ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
22 მაისი, 2009


სიზმრის ქვეყანა (თავი მესამე)




თავი მესამე


გათენდა, ბავშვებმა ჩქარ-ჩქარა ჩაიცვეს და ეზოში ჩავიდნენ. დევი მაგიდასთან ფუსფუსებდა და თან ღიღინებდა: “დარია თუ ავდარია”.
- დილა მშვიდობისა დევო, ერთი თხოვნა გვაქვს შენთან.
- რა თხოვნა?
- ოქროს ხეს არ გვაჩვენებ?
- რომელ ოქროს ხეს? - სახე შეეცვალა დევს - ვინ გითხრათ?
- ალმასების ბურთულები რომ ასხია. უბრალოდ ვნახავთ.
- არ გაჩვენებთ, ის ხე ჩემია.
- გვაჩვენე რა დევო, შენ ხომ კეთილი ხარ, - სთხოვა ინაინამ და დევს თავზე ხელი გადაუსვა.
- შენ ხომ ბაყბაყდევი ხარ - არ ჩამორჩა აკა.
- ბაყბაყდევი რომ ვარ და თანაც კეთილი, იმიტომაც არ გაჩვენებთ. ჩემთან იცით რატომ არავინ აღარ მოდის? ვინც ოქროს ხეს შეხედავს, იმ წამს გაქვავდება, ჩემს გარდა. რომ შეიხედოთ იმ ოთახში, სადაც ხე მაქვს დარგული, გაგიკვირდებათ იმდენი ქანდაკებაა იქ. ასე რომ ოქროს ხეზე ფიქრსაც კი თავი დაანებეთ. ეტყობა იმ ბებრებმა დაგარიგეს ჭკუა ხომ? იმათ ის ვერ გაურკვევიათ, ვინ ბაბუაა და ვინ შვილიშვილი. დამიჯერეთ, მე არასოდეს არავინ მომიტყუებია. ვინც არ დამიჯერა, კი დგას ეგერ ოქროს ხესთან გაქვავებული, უკვე რამდენი ასეული წელია. - ბავშვებმა მოიწყინეს.
- მოდით ახლა ისაუზმეთ და გზას დაადექით, მე გასწავლით როგორ უნდა განაგრძოთ სიზმრის ქვეყნისაკენ მიმავალი გზა. ჰა, ჩქარა კაკაო გაცივდა, ფუნთუშები გელოდებათ. - და-ძმა მაგიდას მიუჯდა. ცოტა ხანში ორივე გახალისდა და გემრიელად შეუდგნენ ჭამას.
- დევო, ვინ გასწავლა ასეთი ფუნთუშების გამოცხობა? ზუსტად ასეთი გვაჭამა ბაბუმ და ბებომ.
- სამწუხაროდ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. საიდუმლოს გაგანდობთ. ჩვენ სიზმრის ქვეყნის დაცვა გვაქვს დავალებული, რათა იქამდე არვინ მივიდეს. ვინც მიდის აქვე უნდა შევაჩეროთ, იმიტომაც მყავს ამდენი გაქვავებული ადამიანი. მიკვირს რომ მოხუცებმა ჩემამდე ასე თავისუფლად გამოგიშვეს. მობილურიც კი უჩუქებიათ. ბებო ალბათ ვარდისფერ ოთახსაც დაგპირდა არა?
- ჰო დამპირდა, არ შემისრულებს? - გულდაწყვეტით იკითხა ინაინამ.
- შენ ბებოს დახმარება აღარ დაგჭირდება, თუ სიზმრის ქვეყანამდე მიაღწევ, შენი ყველა სურვილი თავისთავად ასრულდება. მაგათ ჩემი ხელით უნდათ თქვენი ჩამოშორება? არ გამოუვათ. მეყოფა რაც ჩავიდინე. ასობით ადამიანი გაქვავებული მყავს. იცით როდის გაცოცხლდებიან ისინი?
- როდის?
- როდესაც სიზმრის ქვეყანაში ვინმე შეაღწევს და სიზმრის დედოფალს ეამბორება. გაიგეთ ჩემო ბატონებო? მაშინ გალღვება დედოფლის გული და ბოროტება სამუდამოდ დამარცხდება. ეს მისია თქვენ დაგეკისრათ. ასე რომ ინაინა, შენ არა მარტო სიზმრის ფერია უნდა მოძებნო, არამედ ამ ხალხს სიცოცხლე დაუბრუნო. თქვენ ეს შეგიძლიათ, ამიტომაც ამოგირჩიეს სიზმრის ფერიამ და ლილიამ. ლილია სიზმრის ქვეყნის მაცხოვრებელია. დროებით გამოგზავნეს თქვენს მოსაძებნად. აკი მოგძებნათ კიდეც, წამოგზარდათ და ასე ვთქვათ, საქმეზე გამოგიშვათ.
- მე კი მეგონა, ლილიას მართლა ვუყვარდით.
- სწორედ გეგონა. მართლა ძალიან უყვარხართ. სიზმრის ფერიას გამოუცხადა: “ბავშვებს თუ რამე დაუშავდებათ, თავს არც მე ვიცოცხლებო”.
- მართლა ასე უთხრა?
- მე ხომ გითხარი არასოდეს ვტყუი მეთქი. ახლა მისმინეთ. ჩემგან რომ გახვალთ, მდინარისაკენ არავითარ შემთხვევაში აღარ მიიხედოთ. გალავანს შემოუარეთ და ტრიალ მინდორს დაადექით. ბალახში ფრთხილად იარეთ, გველები იცის. - ინაინამ შეჰკივლა. - ჰა, ჰა, ჰა, შეგაშინე? არავითარი გველები აქ არ არის და საერთოდ, მხოლოდ კეთილი არსებები ბინადრობენ. მინდორს რომ გაივლით, დაინახავთ ბეწვის ხიდს. ხიდის ქვეშ ძალიან სწრაფი და აქოჩრებული მდინარე მიედინება, ასე რომ ფრთხილად გადადით. მაგრამ სანამ ხიდზე ფეხს შედგამთ, ერთი დაბრკოლება უნდა გადალახოთ. ხიდს იცავს სამ თავიანი გველეშაპი, სახელად დრაგუნა. ძალიან ღორმუცელა და ჯიუტია. მოკლედ, ცუდად არის აღზრდილი. რასაც მოგთხოვთ მიეცით, ოღონდ მხოლოდ ერთი ცალი.
- რა უნდა მივცეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვაჩნია? - იკითხა გოგონამ
- მე საგზალს გაგატანთ და იქიდან მისცემთ რამეს - თვალები დახარა დევმა. ბავშვებმა შეატყვეს, რომ დევი რაღაცას მალავდა, სათქმელს ბოლომდე არ ამბობდა და ცოტა არ იყოს შეშინდნენ.
- საშიშია?
- ვინა, დრაგუნა? არა, თუ არ გააბრაზე არაა საშიში. თქვენ ისე უნდა მოიქცეთ როგორც გველეშაპი გეტყვით. მაგრამ თუ გითხრათ, კიდევ მომეცი, კიდევო, ზურგი შეაქციეთ და ბეწვის ხიდს დაადექით. მეორე მხარეს გადასვლის შემდეგ როგორ უნდა მოიქცეთ, იმედია დრაგუნა გაგარკვევთ. - დევი უცებ დაფაცურდა - აბა ახლა წადით. ჩემი დარიგება არ დაგავიწყდეთ. მობილური დატენეთ? თუ რამე გაგიჭირდათ დამიკავშირდით.
- ეგებ მაინც გვაჩვენო ოქროს ხე, ცალი თვალით შევხედავთ - სთხოვა ინაინამ და კიდევ მოეფერა დევს.
- არა მეთქი და მორჩა ამაზე ლაპარაკი. წადით, წადით. - დევმა საგზლით სავსე კალათა გაუწოდა, ბავშვები გარეთ გამოისტუმრა და ჭიშკარი ცხვირწინ მიუჯახუნა.
- ეჰ, არ გამოგვივიდა. ალბათ სიზმრის ქვეყნმდე ვერც მივაღწევთ - ამოიოხრა ინაინამ.
- ესეიგი ეს ნიშნავს, ნიშნავს, რას ნიშნავს? - ენა დაება აკაროსს.
- ვნახოთ, ეგებ გველეშაპი მართლა საჭმელს დასჯერდეს და ბეწვის ხიდზე გაგვატაროს. დანარჩენი მერე ვნახოთ. - ანუგეშა დამ.
ბავშვებმა გალავანს შემოუარეს და ტრიალ მინდორს დაადგნენ. მინდორი კარგა დიდი აღმოჩნდა. შუაში ხე იდგა. სწორედ ეს ხე იძლეოდა ჩრდილს და მათ ცოტა ხნით დასვენება გადაწყვიტეს. ხის ქვეშ დასხდნენ, კალათა გახსნეს და დევის საგზლის ამოლაგება დაიწყეს. ინაინას ხელს ხავერდის ტომსიკი ამოჰყვა.
- ეს რა არის? - იკითხა ბიჭმა - ინაინამ მხრები აიჩეჩა და ტომსიკი გახსნა, საიდანაც ალმასის ხუთი ბურთულა გადმოგორდა და მზის სხივებზე, საოცრად აკიაფდა.
- აკაროს ნახე, დევს ბურთულები გამოუტანებია. მართლა რა კეთილი ყოფილა, ჩვენ კი წესიერად არც დავემშვიდობეთ.
ბიჭი აღტაცებული სახით დასცქეროდა ალმასებს. - აი მესმის ბაყბაყდევი, ეგეთი ხომ ვერც ერთ ზღაპარში ვერ შეგხვდება. უკანა გზაზე აუცილებლად ვინახულოთ და მადლობაც მოვახსენოთ.
- ჩქარა ჭამე და წავიდეთ, ახლა სიზმრის ქვეყნისაკენ გზა ხსნილი გვაქვს. ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
- ინაინა, იცი რატომ არ გვაჩვენა დევმა ოქროს ხე? ჩვენც რომ არ გავქვავებულიყავით. აი მესმის ბაყბაყდევი. ასე დევს კი არა, უკეთილშობილეს რაინდსაც კი გაუჭირდებოდა მოქცევა. მაგას ჩვენ ხომ არ უნდა გავეშვით. ასე ჰქონდა დავალებული, მაგრამ მის გულში სიკეთემ იმძლავრა და ბოროტება სამუდამოდ დაამარცხა. - არ ჩერდებოდა აკაროსი.
- ჰო სწორი ხარ ძამიკო, მაგრამ ბოროტება ქვეყანაში მაინც არსებობს და სწორედ ჩვენ უნდა შევებრძოლოთ მას.
- როგორ?
- სიკეთით, აკაროს სიკეთით. - ახლა წავიდეთ, თორემ მალე დაღამდება.
ბავშვებმა გზა განაგრძეს და მალე ბეწვის ხიდიც გამოჩნდა. მათ თვალწინ უცნაური სურათი გადაიშალა. ხიდის თავში ჰამაკი ეკიდა, რომელშიც სამთავიანი გველეშაპი წამოწოლილიყო და სამივე პირიდან, რიგრიგობით უშვებდა ცეცხლის რგოლებს. თანაც ცდილობდა რგოლი რგოლში გაეტარებინა. რასაც ვერ აკეთებდა და საკუთარ თავებს ლანძღავდა.
- შე უტვინო, მეორე თავს შეხედე და დაუმიზნე. ფუი შენ, მაინც არ გამოვიდა. - ასე ერთობოდა გველეშაპი, როდესაც ბავშვები მიუახლოვდნენ.
გამარჯობა გველეშაპო, ხომ არ გაგაღვიძეთ?
შენი ცეცხლის მადლმა, ხიდზე გადაგვიშვებ?
ეს დევს არ უსწავლებია, მაგრამ ბავშვები მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში ლექსებიც უყვართ და ტკბილი საუბარიც. გველეშაპი წამოიწია.
- თქვენ აქამდე ვინ მოგიშვათ?
- ბაყბაყდევმა.
- ჰმ, ბაყბაყდევმა, გამოგატანათ ჩემთან რამე? ხომ იცით რომ მშიერი ვარ, ორი საუკუნეა არ მისადილია, თქვენ კი ძალიან მადის აღმძვრელად გამოიყურებით.
ინაინამ ჩანთა გახსნა, ერთი ცალი ალმასის ბურთულა ამოიღო და გველეშაპს გაუწოდა. გველეშაპს გაკვირვებისაგან ცეცხლის ფრქვევაც კი შეუწყდა.
- დათმო? დევმა ალმასები დათმო? რანაირად, რა უქენით?
- არაფერიც არ ვუქენით, უბრალოდ ტკბილად ვესაუბრეთ.
- და მოვეფერეთ - დაამატა ინაინამ.
- მოეფერეთ? დევს? - გველეშაპს თვალები კინაღამ გადმოუცვივდა. - მეც მომეფერებით?
- რასაკვირველია, - უპასუხეს ბავშვებმა - შენ რითი ხარ დევზე ნაკლები?
გველეშაპმა ალმასი ჯიბეში ჩაიდო. “ამას მერე გადავყლაპავო” ჩაილაპარაკა, დაიხარა და ინაინას ლოყა მიუშვირა. ინაინამ ექვსივე ლოყა დაუკოცნა და ძმასაც მუჯლუგუნი გაჰკრა. გველეშაპი ჭარხალივით გაწითლდა, - არა, მაგის კოცნა არ მინდა. ეგ ბიჭია და ბიჭი ბიჭს არ უნდა კოცნიდეს. მეც ხომ ბიჭი ვარ. - გაიჭიმა გველეშაპი. - ახლა დაადექით ხიდს, არც უკან მოიხედოთ და რაც მთავარია ქვემოთ არ ჩაიხედოთ. ხიდის ბოლოში ლომკაცი დაგხვდებათ. ლექსი თქვენ თვითონ მოიფიქრეთ, მე მეზარება. ერთი ბურთულა უსახსოვრეთ. მოფერება არ დაგავიწყდეთ. აბა, ჰე წადით ახლა, თორემ ისევ მადა გამეღვიძა. - გველეშაპი ჰამაკში ჩაწვა და ცეცხლის ფქრვევის მაგივრად, თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა.
ბავშვებმა ხიდი მშვიდობიანად გადაიარეს. ხიდის ბოლოს კაცი იდგა. ის იყო ლექსის თქმა დააპირეს, რომ კაცმა საშინელი ხმით დაიღრიალა და მობრუნდა. ამის შემხედვარე და-ძმამ შიშისაგან ხმა ვეარ ამოიღეს. კაცს ადამიანის ტანზე ლომის თავი ედგა და საზარლად ღრიალებდა.








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები