ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2009


მომლოდინე პირიმზე

მომლოდინე  პირიმზე


დავალ  სვენებ-სვენებით...
ვეღარც  ავჩქარდები...
და  თუმც  ვეჭვობ  ამ  გულს  აწ  რამ  ეშველოს...
მაინც  -  ჩემი  მამულის
შეკვეცილი  გზები
ვინძლო  ასე  უფრო  გრძლად  მომეჩვენოს!..

ჟამო  სიჭაბუკისა!..  -  რარიგ  მენანები!.. -
დღეთა  ჩემთა  აწ  ნაზვრევო  მეჩხერო!.. 
დაშაშრულო  დრო-ჟამის  შმაგი  ქარიშხლებით,
გვედრი,  ერთხელ  სიზმრად  მაინც  მეჩვენო!

ჩასაქრობად  ჩაბჟუტულს
რწმენის  ნათელს  მივსტირი... –
რად  ყოველი 
გულჭრელობს  და  ფერჭრელობს?!.
ოცნებასაც  -  გაფრენილს
შურდულნასროლ  ჩიტივით -
ვევედრები  -  შორით  მაინც  მეჩვენოს!..

შეგვიწყალე  ცოდვილნი
და  მწედ  გვეყავ  ამ  ურვის,
დედავ,  ყოვლადუწმინდესო  შენ  ჩვენო!..
მიწა  შენი  წილხვედრი  -  ცოტა  დედულ-მამული!.. –
ნუთუ  არ  გსურს,  კვლავ  მთლიანი  გეჩვენოს?!.

სიცოცხლით  რა  ვუშველე  -  თუმც  ვიმტვრიე  ძვლებიც!.. –
დე,  სიკვდილით  ჩემით  -  რამე  ეშველოს!!!
ნაჭერ-ნაჭერ  გაყიდულს  -  წერას  შინამტრების !..  –
მე  -  ურგები!..  -  რა  პირითღა  ვეჩვენო?!.

ბარბაც-ბარბაც  მიმოვალ  -
შემორჩენილ  მიწაზე...
სისხლში  ცრემლი...  ცრემლში  შხამი  მერევა...
სულ  რომ  ძმადგავიფიცოთ  -  ამ  ჯავრისლოდს  ვინც  აწევს!.. –
ფიცვერცხლნაჭამთ  რა  ჭირი  მონვერევა?!!

ცხადშიცა  და  სიზმარშიც  -
ცრემლსა  ვღვრი  თუ  ზედაშეს,
როცა  შესანდობარი
ხელში  ჯამი  კანკალებს!.. –
კვლავ  ის  მკლავს  და  ის  მტკივა,
რაც  გამტანჯავს  ზეცაშიც -
მიწყივ  წყევლად  რაც  სდევს  ჩემს  მწირ  ნაკვალევს!..

ძილდაკარგულ  თვალებით
წარსულს  გავცქერ  ცრემლიდან
თუ  მომავალს  -  დაკარგულზე  გოდებას!..  –
ამ  აწეწილ  აწმყოშიც  ვიღაც  დამდევს  ცელით  და
ეს  სნეული  გულიც  მწარედ  ღონდება!..

რა  გითხრა  და  რას  მეტყვი
გულის  გასახარისად?!.
იქნებ  ძილისპირული  ზღაპრით  მაინც  გამართო?!.
ნუთუ,  ერთურთს  თუნდ  ერთხელ
ვეღარ  გავახალისებთ?..  –
სადაცაა,  გულს  ქვა-ღორღიც  დამათოვს!..

მანამდის  კი  კვლავ  ბოლთას 
ვცემ  -  თავ-ბოლომოკვეცილ
გზებზე...
თუმც  რაღა  გზებზე!..  –
სისხლხორცშემხმარ  ბილიკზე...
შორით  კი  ვჭვრეტ    -  ჯვრითშემკულ
ბორცვაკს  -  მთვარით  მოვერცხლილს...
და  ჯვრის  ფრთებქვეშ
შეყუჟულს  -
მომლოდინე 
პირიმზეს!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები