ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2009


დაბრუნება

სამსახურიდან გვიან წამოვიდა...
დაღლილს რიონის სანაპიროზე ხეივნის ჩრდილჩვეშ ფეხით გავლა მოენატრა... გზას გაუყვა... სიმღერა მოესმა... გზად მიმავალი ერთი მაწანწალა ისე სევდიანად მღეროდა, სიმღერამ ჩააფიქრა...
  ფიქრებმა გაიტაცეს... დიდებული რამაა სიმღერა... მუზები ხომ იქ გაჩნდნენ, სადაც მომღერალი ხალხი ცხოვრობდა.
თრაკია, პიერია, ოლიმპოს აღმოსავლეთით გაშლილი მწვანეთი... მერე თრაკიელები ბეოტიაში, ჰელიკონის ჭალებში გადასახლდნენ. ბეოტიის მაღალ მთებში და ზღაპრულ პარნასში დაიდეს ბინა, ეს იყო მათი საყვარელი სამყოფელი, სიმღერისა და სილამაზის სამყარო.
ეს ყველაფერი შორს დარჩა.. ადამიანთა ფანტაზიის უსაზღვროებამ მოიტანა და მანვე შთანთქა, მაგრამ იქმნებოდა ფლორენციის ფრანსუა-ვაზა, ბერლინის წითელფიგურებიანი ჰიდრია, კრატერი,  ჰერკულანუმის ფრესკა.. სიმონ ვუეს დეკორატიული ტილო ,,აპოლონი და მუზები”, შუქ-ჩრდილის არნახული კონტრასტი, ნახევრადშიშველი ცხრა მუზის კეთილშობილი სახე, დინამიკა, ფერთა სიმკვრივე...
დღეს კი... კომპიუტერებში შთანთქმულ სამყაროს ცხრა მუზა დასტირის, როგორც საუკუნეთა წიაღში მიძინებულ აქილევსს...
დრო არ ჩერდება... წარსულის კატაკომბებიდან არაფერი დარჩა... მხოლოდ ის გვახსოვს, რომ იქ, მიწისქვეშა აკლდამების კედლის ნიშებში, მიწისქვეშა ტალანებში ერთგვარად იმარხებოდნენ ეპიკოპოსნიც და მდაბიონიც... კატაკომბები ყველაფერს ათანაბრებდა...
ფიქრობდა და გზას მიუყვებოდა...რომიდან მშობლიური ქალაქის ხეივნებში დაეშვა...
ფაზისს გაზაფხული უხდებოდა...
ლორთქო სიმწვანემ გული აუჩუყა, სისხლი აუჩქეფა და წუთით დროის დაბრუნება ინატრა... მოენატრა დრო, როცა სხვაგვარად ხვდებოდა გაზაფხულს, ძვირფასი არასოდეს არაფერი ეცვა, მაგრამ კოხტა და ლამაზი ჩანდა, ბედნიერი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მცირედით კმაყოფილის თვალებში მუდამ გაზაფხული იდგა...
მარმარილოსავით ირეკლავდა მზის სხივებს მისი თეთრი სხეულის მორცხვი მიდამოები, ჩითით ვერდაფარული და თვალშისაცემი ნაკვთები. გაზაფხულივით სავსე მკერდით და მგრძნობიარე გულით ახლა ტკივილით სავსე სიცარიელე დაჰქონდა...
-ეკლესიაში უნდა შევიდე - გაიფიქრა და ნაბიჯებს მოუხშირა... თვალებზე მზეანარეკლი სათვალე გაისწორა და რიონს გახედა...
-ეტყობა ეს სათვალე არ არის უკვე ჩემი მხედველობის შესაფერი... რამდენი წელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია არ გამივლია... ეტყობა მეტი მინუსი მჭირდება, ალბათ დაავადება პროგრესირებს... ფერებსაც მკვეთრად ვერ  აღვიქვამ... თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი... ფიქრობდა და თვალებზე ცრემლი მოადგა... მერე გაახსენდა - ,,სულში წვება ხეივნების იდილია, შემაგებეს ფიქრიანი ზედაშე”... ლექსის გახსენებით განწყობა შეეცვალა...
ეკლესიამდეც მოსულა თურმე...
სანთელ-საკმევლის სუნი ტრიალებდა ირგვლივ... აღსარებისთვის მზად არ იყო, ლოცვები კარგა ხანია არ წაეკითხა... არადა როგორ უნდოდა აღსარება ეთქვა მისი მოძღვარისთვის... ერიდებოდა... ამასწინათ შენიშვნა მისცა თამბაქოზე, თუ ის უფალზე მეტად გიყვარს, რად მოდიხარ ეკლესიაში?
ახლა მორცხვად იდგა ღვთისმშობლის ხატთან და მის ერთადერთ ქალიშვილს ავედრებდა...
სანთელები დაანთო....
გადაწყვიტა-მორჩა, არ მოვწევ! გადაწყვეტილება მტკიცე არ გამოდგა...
სახარებიდან ჭეშმარიტი ვაზისა და ლერწების იგავი მოაგონდა.
,,მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს  და ყოველ ნაყოფიერს კი განწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ ჩემში დარჩით, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში  არ დარჩებით. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი და დაჭკნება, მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვებიან...”
სიჩუმე რამდენიმე მომლოცველმა დაარღვია... ხატთა იდუმალება შუქივით შემოდიოდა სულში, სხეული თითქოს აღარც კი ჰქონდა, დიდხანს იდგა...
უნაყოფო ლერწი, ვაზისგან მოკვეთილი... თესვისას გზისპირას დავარდნილი მარცვალი, კლდოვანზე დავარდნილი, ეკლებში ჩავარდნილი...
ღმერთო, რა საშინელებაა! - გაიფიქრა და გზას გაუყვა....
ხელჩანთამ დაამძიმა, ხელჩანთა თითქმის ცარიელი იყო... კაბამაც დაამძიმა... თხელი ჩითი ნაზად ირხეოდა ქარში... თმებმა დაამძიმა, ქარი თავის ნებაზე წეწავდა ჭაღარაშეპარულს....
ჩამოჯდა, ქალაქის პარკში ერთი სკამი განსაკუთრებით მოსწონდა, მარტო იდგა, მისთვის, ირიბად, ნიკოლაძის კოშკს უყურებდა... და არც უყურებდა... შეამჩნევდით და ვერც შეამჩნევდით... ჩამქრალ შადრევანთან ჩიტები იკენკებოდნენ...
კოშკის კედელზე  აღმოცენებული ხვიარა ნახევრადგამხმარი ეკიდა... სკამზე პატარა ვარდის რტო იდო, იმდენად პატარა იყო ყვავილი, ეკლებს მოეშთო, ხელში აიღო, მოეფერა, ისევ სკამზე დადო, მერე გაიხედ-გამოიხედა, არავინ ჩანდა...
თეთრი ხელებით მიწა მიწა ამოიღო, პატარა ორმო გააკეთა და ვარდის რტო ღრმად ჩაფლა... მერე ისევ ჩამოჯდა და დიდხანს უყურა...
- მართლაც რა კანონზომიერია ბუნება! რა დიდია ძალა, უფლისა! - გაიფიქრა და სახლისკენ გზას გაუყვა...
ოთახში რამდენიმე ნაფაზი უცებ მორკალა... კომპიუტერს მიუჯდა და მაუსის რამდენიმე მოძრაობით სამყაროს ცივილიზაციას ერთობ დაებატონა...
მერე ,,პეპლების” თამაშით დაღლილმა ნახა ერთი სიცოცხლე დარჩენოდა... გადაინახა...
გალაკტიონის ,,ოფელია” მოენატრა, კომპიუტერს მოშორდა და ლექსის კითხვა დაიწყო....
რომელიღაც არხზე  რომელიღაც თანამედროვე პოეტი გაჰყვიროდა - ,,გული ძგერს, გული, გული ძგერს, გული, გული, გული ძგერს, გული, გული... გულიიიი...”
ლექტრონული პოეზიის სამყაროში ცხრავე მუზა სტრიპტიზს ცეკვავდა, არა ნახევრად, სულმთლად შიშველი.....წარსულის კატაკომბებიდან გაცოცხლებული და აკლდამათა კედლის ნიშებიდან  გამოქცეული... ეროტიკული და სექსუალური...
მოსვენება დაეკარგა... ეს რაღაც ახალია, დროს არ უნდა ჩამორჩე, რატომ გიკვირს! - საკუთარი თავი გაკიცხა... მართალია, მაგრამ ხომ არსებობს დასაფასებელი და მისაბაძი წარსულის ღირსებები, ტრადიციული, მამა-პაპური... ქართული... რომელთა დავიწყება არ შეიძლება, იქებ ჩვენი თაობა მტკივნეულად აღვიქმამთ ახალს, გაბედულს... იქნებ ასეა...
  არა, ჰორაციუსის ოქროს ზომიერება ყველაფერშია საჭირო და აუცილებელი, - ისევ შეეკამათა საკუთარ თავს.. სარკესთან მიიჭრა , როგორც კონტრარგუმენტებით აღჭურვილ ოპონენტს, დამაჯერებლად და აუღელვებლად დაუწყო საუბარი:
-მე ვარსებობ სივრცესა და დროში, როგორც რაობა... მადლობა, ღმერთო! და რადგანაც ამას ვამბობ, აზროვნებაც შემიძლია... ეს კი  არგუმენტი იმისა, რომ როგორც დიდი დეკარტი იტყოდა, - ,,ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ! როგორც ერთი უბრალო ,,ჰომო საპიენს”-ი.
ცხოვრება კი ნიღბების კომედიაა... ამ ნიღბების კომედიაში მეცა მაქვს ჩემი ერთი პატარა როლი, ცოტათი განსხვავებული სხვებისაგან, განსხვავებული იმითი, რომ ჩემს ყველა მოქმედებას დაბალ ხმაზე შესრულებული პოეზიის მუსიკა დაჰყვება თან, როგორც მოკრძალებული და  ნაზი პიანო... ეს არის ის, რითაც საკუთარი თავი არ მეშლება სხვებში და სხვებიც სხვებისგან ამით მარჩევენ ხოლმე... თუმცა კი არ ვიცი, ვინ როგორ აფასებს ჩემს პიანოს.
ბედნიერიცა ვარ და უბედურიც... ბედნიერი იმით, რომ ამ სიჭრელეთა ავანსცენაზე თამაშით დაღლილი წუთიერად მაინც ვბრუნდები საკუთარ თავთან, შევათვალიერებ ჩემს ნამდვილ ჰაბიტუსს, ხსოვნას სულის თითებით გადავშლი და გამოვრბივარ ხმაურიან სივრცეში, რომ  ჩემი როლი არ დამავიწყდეს, არ გამეფანტოს სათქმელი ნიღბებთან, ან არ შემეშალოს, არ ამერიოს ერთმანეთში ვინც ნამდვილად ვარ და ვინც უნდა ვიყო ამ ნიღბების კომედიაში. უბედურება ისაა, რომ იქ უფრო ლაღი და თავისუფალი ვარ, სადაც ჩემი ლექსები ცოცხლობენ და ლიბერტას ღიმილი აქვს ეფემერული...
და თუ ცხოვრება მართლა ბრძოლაა, მეც ხომ მაქვს უფლება გადავრჩე, რომ გავიმარჯვო ამ ბრძოლაში, არა  სხვისი დამარცხების ფასად... ან კი იმარჯვებს აქ ვინმე?! - ესეც საკითხავია...
სული კი გამუდმებით ისწრაფვის სიძნელეებიდან ვარსკვლავებისაკენ..
მარტო სად წახვალ, ხელის შემშველებელი გჭირდება, სულის მეოხი... ის კი მხოლოდ ოცნებებში  დარჩა,  არც კი ყოფილა  აქ, ამ მიწაზე ყოველშემთხვევაში...
ერთხელ შორიდან ბუზისტოლად მოჩანდა, მოახლოების ლოდინში ქანდაკებად ვიქეც და რაც უფრო ცოტავდებოდა სივრცე ჩვენს შორის, ნელ-ნელა გამოიკვეთა სახება მისი, სანთელივით დავიღვენთე და ერთ მშვენიერ დღეს შანდალს აღარც ვაჩნდი... წვეთებად გავიბენი და მხოლოდ სანთელ-საკმევლის სუნი სუნი ტრიალებდა ცოდო-მადლით არეულ-დარეულ სივრცეში. გადავფურცლე ხსოვნა და სული მოვითქვი - მე ვარსებობ, აქა ვარ, მადლობა ღმერთს!
მერე ისევ დავბრუნდი ნიღბების კომედიაში, აქ სიყვარულსაც და სიძულვილსაც ერთნაირი ვნებით თამაშობენ, მეც ვთამაშობ...
,,სიყვარული მეტია, ვიდრე სიტყვა..” სადაც ფაქტები ღაღადებენ იქ სიტყვა არაფრისმთქმელია...
მქონდა კი ოდესმე სიტყვაზე მეტი?! - თუ მარტო სიტყვები ღაღადებდნენ..
ბევრი ვიფიქრე... ო, დიდო ძალავ, ძალავ ჭეშმარიტებისავ! რა უხეში ხარ და რა სამართლიანი...პირისპირ ცხადთან რამდენი შეცდომა იყო, შეცდომა მოტივში, შეცდომა ობიექტში, შეცდომა წარმოსახვაში, შეცდომა იმედებში და ბოლოსდაბოლოს... გრძნობები გვატყუებენ, ჭეშმარიტება მკაცრია...
ცხოვრება კვლავ გრძელდება... სისხლიან ავანსცენაზე კვლავ მიდი-მოდიან ჭრელი ნიღბები და გლადიატორები თითქოს ისევ  წარსულში მიმართავენ , - იცოცხლე, კეისარო! სასიკვდილოდ მიმავალნი სალამს გიძღვნიან!
ჩვენ კი ვამბობთ: - დიდო უფალო, იყოს ნება შენი, უკუნითი, უკუნისამდე!
მეც გლადიატორივით გამოვრბივარ ბრძოლის ველზე და ვიბრძვი... სისხლის უკანასკნელ წვეთამდე..
თქვენ ტაშს დაუკრავთ ჩემს დამარცხებას და სხვის გამარჯვებას, ან პირიქით.. ეს ხომ სანახაობაა, ნიღბების კომედია და მოგაგონდებით..
თქვენთან მოვლენ ჩემი ლექსები, სიყვარული კი შორს დარჩება ჩემგან, როგორც დაკარგული ნაპირი, ჩემგან გაუკვალავი... 
სიტყვაზე მეტი და ფასეული..
ან კი მქონდა ოდესმე სიტყვაზე მეტი? - აი, მარადიული კითხვა, რომელიც დაფიქრებად მართლაც ღირს,  წუთით მაინც..
დაფიქრებას აზროვნება სჭირდება და თუ აზროვნებ, ცოცხალი ხარ, ესე იგი არსებობ, და თუ არსებობ, იცხოვრე... და თუ ცხოვრება ბრძოლაა, შენც ერთი რიგითი ჯარისკაცი ხარ, რაც უნდა მაღალი ჩინის იყო, მაინც ჯარისკაცი ხარ... და თუ ნიღბების კომედიაში მონაწილეობ, კარგად ითამაშე, სიყალბის გარეშე, თამაშსაც ხომ მისი წესები აქვს...
ეს ტაში და აპლოდისმენტები დროებითია, გახსოვდეს და ყვავილები,  რომელიც ფეხქვეშ დაგიყარეს, ის ატრიბუტებია, რომლებსაც  ცოცხალებსაც და მკვდრებსაც ერთნაირად უძღვნიან,  ამან არ მოგატყუოს, კარგად დაფიქრდი, ცოცხალი ხარ?.. მე რომ მკითხო, დიდხანს დავფიქრდებოდი, იჩქარე, სანამ კიდევ ახვალ სცენაზე...შენც ხომ მხოლოდ სიტყვებით და მიმიკებით თამაშობ, გქონდა კი  დღემდე სიტყაზე მეტი? -გაოცებული უსმენდა მეორე ,,მე” სარკიდან...
    ოლომპოს აღმოსავლეთით გაშლილი მწვანეთი, ბეოტია და ჰელიკონის ჭალები მუზებმა მიატოვეს...
  ურანიასავით ვარსკვლავთმენცარის ცნობისმოყვარე თვალებით ცის გლობუსს მიაშტერდა...
  -მინდა ლერწი ვიყო, ვაზზე დარჩენილი, ისეთი, ჩემს მევენახეს რომ გაუხარდება, მერე ვაზის ყვავილობისას თქვენც ჩამოსხდებით სადმე ახლოს, სულის საამებლად და მე უბედნიერესი ლერწი ვიქნები, ჭკნობას და ცეცხლს გადარჩენილი...
    დაღამებულიყო....ფიქრებში ასიათასჯერ მოხაზული სურვილი რეალობად უნდა ექცია...
  დილით გზას მიუყვებოდა, არა ჩვეული მარშრუტით, მტკიცედ და გაბედულად... ეს გზა პირველი და უკანასკნელი უნდა ყოფილიყო მის ამმიწიერ ცხოვრებაში...
  სადღაც შორს ეკლესიის გუმბათი საოცრად ირეკლავდა მზის მწველ სხივებს...
გალაკტიონის ,,ოფელიას” კითხულობდა ვიღაც...
გზა ნაპოვნი იყო და უხაროდა, უფალსაც უხაროდა ,,უძღები შვილის” დაბრუნება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები