ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2009


თავი 29. არჩევანი ("გაცვლა")

ჯაბა სახლში ფეხაკრეფით შევიდა, რომ მძინარი დედა არ გაეღვიძებინა. მაგრამ დედას ყურით კი არა, გულით ესმის შვილის ფეხის ხმა... თუნდაც შორ მანძილზე მყოფი, კანით გრძნობს შვილის სუნთქვას... გუმანით გრძნობს, სწყინს თუ უხარია მის შვილს.

გამონაკლისს არც მაყვალა წარმოადგენდა და ჯაბა ოთახამდეც არ იყო მისული, რომ თვალი გაახილა.
- ჯაბა, მოხვედი დედა? – ჩუმად გასძახა.
- ჰო, მოვედი... დაიძინე, დედა, დაიძინე...
- რა დამაძინებს? გათენდა უკვე... – მაყვალამ ხალათი მოიცვა და ჯაბას ოთახში შევიდა, - რა ქენი?!..
- ვიქეიფე...
- მაგას არ გეკითხები... თეონას უთხარი რამე? რა გიპასუხა? თანახმაა?...
- დე, ყველა კითხვაზე ახლა უნდა გაგცე პასუხი?
- რა თქმა უნდა!...
- მეძინება, დეეე...
- მხოლოდ ეს მითხარი მაშინ: ბეჭედი კარგად მოუვიდა? – მაყვალამ გამომცდელად შეხედა ჯაბას.
- არა... – ჯაბამ თვალი აარიდა, - არა...
- პატარა ჰქონდა, ხო? აბა რა იქნებოდა? სათამაშოსავით პატარა ბეჭედი იყიდე! ხვალ მე...
- არა, დედა... არც მომიზომებია.
- ხუმრობ, ჯაბა...
- რა მეხუმრება, დედა? გთხოვ, ახლა ნუ მკითხავ ნურაფერს... ხვალ... არა, დღეს, რომ გავიღვიძებ, მერე გიამბობ ყველაფერს, - ჯაბამ სწრაფად გაიხადა და პირსახოცის ადიალის ქვეშ შეძვრა. შემდეგ ბალიში თავზე წაიფარა და ლოგინში ჩაემხო.
- კარგი... ეს დროც მალე მოვა! – მაყვალა კარისკენ წავიდა და გასვლამდე ერთხელ კიდევ მოხედა შვილს, - ჯაბას მხრები უთრთოდა...

ცრემლებმა საგუბარი გამოარღვიეს და ახლა ცრემლის ორი ნაკადული ასველებდა ჯაბას ბალიშს.

“რა უბედურება მჭირს ასეთი? რა მბორკავს? რა მაჩერებს? მიყვარხარ, თეონა! მიყვარხარ და... რამდენჯერაც ამ თემაზე ვიწყებ ფიქრს, იმდენჯერ მეყინება გული! ვიცი, რომ მოვკვდები უშენოდ და... თქმაც კი ვერ გამიბედავს ვერაფრის... აქამდე იმასაც ვერ ვხვდებოდი, რატომ მეშინოდა... ან რის?!... ეს რა მითხარი? “წავედი და დამაბრუნესო?!” სად წახვედი, თეეეე, ან ვინ დაგაბრუნა? საიდან? რატომ მეჩვენები ასე შორეულად და მიუწვდომლად, როცა შემიძლია გულში ჩაგიკრა და არსადაც არ გაგიშვა?! რა სისულელე გითხარი, ჩემი თავისთვისაც ვერ მიპატიებია! რამ გამახსენა ის ჟერარ დ’იუბუა? ის ვიღაც ჟერარი რომ გდომოდა, ხომ წახვიდოდი კიდეც მასთან? არ წახვედი! მე მითხარი, “მიყვარხარო” და მე? მე რა გიპასუხე? ვითომ ეჭვიანობის სცენა მოგიწყვე? არა, თეეე, შენზე კი არ ვეჭვიანობ, შენი დაკარგვის მეშინია!... სულელი ვარ, სულელი!... ხომ ვიცი, რომ ასე უფრო გკარგავ? არა, რააა!  არ დამეკარგო, თეეე... გთხოვ, გემუდარები, არ დამეკარგო! ოღონდ დამირეკე... რომ მივხვდე, რა ტუტუცი ვარ, რა იდიოტი ვარ!... მე რომ დავრეკო და ისე აღარ მიპასუხო, როგორც ადრე? მერე რა ვქნა?! დამირეკე, თეეე! დამირეკეეეეეეეეეეე”!... – და ჯაბას ისეთი ხმა აღმოხდა ყელიდან, ალბათ დაჭრილ ლომს თუ შეედრებოდა.
ბალიშის ყური ჩაიდო პირში, რომ ეს ხმა ჩაეხშო... მუშტები დაუშინა ბალიშს... 

ოდნავ დამშვიდდა... მერე დაღლილობამ თავისი გაიტანა და დაეძინა.

შუადღე გადასული იყო, თვალი რომ გაახილა.
დედის ხმა შემოესმა, მერე ზეიკოს ხმაც გაიგონა...
- არ გადამრიო, დედა! კიდევ არაფერი უთქვამს?
- არაო...
- დეე, იქნებ არც უყვარს და ძალას ჩვენ ვატანთ? აბა, სად - ჯაბა და სად - ასეთი გაუბედაობა?! ასე მგონია, სხვა პიროვნებაზე ვლაპარაკობთ-მეთქი...
- მეც ეს არ მიკვირს? არა და, რომ მოვიდა, ისეთი არეული იყო...
- არეული? მიზეზი არ უთქვამს?
- მერე დაწვა და... შევამჩნიე, ტიროდა.
- რას ამბობ, დედა?! გაგიჟდა? რა ატირებდა? ან ვინმეს თუ ახსოვს ჯაბას ტირილი?!
- აბა? მეც ეს არ მიკვირს? გახსოვს, სულ პატარა ჭინჭრებში რომ ჩავარდა? სამი წლის იყო მხოლოდ. ერთი ცრემლი არ გადმოუგდია, - კაცი ვარ და ვერ ვიტირებო...
- არა, რაღაც სჭირს ამ ბიჭს... ან თეონას სჭირს რაღაც ისეთი, მან რომ იცის და ჩვენ – არა! ვკითხო?
- არ გინდა... თავად გვეტყვის!

ჯაბამ შორტები ამოიცვა და სასადილო ოთახში გამოვიდა.
ორი წყვილი თვალი უტყვად მიაჩერდა. დედის თვალებში – ცრემლიც შენიშნა.
- მაპატიე, დეე, ბარემ ჯარიდანაც ჩამოვალ და მერე ვეტყვი... არ იყო იქ ამის სიტუაცია. თანაც, ბანკეტს – ნიშნობად ხომ ვერ ვაქცევდი? მერე, რომ დავბრუნდები ახალციხიდან, თეონა სახლში მოვიყვანოთ და აქ ვუთხრათ... ასე სჯობია.
- ხო, სადღაც მართალია ჯაბა... ბანკეტზე – ნიშნობას ხომ ვერ მოაწყობდა? კარგი, ძამიკო... შენ როგორც გინდა! მთავარია, არ გიჩხუბიათ.
- რა მაქვს თეონასთან საჩხუბარი? – ალალად გაუკვირდა ჯაბას, - გოგო დავნიშნო და მერე სამი თვით მივატოვო? ეს გინდათ?
- მართალია ჯაბა და მოკალი თუ გინდა!... კარგი, დედა, ყველაფერი კარგად იქნება! – უთხრა ზეიკომ და სახლში წავიდა.


* * *

სწრაფად გაირბინა რამდენიმე დღემ.
მოვიდა 2 ივლისიც, როცა ჯაბა და მისი კურსელები სამთვიან ჯარში ახალციხეში უნდა გამგზავრებულიყვნენ.

მატარებელი “თბილისი - ვალე” საღამოს 7 საათზე გადიოდა.
5 საათიდან დაიწყეს მოსვლა კურსდამთავრებულებმა, - სამხედრო კათედრიდან სწორედ მაგ დროისთვის დაიბარეს ისინი ბაქანზე.

ეს დღეები სულ ტყუილად ელოდა ჯაბა თეონას ზარს, - თეონას არ დაურეკავს. მაგრამ არც თავად დარეკა!
ბაქანზე მდგარი – უაზროდ გაჰყურებდა გზას, - იქნებ მოვიდესო.
თეონა არ ჩანდა. ან როგორ მოვიდოდა, როცა ჯაბას ზარს ელოდა ამდენი ხანი?
- გიგა, ორკაპიკიანი არ გაქვს? – მიუბრუნდა ჯაბა მეგობარს.
- არა, ჯაბა...
- არავის გაქვთ? – ბიჭებზე მოატარა თვალი და უცებ ზურგს უკან გაიგონა ვაჟას ხმა:
- აჰა, გამომართვი... თეონას ურეკავ, ხო?
- არა, სახლში ვრეკავ, რატომ მეკითხები?
- ჯაბა, კაცურად, თეონას ტელეფონის ნომერი მომე, რა? გულიც გამისკდება, ლადოზე რომ არაფერი ვკითხო.
- რა უნდა ჰკითხო?
- ვაახ, გაუგებრად ვამბობ რამეს? ბიჭო, იმ კაცმა მაგის გამო ვენები გადაიხსნა და კითხვითაც არაფერი ვკითხო? რას უწუნებს? ოქროსავით ბიჭია!
- ვაჟა, შენ რომ რაღაც გეშლება ახლა, ვერ ხვდები? – სისხლი მოაწვა ჯაბას სახეზე.
- რა მეშლება? თუ ძმა ხარ, არ მითხრა, “მე მიყვარსო”... შენ რომ გყვარებოდა, აქამდე ცხრაჯერ მოიყვანდი ცოლად!... შენი საქმე იცი, როგორ არის? “ავ ძაღლსო”... ხომ იცი ეს ანდაზა, არა?
- ვაჟა, უკანასკნელად გაფრთხილებ, მომშორდი! ჩემს მოქმედებაზე არ ვაგებ პასუხს!
- გადასარევია! შენ არაფერზე აგებ პასუხს!... აი, მე კი პასუხი უნდა ვაგებინო... ლადოს გამო უნდა ვაგებინო პასუხი!
- არ გაეკარო თეონას, შენი... – და ჯაბამ ვაჟას ხელი მოუქნია, თუმცა მან დარტყმა აიცდინა.
- რა ამბავია აქ? – მოესმა ჯაბას მკაცრი ხმა და მაშინვე დაინახა კიდეც მის წინ მდგარი მაიორი, - რას ჩხუბობთ? რა ვერ გაიყავით?
- ქალის გამოა ჩხუბი... – წამოაყრანტალა ვიღაცამ.
- მდააა... კარგი, ეს საქმე მოგვარებადია... – ჩაიცინა მაიორმა და იქვე გაჩერდა, რომ ჩხუბი ხელმეორედ არ წამოეწყოთ ბიჭებს.
- ამხანაგო მაიორო, შეიძლება გავიდე? უნდა დავრეკო... დედასთან.
- წადი, ჯაბა და დროზე დაბრუნდი... შენ კი – აქ იდექი, ჩემთან, - მიუბრუნდა მაიორი ვაჟას.

სირბილით მივიდა ჯაბა უახლოეს ტელეფონ-ავტომატამდე.
თეონას ნომერი აკრიფა და... საკუთარი გულის ბაგაბუგმა ტელეფონის ზუმერის ხმა გადაფარა.
ბებიამ აიღო ყურმილი.
- ნინო ბებია, ჯაბა ვარ... თეონას დაუძახეთ, რა?
- სახლში რომ არ არის?
- სად წავიდა? – ხმა გაეჩხირა ყელში...
- მეგობარმა სთხოვა, ტორტი გამაკეთებინეო... როდის მიდიხარ, ჯაბა?
- ახლა, ნახევარ საათში...
- უი, როგორ დაწყდება გული... ჯაბა, რატომ არ დაურეკე? იცი, როგორ ელოდა შენს ზარს?
- რა ვქნა, ბებია?! მასწავლე, რა გავაკეთო?! – განწირული ხმით ამოიკვნესა ჯაბამ.
- სადაც არის, იქ რომ დაურეკო? – და ნინო ბებიამ ტელეფონის ნომერი უკარნახა ჯაბას....

ჯაბა ჯიხურიდან გამოვარდა და ორკაპიკიანს დაუწყო ძებნა. რაც არ ჰქონდა, რას იპოვიდა?
- მეგობარო, ორკაპიკიანი არ გექნება? – გამვლელებს აჩერებდა ჯაბა. ერთმა გოგონამ მიაწოდა მხოლოდ... თანაც 2 ცალი ერთად!
- დიდი მადლობა, დაიკო, გაიხარე!...
ამასობაში 10 წუთიც გავიდა...
ხელი და გული ერთად უკანკალებდა, როცა რეკავდა.
“რომ არ დამელაპარაკოს?... მაპატია თეონამ? თუ ისევ ნაწყენია ჩემზე?”....

- მაპატიეთ, თეონა მინდოდა, თუ შეიძლება...
- თეონა? ახლავე... თეეე, შენ გეძახიან!
- ბებიაჩემია? – მოესმა ჯაბას თეონას ხმა.
- ნუუუ, თუ ნინა ბებოს უკვე ასეთი სიმპატიური ბიჭის ხმა გაუხდა?...
- ბიჭის? ვინ იცოდა, მე რომ აქ ვარ? ალლო.... – გაისმა ტელეფონში...
- მე ვარ, თეონა!.. – ჩასძახა ყურმილში ჯაბამ, - მე ვიცოდი, სადაც იყავი!...

უცებ რაღაცის ბრახუნის ხმა შემოესმა ჯაბას.
- რა მოხდა, თეეე? – გაიგო მეორე გოგონას ხმა.
- არაფერი, ქეეთ, ყურმილი გამივარდა ხელიდან.
- ცუდად ხარ? რა ფერი გადევს? ვინ რეკავს ასეთი?...
- არაფერია, კარგად ვარ!... ჯაბა, როგორ მომაგენი?
- მოვინდომე და მოგაგენი...
- ცოტა გვიან ხომ არ მოინდომე? – ცხელი ბურთი მოაწვა თეონას თვალებზე.
- ნუ მაშინებ, თეეე... რატოა გვიანი?
- არაფერია... ისე, გითხარი... სად იყავი ეს დღეები? არ გაგახსენდი მაინც?
- თეე, არ არის ამის დრო... სამი თვით მივდივარ...
- როდის?! – ამოიყვირა თეონამ.
- ახლა, მალე... 7-ზე...
- 10 წუთში, ჯაბა? – გული მოეწურა თეონას, ხმა ვეღარ ამოიღო...
- ხო, ალბათ...
- ნახვა მაინც არ გინდოდა ჩემი?... მაპატიე... ძალით ვერასოდეს შეგაყვარებ თავს!... კეთილი მგზავრობა!... – ხმა გაუწყდა თეონას, ყურმილი დაკიდა. მერე უცებ ეცა და ყურმილი გვერდზე გადადო... – აღარ დამირეკო, ჯაბა... გასკდება გული! აღარ დამირეკო!...
- თეე, ვინ იყო? – ჰკითხა ქეთიმ.
- ჯაბა...
- ვინ ჯაბა?
- ჯაბა... – თეონა კედელს მიეყუდა, მერე ამ კედელს ჩაჰყვა ზურგით, იატაკზე ჩაჯდა, სახე ხელებში დამალა და მწარედ აქვითინა.

ნაცემი ძაღლივით გრძნობდა თავს ჯაბა. ყმუილი უნდოდა სიმწრისგან. ფეხები დაუმძიმდა, ძლივს მივიდა ჩამომდგარ ვაგონთან.
- ვაგონებში! – გაისმა ბრძანება და ყველამ კიბეებს მიაშურა ვაგონში ასასვლელად.
- რა ქენი, ბიჭო, დაურეკე თეონას? – ხელზე ხელის მოკიდებით შეაჯანჯღარა გიგამ ჯაბა და მასაც ვაგონის კიბისკენ უბიძგა.
- ხო...
- მერე? რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?
- გვიან რეკავო და... ყურმილი დამიკიდა!...
- ეეეჰ, ჯაბააა, მაგის ადგილას მე დიდი ხნის წინ ვიზამდი მასე... წარმოგიდგენია, როგორ ყვარებიხარ?
- ვუყვარვარ? ვითომ?...
- შე ჩემა, ჭკუა სად დაკარგე ამხელა კაცმა? ახლა თუ უყვარხარ – არ ვიცი და ძალიან რომ უყვარდი – ფაქტია! ვერ შეიმშნოვე და... რა გიყო, ბიძია!
- ცეცხლზე ნავთს მასხამ, გიგა!
- ვაიიი, უფლება მქონდეს, ცეცხლს წაგიკიდებდი მაგ ჩერჩეტ თავზე! შენს საკუთარ ბედნიერებას ასე როგორ ჰკარი ხელი?!...
- რატომ არ ადიხართ ვაგონში? მატარებელი ერთ წუთში გადის, - მიუახლოვდათ მაიორი.

ბიჭები უხმოდ მიბრუნდნენ, კიბეზე ავიდნენ და მატარებელიც დაიძრა.

* * *

თეონას ზაფხულის არდადეგები დაეწყო.
როგორც ყოველთვის, ახლაც ჯერ ჟელეზნოვოდსკს მიაშურეს 25 დღით, იქიდან დაბრუნებულები კი – მამის მანქანით გაგრაში გაემგზავრნენ.

უყვარდა თეონას მამასთან ერთად მოგზაურობა, - არაფერზე ეუბნებოდა გიზო უარს...
გაგრაში ჩასვლამდე – ბიძამისთანაც შეივლიდნენ, ღამეს იქ გაათევდნენ და მეორე დილას გაუდგებოდნენ გზას. ხან – 2-3 დღითაც რჩებოდნენ-ხოლმე...
აბა, სარეისო ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობისას სად ექნებოდათ სოფელში გავლის სიამოვნება?! ახლაც ისე მიდიოდნენ, რომ სოფელში რამდენიმე დღით დარჩენას აპირებდნენ.

ბიძას და ბიცოლას ძალიან გაუხარდა მათი სტუმრობა.
უუუფ, როგორ უყვარდა თეონას ბიცოლამისის გაკეთებული ხაჭაპურები, ზევიდანაც ყველმოყრილები, წითლად დაბრაწულები,  რომ გაჭრიდი და მდორედ წამოვიდოდა იქიდან ცხელი ყველის სურნელი. და სქლადჩადებული ყველი ხომ – ხელის გაშლაზე იწელებოდა უწვრილეს ძაფებად...... ან პიტნაში გადაზელილი სულგუნი, მეგრელები გებჟალიას რომ ეძახიან... აჯიკაგამოსმული დაბრაწული ვარიკები...  ან თონეში ჩაკიდულად შემწვარი პატარა, პუნტულა გოჭი, ტკაცუნა კანით... უგემრიელესი ნადუღი, პიტნით შეზავებული... ან კამეჩის მაწონი, დანით რომ არის გასაჭრელი... ელარჯი, ანუ ბევრ ყველთან გადაზელილი ღომი... ნიგვზით გაძეძგილი ბაჟე, რომელიც ფერით და სურნელით გეხვეწება, “შემჭამე და არ ინანებო”... ბლომად მწვანილით შეზავებული ტყემალი, მკვდარს რომ გააცოცხლებს, ისეთი... ბუხარში, ნაკვერჩხალზე შემწვარი ჭყინტი სიმინდი, ტკაცა-ტკუცით რომ იწვის... რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

ბიძამისი დილა-სისხამზე დაკრეფდა-ხოლმე დათაფლულ ლეღვს და დიდი თეფშით უდგამდა თავთან გოგონებს... იცოდა, ლეღვი რომ ძალიან უყვარდა ორივეს და, ხიდან რომ არ ჩამოვარდნილიყვნენ, თავად უკრეფდა-ხოლმე.

ერთხელ ინატრა თეონამ – “ამ აივანზე დიდი საქანელა რომ დავდგათ, რა კარგი იქნებოდაო” და... მეორე დღეს, შუადღემდე მოაყენა ბიძამისმა დიდი მანქანა ეზოს:
“აგერაა საქანელა და მისი აწყობა თქვენთვის მომინდვიაო...”

ერთ დილას ბიცოლამ თეონა გააღვიძა და უთხრა:
- ზუგდიდში მივდივარ დაკრძალვაზე... მარტოს მეზარება წასვლა და ხომ არ წამოხვიდოდი?
- ია, მე და შენ მივდივართ მხოლოდ?
- ხო... ავტობუსით წავიდეთ და წამოვიდეთ...
- ახლავე... 10 წუთში მზად ვიქნები.
- ცხელი ხაჭაპური და რძე – მაგიდაზეა... დროზე, არ გაცივდეს.

ბიცოლა 10-11 წლით უფროსი იყო მხოლოდ და თეონა და ია უფრო მეგობრები იყვნენ, ვიდრე ბიცოლა-მაზლიშვილი.

ნახევარ საათში – ავტობუსშიც ისხდნენ და ზუგდიდისკენ მიემართებოდნენ.
- ახლა დაკრძალვაზე რაღაცას ისეთს ნახავ, არ გაგეცინოს, მეშინია...
- დაკრძალვაზე რა გამაცინებს?
- მე გაგაფრთხილე და...

ზუგდიდიც უკან მოიტოვეს.
- სად მივდივართ? – გაუკვირდა თეონას.
- სოფელში... აქვეა, ახლოს.

მალე სოფელშიც მივიდნენ.
ეზოში დიდი ორსართულიანი სახლი იდგა, თუმცა ხალხის ნაკადი იქვე, ეზოში გაშლილ სეფაში შედიოდა. სეფის შესასვლელთან ახლოს მდგარი მუსიკოსები რაღაც, არც თუ მთლად საპანაშვიდე მუსიკას უკრავდნენ.
- მიცვალებული სახლში არ ასვენია? – იკითხა თეონამ და იმ სახლს გახედა.
- კი, თუ ხალხს ბევრს არ ელოდებიან... და აქ იმდენი ხალხი მოვა სულ რაღაც ერთ საათში, რომ ტევა არ იქნება!
- უუფ, გული გამიხდა ცუდად... რა მოთქმით ტირის ის ბიჭი, “ვაი დედაო”...
- ბიჭი კი არა, დიდი კაცია!... ჩემზე გაცილებით დიდი...

ამასობაში სეფაშიც შევიდნენ.
თეონა თვალებს არ უჯერებდა: მიცვალებულს თავს ადგა 33-35 წლის ზანგი კაცი და... მეგრულად მოსთქვამდა. ეს მისი ხმა გამოდიოდა სეფიდან.
- ამ ქალმა გააჩინა ეს ზანგი? – გადაულაპარაკა თვალებგაფართოებულმა თეონამ იას.
- არა... ამ ქალის ქმარი გერმანიამდე ჩასულა ომის დროს და ეს ბავშვი იქ უპოვია. 1 თუ 2 წლისა ყოფილა, აქ რომ ჩამოუყვანია.
- რად უნდოდა ზანგის ბავშვი?!
- რა ვიცი, გოგო, მე? ფაქტია, ამ ქალმა მიიღო ეს ბავშვი და როგორც თავისებს ზრდიდა, ისე გაზარდა ესეც. აჰა, თუ არ გამოადგა! საკუთარ შვილებს – ცრემლი არ გადმოვარდნია თვალიდან და ეს ზანგი კაცი - რას მოსთქვამს, ვერ ხედავ?
-  გადავირიე!... იააა, გეხვეწები, ზუგდიდში გავიაროთ, რაა?
- ბაზარში გინდა შეხვიდე?
- ბაზარში კი არა, მეგობარი მყავს აქაური და დავურეკო მინდა.

თეონამ გოგა შედანიასთან დარეკა.
ტელეფონზე ვიღაც მოხუცმა ქალმა უპასუხა მეგრულად.
თეონამ არაფერი იცოდა მეგრულისა და ამიტომ იას მიაჩეჩა ყურმილი.
- გოგას დაუძახეთ? – ჩასძახა იამ მეგრულად.
- გოგა არაა სახლში. ვინ კითხულობს?
- მისი მეგობარი ვარ, თეონა...
- გოგა დასასვენებლადაა და 2 კვირას არ იქნება სახლში...

გულდაწყვეტილი წამოვიდა თეონა.
სახლში მისულს მამამ მაშინვე ჰკითხა მოწყენის მიზეზი.
- არაფერია, მამა... ჩემს მეგობართან დავრეკე, გოგასთან... სახლში არ დამხვდა. 2 კვირა კიდევ არ იქნებაო...
- ჰოდა, ძალიან კარგი... გაგრიდან რომ დავბრუნდებით, მაშინ ისიც ჩამოსული დაგხვდება... 2 კვირის შემდეგ დარეკე...
- ოქრო ხარ, მამა! – თეონა მიაფრინდა და ძალიან მაგრად აკოცა საყვარელ მამიკოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები