ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2009


ჩემს ოცდამეათე კალენდარზე მინაწერი

საფლავებივით
მიწყობილნო
ერთმანეთს
მიჯრით  -
წლებო  წასულნო  -
არ  ვიწვალებ  თავს  თქვენზე  იჭვით...
თქვენც  -  არც  ყვედრებით  გიმღვრევთ  დუმილს,
არც  განქიქებით...
და  მაინც  -
თქვენსკენ  მოილტვიან
ჩემი  ფიქრები...

კვლავ  -  მერამდენედ!..  –
ვზვერავ  თქვენსას
ფერფლისფერ  სიღრმეს...
კვლავ  ვაცქერდები
შიგ
ქვებივით
ჩაძირულ
ნიღბებს...
თვალითღა  ნაცნობთ,
გულისთვის  კი 
უცნობად  შთენილთ...
კვლავ  ვათარიღებ
განშორების  ტკივილებს  თქვენით...

დავიწყებისთვის  გაწირულებს
ვიხსენებ  წამებს...
,, ნაცნობ  ნიღბებთან ’’  ნათამაშებ
სცენებს  და  დრამებს...
და  გულს  ვაცრემლებ -
უსაშველომოთმენამისჯილს,
რომ  შიგ  ნამცეცის  ნატამალიც
არ  დარჩეს  ხინჯის...

მწეწავს  ბორია...
და  მთებსშორის  ჩაკარგულ  წერტილს  -
ჩემს  არსებობას  -
ჩალის  ფასიც  არ  შერჩა  თქვენთვის!...

მე  კი  მივდივარ  -
კვლავ  მეწევა  ჩემი  ქამანდი...
კვლავ  იმ  ბილიკით  - 
მივყვებოდი  რასაც  აქამდის...
თვალს  კვლავ  იმ  მლაშე  შხეფებს  უშენს
კვლავ  ის  პირქარი...
კვლავ  ძლივას  ბჟუტავს  ცაზეც
-  კვლავ  ის  მთვარე  -  მიმქრალი...

მივდივარ  - 
უკან  ცრემლიანი  ხსოვნით  მზირალი...
კვლავ  საცალფეხო  ციცაბოთი
ბედის  სპირალის...
-  გოჯითაც  უკან  მიბრუნების
ვერშემძლებელი  -
მივდივარ,  რაც  არ  დამკარგვია  -
იმის  მძებნელი...

დაკარგულის  კი  -  ვერმპოვნელი...
და  გაძარცვული
სარკოფაგივით
მწუხარეა
ჩემი  წარსული...

**********************************************************
                                        1980  წ.

სულთმოფენობას  გილოცავთ    დიდ-პატარას,  ურაკელნო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები