ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2009


თავი 26. სიურპრიზები ("გაცვლა")

დადგა 12 ივნისი. 
დღეს დამამთავრებელკურსელები სადიპლომოებს იცავენ.

დაიღალა თეონა აუდიტორიებს შორის სიარულით. ჯაბა, გოგა, ავთო, ფრიდონი, ცისანა, ზორო... ყველა ერთად ამთავრებს... ყველა ერთად დატოვებს უნივერსიტეტის აუდიტორიებს და... თეონასაც!

და მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო უამრავი მეგობარი რჩებოდა, თეონას გული ეწურებოდა და უცარიელდებოდა. თანდათან უმძაფრდებოდა იმის შეგრძნება, რომ ამიერიდან ზოგიერთს, იქნებ, ვეღარც კი შეხვედროდა... ვერასოდეს!... ამის გაფიქრებაზეც კი ცრემლებით ევსებოდა თვალები.

- წავალ, ვნახავ, ჯაბამ დაიცვა თუ არა! – უთხრა თეონამ გოგას, რომელიც ხელგადახვეული იდგა მასთან.
- დაიცა, თეონა!... დღეს უჩემოდ არ წახვიდე სახლში: სიურპრიზი მოგიმზადე. ეს ერთი დღე მაჩუქე...
- რა სიურპრიზი?
- თუ გითხარი, რაღა გამოვა? დღეს არავის გაჰყვე...
- ვეცდები, თუ...
- არავის, თეონა! არც ჯაბას! გთხოვ, ეს ერთი დღე გამოიმეტე ჩემთვის!
- “დიდოსტატის მარჯვენა” გამახსენა შენმა ნათქვამმა, შორენა რომ ეუბნება, “ეს ერთი დღე ჩემთვის დაკარგე, უტაო”... რას აპირებ, გოგა, ფხოვში ხომ არ მიგყავარ შენც?
- ეეჰ, ნეტა შემეძლოს...
- რა, ფხოვში წასვლა? – გადაიკისკისა თეონამ, - კარგი, სანამ ფხოვში წამიყვან ექსკურსიაზე, მანამდე გამიშვი, ჯაბას და ბიჭებს ვნახავ, რა ქნეს...
- დედა-ტერეზა ხარ, რააა... როგორ იტევ ამდენი ადამიანის სიყვარულს? საოცარია!
- უუუფ, იცი კიდევ რამდენი ადგილი მაქვს თავისუფალი? კიდევ ბევრის სიყვარულს დავიტევ, ნუ გეშინია! აი, სიძულვილისთვის ვერ გამოვნახე ადგილი...
- კარგი, წადი და მალე მოდი... გელოდები.

თეონა ჯაბას აუდიტორიისკენ წავიდა.
ჯაბა ჯერ არ იყო გამოსული დაცვიდან.
- თეონა, დღესაც ხომ წამოხვალ ჩვენთან ერთად? – ჰკითხა ჯაბას ერთ-ერთმა ჯგუფელმა და უახლოესმა მეგობარმა.
- ვერა, გიგა... დღეს ვერ წამოვალ...
- აბა, ჯაბამ რომ თქვა, მოდისო?
- ჯაბას არაფერი უკითხავს ჩემთვის და... იქნებ სხვა საქმე მაქვს? – მხრები აიჩეჩა თეონამ.
- გოგო, ჯგუფში 24-ნი ვართ და სულ 4 გოგო გვყავს... სქესობრივ დისბალანსს აქვს ადგილი.
- ვაახ, მერე? თქვენი ჯგუფის სქესობრივი დამბალანსებლის ფუნქცია დამაკისრეთ? დღეს არ მცალია! უჩემოდ დაბალანსდით!...
- როგორ?
- 4 გოგოს 4 ბიჭი გააყოლეთ და... დანარჩენები წადით სახლებში! აბა დანარჩენი 16 ბიჭი მე უნდა დავაბალანსო? ბევრი ხომ არ არის, გიგა? – თვალები ეშმაკურად მოწკურა თეონამ და აუდიტორიის კარებს გახედა, საიდანაც ზუსტად იმ დროს გამოვიდა ჯაბა.

ჯაბა პირდაპირ მათკენ წამოვიდა.
- ჯაბა, თეონამ “მე ვერ წამოვალ, საქმე მაქვსო”... – აჯახა გიგამ მოახლოებულ ჯაბას.
- რა საქმე, თეეე? – სერიოზულად გაუკვირდა ჯაბას და გიგას თვალით ანიშნა, “დაგვტოვეო”.
- ხომ არ მოგატყუებ? გოგას ჯგუფთან ერთად მივდივარ... ახლა იმათ დაგასწრეს დაპატიჟება...
- კი, მაგრამ... ჩვენ ხომ... შენ ჩვენთან ერთად უნდა იყო, თეეე...
- რატომ, ჯაბა? რატომ  უ ნ დ ა  ვიყო? ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვართ?! ასე არ არის? – ვა-ბანკზე წავიდა თეონა.
- შენ ასე გინდა?
- მე? მე მინდა?... საოცარია! რაღაც არ მახსოვს, სხვა ურთიერთობის შესახებ ოდესმე რამე გეთქვას, თუნდაც გადაკრულად!
- არ გაყვე გოგას... ჩვენთან წამოდი... გთხოვ... – ხმა გაუწყდა ჯაბას და ჩურჩულზე გადავიდა.
- არა, ჯაბა... დავპირდი!... – თეონას, პირიქით, ხმა გაუმკაცრდა...
- მაშინ ბანკეტზე წამოდი ჩვენთან...
- ეს შეიძლება!.. მათი და თქვენი ბანკეტი არ დაემთხვევა ერთმანეთს!
- და იქაც წახვალ?
- რა შემიშლის ხელს?
- მე რომ გთხოვო, “არ წახვიდე-მეთქი”?
- რატომ უნდა მთხოვო? ჯაბა, შენ ჯერ ის ვერ გაგირკვევია, შენ თავად რა გინდა და... მე რა უნდა მთხოვო? ან რისთვის? – თეონას ცრემლებმა აუბრჭყვიალა თვალები...
- რისთვის და... – ჯაბამ თავი დაღუნა, - ნუ მალაპარაკებ იმაზე, რაც შენ თავადაც გადასარევად იცი...
- არა, ჯაბა, მე არაფერი ვიცი... ვიცი, რომ მაყვალა დეიდას, ზეიკოს, მეგის, თათიას და ნიკუშას ძალიან ვუყვარვარ... კახა – დიდ პატივს მცემს და შენ... შენ ერთ-ერთ მეგობრად მთვლი, რომელიც თქვენი ჯგუფის “სქესობრივი დაბალანსებისათვის” გჭირდები...
- თეონა, გაგიჟდი? ვინ გითხრა სისულელე?
- არ ვიცი, შეიძლება ეს ნამდვილად სისულელეა, მაგრამ... მე ჩემი ფუნქცია ვერ დამიდგენია, ჯაბა! – თეონას ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან და ვიდრე ჯაბა კიდევ ეტყოდა რამეს, მობრუნდა და გოგას აუდიტორიისკენ წავიდა.

ჯაბა კედელს მიეყუდა.
საფეთქლებში უროებს ურტყამდნენ თითქოს!... პირი გაუშრა!... თვალებში შავი ბურთულები აუცეკვდა...
სახეზე მოისვა ხელი, - ცივი ოფლით ჰქონდა შუბლი დაცვარული.
- რა მოგივიდა, ჯაბა? – შემოესმა გიგას ხმა.
- მე ახლა თეონა დავკარგე!
- დაკარგე კი არა...
- ჰო, გიგა, დავკარგე და თანაც, მგონი, სამუდამოდ!
- რა უთხარი, ასეთი,?
- საქმეც მაგაშია, რომ ვერაფერი ვუთხარი...
- შე ჩემა, ასეთი უფხო როდემდე უნდა იყო?! გინდა, დავეწევი და დავაბრუნებ? სახლში წავიდა?
- არა, გოგა დანელიას საგულშემატკივროდ წავიდა!
- არ გრცხვენია, ჯაბა? გოგა რომ თეონას ახლო მეგობარია, მთელმა ფაკულტეტმა იცის და... შეგირცხვა პავედენიე... მეც არ ვიფიქრე? თეონას შენ უყვარხარ, ჯაბა! ამ სიყვარულს, ლამის, ყურებიდან ასხივებს ეს გოგო! მხოლოდ შენ ვერ დაგანახა ეს! მოვა თეონა... არსად არის წამსვლელი....

აუდიტორიიდან გამოსულ გოგას თვალცრემლიანი თეონას დანახვა ისე გაუკვირდა, თითქოს მოჩვენება დაენახოს.
- რა მოხდა, თეონა?
- არაფერი...
- ჯაბასთან იჩხუბე?
- არა, რატომ უნდა მეჩხუბა? უბრალოდ, დავიღალე თქვენზე ფიქრით.... რა მეშველება მომავალ წელს უთქვენოდ? – და ისევ ცრემლები დაუგორდა ლოყებზე.
- 15 წუთში – ნიშნებს გვეტყვიან და წავიდეთ.
- ჰო, წავიდეთ... სადმე შორს წამიყვანე, გოგა!...
- შევდივააართ! – დაიძახეს უცებ.
- ვაა, ასე მალე? დაგლიჯა! 10 წუთში – აქ ვარ!

გოგა აუდიტორიაში შევიდა თუ არა, თეონას ჯაბა მიუახლოვდა.
- მაპატიე, თეონა!
- რა გაპატიო, ჯაბა? ცუდი არაფერი გაგიკეთებია ჩემთვის და თქმით არაფერი გითქვამს!
- ხო, რა ვიცი... ბანკეტზე ხომ წამოხვალ ჩვენთან?
- წამოვალ-მეთქი, ხომ გითხარი? რა ქენი?
- “ოთხი”... არ მომილოცავ?
- რა თქმა უნდა... გილოცავ... – თეონა თითის წვერებზე აიწია და ჯაბა გადაკოცნა, - გილოცავ, მაგრამ... მე რა მეშველება უთქვენოდ? დაცარიელდება ფაკულტეტი ჩემთვის.
- მთავარია, გული არ დაცარიელდეს, თეეე... – ჯაბამ მხრებზე მოხვია ხელები და თავი თავზე ჩამოაყრდნო. საოცარი სურნელი ჰქონდა თეონას თმას. ხარბად შეისუნთქა ჯაბამ ეს სურნელი და სახე ამ თმაში ჩამალა.

თეონამ თვალები დახუჭა და შეეცადა ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ... არ გამოუვიდა... და ვერცერთმა დაინახა აუდიტორიიდან გამოსული გოგა, რომელიც მათ შეჰყურებდა და გულში იბრუნებდა თვალებიდან გადმოსაღვრელ ცრემლებს.

- ჯაბა, მე წავალ... გოგას დავპირდი, თქვენთან ერთად წამოვალ-მეთქი. მთხოვა, ეს ერთი დღე მე მაჩუქეო...
- კარგი, აჩუქე ეს ერთი დღე... მაგრამ იმ პირობით, რომ დანარჩენ დღეებს – სულ მე მაჩუქებ!... – ჯაბა დაიხარა, თეონას ძალიან მაგრად აკოცა ლოყაზე და ხელი გაუშვა, შემდეგ კი სწრაფად წავიდა თავისი ჯგუფელებისკენ, რომლებიც ლიფტთან ელოდებოდნენ უკვე.

თეონა გოგას აუდიტორიასთან მივიდა და გოგას დაუწყო ძებნა.
- თეონააა, გოგამ დაგიბარა, დაბლა გელოდებიო... გარეთა კიბესთან დაგიცდის.
- გმადლობ, ქეთი...
- ჩვენთან ერთად მოდიხარ, ხო?
- არ ვიცი, ქეთი... მგონი!

დაბლა ჩასულ თეონას გოგა კიბესთან დახვდა და თეთრი გაზ-24-სკენ წაიყვანა.
- ვისია ეს “ვოლგა”? – იკითხა თეონამ გაზიზინებული მანქანის დანახვაზე.
- ჯერ მხოლოდ ჩემი...
- და მერე იმ გოგოსიც, რომელიც გიყვარს, ხო?
- ეეჰ, მასე ვფიქრობდი, მაგრამ... ის გოგო არასოდეს იქნება ჩემი, თეეე...
- რატო, გოგა?
- იმას სხვა უყვარს, თეონა! დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში.
- ვინაა, ის ჩემი ცოდვით სავსე, შენნაირ ბიჭზე რომ ამბობს უარს?
- მაგას რაღა მნიშვნელობა აქვს? ის სამუდამოდ არის დაკარგული ჩემთვის. სად წავიდეთ?
- ფხოვში წაგიყვანო, არ მითხარი? – გადაიკისკისა თეონამ, - სადაც შენ გინდა, იქ წავიდეთ, გოგა... 2 საათს გჩუქნი, ან 3-ს... მერე კი – სახლში უნდა წავიდე. ზეგ – მეც გამოცდა მაქვს... მთელი დღე დავკარგე აქ!
- კარგი, ბატონო, 3 საათი... მოდი, მცხეთაში წავიდეთ?! ჩემ ჯგუფელებთან ერთად არც მე წავალ... სხვაგან წავიდეთ სადმე, ცალკე...
- როგორც გინდა, გოგა! საჭე შენ გიჭირავს... მეც წყნარად ვზივარ, ასე რომ, ნუღარ ვკარგავთ დროს, წავიდეთ! ხო, მართლა, ბანკეტი როდის გაქვთ?
- 25-ში... ჯაბას?
- 27-ში.... ავთო და ცისანაც მეპატიჟებიან თავისთან... იმათ – 26-ში აქვთ... კარგია, არ ემთხვევა ერთმანეთს.
- ხო, დეკანატიდან გვთხოვეს, ნუ დაამთხვევთო და.... რა ვქნათ, რესტორანში შევიდეთ? მშია...
- ისე, მეც მშია...
- ჰოდა, ძალიან კარგი...
- გოგააა, ერთი რამ მინდა გკითხო, ოღონდ არ გაგეცინოს...
- გისმენ, თეონა...
- ჩემი შეყვარება არ შეიძლება?
- ვინ გითხრა ეს სისულელე? არ შეიძლება კი არა, ნახევარი ფაკულტეტი შენზეა შეყვარებული...
- აბა რატომ ვერავინ მეუბნება რამეს?
- მაინც, ვინ გინდა, რომ გითხრას? ნებისმიერისაგან მიიღებ ამ სიყვარულს? - გოგამ იქვე, პატარა რესტორანთან მიაყენა მანქანა და თეონას მიაჩერდა.
- არა, ნებისმიერისგან – არა...  ჯაბა რატომ არაფერს მეუბნება?! რატომ არ ვუყვარვარ?
- ცდები... ჯაბას უყვარხარ, ძალიან უყვარხარ!
- ვითომ? არაფერს ამბობს და...
- შენ, რა, ჩემი არ გჯერა? – გოგამ თვალები გაუსწორა თეონას მზერას, - გეტყვის... სულ მალე!
- არ ვიცი, გოგა!...
- თეონა, ჩემგან თუ მიიღებდი ამ სიყვარულს? – გოგას ხრინწი შეეპარა ხმაში.
- შენ ჩემი ძმა ხარ, გოგა! – ალალი ღიმილით გაუღიმა თეონამ, - შენ სულ სხვა სიყვარულით მიყვარხარ...
- მაინც, როგორი სიყვარულით?
- როგორ აგიხსნა?! მე ძმა არ მყავს და თუ ვინატრებდი ძმას, მინდა, რომ ის შენნაირი იყოს! შენ შეუცვლელი ხარ ჩემთვის...
- მდაა... დასაბუთებული არგუმენტია... ძალიან მიყვარხარ, თეონა!
- მეც ძალიან მიყვარხარ! კარგი ბიჭი ხარ, გოგა!... შენნაირი მეგობარი არც მყოლია არასოდეს.... არ გადავიდეთ?



* * *

მალე მოვიდა 25 ივნისი.
იმ დღეს გოგას ჰქონდა ბანკეტი.
წინა დღეს დაურეკა ჯაბამ და სთხოვა, ხვალ სადმე გავისეირნოთო.
- ჯაბა, დაიფიცე, სპეციალურად დაამთხვიე გოგას ბანკეტს?
- არა... მაგრამ...
- რომელზე გინდა, რომ შემხვდე?
- 7-ზე...
- ანუ ზუსტად იმ დროს, როცა დაპატიჟებული ვარ?
- ასეც რომ იყოს, რა იცვლება?
- შენთვის – არაფერი...
- და შენთვის? ან სხვისთვის?
- არც ჩემთვის... სად მოვიდე? ოღონდ არ მითხრა – სახლშიო...
- არა... ფუნიკულიორზე ავიდეთ.

თეონა გოგას ბანკეტზე არ წავიდა.
ჯაბას შეხვდა და, თითქმის, ღამის 10 საათამდე ისეირნეს ფუნიკულიორზე.
სულ ელოდა თეონა, რომ ჯაბა სიყვარულზე ჩამოუგდებდა ლაპარაკს. თითქოს არც იყო აუცილებელი, ისედაც ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ... უუუფ, მაინც საჭირო იყო, რააა...

- ჯაბა, სიმართლე მითხარი, რაღა დღეს მოინდომე ეს გასეირნება? რა გქონდა მიზნად?
- მიზნად – არაფერი...
- გასაგებია...
- რა არის გასაგები?
- ის, რომ გოგაზე ეჭვიანობ...
- ხო... ვეჭვიანობ... მერე?
- ჯაბა, გოგა – ჩემი ძმა არის! არ გაქვს უფლება, მასზე იეჭვიანო!
- გოგა – შენი ძმა არ არის... და რისი უფლება მაქვს – მე ვადგენ თავად...
- მხოლოდ გოგაზე ეჭვიანობ?
- არა, ყველაზე...
- რატომ?
- თეონა, ნუ მისვამ უაზრო შეკითხვებს... ძალიან კარგად იცი, რატომაც...
- არა, ჯაბა, არაფერი ვიცი! შენ არ გინდა, რომ ვიცოდე! წავიდეთ... გვიანია უკვე.
- რატო? ადრეა ჯერ!...
- არა, აღარ არის ადრე... ბანკეტზე აღარ წავალ და სახლში მისვლა – დამაგვიანდება... მე მივდივარ. მოდიხარ? – თეონა საბაგიროსკენ წავიდა.

ჯაბამ შეხედა მიმავალ თეონას და სწრაფი ნაბიჯებით დაეწია.
უტყვად ჩასხდნენ კაბინაში.
ღია ფანჯრიდან შემოჭრილი გრილი ჰაერი თეონას თმას უწეწავდა. შესცივდა... ან დაძაბულობისაგან ააკანკალა.
ჯაბას ხმა არ ამოუღია, ისე მოხვია ხელი და მკერდზე მიიხუტა.
გათბა თეონა... სული გაუთბა, აღარ კანკალებდა.
“ნეტა ეს გზა არასოდეს დასრულდებოდეს...” – ფიქრობდა ჯაბას მკლავქვეშ შეყუჟული თეონა, - “ან დენი გამოირთვებოდეს უცებ... დილამდე ვიდგებოდი ასე, ჯაბას მკერდს მიხუტებული! მაგრამ, მე ვინ მომცა ამის ბედი?”
“ოხ, თეონა, თეონა...” - ფიქრობდა ჯაბა და მაგრად იკრავდა გულში თავის საუნჯეს და... თავის გაუმხელელ სიყვარულს, - “ნეტა ეს გზა არასოდეს დასრულდებოდეს... ან დენი გამოირთვებოდეს უცებ... დილამდე ვიდგებოდი ასე, შენთან ჩახუტებული! მაგრამ, მე ვინ მომცა ამის ბედი?”

მაგრამ არც დენი გამოირთო და ეს გზაც მალე დასრულდა.
- ცოტა კიდევ გავიაროთ ფეხით? – იკითხა ჯაბამ, როცა რუსთაველზე გამოვიდნენ.
- რა აზრი აქვს?
- მიბრაზდები?
- არ მიყვარს, როცა ეჭვიანობენ. რა გაქვს საეჭვიანო?
- თეონა, ჰაერზეც კი ვეჭვიანობ, რომელიც ჩემი ნებართვის გარეშე გეხება...
- წვიმაზეც? თოვლზეც? – გაეცინა თეონას.
- ხო, ალბათ... მაგათზე არ მიფიქრია... – გაეცინა ჯაბასაც.
- ჯაბა, მხოლოდ ეჭვიანობ? სხვას არაფერს მეტყვი?
- ორი დღეც მოითმინე, თეონა... მხოლოდ ორი დღე!
- და რა მოხდება ამ ორ დღეში?
- ეს სიურპრიზია!...


სულ ამაოდ ცდილობდა თეონა, - სხვა ვერაფერი დააცდენინა ჯაბას.

მეორე დღეს გოგასთან დარეკა თეონამ.
სახლში არ დახვდა, - “ბინა დაგვიცალა და რაიონში დაბრუნდაო”, - უპასუხა დიასახლისმა.
თავადაც ვერ გააცნობიერა, როდის წამოუვიდა ცრემლები.
“არც კი დამემშვიდობა, ისე წავიდა... რატო, გოგა? ეს არის ძმობა და მეგობრობა?”

იგრძნო თეონამ, როგორ გაუწყდა მის გულში მრავალსიმიან არფას ერთ-ერთი ცენტრალური სიმი...


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები