ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2008


თავი 20. უიმედო შეხვედრა ("მაგდა")

დილამდე ეძინა მაგდას. ეძინა ისეთი მშვიდი და უშფოთველი ძილით, თითქოს მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი ბეწვზე არ ეკიდა წინა საღამოს... თითქოს მას არ გადაეტანოს მშობიარობის (და თანაც როგორი რთული მშობიარობის) უმძიმესი წუთები.

გაუჭირდა მშობიარობა მაგდას, - ბავშვი შებრუნებული დაიბადა.
ეს ხომ ნანა ექიმმაც უთხრა, "ძალიან მოძრავი ბავშვია, ისე სწრაფად ტრიალებს, შეიძლება უდროო დროს მობრუნდეს და, მშობიარობის ნაცვლად, საკეისრო კვეთით ხომ არ გააჩენდიო?"
უარი უთხრა მაგდამ, "როგორმე ჩემით გავაჩენო"...
გაუჭირდა მაგდას, ძალიან გაუჭირდა!
იმდენად ძლიერი იყო ტკივილები, რომ მაგდა ყოველ წუთს გონს კარგავდა. ანზორ გოკიელი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ მაგდა მდგომარეობიდან გამოეყვანა, ამხნევებდა მას, მაგრამ მშობიარე პასიურობდა. ან რა აქტიურობა უნდა მოსთხოვო სანახევროდ გულწასულ ქალს?
ბევრი სისხლი დაკარგა მაგდამ და, ნოდარი რომ არა, ანზორ გოკიელი უძლური აღმოჩნდებოდა სიკვდილთან ბრძოლაში. ნოდარმა მეორე სიცოცხლე აჩუქა მაგდას.
და მაგდამ ეს არ იცოდა, - მშვიდი და უშფოთველი ძილით ეძინა.

დილამდე ეძინა ნოდარსაც.
სამაგიეროდ, იმ ღამეს წუთით არ მოუხუჭავს თვალი ანზორ გოკიელს. რამდენჯერმე მოინახულა მძინარე მაგდაც და ნოდარიც.

დილით, როცა ანზორი ნოდართან პალატაში შევიდა, ნოდარს გამოეღვიძა.
- გაიღვიძე? როგორ ხარ, ნოდარ?
- კარგად, ბიძია ანზორ!... მაგდა როგორ არის? - იკითხა მისუსტებული ხმით.
- კარგად არის, ნოდარ, კარგად!... ნუ გეშინია!... აი, შე ეშმაკო! ახლა უნდა ვგებულობდე, ბიჭო, შენი გაბედნიერების ამბავს? ან მამაშენს როგორ არაფერი წამოსცდა?!
- ეეჰ, ბიძია ანზორ, არ არის საქმე ისე, როგორც ეს თქვენ გგონიათ... სამწუხაროდ, არ არის!... ამას შემდეგ აგიხსნით... მე ავდგები, თუ შეიძლება...
- რას მელაპარაკები? - შეწუხდა ანზორი, - მე კი მის მშობლებს მივულოცე... ნოდარ, იწექი, ჯერ ნუ ადგები... მოიცადე, ჩაის და შოკოლადს მოვატანინებ... ტკბილი ჩაი გამოგაკეთებს.
- ბიძია ანზორ, შეიძლება მაგდას ნახვა?
- ნოდარ, მე ახლა მაგდასთან მივდივარ. ვნახავ, როგორ არის და შემდეგ გეტყვი, შეიძლება მისი ნახვა თუ არა! შენ თავად ექიმი ხარ... ჩემგან არ გესწავლება...
- დიახ, რა თქმა უნდა... მაგრამ შორიდან რომ შევხედო, ეს ხომ მაინც შეიძლება?... ახლა ხომ ჩვენ ერთი სისხლი გვიდგას ძარღვებში... - ღრმად ამოიოხრა ნოდარმა, - წინათ გაჭრილ თითებს რომ მიადებდნენ, "სისხლი სისხლს შეერიოსო", - და-ძმად შეეფიცებოდნენ-ხოლმე ერთმანეთს... ჩვენ ახლა თითქმის და-ძმანი ვართ... აი, ეს არის ბედის ირონია!
- მაგაზე ნუ ფიქრობ, ნოდარ! მე და ჩემმა მეუღლემ ფრონტზე გავიცანით ერთმანეთი. მე მძიმედ დაჭრილი მიმიყვანეს ჰოსპიტალში. სასწრაფოდ მჭირდებოდა სისხლის გადასხმა. სისხლი 18 წლის ექთანმა გოგონამ გაიღო... მე რომ სიცოცხლისკენ მოვბრუნდი, ჩემი მხსნელი მოვიკითხე. ასე გავიცანით მე და ლილიმ ერთმანეთი... ოთხი წელი მელოდა... და აი, 1945 წლის ივნისიდან ერთად ვექაჩებით ცხოვრების ჭაპანს. შენ მაგაზე გული არ გაიტეხო!
- რა საინტერესოა... მე არ ვიცოდი ეს ამბავი! ესე იგი, დეიდა ლილიც ფრონტზე იყო?... ვინ იფიქრებს, რომ ასეთ მხიარულ ქალს პირისპირ შეუხედავს თვალებში სიკვდილისთვის?!
- და თანაც, რამდენჯერ!... ჩემს მოსვლამდე არ ადგე, იწექი...

ანზორი მაგდას პალატაში შევიდა.
მის შესვლაზე მაგდამ თვალი გაახილა.
- აბა, როგორ გრძნობს თავს პატარა დედიკო?
- გმადლობთ, ექიმო... ბავშვი როგორ არის?
- ბავშვი კარგად არის. დღეს მოგიყვანენ შენს გოგონას, თუ შენ ამის საშუალებას მოგვცემ. მთავარია, შენ იყო ყოჩაღად... რა გადაწყვიტე, რას არქმევ?
- მე მას დიდი ხანია თეა დავარქვი! ბერძნულად "ღვთაებას" ნიშნავს...
- კეთილი და პატიოსანი... მაგდა, მე მინდა ერთი რამ გითხრა, რადგან შენ ეს აუცილებლად უნდა იცოდე: გუშინ შენ ბევრი სისხლის გადასხმა დაგჭირდა,…და თანაც, ძალიან ბევრის... სისხლი ნოდარ ერისთავმა გაიღო!
- ნოდარმა?!... კი, მაგრამ, ნოდარი აქ საიდან გაჩნდა? - იკითხა შეცბუნებულმა მაგდამ.
- მაგას მე ვერ გეტყვი, არ ვიცი... მთავარი ახლა სხვა არის: პირდაპირი გადასხმით ჩვენ მისი 900 გრამი სისხლი გადმოგისხით. ნოდარი ახლა აქ არის, საავადმყოფოში. ძალიან სუსტად არის ჯერ და სახლში ვერ ვუშვებთ... მას შენი ნახვა უნდა. მე ვფიქრობ, რომ შენ არ უნდა იყო წინააღმდეგი, გნახოს იმ პიროვნებამ, ვინც შენ სიცოცხლე გაჩუქა! ასე არ არის? - ანზორი თვალებში შესცქეროდა მაგდას, უნდოდა, იქ ამოეკითხა თანხმობა.
- სიცოცხლე... მხოლოდ მე კი არა, ჩემს შვილსაც მან აჩუქა სიცოცხლე!... მოვიდეს, მე არაფერს ვეტყვი... ცუდს... - ჩუმად თქვა მაგდამ და თავი მიიბრუნა.

ანზორ გოკიელი ნოდართან დაბრუნდა.
- ნოდარ, მაგდა გელოდება, მხოლოდ ერთი პირობით... არა, ამ პირობას მე გისვამ, - მაქსიმალურ დროს გაძლევ 10 წუთს. მისი გადაღლა არ შეიძლება... და სხვათა შორის, არც შენი... შევთანხმდით?... ხო, მართლა, ჩაი დალიე? ისე არ ადგე. შოკოლადიც შეჭამე. სამსახურშიც არ წახვიდე 2-3 დღე, - ცნობას ჩვენ მოგცემთ... 900 გრამ სისხლს შენ კი ნუ ეხუმრები!
- კარგით, ბიძია ანზორ, დიდი მადლობა თუნდაც იმ 10 წუთისათვის... მთავარია, იმ 10 წუთში რა ითქმება ჩვენს შორის, აი, რაზე ვფიქრობ მე ახლა... ჩაის დავლევ, შოკოლადი კი – არ მინდა... და ვერც სამსახურის გაცდენას შეგპირდებით, მძიმე ავადმყოფი მყავს!
- შენი საქმისა შენ იცი, ნოდარ!...
ანზორ გოკიელი პალატიდან გავიდა.

მალე ექთანმა გოგონამ ნოდარს ცხელი ჩაი და შოკოლადის ფილა შეუტანა. ნოდარმა მადლობა გადაუხადა და დაელოდა, სანამ ექთანი გავიდოდა, მაგრამ ექთანი საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ისე მოკალათდა, ეტყობოდა, არსად აპირებდა წასვლას.
- თქვენ ბატონმა ანზორმა მოგავლინათ ჩემს საყარაულოდ? – იკითხა ნოდარმა და ექთანს შეხედა.
- თქვენ, რა, ყარაულობა გჭირდებათ? - იქით დაუსვა ექთანმა შეკითხვა და უტიფრად მიაჩერდა ნოდარს, - მე ირმა მქვია.. ხვალ დილამდე – მორიგე ვარ... თუ ეს თქვენი სურვილიც იქნება, შეგვიძლია, ერთად ვიმორიგეოთ...

ექთანმა ზომაზე მეტად დახატული თვალი ჩაუკრა ნოდარს და გაუცინა.
შეჰყურებდა ნოდარი ამ დახატულ თოჯინას და, უნებურად, მაგდას ადარებდა.
მაგდა... მაგდა... მაგდა სულ სხვა იყო, სხვანაირი, რომელსაც ვერავის ვერასოდეს შეადარებდა ნოდარი.
- ირმა, თუ შეიძლება გადით, უნდა ჩავიცვა.
- თქვენ, რა, არ იცით, რომ ექიმისა და ექთნის წინაშე მორცხვობა არ შეიძლება? მე ხელს არ გიშლით, ჩაიცვით.

ირმამ ირონიულად გაიცინა და გვერდზე გაიხედა, შემდეგ კვლავ ნოდარს შეხედა და... მის თვალებს რომ წააწყდა, შეშინებული წამოდგა და პალატიდან უხმოდ გავიდა.

ნოდარს ყველაფრის ხალისი დაეკარგა. აღარც ჩაი უნდოდა... ის კი არა და, კინაღამ მაგდას ნახვაზეც უარი თქვა... მაგრამ, "არა, მაგდა მაინც უნდა ვნახოო", გადაწყვიტა და სწრაფად წამოხტა.
თავბრუ დაესხა... კინაღამ წაიქცა... დროზე მოეჭიდა საწოლის თავს. ჩამოჯდა... შემდეგ ყოველნაირად მოიკრიბა ღონე, ჩაიცვა და პალატიდან გამოვიდა. კედელს მიეყრდნო და ისე გაჰყვა დერეფანს. ხშირად ჩერდებოდა. დერეფნის ბოლოს ანზორ გოკიელს მოჰკრა თვალი, - მისკენ მოდიოდა. ორიოდე ნაბიჯი კიდევ გადადგა და შეჩერდა, დაელოდა ანზორის მოსვლას.
- ნოდარ, ცუდად ხომ არ ხარ? ფერი არ მომწონს შენი... არ უნდა ამდგარიყავი ჯერ.
- არა, ბიძია ანზორ, მირჩევნია მაგდა ვნახო... სად წევს, რომელ პალატაში?

ანზორმა ნოდარი მაგდას პალატამდე მიაცილა, შემდეგ ბეჭებზე მოხვია ხელი და კარისკენ უბიძგა.
ნოდარი პალატაში შევიდა.
მაგდას ეძინა.
ექთანი გოგონა, რომელიც ანზორმა მიუჩინა მაგდას სამეთვალყურეოდ, ნოდარის დანახვაზე წამოდგა და პალატიდან გავიდა.

- ნინიკო, თავისუფალი ხარ... მაგდას აღარ სჭირდება მეთვალყურეობა, გმადლობ, წადი დაისვენე, - მოესმა ნოდარს დერეფნიდან ანზორის ხმა.

ნოდარი სკამზე ჩამოჯდა და მძინარე მაგდას მიაჩერდა.
ანგელოზს გავ და მაგდა. ფერმკრთალ სახეს ოქროსფერ შარავანდედად შემოსჯარვოდა ბალიშზე დაუდევრად დაყრილი…გაშლილი თმა.

მაგდა ჯერ შეიშმუშნა, შემდეგ თვალი გაახილა... ნოდარისკენ არც გაუხედია, ისე შეხედა ფანჯარას...
- ნინიკო, ფანჯარა გამოაღე, თუ შეიძლება... - ხმადაბლა თქვა მაგდამ და იმადგილისკენ გამოიხედა, სადაც ცოტა ხნის წინ ექთანი გოგონა იჯდა.
- ნინიკოს ნაცვლად მე ვარ, მაგდა... - გაუღიმა ნოდარმა და წამოდგა, მაგრამ კვლავ თავბრუ დაესხა და დაჯდა.

მაგდამ შეხედა ნოდარის გაფითრებულ სახეს და თავი გვერდზე მიაბრუნა.
ნოდარი ადგა, მაგდას საწოლს მიუახლოვდა და მის წინ დაიჩოქა, შემდეგ მაგდას ხელი მიიტანა ტუჩებთან და ძალიან ნაზად აკოცა.
მაგდამ თავი მოაბრუნა, - მის თვალებში ცრემლი კრთოდა.
- მაპატიე, ნოდარ...
- მე? მე რა უნდა გაპატიო, მაგდა?! მე რატომ მიხდი ბოდიშს?! ეს შენ უნდა მაპატიო, შენ ჩემო გოგონა!... მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგდა!
- ჰოდა, სწორედ ეს მაპატიე, ნოდარ... მე შენ არ მიყვარხარ! ვიცი, შენ მე სიცოცხლე მაჩუქე... მაგრამ მხოლოდ ამ სიკეთისთვის ნუ მაიძულებ, რომ სიცრუე გითხრა. ნუ დამატან ძალას, რომ შენი ცოლი გავხდე... გთხოვ!
- მაგდა, ბავშვს მამა სჭირდება... ბავშვის გულისთვის, მისი მომავლისთვის მაინც, მოვაწეროთ ხელი... გვარი ხომ უნდა მისცე ჩვენს შვილს? - ეს ბოლო სიტყვები კი არ თქვა, ამოიკვნესა ნოდარმა.
- გვარი? ჩემი შვილი "გელოვანი" იქნება, ნოდარ!
- ერისთავის გვარს რას უწუნებ, ვითომ? ან თავად ბავშვს რას ეტყვი, რით იმართლებ თავს მის წინაშე? ამაზე არ დაფიქრებულხარ?... მოვა დრო და გკითხავს, "რატომ ვართ მე და შენ ორივე გელოვანიო"... რას უპასუხებ? მაგდა, დაფიქრდი, კარგად აწონე ყოველივე... ბოლოს და ბოლოს, ეს ბავშვი ხომ ჩემიც არის?!
- ჰო, ბავშვი შენიც არის, მაგრამ... ის შენ არასოდეს დაგიძახებს "მამას", რადგან მე...

და მაგდას მარცხენა ძუძუ შეუტოკდა, მოეწურა...
რამდენი რამ მოხდა მას შემდეგ, რამდენი რამ გადახდა მაგდას, მაგრამ მის მარცხენა ძუძუს დღესაც ახსოვს გიას თითების სითბო... დღესაც უხმობს გიას!
- რადგან შენ... შენ გიას ელოდები? - ყრუდ იკითხა ნოდარმა.

მაგდამ ცრემლიანი ზღვისფერი თვალები შეანათა ნოდარს. მათში ერთდროულად ჩანდა შიშიც, გაოცებაც, სიბრალულიც ნოდარისადმი, ყველაფერი, სიყვარულის გარდა!
მაგდამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ სულ ოდნავ დაუქნია თავი.

ნოდარმა თავი ჩაღუნა.
გავიდა დათქმული 10 წუთი...…
და რა? რისთვის იყო საჭირო ეს შეხვედრა?! ნუთუ მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაეგონა გადაჭრით ნათქვამი "არა"?!

"ა რ ა !... "
"კი, მაგრამ, რატომ, რა მიზეზით მეუბნებიან უარს მე, ნოდარ ერისთავს? რატომ?! იმიტომ, რომ არსებობს ის ვიღაც გია?... ის გია ხომ მაშინაც არსებობდა, ივნისში, მაგრამ ამას არ შევუჩერებივარ! რატომ, რატომ მეღობება გზაზე ეს ვიღაც უხილავი "გია"? მაგდა ხომ ჩემი ცოლია?! და ბავშვიც ხომ ჩემია?  ჩ ე მ ი !... მაშ, რა ხელი აქვს იმ ვიღაც გიას ჩემს ცოლთან და შვილთან?! რატომ უნდა დავიხიო უკან და გზა დავუთმო იმ... იმ 19 წლის ბიჭს?! ნუთუ იმ გიას უფრო უყვარს მაგდა, ვიდრე მე?.. და თუ უყვარს, - რა უფლებით?!"

ნოდარს ფიქრები აერია.
და უცებ მის გონებაში მისსავე წინააღმდეგ დადგა მეორე ნოდარი, რომელმაც დაუნდობლად შეუტია მას:
"რა უფლებით?... 
შენ რა უფლებით შეგიყვარდა მაგდა, ნოდარ ერისთავო, როცა იცოდი, რომ არსებობდა ის გია, რომლის უხილავი აჩრდილიც ასე გაწამებს და გაწვალებს?!
რა უფლებით მოიტაცე მაგდა, წაიყვანე შენს სახლში და...
რა უფლებით აიძულებ მაგდას, უარი თქვას თავის სიყვარულზე მაშინ, როცა მაგდას ერთი წუთით არ უღალატია თავისი სიყვარულისთვის, ოდნავ გულშიც არ გაუვლია გიას ღალატი?!
და ბოლოს, რატომ არ გინდა დაიჯერო, რომ შეიძლება შენ ბევრად გჯობია კიდეც ის გია, რადგან შენ ვერაფრით დაჩრდილე მაგდას გულში გიას ხატება?!"

- ადექი, ნოდარ, ნუ ხარ დაჩოქილი! - მაგდას ამ სიტყვებმა გამოაფხიზლა საწოლთან ჩაჩოქილი ნოდარი.
- მაგდა...
- გაჩუმდი, ნოდარ!... არაფრის თქმა არ არის საჭირო… მე ყველაფერი გითხარი...
და ერთი თხოვნა მექნება შენთან: არავინ არ უნდა იცოდეს, რომ ეს ბავშვი შენია! მე არაფერი მითქვამს ჩემი მშობლებისთვის...
- მაგრამ მათ მე ვუთხარი ეს... ისინი მე მიცნობენ... და მე მინდა. რომ ჩემი მშობლებიც გიცნობდნენ შენც და ჩვენს შვილსაც. მაგდა, ნუ ჯიუტობ, გთხოვ!!!
- ნოდარ! - ახლა მაგდას თვალებში მხოლოდ ბრაზი გამოკრთოდა, - შენ ვერასოდეს ნახავ შენს შვილს... მე მოვითხოვ ამას!... მე მეგონა, ჩვენ მეგობრებად დავცილდებოდით, მაგრამ ეს შეუძლებელი ყოფილა! წადი, მე დავიღალე!...

მაგდამ თვალები დახუჭა და კედლისკენ იბრუნა პირი.
ამ მოძრაობაზე, უნებლიეთ, მაგდას პერანგის საკინძე გადაეხსნა: ჩაჭრილი გულისპირიდან რძით სავსე ქათქათა ძუძუ ბადრი მთვარესავით ანათებდა. ერთ დროს ნაზი ვარდისფერი კერტი ჩამუქებოდა და გულუხვი მასპინძელივით ელოდა პირველ სტუმარს, - პაწაწინა თეას!
ნოდარს ტანში გააჟრჟოლა, თვალები დახუჭა... ოოო, რა მხურვალედ ჩაკოცნიდა ახლა მისი შვილის ამ ორ გულუხვ მასპინძელს, მაგრამ… მას მხოლოდ ყურება შეეძლო მათი და ისიც მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, ვიდრე მაგდა საკინძეს შეისწორებდა...

ნოდარმა თვალები გაახილა და კვლავ მაგდას მკერდის სითეთრემ მოსტაცა თვალი. სისხლი ტვინში აუვარდა, ჟრჟოლამ აიტანა... მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი... უკვე შეუგნებლად მოქმედებდა: ხელი ასწია და ფრთხილად დაადო გულისპირიდან ცნობისმოყვარე ქალივით გამოჭყეტილ ძუძუზე. შემდეგ ოდნავ ქვევით ჩააცურა ხელი და ძუძუ მუჭში მოიმწყვდია.

მაგდა დაიძაგრა, შემდეგ ერთი ღრმად ამოიკვნესა, სახეზე ხელები აიფარა და მწარედ ატირდა.

ნოდარი უცებ გამოფხიზლდა, დენდაკრულივით სწრაფად აიღო ხელი. მიხვდა, რომ ამდენს ვეღარ გაუძლებდა, იმდენად დიდი იყო ცდუნება, ამიტომ ფრთხილად აკოცა მაგდას ცვილისფერ ხელზე, წამოდგა და უხმოდ დატოვა პალატა. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები