ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2009


ვითარცა ჩრდილნი, გარდასულნი..

ვითარცა ჩრდილნი გარდასულნი, დღეები დარჩნენ
კატაკომბებში, დაღალული მზე ჩამოვიდა,
ურთხელი, ჩემი საკიდობნე ფიცრებად დავჭერ,
მშვიდობის ნიშნად მწვანე ფოთოლს მტრედი მომიტანს...

  მუხის ტოტებში გავიხლართე ფიქრის დალალით,
  სადაც მწყურვალთა სასოებას ძეწნა ტიროდა,
  სურვილი გახდა მთის გნოლივით დასამალავი,
  არცა რა დამრჩა, დარჩენილიც ცრემლად მდიოდა...

იქ ცეილონის ფარშევანგებს ვინ მანახებდა,
ჩამოიბერტყა ზეცამ შავი ღრუბლების კალთა,
დაუმარხავი მკვდარი იდო ძველ სამარხებთან,
და სივრცე გახრწნილ ცოდვასავით იწვა და ყარდა..

    მოხვედი... ღრუბელს დაეუფლა გრძნობა უმშვიდი,
    მზის სიჩახჩახით დატყვევებულ ნაზამთრალ ტატნობს,
    სულ ერთ ღამეში აყვავილდა სული ნუშივით,
    შენ კი ამ ნუშის კვერთხით ხელში იდექი მარტო...

იდექი მარტო...ვით  უმზეო თიბათვის დარი,
ვით შემორჩენილ იმედებთან ფიქრის მინდობა,
მტრედი მოფრინდა....დაღალული წვიმიან ქარით
და მწვანე ფოთლით დაეკიდა მკვდარი, კიდობანს.....










           











  X X X



და მე პირველ დღეს შევქმენი ფიქრი,
მეორე დღეს კი იმედი ხვალის,
მესამე დღეს რომ ოცნება იქმნა,
არ მომიხუჭავს ბედნიერს თვალი...
  მეოთხე დღეს კი მოვიდა ლექსი,
  სული და გული წამართვა ერთობ,
  და როგორც ჩემი ცხოვრების წესი-
  დამკვიდრდა ჩემთან, ო, შენით, ღმერთო!
პატარა ხარ თუ ცოტათი დიდი
თან გახლავს დარდი ტკივილაშლილი,
მეხუთე დღეს რომ სინანულს ვქმნიდი,
გულწრფელი ვიყავ, სუფთა-ბავშვივით.
  და მომენატრა არსება სანდო,
  ზოგჯერ საკუთარ თავისაც მიკვირს,
  მეექვსე დღეს რომ აღმოვჩნდი მარტო
  დავიწყე მე შენს შექმნაზე ფიქრი...
გამოგძერწე და შთაგბერე სული,
ჩემზე ლამაზად გაგაქანდაკე,
შენთან მოვყავდი სულყველა სურვილს
სინამდვილეს და ცისფერ არაკებს.
  შენც ვერ გაექეც ცოდვით დაცემას,
  როგორც მე მაშინ, დასაბამიდან,
  და ახლა ისევ გამოსაცდელად
  ედემის ბაღში გგზავნი თავიდან...
ვიცი რომ კვლავაც მოხდება ისე,
როგორაც მაშინ, როგორაც სხვა დროს,
ახლა ვარსკვლავთა სონატას ვისმენ
და ჩემს შექმნილზე ხელახლა ვდარდობ...







              სისულელე...


განთიადის სინატიფე ვისურნელე,
მიყვარს ჩემი შემოდგომა ოქროსფერი,
ყველაფერი დღემდე იყო სისულელე,
მეც და შენც და სანატრელი ოქტომბერიც...
  დღეს დარდები დანაპირებს მისრულებენ,
  თურმე ლექსიც სულ ამაოდ მიწერია,
  ყველაფერი დღემდე იყო სისულელე,
  სიხარულიც, დარდიცა და მისტერიაც...
მარტო ვარ და საკენკივით ვკენკავ იმედს,
და მოლოდინს მერამდენე ფიქრს ვუსველებ,
ცრემლი ლურჯი თვალებია, ყელზე ვიბნევ,
ათას თვალებს, როგორც ათას სისულელეს...
  მინდა ერთხელ გულიანად გავიცინო,
  ვის ვუქარვებ ნეტა ტკივილს, ვის ვუნელებ,
  მიყვარხარო მეუბნები და ვიცი, რომ
  უკვე ამბობ მერამდენე სისულელეს...
დრო გამირბის, დროს ვერაფრით ვერ ვაჩერებ
და მივსტირი სიშიშვლემდე მისულ ველებს,
მენატრები მეთქი გეტყვი და გაჯერებ,
მერამდენე სისულელის სისულელეს...
 



















                ვ ი გ ო ნ ე ბ...


ვიგონებ ღვინის კისკისა მარანს,
ჩაწკნელილ ღობეს, მოწყენილ მამას,
ჩაბწკენილ მკლავებს, გაბუტულ მზერას,
ფხალის ფოთოლით თავწაკრულ დედას,
ფაცხის შუაგულში დაკიდულ ლარჭას,
ბაბუის ხელით გამოხდილ ჭაჭას,
როდინში მკაცრად დანაყულ პიტნას,
მოსაფერებლად გაწოლილ ცინდალს,
მელნით დათხუპნულ პატარა თითებს,
მზეზე რიგ-რიგად  გაფენილ ჩითებს...
ჯოხის ცხენებს და ქაღალდის მტრედებს,
ძმების ეკლებით დაკაწრულ ტერფებს,
ბებიაჩემის მოსაწყენ წანწალს,
ლეღვის ტოტებზე დაკიდულ ბაწარს,
და იმ ბაწარზე გადებულ ფიცარს,
აღდგომის წითლად შეღებილ ,,ციცარს”...
ოცნების რაშით მოფრენილ სიზმარს,
რაშის ფაფარზე მოხვედრილ ისარს...
მერე უფაცხოდ დარჩენილ ლარჭას,
და მამაჩემის უღონო მაჯას...
შავი სუდარით თავწაკრულ დედას,
ძმების ტკივილით დანამულ სევდას,
გატყიურებულ ბილიკებს ბედით...
რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი...
თვალცრემლიანი წყალობას შეგთხოვ,
ეს ყველაფერი მაკმარე ღ მ ე რ თ ო!












                     
                          X X X

მწყურვალს წყალი ვერ გასვი,
მშიერს პური ვერ მოგეც,
მქონდა ტკივილი ასი,
მივშველებოდი რომელს.
მქონდა ცრემლი და ოხვრა,
ღიმილი ძალზე ცოტა,
მე დარდიც მქონდა ოხრად,
მისატევები ცოდვაც.
ჩემი ავდარიც, დარიც
ვზიდე გოლგოთას ერთმა,
ვერ გაპატიე რაიც,
არ მაპატია ღმერთმა...
დღეები დღეებს მისდევს,
წუხილს უბეში ვმალავ,
და ქვეყნად მაინც ისევ
შენი იმედით დავალ...



























                  მე შენ მიყვარხარ

მე შენ მიყვარხარ ისე საოცრად,
რომ შენთან ყოფნა არ მინდა ახლო,
შენ რომ გიპოვე, იმ დღეს დავლოცავ,
იმ ქუჩას ვეტრფი, სადაც შენ სახლობ.
  მე შენ მიყვარხარ, ისე სათუთად,
  რომ არ მსურს შენი ხელის შეხება,
  გადაიქცევა მზე ნაცარტუტად,
  უშენოდ მიწაც გამომეცლება.
მე შენ მიყვარხარ ისე უბრალოდ,
რომ ნაწილდება სული განცდებად,
შენ მაპატიე, დიდო უფალო,
კაცის ასეთი გაზეკაცება.
    მე შენ მიყვარხარ, ისე საშინლად,
    რომ საკუთარ თავს ვკარგავ დროდადრო,
    თმაშევერცხლილი დიდი ბავშვი ვარ,
    ზღაპარს ვიჯერებ, ქარის მონათხრობს.
მე შენ მიყვარხარ და ისიც ვიცი,
გზები ვერასდროს შეერთდებიან,
რომ გაჩენიდან, არსებობ სხვისთვის,
და ყველაფერი ასე ბედია.
    რომ უნდა გერქვას სხვა ქალის ქმარი,
    სული ღიმილით გაუზაფხულო,
    რომ შემოდგომის სისველით დაღლილს,
    წვიმის ლაბადა შემოახურო.
რომ ერთად ყოფნის უღელი ზიდოთ,
რომ გქონდეთ ერთი ცა და ხმელეთი,
მე ვიგერიებ, ჩემს დარდებს თვითონ,
გზას მივუყვები ახლა მე ერთი.
    შორიდან მინთებ თვალების კოცონს,
    რომ დაგინახე, იმ დღეს დავლოცავ,
    დღეს ჩემი ბედის სიქაჩლეც მომწონს,
    მე შენ მიყვარხარ ისე საოცრად!




                     
                      X X X

სულს ხუთავს უაზრო დღეების ზმორება,
რამდენჯერ იწყება, მთავრდება ცხოვრება,
რამდენჯერ იწყება, მთავრდება თამაში,
ბრძენკაცის ნიღაბში თუ გიჟის ხალათში...
რამდენჯერ ეშვება, იხსნება ფარდები,
რამდენჯერ იყრება ეკლები, ვარდები...
რამდენჯერ ტაშით და ,,ბრავოთი” ვისტუმრებთ,
ნაღდ კაცებს, კაცუნებს, ჩონჩხებს და ფიტულებს...
რამდენჯერ დავუდგით დასადგამს ძეგლები,
რამდენჯერ ვამტვრიეთ კვლავ ჩვენი ხელებით,
რამდენჯერ უღირსი ღირსეულს ვადარეთ,
რამდენჯერ ვადიდეთ და გულით ვატარეთ.
რამდენჯერ ღირსეულს მის წილ არ მივაგეთ,
რამდენჯერ მოვნათლეთ სიბნელე სინათლედ.
და ასე უაზრო წვითა და წვალებით,
ჩვენივე თავისგან ისე შორს წავედით...
დავეძებთ საკუთარ სახეს და ოცნებებს,
ნაღდი და მართალი ქვეყნად ვერ მოვძებნეთ.
ვთამაშობთ სიყვარულს, ვთამაშობთ სიცოცხლეს,
ო, ღმერთო სანამდე, ნეტავი ვიცოდეთ,
ო, ღმერთო სანამდე ამ დღეთა ზმორება,
ათასჯერ იწყება, მთავრდება ცხოვრება
სულს ისე მოსწყურდა სიმართლის დანახვა,
ალბათ ნაღდ სიკვდილზეც ვიქნებით თანახმა.















                          X X X

ყველა შეკითხვას საპასუხო გინდა მიუგო,
ვინ დაანათლა უბედობის ბედი ჰიუგოს...
ებრძვი ცხოვრებას ულაზათოს და უნაიროს,
რად ჰქონდა სევდის საფუძველი ნეტა ბაირონს...
საოცრებებით შემოსილო ჩემო მთა-ველო,
რა იქნებოდა საქართველო ურუსთაველოდ...
სატანის თასი მოძმის ხელით რად დაილია,
რა გაიფიქრა წიწამურთან ნეტა ილიამ...
ან რამ აქცია ცრემლად-წვიმა ,,ქარით სიონი”
მეფე ლირივით რად ატირდა გალაკტიონი...
პოეტთა სევდით რად გაჯერდა მთელი ხმელეთი,
რად გაიმეტა ბედისწერამ ასე...ტერენტი
ჩუმად ფიქრობ და თავო ჩემო, მიხვდი კაი დროს,
სევდის მიზეზი შენ კი არა, ჰქონდა ბაირონს...
ადარდიანე მაშინ ცრემლად ყველა სტრიქონი,
ალბათ რაღაც დროს შენს საწილო ღიმილს იპოვი...
მაშ გაუმარჯოს ცოდო-მადლით სავეს ცხოვრებას
და შენს საპოვნელ იმედისფერ ამაოებას!























          რადგან

რადგან შეხვედრის მერე ვშორდებით,
რადგან ღიმილის მერე ცრემლია,
რადგან წავალთ და არ ვმეორდებით...
ეს ჩვენივ ცოდვის განაჩენია...
რადგან ვპოულობთ და ისევ ვკარგავთ,
რადგან ამაო წვაა ყოველი...
დღე გუშინდელი დღევანდელს არ ჰგავს,
მხოლოდ წუთია, წუთისოფელი...
რადგან გავრბივართ უმისამართოდ,
ბევრი მიზეზის გვიჭირს მიგნება,
რადგან საკუთარ თავთან ვკამათობთ
და ვერ ვპოულობთ ჭეშმარიტებას...
რადგან არ ვიცით, ვიცხოვრეთ რისთვის,
მოვედით რისთვის, მივდივართ რატომ,
რუხ ჰორიზონტზე სიშორე ნისლის
გვირაბის ბოლოს მზის თვალებს                      ნატრობს...
სადაც ჩვენ უნდა ერთმანეთს შევხვდეთ,
ვცდილობთ ძველ დღეთა დამახსოვრებას,
ალბათ მიწაზე ცხოვრების შემდეგ,
არ შეურაცხვყოფთ ახალ ცხოვრებას.
შეჩერდი წუთო! – ბევრნი გეტყვიან,
მოგატარებენ მიწას ოცნებით,
ერთ მდინარეში ორჯერ შედიან,
მხოლოდ და მხოლოდ თურმე მგოსნები.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები