ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2009


თავი 31. გოგა ("გაცვლა")

მთელი გზა ჩუმად იჯდა თეონა.
თავში ათასი აზრი უტრიალებდა.
„თუკი ჯაბა წაიყვანეს სამთვიან ჯარში, რატომ არ წაიყვანეს გოგა? ხომ თანაკურსელები არიან? და მერე რა, თუ ჯაბა რამდენიმე წლით უფროსია გოგაზე? ნეტა გოგა დამხვედროდა სახლში. მაგრამ, მერე უფრო დამწყდებოდა გული, რომ ვერ ვნახავდი. ალბათ ასე სჯობდა!... ჯაბას ჩამოსვლამდე – თვეზე მეტია კიდევ! ოოხ, ჯაბა, ჯაბა! იცი, უკვე იმას ვფიქრობ, ნეტა არ მიყვარდეს–მეთქი. ან ასე ძალიან მაინც არ მიყვარდე?! იცი, ხანდახან ისიც მიკვირს,  საერთოდ რატომ შემიყვარდი–მეთქი...  ნეტა არ მიყვარდე, ჯაბა, ნეტა არ მიყვარდე!...“

– თეონაა,  გამოფხიზლდი, მოვედით...  რამ დააძინა ასე? – ნინუცამ მაგრად შეაჯანჯღარა თეონა და მანქანიდან გადახტა.
– დაანებე თავი... გაიღვიძებს, აბა რა იქნება? – ვანომ ძმისშვილი გადაკოცნა, მერე მანქანაში შეყო თავი და თეონასაც ფრთხილად აკოცა.

თეონამ თვალი გაახილა და ბიძამისს კისერზე მოეხვია.
– იიჰ, დაიღალე, შე ფარჩაკო? – ისეთი სიყვარულით უთხრა ვანომ, რომ თეონას ცრემლები მოადგა თვალზე.
– არა, რა დამღლიდა?
– გადმოდი მაშინ... იამ ცხელი ხაჭაპურები დაგახვედრათ. არ გაცივდეს!...


სოფელში 4 დღეს დარჩნენ.
მოვიდა თბილისში დაბრუნების დრო.
25 აგვისტოს თინა სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო, 1 სექტემბერს კი – თეონას და ნინუცას ეწყებოდა სწავლა.

სახლში დაბრუნებულ თეონას ბებიამ დაახვედრა ამბად, – „გოგამ დაგირეკა,  შენი ნახვა უნდა უსიკვდილოდ და ვიდრე არ ჩამოვლენ, თბილისში ვიქნებიო.“
გაუხარდა თეონას, თავადაც ვერ მიხვდა, რატომ გაუხარდა ასე.
ტელეფონს ეცა და გოგასთან დარეკა.
– გოგა აქ აღარ ცხოვრობს! ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაცალა ბინა და სახლში დაბრუნდაო, – უპასუხეს.

– ბეე, საიდან რეკავდა გოგა?
– არ ვიცი, ბებიკო... ასე მითხრა, მე თავად დავურეკავო...
– როდისო?
– დღეს დარეკავს. ზეგ ბრუნდება სახლში.

თეონამ ჩანთების ამოლაგება დაიწყო, რაღაცით ხომ უნდა გაეყვანა დრო?
რამდენიმე კაბა ამოიღო და ხან ერთი ჩაიცვა სარკის წინ, ხან – მეორე... უნდოდა, ძალიან ლამაზი გამოჩენილიყო...  თავადაც ვერ არკვევდა, რატომ აკეთებდა ამას.

„რა გჭირს, თეონა? რამ აგახუნტრუცა ასე? გოგა არ გინახავს? ან მან უნდა გნახოს პირველად? რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაიცვამ?“
– ბეეე, რა ჩავიცვა?
– რაც გინდა, ჩემო სიხარულო! ყველაფერი გიხდება! სად მიდიხარ?
– ჯერ არსად... გოგა რომ დარეკავს, მერე გეტყვი...
– გოგა? მეგონა ჯაბას სანახავად მიდიოდი...
– ჯაბა?!... ჯაბა ხომ ახალციხეშია? – ხმა გაუწყდა თეონას.
– არა, ჩამოვიდა. გუშინ დარეკა, „2 დღით ვარ ჩამოსულიო“... ხვალ დილას მიდის მგონი.

თეონა ტელეფონს  ეცა და ჯაბას ნომერი აკრიფა.
ღმერთოოო, როგორ გაიწელა ეს რამდენიმე ზუმერი!
– ალლო, – გაისმა ქალის ხმა
– მაყვალა დეიდა,  გამარჯობათ, თეონა ვარ...
– გამარჯობა, ჩემო ლამაზო... როგორ ხარ, თეონა?
– კარგად, გმადლობ... ჯაბა მართლა ჩამოვიდა?
– კი, დედა, ჩამოვიდა გუშინწინ და დღეს საღამოს  ბნრუნდება უკან! არაყი და კიდევ რაღაც–რაღაცა უნდა წაიღოს, იქნებ ადრე გამომიშვანო!
– დღეს?... – გულში რაღაც ჩაწყდა თეონას... –  ვერ ვნახავ?
– არ ვიცი, შვილო! ნახავ, თუ ადრე მოვიდა... წასულია ახლა.
– კარგით... უთხარით, რომ დავრეკე...
– აქ რომ მოხვიდე? სახლში ხომ მოვა აუცილებლად? ხოდა აქ დახვდებოდი...
– არა... ვერ მოვალ, მაპატიეთ! კარგად ბრძანდებოდეთ, მაყვალა დეიდა!...

თეონამ ყურმილიანი ხელი დაუშვა. კარგა ხანს ესმოდა ზუმერი, რომელიც იმის მანიშნებელი იყო, რომ ხაზის მეორე მხარეს გაწყვიტეს კავშირი.

ყურმილი დაკიდა და  სარკეში ჩაიხედა:  „ნამდვილად მიხდება ეს კაბა!...“
ამის გაფიქრება იყო და ტელეფონმა დარეკა.
– თეონააა, გოგა ვარ!
– გოგა, რომ იცოდე, როგორ  გამიხარდა შენი ხმის გაგონება!
– მეც, თეეე... უნდა გნახო!
– მნახე, გოგა, აუცილებლად მნახე! თან, რაც შეიძლება მალე!
– დღეს?
– რომელ  საათზე?
– ახლავე წამოვალ, ნახევარ საათში მანდ ვიქნები... და მერე სადმე გავიაროთ!
– კარგი, გოგა, გელოდები!

აღარ დაადგა საშველი ამ ნახევარი საათის გასვლას!
თეონა აივანზე გავიდა და ეზოში გადაიხედა. წესით 5–7 წუთში უნდა მოსულიყო გოგა.
ისევ დარეკა ტელეფონმა.
– ალლო?!...
– თეონა, ჯაბა ვარ!
– ჯაბა?! – თეონას მშრალი და ხაოიანი ბურთი გაეჩხირა ყელში... სული ძლივს მოითქვა.
– ხო, დედაჩემმა მითხრა, რომ დაგირეკავს! არ ვიცოდი, რომ ჩამოხვედი, თორემ გნახავდი!
– არაფერია!...  როდის მიდიხარ?
– ერთ საათში გადის მატარებელი. ვალეს მივყვები.
– მოვიდე სადგურში?
– ვერ მოასწრებ...
– გოგას ვთხოვ და წამომიყვანს!
– გოგას? – ჯაბამ იგრძნო, რომ ხელები გაეყინა, სისხლმა თავში აასხა... – გოგას ხვდები–ხოლმე?
– არა, ისიც ჩამოსულა და „ნახვა მინდა შენიო“, – მითხრა. ახლაც ველოდები, უნდა მოვიდეს. მანქანით იქნება და ვთხოვ, რომ წამომიყვანოს.
– როდის მოვა?
– არ ვიცი, ჯაბა, ჯერ არ მოსულა!... იმედია დროზე მოვა და მოგისწრებ!

ეზოდან მანქანის სიგნალის ხმა მოისმა.
ეს გოგა იყო, – პაროლად დათქვეს ეს სიგნალი ჯერ კიდევ ივნისის თვეში, როცა გოგამ პირველად მოაკითხა მანქანით!
– ჯაბა, მოვიდა გოგა, სიგნალით ვიცანი... ახლავე წამოვალთ... რომელი ვაგონია?
– მეშვიდე...

თეონამ ყურმილი დაკიდა და კიბეზე ჩაირბინა.  ბებიამ ერთი კი მიაძახა, „არ დაიგვიანოო“, მაგრამ ეს თეონას აღარ გაუგია...

ეზოში გასული თეონას დანახვაზე გოგა მანქანიდან კი არ გადმოვიდა, გადმოფრინდა ვარდების უზარმაზარი თაიგულით ხელში.
– თეეე, როგორ მომენატრე, რომ იცოდე!
– მეც, გოგა, მეც ძალიან მომენატრე, სიგიჟემდე!
– მართლა?  მე კი როგორ ვღელავდი!...
– რაზე, სულელო?
– ხომ შეიძლება არ გაგხარებოდა ჩემი ნახვა? ხომ შეიძლება, სულერთი ვყოფილიყავი შენთვის?
– რას ამბობ, გოგა? შენ არ იცი, მე შენ როგორ მიყვარხარ!
– თეეე... ყურებს არ ვუჯერებ! სად წავიდეთ?
– გოგააა, თუ არ შეწუხდები, ჯერ სადგურში გამიყვანე, რაა?!  ჯაბა ჩამოსულა და...  დღეს ბრუნდება უკან!
– ჯაბა... ისევ ჯაბა!...– ძალიან ჩუმად ჩაილაპარაკა გოგამ, ხმამაღლა კი ...–  თეეე, გიყვარს ჯაბა?
– მიყვარს, გოგა, ძალიან მიყვარს, მაგრამ... რაღაც ხდება ჩვენს შორის! რაღაცის გამო მიფრთხის და ვერ ვხვდები, რა უნდა! წამიყვან სადგურში?
– რა თქმა უნდა წაგიყვან! ჩემი იმედი გქონდეს!

ნახევარ საათში – ადგილზე იყვნენ.
შორიდანვე დაინახეს ჯაბა, რომელიც ბოლთას სცემდა ვაგონის წინ.
ჯაბამაც მაშინვე დაინახა თეონაც და გოგაც...

„რა ლამაზი ხარ, თეეე... ვერ ავიტან შენს დაკარგვას! ან რატომ უნდა დაგკარგო?... „გოგა ჩემი ძმა არისო“, – ხომ მითხარი? მე მჯერა ეს... მაგრამ, მაშინ რატომ მომეწურა გული ასე ძალიან? გამიბრაზდი, – „ნუ ეჭვიანობო“... როგორ არ ვიეჭვიანო, როცა გოგა ყურებიდანაც კი ასხივებს შენს სიყვარულს?...  ასე ლამაზი მაინც არ იყო?! მაშინ ნაკლებად ეყვარებოდი ბიჭებს!...“

ჯაბამ ხელი დაუქნია მისკენ მიმავლებს.
თეონამაც დაუქნია ხელი და ფეხს აუჩქარა. გოგა მას მიჰყვა.
– მოგისწარით, – თქვა თეონამ და ჯაბა გადაკოცნა.
– ხო, კარგად გივლიათ... გოგა, როდის შეიძინე მანქანა?
– ივნისში, ჯაბა!
– შენ რატომ არ ხარ ჯარში? არ გეკუთვნოდა ეს სამთვიანი ჯარი?
– დედაჩემის გამო...  დედა – ინვალიდია...
– როგორ თუ – ინვალიდი? რა სჭირს დედაშენს? – გაუკვირდა თეონას.
– შვიდი წლის რომ ვიყავი, მაშინ მოხდა ეს...  სახლს ვიშენებდით. დედამ ბწკალის კიბე მიადგა, მეორე სართულზე უნდა ასულიყო...  კიბის საფეხური ჩატყდა, დედა გადმოვარდა და ხერხემალი გადაიტეხა!
– უი, არ ვიცოდი... – შეწუხებული სახით თქვა თეონამ.
– თეეეე, 14 წელია, მე დედაჩემის გარეცხილი და გაუთოვებული  პერანგი არ მცმია და მისი მომზადებული საჭმელი არ მიჭამია! 14 წელია წევს და... წერილსაც კი ვერ წერს დამოუკიდებლად!
– ვწუხვარ, გოგა... არც მე ვიცოდი რამე.  მაპატიე, არ უნდა მეკითხა! – თქვა ჯაბამ და თავი დახარა.
– არაფერია, შევეჩვიე უკვე...
– ახლა საით გაგიწევიათ? – იკითხა ისევ ჯაბამ.
– არ ვიცი... გავივლით სადმე... სადაც იტყვის თეონა!
– იმედია, სადმე ტყეში არ წაიყვან, არა? – ნერვიული სიცილით გაეცინა ჯაბას.
– ჯაბა, ტყეში რა მინდა? – ახლა თეონამ გადაიკისკისა, – ისე გავივლით სადმე...
– წამსვლელები ადით მატარებელში... –  უთხრა  მათ ვაგონის გამცილებელმა და თავადაც ვაგონში ავიდა.

თეონამ, კიდევ ერთხელ გადაკოცნა ჯაბა, „ჭკუით იყავი და რომ ჩამოხვალ – დამირეკეო,“ – უთხრა და გოგას ამოუდგა გვერდში.

მატარებელი დაიძრა.
თეონა ადგილს მოსწყდა და ხელის ქნევით მიჰყვა ჯაბას ვაგონს... გული გამალებით უცემდა...
„ჯაბა წავიდა და გოგა დარჩა?!... რატომ? რატომ ვგრძნობ, რომ ჩვენს შორის გადებულ ხიდს ბურჯები მოერყა?! ღმერთო, შენ მიშველე!“

მატარებელმა სვლას უმატა.
ჯაბა წელამდე გადმოწეულიყო ფანჯრიდან  და რაღაცას ეუბნებოდა თეონას, მაგრამ ხალხის ხმაურსა და გნიასში არაფერი ისმოდა.
– თეონააა, ფრთხილად იყავი, თეეე–ოოოო–ნაააააა! – გაიგონა ჯაბას ყვირილი შორსწასული მატარებლიდან.
– ჯა–ბაააააააააა! – დაედევნა მატარებელს მისი ხმაც...

„ჩემს გვერდით იდგა და მაინც მას გაეკიდა! თუმცა ხომ არც მალავს, რომ ჯაბა უყვარს? გოგა, გონს მოდი! მათ შორის მურმანის ეკალივით გინდა ჩაიჭრა... მესამე ხარ... მესამე კი ყოველთვის ზედმეტია! მიყვარხარ, თეონა, სიგიჟემდე მიყვარხარ და... ვერასოდეს გეტყვი ამას! არ ვიქნები მართალი!“
გოგას თვალები აუწყლიანდა, მაგრამ მალევე განდევნა აბეზარი ფიქრები და ცრემლებიც გულში ჩაიბრუნა.

მალე დაბრუნდა თეონა.
– წავიდეთ, გოგა...
– სად?
– სადაც გინდა... ცოტა ხანს არ მინდა სახლში მისვლა! გულს თუ ვერა, თვალებს ხომ მაინც დავიცლი ცრემლებისგან?!
– ასე გიყვარს?  – გაბზარული ხმით იკითხა...
– ჰო...

ჩუმად დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში. გოგამ მცხეთაში გასეირნება შესთავაზა... უარი უთხრა თეონამ.
– გინდა ფუნიკულიორზე ავიდეთ?
– არა, სახლში წამიყვანე!...

„რა მოხდება, ახლა უცებ მითხრას, „შენს სახლში წამიყვანეო“?  ჩემზე ბედნიერი იქნება ვინმე? არა მგონია!...“
– გოგა, არ მინდა სახლში... წამო, ვაკის პარკში ჩავიდეთ... ან...
– ან კუს ტბაზე ავიდეთ... კარგი? მე ხვალ დილას მივდივარ და... ღმერთმა იცის, როდის გნახავ კიდევ!...
– კარგი... – თეონამ თავი ღია ფანჯრისკენ მიაბრუნა და შემოჭრილ გრილ ჰაერს შეუშვირა გახურებული შუბლი.
– თეეე,  სხვა ქალაქში შესძლებდი ცხოვრებას? სხვაგან გათხოვდებოდი?
– ვერა, გოგა! თბილისის გარდა ვერსად ვიცხოვრებ...
– რატომ? სხვაგანაც ხომ ცხოვრობს ხალხი?
– კი, როგორ არ ცხოვრობენ? მაგრამ  თბილისი – სულიერივით მიყვარს! ჩემი სიცოცხლის ყოველი დღე, ყოველი მოვლენა, ყველა ლამაზი მოგონება – თბილისთან არის დაკავშირებული.
– მასე – მხოლოდ მიმინო იყო თბილისელი. და ისიც თბილისის ამ ადუღებულ წყალში ჩაიხარშა...
– ხო, ალბათ მართალი ხარ, მაგრამ... ბებიაჩემის ბაბუა უკვე თბილისელი იყო... მე–7 თაობის თბილისელი ვარ, გოგა! – გაეცინა თეონას.
– უუუფ, ძლივს არ გაიცინე? კაი, იყავი თბილისელი, რა გიყო აბა?!

თითქმის საათი დაჰყვეს ტბის სანაპიროზე...
შესცივდა თეონას და დაბრუნება გადაწყვიტეს.
მანქანასთან გოგამ თეონას კარი გამოუღო, მაგრამ, ვიდრე დაჯდებოდა, ორივე ხელი დაუჭირა და ძალიან ჩუმად უთხრა:
– თეეე, თუ ოდესმე იგრძნობ, რომ დახმარების ხელი გჭირდება,  რომ ვინმე გჭირდება შენს გვერდით, ვინც მოგისმენს, ვინც გაგიგებს და გითანაგრძნობს, მე შენს გვერდით მიგულე! – შემდეგ კი გულში ჩაიხუტა და თმაზე აკოცა.
– შენნაირი მეგობარი მე არ მყოლია! – თეონამაც მოხვია ხელები და მკერდზე მიეყრდნო, – გმადლობ, გოგა!

სიმყუდროვე დახვდა აქაც... სითბო და სიმყუდროვე...

მეორე დღეს გოგა ზუგდიდში დაბრუნდა, თეონა კი მარტო დარჩა თავის ფიქრებთან და მოლოდინთან.

* * *

გავიდა ერთი თვე...
სამხედრომოვლილები სექტემბრის შუა რიცხვებში  დაბრუნდნენ სახლებში.
თეონა ამაოდ იყო მიჩერებული ტელეფონს, – ჯაბა არ რეკავდა.
უნივერსიტეტიდან მოსული – შეკითხვებით სავსე თვალებით შეხედავდა ხოლმე ბებიას და... იცოდა, რომ მისი სიჩუმე – უარის ნიშანი იყო.
რამდენჯერმე – ნინუცას უცნაური გამოხედვა დაიჭირა და... ნინუცამაც თვალი აარიდა მის დაჟინებულ მზერას.

სექტემბრის ბოლო იყო, რომ თეონამ ვეღარ მოითმინა და ასეთი მრავალმნიშვნელოვანი გამოხედვის მიზეზი იკითხა.
– ხალხნო, რაღაც ხდება და მიმალავთ! ხომ მშვიდობაა? ვინმეს რამე ხომ არ უჭირს?
– არა, თეონა... არავის არაფერი უჭირს.... – უპასუხა ბებიამ.
– თეეე, ჯაბამ დაგირეკა? – გამომცდელად ჰკითხა ნინუცამ.
– არა... ალბათ არ ჩამოსულა ჯერ!...
– არააა, უნდა ვუთხრა სიმართლე!
– რა სიმართლე?  ნუ მაშინებ, ნიიინ...
– რა და... შენ გგონია, ჯაბა ჯერ არ ჩამოსულა, ხო? 2 კვირის წინ დავინახე. მერე  წინა კვირაშიც... და დღეს – დაველაპარაკე კიდეც. აი, ნახავ, დღეს ან ხვალ დარეკავს.
– არ არსებობს...
– რა არ არსებობს?  არ უყვარხარ იმ შენს ჯაბას და მოკალი თუ გინდა!
– ეს ტყუილია! – იყვირა თეონამ და თავის საწოლზე ჩაემხო.
– მალე დარწმუნდები!... მე მითქვამს და...

იმ საღამოს დარეკა ჯაბამ... „გუშინ ჩამოვედიო“ – უთხრა.
– რატომ მატყუებ, ჯაბა? – თეონა ისეთი ცარიელი თვალებით იყურებოდა, რომ ნინუცას შეეშინდა.
– არ გატყუებ, თეეე, ჩამოვედი და ჯერ მეგის გავყევი ზღვაზე და მერე – დედა წავიყვანე სვანეთში. გუშინ ჩამოვედი.
– და ვიდრე მეგის გაჰყვებოდი ზღვაზე და ან ვიდრე სვანეთში წაყვებოდი მაყვალა დეიდას, ვერ დამირეკე, ხო? ასე ძნელი იყო ჩემი ნომრის აკრეფა?
– კარგი, თეეე, ნუ მიბრაზდები! ბევრი რამე უნდა გადამეხარშა თავში...
– ჩემთან დამოკიდებულებაში? ვერაფერი გავიგე, ჯაბა!
– მოკლედ, ხომ დავრეკე, არა?
– მადლობა გადაგიხადო? მაპატიე, ჯაბა... ვეღარ ვლაპარაკობ...  ასე მგონია,  ვიხრჩობი! – თეონამ ყურმილი დაკიდა და მწარედ ატირდა.

ცდილობდა თეონა, აღარავიზე ეფიქრა, არც ჯაბაზე, არც გოგაზე...
თავის ჯგუფელებს კიდევ უფრო დაუახლოვდა. მათთან ერთად დაბადების დღეებზეც მოუხშირა სიარულს, თეატრებსა და კინოთეატრებშიც უფრო აქტიურად  დაიწყო სიარული....

გავიდა თითქმის მთელი თვე.
ოქტომბრის მიწურულს ერთ–ერთი რუსთაველი მეგობრის დაბადების დღე იყო.
იქ  სამი უცნობი ვაჟი დახვდა, იუბილარის თანაკლასელები.
მისი ჯგუფი ჯაბას ჯგუფის სრული ანტიპოდი იყო, – 24 სტუდენტს შორის 5 ბიჭი იყო და 19 გოგო! ამდენად არავის გაკვირვებია მეგობარი ვაჟების მოყვანა.

თეონამ პირველივე წუთებიდან იგრძნო ერთ–ერთი ვაჟის, კახას ყურადღება: თეონას გვერდით დაიკავა ადგილი, მთელი საღამო ესაუბრებოდა, მის გართობას ცდილობდა, საცეკვაოდ გაჰყავდა და მერე, 2–3–ჯერ მაინც, ზედიზედ  ეცეკვებოდა.

ვინაიდან რუსთავიდან ღამე წამოსვლა გაჭირდებოდა, სტუდენტებმა წინასწარ გადაწყვიტეს ღამის გათენება. ოჯახებშიც ასე დაიბარეს.
არაჩვეულებრივი დრო გაატარეს. დილას ვაჟებმა გოგონები ტრანსპორტში ჩასვეს და თბილისში გამოამგზავრეს. კახა – თან გამოჰყვათ, „ლექციებზე უნდა წავიდეო“...

– თეონა, შეიძლება ხანდახან დაგირეკო–ხოლმე? – ჰკითხა კახამ.
– რისთვის?
– ჯერ – მხოლოდ ვიმეგობროთ და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
– დარეკე...– მხრები აიჩეჩა თეონამ, –  მაგრამ ვერ დაგპირდები. რომ შენთან ერთად სასეირნოდ ვივლი–ხოლმე.
– მე არც გაჩქარებ!... – კახამ თეონას ტელეფონი ჩაიწერა და თბილად გაიღიმა.

თბილისში ჩასულმა – კახას გაცილების უფლება არ მისცა. ტაქსში ჩაჯდა და პირდაპირ სახლში წავიდა. ლექციები – 13.30–ზე ეწყებოდა და გამოძინებასაც მოასწრებდა. არც გზაში ეხარჯებოდა ბევრი დრო, – 15 წუთში სეირნობა–სეირნობით მიდიოდა-ხოლმე უნივერსიტეტში.

დაწვა თუ არა, მაშინვე ჩაეძინა.
12  საათი ხდებოდა, როცა ტელეფონმა დარეკა.
თეონას თავთან ედგა ტელეფონი და ამიტომ მაშინვე გაეღვიძა. 2–3 ზარის შემდეგ აიღო ყურმილი.
– თეონა, ჯაბა ვარ!
– ჯაბა?...
– ხო... რა ხმა გაქვს? ვეღარ მიცანი? – გაისმა სიცილი ყურმილში.
– როგორ ვერ გიცანი? უბრალოდ, მეგონა, აღარასოდეს დარეკავდი!
– რატომ აღარ უნდა დამერეკა? რაღაც არ მახსოვს, რომ გვეჩხუბოს...
– ესღა გვაკლია, რომ ვიჩხუბოთ! რამ შეგაწუხა ეგზომ დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ?
– არაფერმა... მომენატრე.
– და მე ბედნიერი უნდა ვიყო ამით? – სიცივე შეეპარა თეონას ხმაში.
– თეე, რა გჭირს? ვერ გცნობ!
– მძინავს, ჯაბა! დილას მოვედი სახლში...
– სად დადიოდი? – ხმა გაებზარა ჯაბას.
– დაბადების დღეზე ვიყავი, რუსთავში....
– შეგიძლია, დღეს საღამოს რომ შემხვდე? სალაპარაკო მაქვს შენთან!...
– საღამოს  დარეკე... ვნახავ, რა მაქვს დღეს გასაკეთებელი! ვეცდები შეგხვდე...
– ვერ გცნობ, თეეე...
– რას იზამ? ალბათ გავიზარდე! მაპატიე, უნდა ჩავიცვა და წავიდე, საღამოს 7–ზე ვიქნები და დამირეკე.... – თეონამ ყურმილი დაკიდა  და ტანზე ჩაცმა დაიწყო.

(გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები