ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2009


  ჩამოტვირთვა

შენ

ამბობდი _
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ _
თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გაცვეთილი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ _
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...

*  *  *

არ დააბერო ეგ თვალები,
ნაოჭებს ვუფრთხი...
ღამეს გავექცეთ,
ვეყვარებით უფრო ალიონს.
შენი ნატვრები მომიზღვავდნენ
სიზმარში გუშინ,
მათი ახდენა
დაგეგმილი მაქვს სახვალიოდ.
არ დააბერო ეგ თვალები
ფუჭი მზერებით,
მინდა ცას მივწვდეთ,
ვარსკვლავები
მიბნიო თმაში.
ჩემი ლექსები გარდაქმნიან
დროს მობეზრებულს,
მაგ შენს ნაადრევ ნაოჭებს კი,
მე კოცნით დავშლი...



*  *  *

შენ
შემოდგომა თვალებით დაგაქვს...
მე კი,
მისივე ფერებით მთვრალი
როცა გიყურებ,
მგონია არ აქვს
ცხადსა და მირაჟს რაიმე ზღვარი.
შენ ვარსკვლავები გინთებენ თვალებს,
ცას როცა უმზერ -
მრავალხალიანს...
მე რომ ფრაზები ვზომე და ვთვალე,
ალბათ, გწყინს,
რატომ არ მითხარიო...
და მაინც მშვიდად,
როგორც ყოველთვის,
მიჰყვები ქუჩის სევდისფერ საფარს,
და ვით ამბორი დამშვიდობების,
შენ
შემოდგომა თვალებით დაგაქვს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები