალეო... ბანკეტიც მალე მოვა... ვნახავ, ბანკეტზე როგორ დაიღვრები სიტყვებად!”


* * *
თეონას უამრავი მეგობარი ჰყავდა, მის კურსზეც, წინა და მომდევნო კურსებზეც... მათ შორის – გამორჩეულად ახლობლებიც ჰყავდა, თუმცა არც მათი რაოდენობა ეტეოდა ათეულში.

ყველას უკვირდა, როგორ ახერხებდა თეონა ამდენ განსხვავებულ ადამიანთან მხოლოდ საერთო ენის გამონახვას კი არა, მათ სულში ჩაძვრენას, მათი მწუხარების გაზიარებასა და მათი სიხარულით გახარებას.

უამრავი ადამიანის მესაიდუმლე იყო... და ყველას ეგონა, რომ თეონას სიყვარული და ყურადღება მხოლოდ მას ეკუთვნოდა. საამისოდ მიზეზიც ჰქონდათ: არცერთ მათგანს არ დასჭირებია თავისი გამხელილი საიდუმლოს განმეორება... ლამის შეწყვეტილი ადგილიდან აგრძელებდნენ თხრობას და თეონასაც დეტალებში ახსოვდა ყოველი მათგანის მონაყოლი.

ნებისმიერ სიტუაციაში ბოლო სიტყვას – თეონას უტოვებდა ყველა: მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება. კარგი მრჩეველი იყო და მის მეგობრებს უსიტყვოდ სჯეროდათ მისი. გათხოვება და ცოლის მოყვანაც კი ვერ გადაეწყვიტათ თეონას რჩევის გარეშე. ამის გამო ხან “ჩხუბობდა” თეონა, ხან – გულიანად კისკისებდა...
- ნეტა შვილებსაც, თქვენს ნაცვლად, მე არ გამაჩენინებდეთ და... რა გჭირთ, ხალხო? მე როგორ გითხრათ, ეს გოგო ცოლად მოიყვანოთ თუ არა, ან იმ ბიჭს გაყვეთ თუ არა? თქვენ უკეთესად არ იცნობთ ამ პიროვნებას?
- ხო, ჩვენ უკეთ ვიცნობთ, მაგრამ შენ სხვანაირად ხედავ მათ... მათ სულში იხედები თითქოს...
- ნუ გადამრევთ ახლა, ჩემთვის ვერავინ მიპოვნია და... დამანებეთ თავიიიი!


* * *
სტუდენტებს გამოცდები დაეწყოთ.
თეონას წინა ორი კურსი – მეოთხე და მეხუთე - ერთდროულად აბარებდა სახელმწიფო გამოცდებს. დერეფნები სტუდენტებით იყო სავსე.

თეონამ შორიდანვე დაინახა მისი ერთ-ერთი მეგობარი, გოგა, რომელიც აუდიტორიასთან იდგა და თავის რიგს ელოდებოდა. გოგამაც დაინახა და მისკენ წამოვიდა.

- როგორ ხარ, თეეე? – გოგამ თეონა გადაკოცნა და ხელი გადახვია.
- მე კარგად ვარ... შენ რას შვები? მზად ხარ?
- კი... გამოცდების არ მეშინია! სხვა რამ მაშინებს...
- ყოჩაღ... მოიცა, რა “სხვა რამ”?
- გამოცდიდან რომ გამოვალ, გეტყვი... 10 წუთში შევალ, ალბათ.
- კარგი, მეც გავალ მერე და მალე დავბრუნდები.
- სად მიდიხარ?
- არსად... სხვებსაც ვნახავ...
- გაიგე, გია რომ გარიცხეს?
- რას ამბობ, გოგა?! როდის?
- გამოცდებზე არ დაუშვეს. წინა სემესტრის გამოცდა არ ჰქონია ჩაბარებული...
- აუუფ, სულ გარეკა მაგან. ვინ შეარჩენდა? გადაყვა სიმღერას!
- ხო, მომავალ წელს თავიდან უნდა გაიაროს კურსი...
- შედანია, შავგულიძე, ჩომახიძე... – დაიძახეს საგამოცდო აუდიტორიიდან.
- ფეხი როგორი გაქვს, თეონა?
- გადასარევი... – გაეცინა თეონას და გოგას აუდიტორიისკენ უბიძგა.


თეონა ჯაბას აუდიტორიისკენ წავიდა.
ჯაბა კედელთან იდგა და თვალებით ეძებდა ვიღაცას. თეონას დანახვაზე სახე გაუბრწყინდა, მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ამასობაში თეონაც მიუახლოვდა.
- სად იყავი?
- გოგა ვნახე... დანელია.
- მერე? რაო, გოგამ? – თვალებში ნისლი ჩაუდგა ჯაბას.
- არც არაფერი... გამოცდაზე შევიდა....
- თეეე, გამოცდის მერე სადღაც მივდივართ. წამოხვალ?
- რა ვიცი, აბა? ვნახოთ...  გეძახიან გამოცდაზე...
- დამელოდე, მალე გამოვალ...
- კარგი... ცოტა ხნით გავალ, ვნახავ, გოგამ რა ნიშანი მიიღო...

ჯაბამ არაფერი უპასუხა, უხმოდ წავიდა აუდიტორიისკენ.

თეონა გოგას ჯგუფთან დაბრუნდა და მაშინ გამოვიდა გოგაც.
- რა ქენი? – მიიჭრა მასთან თეონა.
- “ოთხი”!
- ცუდო! რატო?
- რას ამბობ, თეონა? მეცკომში “ოთხი” – მაგარი ნიშანია!
- მეცკომი რაღაა?
- მეცნიერული კომუნიზმი!
- და რას გასწავლიდნენ ამ საგანში?
- სექტემბრამდე მოითმინე... არ მინდა მეოთხე კურსზე გადასვლის სურვილი დაგიკარგო... – გაეცინა გოგას.
- აბა, ამოღერღე, რისი თქმა გინდოდა?
- არ ვიცი, ღირს კია თქმა? – წამოწითლდა სახეზე.
- აუუ, გოგა, შეყვარებული ხარ? რა თქმა უნდა, ღირს!
- ეეეჰ, თეონა, არ ვიცი ის რას ფიქრობს ჩემზე და ამიტომ ვერაფერი მითქვამს მისთვის.
- მითხარი, ვინაა?
- სახელს ვერ გეტყვი... იცნობ, თან ძალიან კარგად!

თეონამ რამდენიმე გოგოს სახელი ჩამოუთვალა. გოგა უარის ნიშნად აქნევდა თავს.
- სულ არ უყვარხარ? – შეწუხდა თეონა.
- სულ ცოტა, ალბათ, კი...
- ჩემნაირადაც არა?
- ზუსტად შენნაირად ვუყვარვარ, თეონა!
- მაშინ უთხარი, გოგა! აუცილებლად უთხარი!... ჩემნაირად თუ უყვარხარ, აუცილებლად გამოგყვება!

ის იყო, გოგა სათქმელად მოემზადა, - “თუ გამომყვება და... აგერ, გეუბნები და გამომყევიო”, რომ მათ ჯაბა მიუახლოვდათ.

- გამარჯობა, გოგა...
- ჯაბას გაუმარჯოს!...
- რა ქენი, ჩააბარე?
- კი, მეცკომი... “ოთხი” მივიღე!
- ბედნიერო... მე – სპეციალობას ვაბარებდი. მეც “ოთხი” მივიღე...
- სადიპლომოს როდის იცავთ?
- 12-ში... მანამდე – მეცკომი გვაქვს 8-ში...
- სადიპლომოს დაცვები – ყველა ჯგუფს ერთ დღეს აქვს... – ჩაერია მათ საუბარში თეონა.
- თეეე, გველოდებიან... წავიდეთ.
- ჯაბა, გოგა რაღაცას მეუბნებოდა... წადი და 5 წუთში დაგეწევით.
- აქ დაგელოდები... რა უნდა გითხრას ისეთი, რომ ჩემთვის არ შეიძლება მოსმენა?!
- და თუ საიდუმლოდ მეუბნება რაღაცას?
- წადი, თეონა... მერე გეტყვი, სხვა დროს... – ნაღვლიანი ხმით თქვა გოგამ.
- კარგი... სხვა დროს იყოს, მაგრამ... მას აუცილებლად უნდა უთხრა, გესმის? ა-უ-ცი-ლე-ბლად!
- 12-ში მოხვალ?
- აბა რას ვიზამ?! ჩემები ყველანი აქ იქნებით და... სახლში რა გამაჩერებს?! – თეონამ გოგა გადაკოცნა და ჯაბას გაჰყვა.
- რას გეუბნებოდა?
- შეყვარებულია და “ვუთხრა იმ გოგოს თუ არაო?” - მკითხა...
- და შენ რა შუაში იყავი? რაღაცას მიმალავ, თეონა.
- გიმალავ? არა, ჯაბა! არაფერს გიმალავ! (გატყუებ, ჯაბა! გიმალავ, რომ სიგიჟემდე მიყვარხარ, სხეულის ყოველი უჯრედით! თუმცა შენ ვერაფრით შეგაყვარე თავი!)
- რესტორანში მივდივართ! ხომ წამოხვალ? (სამაგიეროდ მე გიმალავ, თეონა!... გიმალავ, როგორ ძალიან მიყვარხარ!)
- თუ მალე გამომიშვებთ, რატო არ წამოვალ?! (რესტორანში კი არა, ქვეყნის დასალიერს წამოგყვებოდი, თუ წამიყვან, ჯაბა...)
- წამოდი და მე გამოგაცილებ მერე!... მინდა, რომ ჩვენთან ერთად იყო... (რესტორანში?! მხოლოდ იქ კი არა, საერთოდაც ჩემს სახლში, ჩემს გვერდით მინდა იყო სიცოცხლის ბოლომდე!)
- წავედით! დედას ვეტყვი მხოლოდ... 

თეონამ დედამისის კაბინეტში შეირბინა, უთხრა, “ჯაბასთან ერთად მივდივარო” და გამოვიდა.

ჯაბა და თეონა ლიფტში მიიმალნენ, გოგა კი კარგა ხანს შეჰყურებდა მის წინ დაკეტილ ლიფტის კარებს, რომლის მიღმაც თეონა გაუჩინარდა...


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები