ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
20 მაისი, 2009


დე...

ჯერ ახალია...
ხარ უჩვევი ამგვარ სიშორეს
და დაბრუნებაც
სულ იოლი საქმე გგონია.
ჯერ არ იცი, რომ
სამშობლოსკენ გზები ცივსა და
მიუკარებელ, ქათქათა ფიფქს დაუთოვია.

ჯერ კიდევ ახლოს მეგულები, ჩემში დაცოცავს
ხელების სითბო,
წასვლისას რომ უხვად მარგუნე.
ჯერ ვერ გატეხა სული ასე დიდმა მანძილმა,
მოგონებებად
ჯერ მაინც ვერ დაისადგურე.

კვლავ მოგინატრო?
აღარ ვიცი, ამ გზას დავადგე,
თუ გულგრილობის მქრქალი გრიმი მოვიშველიო
(საქართველოში,
იცი, მოგონებებს ანთებენ
ნუგეშად,-
იქნებ, მცირე სითბო მაინც ერიოს)...

არა,
შენ აქ ხარ...
ვერ გიგუე უცხო ადგილას,
შენი აქ ყოფნის ტრადიციას, რა ვქნა,ვერ მოვშლი...
შენი სისხლი და შენი ხორცი აგერ დავდივარ,
დე...
ჩვენს სევდიან და მოწყენილ საქართველოში...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს