ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2009


* * * (ვედრება მესამედ)

წიგნიდან  ,, გულის  გალავანი ''


ფარდას  გასწევდეს  მთვარე  ვიდრემდის
და  გავყვებოდე  გზას  მონუსხული...
დამძლევდეს  ვიდრე  და  ჩამითრევდეს
გრავიტაცია  ლურჯი  უფსკრულის...

ვიდრე  ჭრილობებს  მივსებს  მარილით
და  არ  მაძინებს  ღამე  ლუსკუმი...
და  ეწამება  მაცხოვარივით
რწმენაც  -  ეჭვების  ჯვარს  მილურსმნული...

მომაკითხავდეს  ძველი  მევალე
ვიდრე  -  სისხლგამშრალს  და  ფიქრგათოშილს
და  უწარსულოდ  და  უმომავლოდ
გავქრები  ვიდრე  ჩემს  მწირ  აწმყოშიც...

-  მოდი  და  მითხარ,  რომ  ჩემს  მოლოდინს
არ  დალევია  ჯერაც  სახმილი
და  რომ  ამაოდ  გზათა  ბოლომდის
გზას  არ  გავცქერდი  მზერადაღლილი...

რომ  მზე  ჩვენს  ცაზეც  ისევ  აიწევს,
ისევ  დათბება,  ისევ  დავთბებით...
რომ  ჩვენ  შევხვდებით  ჩვენს  წილ  აისებს
და  ენთებიან  ჩვენი  ატმებიც...

მითხარ...  მეც  იქნებ  გულში  გავივლო,
რომ  მზე  ცისკრისა  მეც  მესალმება!..
იცოცხლონ  იქნებ  და  იყვავილონ
ჩემმა  საბრალო  იასამნებმაც!..

აანაპერწკლე  მუნჯი  ზარები,
რომ  დაიხანძროს  ღამეც  ლუსკუმი
და  ც ა დ    ა მ ა ღ ლ დ ე ს    მ ა ც ხ ო ვ ა რ ი ვ ი თ
რწმენაც  -  ეჭვების  ჯვარს  მილურსმნული!!!

                                                1976    ქ.შ.

გილოცავთ  ამაღლების  დიდ  დღესასწაულს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები