ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2009


თავი 30. გაგრაში ("გაცვლა")

გაგრაში სწრაფად გაიფრინა ორმა კვირამ.

2 დღეში თბილისში უნდა დაბრუნებულიყვნენ.

- მამა, ზუგდიდში რომ გავივლით... – და უცებ თეონა შეჩერდა.
- მერე? რა უნდა გააკეთო ზუგდიდში?
- აიიი, რომ დამპირდი, გოგასთან დაგარეკინებო...
- რა პრობლემაა? დაურეკე მერე... – მამამ გამომცდელად შეხედა თეონას.

თეონას თვალები გაუბრწყინდა და ტაში შემოჰკრა.
- თეეე, წამო, პლაჟზე გავიდეთ, - შემოვარდა ოთახში ნინუცა.
- რა ხდება, ნინუცა?
- არაფერი... იცი რამხელა ტალღებია? გაგიჟდები!
- აუუუ, ვერ ვიბანავებთ?
- სახლისხელა ტალღებია, თეეე... მაგისთანა ტალღებში – მხოლოდ შენნაირი მოცურავე თუ შევა!
- ნინ, რას ეუბნები, მამიკო? არ იცი, რომ ეს პირდაპირ გაიგებს ამ ნათქვამს და წყალში შევა?
- მამა, თუ ძალიან არ ღელავს?
- არ გაბედო წყალში შესვლა, თეონა!
- ცურვა ხომ ვიცი და?...
- ცურვა ვინც იცის, ის იხრჩობა ზუსტად... ვინც ცურვა არ იცის, ის ნაპირზე ზის და უყურებს, როგორ იხრჩობა სხვა!

თეონამ აღარაფერი უპასუხა მამას და ნინუცასთან ერთად პლაჟისკენ დაეშვა.

ზღვა მართლაც საოცრად ღელავდა.
თეონამ სარაფანი გაიხადა და საცურაო კოსტუმით დარჩა.

- თეეე, ბანაობას აპირებ? – თვალები გაუფართოვდა ნინუცას.
- არა... ჯერ არა!
- უფ... ჯერ! ვითომ, რა, მერე დამშვიდდება ზღვა? მორჩა, წასვლამდე ვეღარც ვიბანავებთ.
- ვნახოთ...

უეცრად რაღაც ხმა მოისმა ზღვის სიღრმიდან.
- ნინუცა, რა ხმა იყო? – თეონა თითის წვერებზე აიწია და ისე გახედა ზღვას...
- არ ვიცი, თეეე... ვიღაც ყვიროდა თითქოს!

პლაჟზე კანტი-კუნტად იყო ხალხი, ამდენად არავინ ხმაურობდა და გარკვევით ისმოდა ხმები.
- მიშველეეეთ! – უკვე გარკვევით მოისმა მამაკაცის ხმა.
- ნიიინ, ვიღაც იხრჩობა! გავარდი, ზევით იყვნენ მაშველები! ჩქარა!...

ნინუცა ადგილს მოსწყდა, გაიქცა და მხოლოდ მერე დააფიქსირა, - “რატომ გამაგზავნა მე? თვითონ რას აპირებს, ნეტა?” – ნინუცამ პლაჟს მოხედა: თეონა უკვე ტალღებს მიაპობდა იმ ხმის მიმართულებით.

გაქცევა მაშინ უნდა გენახათ, - ნინუცა ქუსლებს კეფაზე ირტყამდა, ისე გარბოდა მაშველებისკენ.
- ბიჭებო, ჩქარა, იქ, ზღვაში ვიღაც იხრჩობა... თეონა წყალში გადახტა მის მისაშველებლად...
- ვინაა თეონა?
- ჩემი და არის...
- ჩქარა, ბიჭებო! ორი ადამიანია ზღვაში! – მაშველებმა რგოლებს და თოკებს დაავლეს ხელი და ნინუცასთან ერთად გაიქცნენ ზღვის მიმართულებით.

ამასობაში თეონა ახლოს მიცურდა მასთან, ვინც შველას ითხოვდა. ახალგაზრდა ვაჟი იყო, 18-19 წლისა. დასახრჩობად განწირულისა – არაფერი ემჩნეოდა, თავისით მოცურავდა.
- შენ ყვიროდი?
- ხო...
- რა გაყვირებდა მერე?
- ფეხში ძარღვი გამეკვანძა და... ახლა გაიხსნა! შენ რას აკეთებ აქ?
- პარკში ვსეირნობ!... – გაეცინა თეონას, - მთელი ხმით კიოდი, “მიშველეთო” და...
- მერე? შენს მეტი არავინ გამომეხმაურა, ხო? შენ რას მიშველიდი?
- ჩემს დახმარებაზე რატომ ამბობ, ვითომ, უარს? არ გინდა და იყავი... კარგი, წავედი!
- ჩემო მხსნელო და გადამრჩენო, სახელი მაინც მითხარი, გოგოვ, შენი... სახელი!...
- მაია მქვია და მათე-ბიჭს მეძახიან... – გადაიკისკისა თეონამ.
- მათე-ბიჭო, ხომ არ დამელოდებოდი ბარემ? ამ პირდაფჩენილ ზღვაში ხომ მაინც ჩემთვის ხარ შემოსული, არა?
- ხოდა გამოადგი... ნუ, მოკლედ, ცოტა მაგრად მოუსვი ხელი!

ცოტა ხანს უბრად მოცურავდნენ.
- თეეეე-ოოოო-ნაააააააააა! – გაისმა ნაპირიდან ნინუცას ხმა.
- აქ ვარ, ნიიიიიიიიინ....
- აბა მაია მქვიაო?
- ნაპირზე გასვლამდე – რაც გინდა ის დამიძახე და... მერე გავიქცევით სხვადასხვა მხარეს!
- რაც წყლის ზევით ჩანხარ, ისეთი თუ ხარ წყლის ქვეშაც, ჩათვალე, რომ ვეღარსად გავიქცევი...
- კაი, ნუ გაიქცევი... მიბრუნდი და უკან შეცურდი!
- რატო?
- აბა გაგიყვანო და მერე ჩემი ხელით დაგახრჩო? არა და, - მომიწევს, თავს თუ არ დამანებებ!
- აუუუ, შენ რა კაი ტიპი ხარ?! სად ისწავლე ასეთი ცურვა? დადიოდი სადმე?
- არა, არ დავდიოდი... მე სიარული არ ვიცი, მხოლოდ ვცურავ!
- ქალთევზა ხარ? ჩემი მომნუსხველი სირინოზი... რამდენი წლის ხარ?
- 19...
- ტოლები ვყოფილვართ! მე დათო მქვია!

მაშველებმა რომ ნახეს, როგორ წყნარად და მშვიდად მოცურავდა ორივე, აღარ შევიდნენ წყალში.
- არ უნდა მიეხმაროთ? – ნერვიულობდა ნინუცა.
- ახლა ხელს მათ ნაცვლად ვერ მოვუსვამ და დახრჩობით მაგენი არ იხრჩობიან!... აქ ვართ... თუ გაუჭირდებათ, - მივეხმარებით!...
ნინუცამ თეონას სარაფანი დაინახა კენჭებზე უდიერად დაგდებული. ხელში აიღო. გაუკვირდა, - შედარებით მძიმე იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ჯიბეში ბლოკნოტი იპოვა. გადაშალა და კითხვა დაიწყო:

“ზღვის ტალღას მიჰყვება ჩემი ფიქრები... ზღვის ტალღის ყოველ წვეთში ჩემს სულს ვხედავ, ხან მშვიდს, თითქოს-და უძრავს, ხან კი ბობოქარს, მძვინვარეს...

ზღვა!..
ზღვის იდუმალება!!.
ზღვის საოცარი ნანავი!!!

ზღვა დიდია და ძლიერი, მე კი პატარა ვარ, სუსტი... მე მიყვარს ზღვა და ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ!

მომენატრა აზვირთებული ზღვა. მინდა შევცურდე, მის ტალღებს მივენდო და ზღვის სულს შევერწყა...
ამას ბევრი ვერ გაიგებს...
გაიგებს მხოლოდ ის, ვინც ზღვის ტალღებთან პირისპირ მარტო დარჩენილა!

მე მიყვარს ზღვა!
მე მიყვარს ზღვის მდუმარება, როცა მის სარკისებურ ზედაპირს არშიასავით აქვს შემოყოლებული ქაფის ვიწრო ზოლი. ამ დროს ზღვა კი არ ხმაურობს, მხოლოდ სუნთქავს და ფიქრობს!
ზღვის ლბილი წყალი გარს გეხვევა და განანავებს თავის მკლავებში. როცა ზღვის წყალი გეფერება, გული მღერის და სული მშვიდდება...

მე ზღვა მაშინაც მიყვარს, როცა ბობოქრობს, მძვინვარებს, თითქოს დაღებულ ხახაში უპირებს ყველაფერს შთანთქმას... როცა სახლის სიმაღლე ტალღები პაწაწინა კენჭებზე იმსხვრევიან!...

ზღვას უნდა გაუგო!... მას არ უყვარს მშიშარა და ლაჩარი... მაგრამ არც ბაქია და ყოყოჩა უყვარს ზღვას!... სიყოყოჩესა და ამპარტავნებას არავის აპატიებს! ზღვას უნდა მიენდო... მიენდო ბოლომდე, სრულად და ის არ გაგწირავს!.. გაგწირავს კი არა და, თავადაც გულს გადაგიხსნის და საყვარელი შვილივით მკერდში ჩაგიკრავს!... რამდენ ზღაპარს გიამბობს, რამდენ ფიქრს გაგიზიარებს, რამდენ სილამაზესთან გაზიარებს!!!

თუ აღელვებულ ზღვას თვალებში ჩახედავ და მის სიღრმეში შეცურვას გაბედავ, ჯერ გაგიწყრება, შეიძლება „მიგტყიპოს” კიდეც, მაგრამ მხოლოდ იქამდე, ვიდრე მისი მრისხანება საშიშია! და თუ მისი მრისხანების ზღვარს გადააბიჯე, ზღვა გაპატიებს და თამაშს დაიწყებს შენთან, - ხან ბუმბულივით აგიტაცებს მაღლა, ხან ფრთადაკეცილი არწივივით დაბლა დაგაქანებს... შეიძლება საბანივითაც გადაგაფაროს თავისი კალთა!.. არ შეშინდე, - ზღვა კეთილია და ძლიერი! ის გეთამაშება მხოლოდ...

მე შენ მიყვარხარ, ზღვაო!
მე მოვალ შენთან!
აუცილებლად მოვალ!”

- უიმეე, რა უცნაური გოგოა, რაააა! რამ შეაყვარა აბობოქრებული ზღვა? მაგისას ხომ ვერაფერს გაიგებ ადამიანი! – ხმამაღლა თქვა ნინუცამ და თეონას მიაჩერდა.
- მაგრად ცურავს... რა ქვიაო, რა თქვი? – ჰკითხა იქვე მდგარმა ახალგაზრდა მაშველმა.
- თეონა ჰქვია, მაგრამ, როცა წყალშია, შეგიძლია “დელფინი” დაუძახო... რატომ არ გამოდის?... თეეე-ოოო-ნაააააააააა, გამოდი, რააააა, მეშინია!
- ვერ გამოვდივარ, ნიიიინ! ზღვა ძალიან ღელავს!
- თეონა, ხომ არაფერი გიჭირთ? ან შენ და ან შენს “უტოპლენნიკს”... – გასძახა ერთ-ერთმა მაშველმა, - შემოვიდეთ?
- რა ვიცი, აბა? ჯერ ვუმკლავდებით ტალღებს...
- რას ეკითხებით? შედით და გამოიყვანეთ! – ვერ ისვენებდა ნინუცა, - მაგის ჭკუაზე უნდა იაროთ?
- გოგონი, არ იხრჩობა არცერთი და... რამდენი ვინმე შევა წყალში, ყველას თუ ძალით დავუწყეთ გამოყვანა, აგვწყობია, აბა, საქმე, სომხის გიტარასავით!
- ნუ გადამრევთ ახლა! დახრჩობას რომ დაიწყებენ, მერე უნდა აფაფხურდეთ აბა?
- დაშოშმინდი, რააა... ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცით!...

ამასობაში პლაჟზე მამა და დედაც ჩამოვიდნენ, - გოგონებს ჩამოაკითხეს, რადგან დააგვიანდათ და... თინას კინაღამ გული წაუვიდა, რომ ნახა, რამხელა ტალღებს ერკინებოდა მისი შვილი.
- მამიკო, ნუ გეშინია, შემოვალ ახლავე... – თქვა გიზომ და სწრაფად დაიწყო ტანზე გახდა.
- არაა საჭირო, ბიძაჩემო, თქვენი შესვლა! ჯერ ორს ვყარაულობთ და მესამეც ნუ დაგვემატები!... ოთხი ადამიანი ვდგავართ სტარტზე.
- რა არის, თოკი მაინც გადაუგდეთ?! – ადგილს ვერ პოულობდა თინა.
- ქალბატონო, ჭაში კი არაა ჩავარდნილი, თოკი რომ ჩავუშვათ? ამხელა ტალღებში რომელი თოკი უნდა იპოვოს?
- რა უნდოდა, რისთვის შევიდა?!
- იმ ბიჭის გადასარჩენად!...
- ხო, მაგას ნამდვილად იზამდა! – ჩაილაპარაკა გიზომ და ნინუცას შემოხვია ხელი.

თეონა და დათო ტალღებს დაჰყვებოდნენ აღმა-დაღმა.
დათო თანდათან იღლებოდა. თავიდან ცდილობდა ნაპირისკენ გაცურვას, მაგრამ თეონამ არ გაუშვა:
- ახლა რომ გახვიდე, ტალღა დაგარტყამს და ჩაგითრევს! ტალღები დათვალე... ყველაზე დიდი ტალღა რომ წამოვა, ის იქნება მეცხრე ტალღა. მაგის შემდეგ 2-3 ტალღა დაბალია და მერე ისევ ზრდას იწყებს!
- მაგარი ხარ, რააა... ძლივს ვსუნთქავ და ახლა ტალღები მათვლევინე კიდევ!
- დათო, მაშინ ნუ ებრძვი წყალს, მოდი, აქ დავისვენოთ ცოტა ხანი და მერე ისე ვცადოთ ნაპირზე გაღწევა.
- რა ვქნა, წამოვწვე აქ? ამხელა ტალღებში რა დამასვენებს? დახრჩობამდე წუთებს ვითვლი...
- ნუ გეშინია, ხელი ჩამკიდე! – თეონა ახლოს მიცურდა და დათოს ცალი ხელი დაუჭირა.

საოცარი რამ იგრძნო დათომ, - წყალმა “თავისიანად” მიიღო და ისე ამოაგდო ზევით, თითქოს წელზე ხელმოკიდებული ამოეყვანოს ვინმეს.
- რას მიშვები? – შეშინებულმა იკითხა, მაგრამ ხელის გაშვება ვერ გაბედა.
- არაფერს... საკუთარი ენერგია გადმოგეცი!
- თეონა, აღარ ვიძირები...
- ვიცი... მთავარია, სუნთქვაზე არ იფიქრო... რამეზე მელაპარაკე... თუნდაც შენს შეყვარებულზე მომიყევი!

თითქმის ნახევარი საათი ლაპარაკობდნენ და თან ერთ ადგილას დაცურავდნენ თეონა და დათო. ხან ტალღის თავზე იყვნენ მოქცეულნი, ხან, თითქოს, უფსკრულში ცვივდებოდნენ და შემდეგ ისევ ზევით მიაფრენდა ვეშაპის ზურგივით დიდი და გლუვი ტალღის ზედაპირი.
- ნახე, ნახე, რამხელა ტალღა მოდის, თეონაააა!
- დათო, მოემზადე და ამის შემდეგ – გავდივართ... ხომ დაისვენე? ახლა ხელს გაგიშვებ... შენ აღარ ჩაიძირები... და ბოლომდე გავდივართ... ყოველი ახალი ტალღა, - ჩვენი შემწე და დამხმარეა, მაგრამ ასეთი სულ 2-3 ტალღა იქნება, დათო! დანარჩენი – საშიშია! მზად ხარ?...
- მზად ვარ, თეონა!
- რაც შეიძლება სწრაფად, დათო!
- მოვდივარ!...

დათომ და თეონამ ძალები მოიკრიბეს და იმ ძალიან დიდ, მეცხრე ტალღას გაჰყვნენ ნაპირისკენ. შუამდეც არ იყვნენ მისულნი, რომ სხვა ტალღა წამოეწიათ, მაგრამ ის ტალღა ისე ჩაინთქა მეცხრე ტალღის წყალში, რომ ზღვის მბორგავი ნაპირი უცებ დააცხრო და დაანელა.

მაშველები თვალმოუშორებლად უყურებდნენ მოცურავეებს. ახლოს მივიდნენ ნაპირთან და ყოველ წამს მზად იყვნენ წყალში შესაცურად.

ნინუცა ცრემლჩამდგარი გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა თეონას და დათოს.
გიზო მთელი ძალით უჭერდა ხელს ნინუცას მხარზე... ამით ცდილობდა ნერვიულობის გადაფარვას.
თინა ხან რომელ მაშველთან მიდიოდა და ხან – რომელთან... მათში ხედავდა ხსნას.

ამასობაში მოცურავეებს მეორე მცირე ტალღა წამოეწიათ და ცურვაში მიეხმარათ...
კიდევ უფრო ახლოს მოცურდნენ...
მესამე ტალღა აღარ იყო ისეთი “მშვიდობიანი”, როგორსაც თეონა ელოდა... მოვარდნილი ზვავივით დააცხრა მოცურავეებს და სიღრმეში შეითრია.
და მაშინვე ერთი მაშველი დათოს მიმართულებით გადახტა წყალში და მეორე – თეონას მიმართულებით, თან კი სპეც.რგოლები შეიტანეს, რომლებსაც გრძეეეეეელი თოკები ჰქონდათ მობმული.
დანარჩენ ორ მაშველს – თოკის ბოლოები ჰქონდათ დახვეული ხელზე და გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს თავისი მეწყვილეების ყოველ მოძრაობას.

მალე დათოს თოკი დაიჭიმა. მაშველმა სწრაფად დაიწყო მისი ამოქაჩვა და მალე გამოჩნდა კიდეც დათო, რომელსაც ორი ადამიანი მოაცურებდა, - თეონა და ერთ-ერთი მაშველი. მეორე მაშველს თეონასთვის განკუთვნილი და უფუნქციოდ დარჩენილი რგოლი ეჭირა და ისე მოცურავდა.

ნაპირზე მდგომი მაშველები და გიზოც წყალში შეცვივდნენ და დათოს ამოყვანაში მიეხმარნენ.
- თეონა, მედალი გეკუთვნის წყალში დამხრჩვალის გადარჩენისთვის!. თქვენ კი, ჩემო ბატონო, შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი ქალიშვილით: ეს რომ არ ყოფილიყო, ის ბიჭი უეჭველად დაიხრჩობოდა!
- მე კი მოვკვდი, დედიკო და... როდის დაჭკვიანდები, შვილო?
- ქალბატონო, გმირია-მეთქი, თქვენი თეონა! – თქვა ყველაზე უფროსმა მაშველმა და თეონას შუბლზე აკოცა.

იმავე საღამოს მოვიდნენ მათთან დათო და მისი დები და ნინუცა და თეონა, როგორც დათოს მხსნელი და გადამრჩენი,  რესტორანში დაპატიჟეს.




* * *
ორი დღის შემდეგ გაგრა დატოვეს და თბილისისკენ გამოემგზავრნენ.

გზაში გიზომ გადაკვრით ახსენა ზუგდიდი.
- მამა, ხომ დამარეკინებ გოგასთან?
- დაგარეკინებ, აბა რააა?!... ისე, თეონა, ზუგდიდში თუ გათხოვდებოდი?
- არ მიფიქრია ამაზე... რატომ მეკითხები?
- აი, მაგალითად, გოგამ რომ...
- რას ამბობ, მამა? გოგა – ძმა არის ჩემი! ეს როგორ იფიქრე?!
- ხო, რა ვიცი... მე მეგონა შენ და გოგა ფიქრობდით სხვანაირად!
- არა, მამა... გოგა ნამდვილად ძალიან მიყვარს, მაგრამ... მე ვერსად გავძლებ თბილისის გარდა!
- ვითომ რატომ? აქეთ, რა, ხალხი არ ცხოვრობს?
- კი, ცხოვრობს, მაგრამ... ჯერ ერთი თქვენ არ იქნებით აქ და მეორეც... ვინც მე მინდა, ის თბილისში ცხოვრობს! – ჩაილაპარაკა თეონამ და თავი დაღუნა.
- თეეე, აი, ტელეფონი... მიდი, დარეკე!

თეონამ ტელეფონ-ავტომატთან მიირბინა და გოგას ნომერი აკრიფა.
- ალოო, - გაისმა ყურმილში მოხუცი ქალის ხმა.
- გოგას დაუძახეთ, თუ შეიძლება?!
- გოგა არაა სახლში, ბეები...
- სად არის? მალე მოვა?
- არა, 2-3 დღეს არ დაბრუნდება კიდო... თბილისშია წასული...
- თბილისში?
- ხო... ვიღაც გოგო უნდა ვნახოო... შენ რომელი ხარ, ბეები?
- მე – თეონა ვარ...
- დედა, გაგიჟდება გოგა, ბეები... ასე თქვა, გოგო უნდა ვნახო და კიდო თეონაო...
- კარგით... გმადლობ... დიდი მადლობა, ბებია!

თეონას ცრემლები მოადგა თვალებზე.
- რა მოხდა, მამიკო? ელაპარაკე გოგას? – გაუკვირდა გიზოს თეონას თვალებში ჩაბუდებული ცრემლის დანახვა.
- ვერა... 2-3 დღეს არ დაბრუნდება კიდეო, თბილისშია წასულიო...
- არაფერია, სხვა დროს ნახავ... წავედით, ვანო და ია გველოდებიან!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები