ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2008


თავი 19. "დღეს პირველი აპრილია" ("მაგდა")

სწრაფად გაირბინეს მეცხრე თვის უკანასკნელმა დღეებმა...
ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი მშობიარობის დაწყება. ნინომ შვებულება აიღო და ერთი წუთით არ ტოვებდა მაგდას.

ერთ დღეს ვიღაცამ ტელეფონზე დარეკა. ყურმილი ნინომ აიღო. ვიღაც გოგონა მაგდას კითხულობდა.

მაგდამ ყურმილი აიღო და სავარძელში ჩაჯდა.
- მაგდა, გიასთვის საჩუქარი ჯერ არ მოგიმზადებია? არ უნდა დაახვედრო პატარა ნაბიჭვარი? დღეს გია ჩამოდის!..... ჰა-ჰა-ჰა-ჰაააა!....

მაგდამ ფერი დაკარგა. ალბათ წაიქცეოდა, მაგრამ, ბედად, იჯდა და მხოლოდ ყურმილი გაუვარდა ხელიდან.
ყურმილში კი სიცილი არ წყდებოდა...
ნინო მაშინვე მაგდასთან მიიჭრა, შემდეგ ყურმილი აიტაცა ხელში და... "დღეს პირველი აპრილიაო", - გაიგონა.

ნინომ გაბრაზებით დაახეთქა ყურმილი და მაგდას მიუბრუნდა.
მაგდას სახე შეშლოდა, ხელს მუცელზე იკიდებდა.
- დედა, მგონი დაიწყო!... – ამოიგმინა მაგდამ.

ნინო ისევ ტელეფონს დასწვდა და "სასწრაფოში" დარეკა, შემდეგ მაგდა წამოაწვინა და ოფლის მსხვილი წვეთები მოწმინდა სახიდან.
- ნუ გეშინია, მაგდა, ნუ გეშინია, დედიკო!... ცოტა გაუძელი, დედა, შენ ხომ მაგარი გოგო ხარ?! - ამშვიდებდა ნინო, თუმცა თავად უფრო მეტად ნერვიულობდა.

მაგდას ტკივილებმა უმატა. ამასობაში "სასწრაფოც" მოვიდა და მაგდა საავადმყოფოში წაიყვანეს. ნინომ მალხაზს წერილი დაუტოვა მაგიდაზე (ვინაიდან მალხაზი ყოველთვის მოდიოდა სახლში შესვენების პერიოდში, განსაკუთრებით – ამ ბოლო დროს), თავად კი მაგდას გაჰყვა.

15 წუთში საავადმყოფოში იყვნენ. მაგდა მიმღებში შეიყვანეს, ნინო კი მოსაცდელში დარჩა.

ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მალხაზი მოვიდა. სახლში მოსულს წერილი რომ წაუკითხავს, მაშინვე აქეთ გამოქცეულა.
მალე ექიმი ჩამოვიდა და ნინოს შეატყობინა, რომ მაგდა მხოლოდ 4-5 საათის შემდეგ იმშობიარებდა, მანამდე კი შეეძლოთ სადმე გასულიყვნენ.

- მშობიარობამდე 4 საათი მაინც არის დარჩენილი... მალხაზ, შენ სამსახურში დაბრუნდი, მე აქ ვიქნები. ნუ ინერვიულებ, ყველაფერი კარგად იქნება... - ამბობდა ნინო და თან ყველანაირად ცდილობდა საკუთარი მღელვარების დამალვას.…

მალხაზი სამსახურში დაბრუნდა, ნინომ კი, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ნოდართან დარეკა. ნოდარი სახლში არ დახვდა, "საავადმყოფოშიაო"- უთხრეს.

იმ ღამეს ნოდარი მორიგე იყო. ღამის სამ საათზე თითქმის მომაკვდავი ავადმყოფი მოიყვანეს, რომელსაც სასწრაფოდ ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი: ახალგაზრდა ვაჟი მუცლის არეში იყო დაჭრილი. 6 საათზე მეტი გრძელდებოდა ოპერაცია. დილით ნოდარი საავადმყოფოდან არ წასულა, "შეიძლება ისევ საჭირო შევიქმნეო" და თავის კაბინეტში ტახტზე წამოწვა.
მალე ჩაეძინა.
2 საათიც არ იყო გასული, რომ პალატის ექთანმა გააღვიძა: "ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდაო".
კიდევ სამი საათი იწვალა ნოდარმა და სიკვდილს სძლია, ავადმყოფი გადაარჩინა.

ნოდარი, ის იყო, კაბინეტში დაბრუნდა და არაქათგამოცლილი სავარძელში ჩაჯდა, რომ ტელეფონმა დარეკა.
- გამარჯობათ, ნოდარ! მე ნინო ვარ... მაგდა სამშობიაროში წამოვიყვანეთ...
- გმადლობთ, ქალბატონო ნინო!.. ახლავე მოვდივარ!... რომელ სამშობიაროშია?! - ფეხზე წამოხტა ნოდარი.
- ლენინის ქუჩაზე...
- 10 წუთში მანდ ვიქნები!... - ნოდარმა ყურმილი დაკიდა, ლაბადას ხელი წამოავლო და თითქმის სირბილით გამოვიდა საავადმყოფოდან.

გიჟივით მიაქროლებდა მანქანას.
10 წუთიც არ იყო გასული, რომ ნოდარი ნინოს წინ იდგა.
- რით გადაგიხადოთ მადლობა, ქალბატონო ნინო?!
- არაფრით, ნოდარ!... მე მგონია, რომ თქვენც აქ უნდა იყოთ ახლა... თქვენ, მომავალი ბავშვის მამა!... ასე არ არის?
- რა თქმა უნდა, ქალბატონო ნინო!... ისე ვარ გახარებული და დაბნეული, რომ არც კი ვიცი, რა გითხრათ... მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ მაინც არ მემდურით!... დღეს მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან შვილი მეყოლება, მაგრამ... - ნოდარს ხმა გაუწყდა, - მაგრამ თან უსაზღვროდ უბედურიც, რადგან მაგდას არ უნდა, რომ მე ჩემი შვილის გვერდით ვიყო. ეს საშინელებაა!... (პაუზა...) ვინ არის მაგდას ექიმი? მე აქ ბევრს ვიცნობ!
- ანზორ გოკიელი...
- ანზორი? ის ხომ მამაჩემის უახლოესი მეგობარია!... ნუ ინერვიულებთ, ქალბატონო ნინო, ანზორი შესანიშნავი ექიმია, მაგდას არ გაუჭირდება მასთან მშობიარობა!

მოსაცდელში ხალხი ირეოდა.
ნელა, ზოზინით გადიოდა დრო.
ნოდარს აღარც კი ახსოვდა საოპერაციო მაგიდასთან გატარებული უძილო ღამე. კედლიდან კედლამდე დადიოდა და თითებს იმტვრევდა.

ნინო უსიტყვოდ შეჰყურებდა ნოდარს და სულ უფრო და უფრო მეტი სიმპატიით იმსჭვალებოდა მის მიმართ. თუ არა ნამდვილი სიყვარული, სხვა არაფერი იკითხებოდა მის სახეზე.

ნოდარი ტელეფონ-ავტომატთან მივიდა, საავადმყოფოში დარეკა და ავადმყოფის მდგომარეობა იკითხა. საშიში აღარაფერი იყო, ავადმყოფს ეძინა. ნოდარმა რამდენიმე დარიგება მისცა ექთანს, რა შემთხვევაში რა უნდა გაეკეთებინა და ყურმილი დაკიდა.

ნოდარი ჯერ ისევ ტელეფონზე საუბრობდა, როცა მოსაცდელში მალხაზი შემოვიდა. ნინოს ფერმა გადაჰკრა, - მალხაზი ხომ არ იცნობდა ნოდარს?!

მალხაზი ნინოს მიუახლოვდა.
- როგორაა საქმე? - მოუთმენლად შეეკითხა იგი.
- ჯერ არაფერია ახალი...

ნინო გაჩუმდა. ნოდარისკენ გაიხედა. ნოდარს ტელეფონზე საუბარი დაემთავრებინა და ახლა აქეთ იყურებოდა.
- მალხაზ, ხედავ იქ რომ ყმაწვილია?
- სად?
- ტელეფონთან დგას...
- ვხედავ, მერე?
- ოღონდ არ აღელდე: ეს არის მაგდას შვილის მამა!... ძალიან გთხოვ, ზედმეტი არაფერი უთხრა... ახლა მაგას თავისი გაჭირება ჰყოფნის... იცი, როგორ ნერვიულობს?
- ბედი ჰქონია, რომ ასეთ ადგილას შემხვდა, თორემ მაგას ვაჩვენებდი მე ნერვიულობას!... გოგო დამიღუპა!... რა უნდა, რისთვის მობრძანებულა?! თვალით არ დამენახოს! - კბილებს შორის გამოსცრა მალხაზმა და ბრაზით მოკუმა ტუჩები.
- მალხაზ, შენ ხომ ყველაფერი არ იცი?!... წინასწარ ნუ ჩაიდებ გულში ავს! მაგ ვაჟს არავითარი ცუდი განზრახვა არ სდებია გულში და...
- აბა, კარგი განზრახვით მომ...
- მალხაზ!
- უუუფ, კარგი განზრახვით დამიღუპა მაგდა?!
- რატომ, რატომ არის მაგდა დაღუპული? ქალისთვის შვილი ბედნიერებაა და არა დაღუპვა!
- ბედნიერება მაშინაა, როცა ქალს ქმარი ჰყავს და ბავშვს – მამა... თორემ, ნაბიჭვარის ყოლა ვერაფერი ბედნიერებაა!...
- მალხაზ, ჩუმათ... - აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა შეწუხებულმა ნინომ, ვინმე ხომ არ ისმენსო, - ის ბიჭი აქეთ იხვეწება მაგდას ცოლობას!... მაგდაა თვითონ უარზე. გაგონება არ უნდა მისი სახელის, თორემ... ეს ბიჭი წუხელ მორიგე ყოფილა, მთელი ღამე და შემდეგ – დილაც ოპერაცია აკეთა თურმე...… ახლა კი აქ არის და ჩვენთან ერთად განიცდის, ნერვიულობს...
- კი, მაგრამ... შენ საიდან იცნობ?! აკი, "არ ვიცი, ვინ არისო"? მე მატყუებდი, ქალბატონო?... კარგი, მაგაზე სახლში მოგელაპარაკები...
- არა, მალხაზ, მაგდას მართლა არაფერი უთქვამს ჩემთვის. ეს ვაჟი თავად მოვიდა ჩვენთან, ყველაფერი ამიხსნა, მე მთხოვა დახმარება, მაგრამ... მე როგორ ან რით დავეხმარო?! რა ვქნა, რა გავაკეთო?!... არ უყვარს მაგდას და ძალით ხომ ვერ გავაყოლებ?... მაგდა ისევ გიას ელოდება. ჰგონია, რომ გიას ჩამოსვლით ყველაფერი მოგვარდება. "გია ნახავს, რომ ნებით კი არა, ძალით წამიყვანეს და შემირიგდებაო"... ღმერთმა ქნას და ისე მოხდეს, როგორც მაგდას უნდა, მაგრამ... მოხდება ასე?... ვინ იცის?!
ნინო ცოტა ხნით შეჩერდა. მალხაზს დრო მისცა ნათქვამის გასააზრებლად და გადასახარშად. მალხაზმა ნოდარს გახედა და თავი გადააქნია.
ნინომ შეწყვეტილი საუბარი განაგრძო:
- თუ მასე მოხდა და გიამ ყველაფერი აპატია მაგდას, ხომ კარგი... თუ არა და, არ ჩანს ეს ცუდი ბიჭი. მართლა უყვარს მაგდა, თორემ ახლა ეს აქ მოსვლას ვერ გაბედავდა. ამიტომ გთხოვე, წინასწარ ცუდი არაფერი უთხრა, თავი შეიკავე-მეთქი... ვინ იცის, მაგდას გული მოუბრუნდეს მისკენ და ჩვენი სიძე გახდეს?!… არ მინდა გულში ჩარჩეს წყენა. ჩვენ რომ მოგვეძებნა და ეს დამალულიყო, მაშინ, იცოცხლე, მე თავად ამოვკორტნიდი თვალებს, მაგრამ ახლა?!
- კარგი, ხო, კარგი!... არ არის ახლა აქ ამის დრო და ადგილი! ამაზე სხვა დროს, სახლში ვილაპარაკოთ!

ნოდარმა ყურმილი დაკიდა და ნინოსკენ შემობრუნდა, რომ ისევ მის ახლოს გაჩერებულიყო, რომ დაინახა, როგორ მიუახლოვდა ნინოს ვიღაც მამაკაცი. ნინოს შეშფოთებული სახის დანახვაზე მიხვდა ნოდარი, რომ ის მამაკაცი მაგდას მამა უნდა ყოფილიყო და ახლოს მისვლა ვეღარ გაბედა, მათგან მოშორებით კედელთან გაჩერდა.
ნოდარი ყოველ წუთს საათს დაჰყურებდა. ვერაფრით წარმოიდგენდას, თუ შეიძლებოდა, რომ ასე ნელა გასულიყო დრო.

- გელოვანი! - დაიძახა უცებ ექთანმა ქალმა.
სამივე, ნინო, მალხაზი და ნოდარი - მასთან მიიჭრა. სამივე სდუმდა და მხოლოდ მოლოდინითა და შიშით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ ექთანს.

"გელოვანი და არა ერისთავი!" - ეს იყო პირველი ფიქრი, რომელმაც ტვინში დენივით გაუარა ნოდარს, მაგრამ არ შეიმჩნია. არ უნდოდა ახლა, აქ, ამ თემაზე ფიქრი. მთავარი ახლა მაგდას ჯანმრთელობა იყო, მისი მდგომარეობა... ჯერ მაგდასი და შემდეგ – ბავშვის...

- როგორ არის საქმე? – სულსწრაფად იკითხა მალხაზმა.
- გოგონა შეგეძინათ! ბავშვი კარგად არის, მაგრამ დედას გაუჭირდა მშობიარობა...  სასწრაფოდ სისხლია საჭირო, დონორის სისხლი... უმჯობესია პირდაპირი გადასხმით...
- ჯგუფი? – მოუთმენლად იკითხა ნოდარმა.
ნინო და მალხაზი დაბნეულები იდგნენ და გაფითრებულები ხან ექთანს შეჰყურებდნენ და ხან ნოდარს.
- პირველი, რეზუსი – დადებითი...

- ხალათი, სწრაფად! - ნოდარი აღარც დალოდებია ექთნის პასუხს, კარი გამოაღო და მიმღებში შევარდა.
თითქმის სირბილით მიდიოდა. უკან ექთანი ქალი მისდევდა და ცდილობდა, ნოდარისთვის ხალათი მოესხა მხრებზე, მაგრამ ვერ ახერხებდა.
- აქეთ! - დაუძახა მან ნოდარს და ლიფტის კარი გამოაღო.

ლიფტი მესამე სართულზე ასრიალდა.
ნოდარმა ხალათი მოისხა და დერეფანში გამოვიდა.
- ახლა საით?
ექთანი სირბილით წავიდა სამშობიარო ბლოკისკენ. ნოდარი – მას მიჰყვა.
შესვლისთანავე გაიხადა ნოდარმა ხალათი და პერანგი და თავად დაიწყო მომზადება.
სანიტარი ჯერ გაოცებული მიაჩერდა, შემდეგ კი შემტევი ხმით მიმართა:
- რას თავნებობ შენ, თუ იცი? სად გგონია შენი თავი?! უყურე ერთი ამას?..
- ლაპარაკის დრო არ არის! მე თავად ექიმი ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ! შენ კიდევ, ცოტა გაინძერი, სიცოცხლე ნუ გეზარება! - იქით შეუტია ნოდარმა.

ექთანმა სისხლი სინჯისთვის აიღო და ოთახიდან გავიდა.
სანიტარს კიდევ უნდოდა ნოდარისთვის რაღაცის თქმა...
ამ დრო კარი გაიღო და ანზორ გოკიელი შემოვიდა.

- ნოდარ? შენ აქ საიდან გაჩნდი?
- ბიძია ანზორ! როგორ არის მაგდა?... მე მისი ჯგუფის სისხლი მაქვს. რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს გავიღებ, ჩემზე ნუ იფიქრებთ... მაგდა გადამირჩინეთ.
- აჰააა, აი, თურმე რაში ყოფილა საქმე... სწრაფად მოამზადეთ, ყოველი წუთი ძვირფასია.

სანიტარი, უკვე, ისედაც ციბრუტივით ტრიალებდა.
სულ მალე საოპერაციო მაგიდა, რომელზეც ნოდარი დაწვა, მაგდას გვერდით მოათავსეს. ნოდარმა მხოლოდ ერთხელ შეასწრო თვალი მაგდას მიტკალივით გადაფითრებულ სახეს და გული შეეკუმშა.

დაიწყო პირდაპირი გადასხმა.
250... 350... 450... 500...
- შეწყვიტეთ! მეტი აღარ შეიძლება! - ეს ანზორ გოკიელის ხმა იყო, - ნოდარ, როგორ ხარ?
- კარგად, ბიძია ანზორ! "მეტი აღარ შეიძლება" თუ "მეტი აღარ არის საჭირო"?
- აღარ შეიძლება ნოდარ! შენთვის აღარ შეიძლება... კიდევ არის საჭირო ერთი დონორი მაინც...
- ბიძია ანზორ, შეუთავსებლობაც არ დაგავიწყდეთ!... რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ სისხლს გავიღებ! სულაც რომ დავიცალო სისხლისგან... ძალიან გთხოვთ... მაგდას რომ რამე დაემართოს, თავს არ ვიცოცხლებ...
- კარგი, ნოდარ... - შემდეგ ექთანს მიუბრუნდა,- გააგრძელეთ გადასხმა!

600... 700... 800... 900...
- კმარა! – დაიძახა ანზორმა.

ანზორი დაიხარა და ნოდარს დახედა. თვალებდახუჭული იწვა ფერდაკარგული ნოდარი. პულსი დაუთვალა...
ახლა მაგდას დახედა ანზორმა. მაგდას ფერმკრთალ სახეს ვარდისფერი უბრუნდებოდა.
"მეტი ხომ არ მომივიდა გადასხმა?... მაგდასთვის ეს უკეთესია, მაგრამ, ნოდარისთვის?"

- ნოდარი სპეც.პალატაში მოათავსეთ, ჩემი კაბინეტის გვერდით...
- ანზორ ექიმო, მშობიარე?
- მშობიარე – ერთადგილიან პალატაში... მისთვის ახლა სრული სიწყნარეა საჭირო. ექთნებიდან ვინ არიან ამაღამ მორიგედ?
- ეთერი, მანანა, ნინო...
- ნინიკოს სთხოვეთ ჩემი სახელით, რომ მაგდას პალატაში შევიდეს და იქ იმორიგეოს... ამაღამ მას ბევრი ყურადღება სჭირდება!

ანზორი მოსაცდელში ჩავიდა, ნინოსა და მალხაზს მიუახლოვდა და დედა-შვილის გადარჩენა მიულოცა.
- მართლა, თქვენი სიძე – ჩემი უახლოესი მეგობრის შვილია. მე კი არაფერი ვიცოდი... გილოცავთ, ყველაფერს ერთად გილოცავთ!
- დიდი მადლობა, ექიმო! - თვალცრემლიანი ამბობდა ნინო და თან ქმარს იდაყვზე უჭერდა ხელს, "შემთხვევით არაფერი წამოცდეს ნოდარის შესახებო"...
- ნოდარი ხვალ დილამდე აქ დარჩება. 900 გრამი სისხლი გადაუსხა, რაც ძალიან ბევრია! ეს თითქმის სამმაგი ნორმაა ერთი დონორისათვის. ასეთ დროს 2-3 დონორის სისხლს ვუსხამთ-ხოლმე, მაგრამ ეს ძალზე სახიფათოა: შეიძლება რომელიმე დონორის სისხლი არ შეეგუოს მეორისას და... ავადმყოფი დაიღუპება! ასე რომ ახლა საშიში აღარაფერია.  ნუ ინერვიულებთ, სამივენი კარგად იქნებიან. კარგად ბრძანდებოდეთ. მე ზევით ავალ... ახალგაზრდა დედას და მის პაწაწა გოგონას ჯერ კიდევ ბეეევრი ყურადღება სჭირდებათ ჩემგან. ნახვამდის!
- ნახვამდის!... ანზორ ექიმო, თუ შეიძლება, წერილს გაგატანთ მაგდასთან.
- ახლა ორივეს სძინავთ.. არა, ახლა არა და, ხვალიდან – რომანი მისწერეთ, თუ გინდათ... ახლა წაბრძანდით და ხვალ მოდით. აქ ნოდარიც საკმარისია...

ანზორ გოკიელი ზევით აბრუნდა, ჯერ მაგდა მოინახულა, შემდეგ - ნოდარი და თავის კაბინეტში შევიდა, - ხვალ დილამდე ანზორ გოკიელი საავადმყოფოდან არ გავიდოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს