ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2008


თავი 18. უცნაური აღსარება ("მაგდა")


სწრაფად გაირბინეს დღეებმა...
გავიდა თვეებიც...
აქამდე თუ მაგდა ყოველნაირად ცდილობდა მუცლის დაფარვას, თანდათან ეს უკვე შეუძლებელი გახდა, - სწრაფად იზრდებოდა მისი მომავალი პირმშო.

მომავალ ბავშვთან ერთად იზრდებოდა მაგდას გარშემო ჭორებიც: "დამდგარ წყალში ეშმაკები ბუდობენო," - ერთმა მეზობელმა მაგდას გასაგონადაც კი ჩაიქირქილა. ზოგი თუ სიბრალულით შეჰყურებდა მომავალ დედას, ზოგი მის დანახვაზე ტუჩს იბზუებდა, ზოგმა კი – გამარჯობის ღირსადაც აღარ ჩათვალა:
"ქალი რომ უქმროდ ბავშვის გაჩენაზე დათანხმდება, მისგან კარგს რას უნდა მოელოდეს ადამიანიო"...
"ექიმების მეტი რა არის, მაგრამ ეს მაინც აჩენს. ალბათ უნდა, ბავშვით შეაცოდოს თავი და ძალად აეკიდოსო"...
"თვითონ ხომ სულელი ყოფილა, მაგრამ არც მის მშობლებს ქონია ჭკუა, თორემ ან
თვითონ ამ ქალბატონს არ შემოვუშვებდი სახლში და ან იმ ვაჟბატონს ამოვალპობდი ციხეშიო"...
ვინ მოსთვლის, კიდევ რა არ იყო მაგდას მისამართით თქმული!

ყველაფერს ითმენდა მაგდა! ითმენდა მოკლული გულისა და ცრემლებში გათენებული გრძელი ღამეების ფასად... ითმენდა, რადგან გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ მის სიმართლეს, დღეს თუ არა ხვალ, ირწმუნებდა ხალხი! ხალხი... ეს ბრმა ბრბო, რომელსაც ნებით თუ უნებლიედ ადამიანი ანგარიშს უწევს მთელი სიცოცხლის მანძილზე!

თითქმის ყოველდღე აკითხავდა ნოდარი მაგდას, მაგრამ იგი ზედაც არ უყურებდა თავისი მომავალი შვილის მამას. მაგდასთვის ნოდარი არ არსებობდა! უფრო ზუსტად კი, - არსებობდა, როგორც მისი დამღუპველი, მისი დამცირების მიზეზი, პიროვნება, რომლის გამოც ამდენს ითმენდა მაგდა!

და მაინც, ნოდარი ერთი დღეც არ ტოვებდა მაგდას ყურადღების გარეშე.
მაგდამ არ იცოდა, რომ ქალთა კონსულტაციაში, სადაც იგი აღრიცხვაზე იმყოფებოდა, მისი მკურნალი ექიმი - ნოდარის და იყო. რატომღაც არ გაუმახვილებია მაგდას ყურადღება ნანა ექიმის გვარზე, თორემ იქნებ ფირნიშს "ექიმი ნ. ერისთავი" - რამე მიენიშნებინა მაგდასთვის. და მაგდას ძალიან მოსწონდა თავისი ნანა ექიმი.

ნანა სულ ერთი წლით იყო ნოდარზე უმცროსი. არაჩვეულებრივი და-ძმობა ჰქონდათ. ბავშვობიდან არაფერი ჰქონდათ ერთმანეთთან დამალული.

ნინოსთან საუბრის შემდეგ ნოდარი პირდაპირ ნანასთან წავიდა და ყველაფერი უამბო.
ნანა ჯერ საშინლად გაუწყრა ნოდარს, მაგრამ შემდეგ, რადგან მომხდარს ვერაფრით გამოასწორებდა და იცოდა რა თავისი ძმის ხასიათიც, ყოველნაირად აღუქვა დახმარება.
ბედად, ნანა იმ რაიონის პოლიკლინიკაში მუშაობდა, სადაც მაგდა ცხოვრობდა და აღრიცხვაზე ასული მაგდა უშუალოდ ნანას ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდა.

ნანას საოცრად მოეწონა მაგდა. პირველად თუ მხოლოდ ძმის სიყვარულით უნდოდა დახმარებოდა ნოდარს, ახლა მთელი გულით თანაუგრძნობდა მას და ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მისი ძმისშვილი ნორმალური და ჯანმრთელი დაბადებულიყო.

* * *

რვა მარტის დილას მაგდამ უზარმაზარი თაიგული მიიღო, - უცნობმა ბავშვმა მოუტანა. ბავშვმა არ იცოდა, ვინ იყო ის ბიძია, რომელმაც ყვავილები გამოატანა, მაგრამ იცოდა, რომ "ის ძალიან კარგი ბიძია იყო, რადგან მას დათუნია კამფეტები აჩუქა". მეტი მაგდამ ვერაფერი შეიტყო ბავშვისგან, თუმცა კი მიხვდა, რომ ამ ყვავილების გამომგზავნი მხოლოდ ნოდარი იქნებოდა.

დილიდანვე კარგ გუნებაზე გაეღვიძა მაგდას, რაც ძალზე იშვიათი გახდა ამ ბოლო დროს, ამიტომ სიამოვნებით მიიღო ყვავილები. ის კი არა და, თავადაც დააჯილდოვა პატარა "ფოსტალიონი".

12 საათი სრულდებოდა, როდესაც ნათიასთან დარეკა:
- ნათი, მოდი, რა, ჩვენთან? ერთად აღვნიშნოთ 8 მარტი!
- მაგდა, იცი რა, შენ გამოდი ჩვენთან. სახლში მე და ლია ვართ მხოლოდ. ლიაკო ფეხმძიმედ არის და დილიდანვე ვერ იყო კარგად. ხომ არ გეწყინა, ეს რომ გითხარი? არ გეწყინოს, მაგდა, მე მართლა ვერ გამოვალ.
- არ გრცხვენია, ნათი? რა არის აქ საწყენი?!... კარგი, ვნახოთ, შეიძლება მართლაც მოვიდე.
- გელოდებით, მაგდა...

ცოტა ხანს კიდევ იწრიალა მაგდამ სახლში, შემდეგ ლაბადა მოიცვა და ნათიასთან წავიდა.

იმ წელს ადრე მოვიდა გაზაფხული. თბილი მზე ანათებდა, თუმცა, დრო და დრო, მაინც იგრძნობოდა ზამთრის სუსხი. ნუშის ხეებს დასახეთქად დაებერათ კვირტები. 2-3 დღე და... ნუშის პირველი ყვავილებიც გაიშლებოდა!

ნათიას სახლამდე სამი გაჩერებით ადრე მაგდამ იების გამყიდველს მოჰკრა თვალი და ავტობუსიდან ჩავიდა.
ყვავილები იყიდა. ნამდვილი იის თუ გაზაფხულის სურნელი ჰქონდა ყვავილებს!

ნათიას სახლამდე ფეხით არჩია გავლა, სიამოვნებდა გაზაფხულის სუსხნარევი სითბო. მიდიოდა და ცდილობდა, არაფერზე ეფიქრა, გარდა იმისა, რომ მალე, სულ მალე, რაღაც ერთ თვეში დედა უნდა გამხდარიყო!

უცებ ვიღაცამ "მაგდაო" - დაუძახა.
მოიხედა და მზია დაინახა, მისი სკოლის ამხანაგი. გიას კლასში სწავლობდა, ვიდრე გია მათთან გადმოვიდოდა.
მზია ბავშვობაში კიბიდან გადმოვარდნილა, ხერხემალი დაუზიანებია და ამის შედეგად კუზი განუვითარდა. დაწყებით კლასებში ეს ისე შესამჩნევი არ იყო, როგორც მერე და მერე...  დიდი, წყლიანი თვალები ჰქონდა მზიას, თითქოს სულ ცრემლებით სავსე. იქნებ ყოველთვის ტიროდა კიდეც იმ ტვირთის გამო, რომელსაც ბავშვობიდან ზურგით ატარებდა?...

"სხვისი ჭირი, ღობის ჩხირიო", - ნათქვამია და ყველაზე მეტად ეს მზიაზე ვრცელდებოდა. მისი თანაკლასელები ხშირად დასცინოდნენ მზიას ამ ნაკლის გამო და არავინ ცდილობდა ამ დროს მზიას გულში ჩახედვას, მისი სულის, მისი დამსხვრეული გულის დანახვას.

ერთადერთი ქომაგი ჰყავდა მზიას, - გია! გიას ებრალებოდა იგი და მისი თანდასწრებით ვერავინ ბედავდა მზიას დაცინვას. მეათე კლასიდან გია მაგდას კლასში გადავიდა, თუმცა მზიას ქომაგობაზე ხელი არ აუღია. ამის გამო მზია ერთგულ ფინიასავით ელაქუცებოდა გიას, თვალებში შეჰყურებდა, მისი სურვილების უსიტყვო გამომცნობი და შემსრულებელი იყო. ხშირად შეუნიშნავთ თანაკლასელებს, თუ როგორ აუკიაფდებოდა მზიას თვალები, თუკი გია მას რამეს, თუნდაც სულ უმნიშვნელოს სთხოვდა. გიამ ხაზვის გაკვეთილზე ფანქარი აჩუქა და მზია ამ ფანქარს რელიქვიასავით ინახავდა!

ერთხელ, როგორღაც, გიამ მაგდასთან თქვა: "მზიას ასეთი ერთგულება პირდაპირ მომაბეზრებელია... ვერაფერი გამიკეთებია, სულ უკან დამდევს, სულ თვალებში მიყურებსო..."
გია რომ საავადმყოფოში იწვა, პალატაში გადაყვანის პირველსავე დღეს მოვიდა მზია, პალატის კუთხეში დადგა და უხმოდ, უსიტყვოდ შესცქეროდა. მერეც ხშირად მოდიოდა, როცა გიამ ლაპარაკი შესძლო... თუმცა ბევრს არც მაშინ ამბობდა რამეს. ჩუმად შეჰყურებდა-ხოლმე დოლბანდებში გახვეულ გიას, მაგდას კი – ყურადრებას არ აქცევდა.

- მზია! - გადაეხვია მაგდა სკოლის ამხანაგს, შემდეგ კი ნელ-ნელა გაუყვნენ გზას. ხან ახალი თქვეს, ხან ძველი გაიხსენეს...
- გაიგე ახალი ამბავი?
- რა ამბავი, მზია?
- დათომ ხომ მაიკო ითხოვა ცოლად... იცოდი?
- ჰო, ვიცოდი... ქორწილშიც ვიყავი.
- მეჯვარედ, ალბათ, არ წაყევი, არა?
- არა, მეჯვარედ არ წავსულვარ... ხომ იცი, გია წასული რომ არის, არ მინდოდა ნეფე-პატარძლის მაგიდასთან ჯდომა. გინდა ეს შენ თუ არა, ნეფე-პატარძლის შემდეგ შენ ექცევი საერთო ყურადღების ცენტრში. მე კი საამისო გული არ მქონდა...
- ჰო, რა თქმა უნდა! რა გულით უნდა მჯდარიყავი ნეფე-პატარძლის გვერდით?! მითუმეტეს, თუ ნეფე – დათო იყო, პატარძალი კი – მაიკო?!

მაგდას ამ სიტყვებისთვის დიდად არ მიუქცევია ყურადრება... სხვაგან იყო ახლა ის ფიქრებით.
- და ისიც იცი, რომ მაიკოს, თურმე, ვიღაც ჰყოლია? - გააგრძელა საუბარი მზიამ.
- როგორ თუ "ჰყოლია"?
- ისე!... საყვარელი ჰყოლია იმ შენს მაიკოს!...
- რას ამბობ, მზია, გაგიჟდი?
- ჰო, რა არ იცოდი?... ჰოდა, იმ შენს დათოს სულ პანღურით გაუბუნძულებია თავისი "მეუღლე"!... აბააა? - ნიშნის მოგებით ამბობდა მზია.
- ღმერთო, რა საშინელებაა?! - მთელი გულით შეწუხდა მაგდა.
- არაფერია, უარესებიც ხდება!... სხვა? შენსკენ რა ამბებია? რა არის ახალი?
- ჩემსკენ? არაფერი..

ცოტა ხანს ჩუმად იარეს.
უეცრად ცივმა ქარმა წამოუბერა.
მაგდამ ცას ახედა, - ჩუმად მოიპარებოდნენ საავდრო ღრუბლები.
- ისევ მოთოვს... საწყალი კვირტები!...
- არა, მაგდა, არ მოთოვს.. იწვიმებს! დღეს წვიმაა გამოცხადებული.
- მოთოვს თუ იწვიმებს, ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია, დროზე მივიდეთ სახლში.
- სახლში მიდიხარ? შენ, რა, ახლა აქეთ ცხოვრობ?
- არა, მზია, აქ ამხანაგთან მივდივარ... შენ, რა, არ იცი, მე სად ვცხოვრობ?... მოდი, ცოტა სწრაფად წავიდეთ, - მაგდამ ფეხს აუჩქარა.

მზია ფეხდაფეხ მიჰყვა.
- მაგდა, გიას წერილები თუ მოგდის? – ისე, სხვათაშორის იკითხა მზიამ.
- არა, მზია, აღარ მომდის… კარგა ხანია აღარაფერი მოუწერია, თითქმის 6 თვეა...
შეიძლება – მეტიც...
- შენ? შენ თუ მისწერე... რამე? თქვენ ხომ, როგორც მე ვიცი, ერთმანეთი გიყვარდათ?!
რა მოხდა? რა "შავმა კატამ" გაირბინა თქვენს შორის?!... თუ აღარ გიყვარს?! ამას ვერ დავიჯერებ...

მაგდამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ გვერდით გაიხედა: არ უნდოდა, თავისი ცრემლიანი თვალები დაენახებინა მზიასთვის.

უეცრად მზია შეჩერდა.
- სტირი, ქალბატონო? - ირონიული და სიმწარენარევი ხმით იკითხა მან, - იტირე!... იტირე ისე, როგორც მე ვტირი-ხოლმე!... ახლა ჩვენ ორივეს ერთი ნაკლი გვაქვს: მე - გამობერილი ზურგი და შენ - გამობერილი მუცელი!.....ჰა-ჰა-ჰაჰაა!... გიას კი არაფერი უყვარს გამობერილი! ამიტომაც აღარ გწერს არაფერს!... რატომ დადუმდი?!... რატომ არ მისწერე გიას, "უშენობით დავიღალე და სხვასთან გავერთეო"?!... თუ ეს ასე არ იყო?!...
- მზია! – მაგდა გაოცებული უყურებდა ერთიანად აკანკალებულ მზიას.
- რა, "მზია"!... ჰო, მე მივწერე გიას ყველაფერი! მე შევატყობინე შენი გაბედნიერების ამბავი!
მზიას თვალები გაფართოებოდა, ტუჩები ჩალურჯებოდა...
- კი, მაგრამ… ეს ხომ ტყუილია? – ამოიკვნესა მაგდამ.
- ტყუილი? არა, ქალბატონო! არ არის ტყუილი! თუ არა და, ჩამოვა გია და იმას დაუმტკიცე ჩემი სიცრუე შენი უმანკოებით!... "ტყუილი"!... იქნებ ის ბავშვიც ტყუილი იყოს, მოგონილი, რომელსაც ახლა მუცლით ატარებ?! - და მაგდას მოეჩვენა, რომ ამ წუთას მზია ვამპირს ჰგავდა, რომელსაც მისი, მაგდას ცხელი სისხლი სწყუროდა!


ცამ უცებ შეიკრა პირი. მალე გაზაფხულის პირველი წვიმის პირველი წვეთი ჩამოვარდა. პირველს მეორე მოჰყვა, მესამე, მეოთხე... შემდეგ ისევ წამოუბერა ქარმა და წვიმაც წამოვიდა.

მაგდამ უკან დაიხია, შემდეგ სწრაფად მობრუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ მზია სახელოში სწვდა და შეაჩერა.
- არა, ჯერ ვერ წახვალ! ჯერ ყველაფერი ბოლომდე მომისმინე! - ქარმა მზიას თმა აუწეწა, წვიმის წვეთები სახეში სცემდა, მაგრამ მზია აღარაფერს აქცევდა ყურადღებას, ბოროტად უელავდა თვალები, - მე მიყვარს გია!... მიყვარს დიდი ხანია! მიყვარს თავდავიწყებით, მაგრამ მას არ ვუყვარვარ...… არ ვუყვარვარ, რადგან კუზი მაქვს!... ჰო, არავის არ უყვარს მახინჯი!... მაგრამ... მახინჯებსაც გვაქვს გრძნობა, ჩვენც შეგვიძლია სიყვარული და სიძულვილი!... და მე შენ მძულხარ, რადგან შენ უყვარხარ გიას!... თუმცა არა! კი არ უყვარხარ, უყვარდი! ჰო, მხოლოდ უყვარდი!... და ეს ბედნიერი დრო წარსულს ჩაბარდა! მე ჩემსას მივაღწიე! მე "მეტოქე" აღარ მყავს!... და დაე მე ნუ ვეყვარები გიას, მაგრამ მას არც შენ აღარ უყვარხარ!... აღარ უყვარხარ! - მზია სწრაფად შებრუნდა და საპირისპირო მიმართულებით გაიქცა.

გაფითრებული მაგდა კი იმავე ადგილას დარჩა. …გონებაში ერთადერთი ფიქრი უტრიალებდა ახლა: "სადმე უნდა შევეფარო, ჩემი გაცივება არ შეიძლებაო", მაგრამ ფეხის გადასადგმელად ძალა არ ეყო.

წვიმა კი მოდიოდა...

თავით ფეხამდე სველი მაგდა ჯერ შეტორტმანდა, შემდეგ ნელ-ნელა თვალთ დაუბნელდა და ჩაიკეცა.

ვიღაცის ძლიერმა ხელებმა აიტაცეს მაგდა...
თვალი რომ გაახილა, მის გარშემო მოტრიალე თეთრხალათიანი ექიმები დაინახა.
- სად ვარ?
- საავადმყოფოში, - უპასუხა მის გვერდით მჯდომმა ექთანმა გოგონამ.
- აქ საიდან გავჩნდი?
- ვიღაც მამაკაცმა მოგიყვანათ აქ, ხელში აყვანილი.
- ვინ "მამაკაცმა"? - იკითხა შეშფოთებულმა მაგდამ.
- ნუ ნერვიულობთ... არ ვიცით ვინ იყო! ის და მისი მეუღლე თქვენს მახლობლად ყოფილან, როცა ქუჩაში გული წაგივიდათ.მან და მისმა მეუღლემ მოგიყვანეს აქ, თვითონ კი – წავიდნენ. ჩვენ შეგვეშინდა, ნაადრევი მშობიარობა არ დაგწყებოდათ, მაგრამ... ყველაფერი კარგად დამთავრდა. სად ცხოვრობთ, სად მიგიყვანოთ?
- გმადლობთ, ჩემით წავალ...- მაგრამ ექთანმა შეაჩერა.
- არა, არა, მარტოს ვერ გაგიშვებენ... ან ჩვენ წაგიყვანთ, ან არა და, მეუღლეს შევატყობინებთ. ის მოვა და წაგიყვანთ.
- მაშინ, იქნებ თქვენ წამიყვანოთ... რადგან... - ცრემლჩამდგარი თვალები მიანათა მაგდამ, მაგრამ ექთნის გაოცებულ გამოხედვას რომ წააწყდა, უცებ დაამატა, -  რადგან მეუღლე… მოსკოვშია წასული და კარგა ხანს ვერ ჩამოვა!

ერთიანად სველი მაგდა შინ სასწრაფო დახმარების მანქანით რომ მიიყვანეს, ნინოს ძალიან შეეშინდა.
- რა მოხდა? – ფერდაკარგული კითხულობდა.
- ნუ, გეშინია, დედა, კარგად ვარ!...

ექთანი გოგონა და სანიტარი წავიდნენ,
მაგდამ სველი ტანსაცმელი გაიხადა, საწოლში ჩაწვა.
ნინომ დაინახა, თუ როგორ მოსწყდა მარგალიტის ცრემლები მაგდას გრძელ წამწამებს.
- რა მოხდა, მაგდა?
- არაფერი, დედა! მე კიდევ ერთხელ მითხრეს მწარე სიმართლე, - მშვიდი ხმით ამბობდა მაგდა და თან ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს