ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
19 ივნისი, 2009


საქარია - 2 (თავი პირველი)


საქარია

რამოდენიმე წლის შემდეგ.

თავი პირველი.

ქამეხის დაბრუნება.



გამოქვაბულში ხუთი შავებში ჩაცმული მამაკაცი იჯდა. ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ. შუაში ცეცხლი ენთოთ, რომელზეც ქვაბი იყო შემოდგმული. ქვაბიდან საშინლად მყრალი სუნი ამოდიოდა. ისედაც ბნელი გამოქვაბულის, კიდევ უფრო ბნელი კუთხიდან ჩუმი ხროტინი ისმოდა.
-ბაყაყის შიგნეული, ხუთი-ექვსი თავკომბალა და ამდენივე ობობა ჩაუმატეთ. ორი წუთი ადუღეთ, გადმოდგით, გააგრილეთ და გადამასხით. ერთი მისხალი ფერფლიც არ უნდა დარჩეს მშრალი. ჩქარა! ჩქარა!-.მეთქი.-შავოსნები წამოხტნენ და დაფაცურდნენ. მხოლოდ ერთი დარჩა ცეცხლთან, არც განძრეულა, ისე გადახედა კუთხეში დაყრილი ფერფლის გროვას და მიმართა:
- შენ გირჩევნია, ხმას დაუწიო, თორემ დარჩები სამუდამოდ ფერფლად. ჩემთან ჯერ ასეთი ტონით არავის ულაპარაკია. ვერავინ გაბედავს რაიმე უბრძანოს ქამეხს. დაიმახსოვრე! ჩემს ხელში ხარ.
- მაპატიე ქამეხ, გავცხარდი. ხომ იცი სიზარმაცეს ვერ ვიტან, შენ კი ამდენი მუქთამჭამელი შემოიკრიბე და გგონია ეგენი დაგეხმარებიან მეფე აბესალის დამარცხებაში. ცდები ქამეხ, ცდები... თუ ვინმე გიშველის, ეს მე ვარ, მხოლოდ მე. ხომ იცი, აბესალი მარტო აღარ არის, მას ექვსი სიძე ჰყავს. ექვსივე საუკეთესო მხედართმთავარია. იანგულიც გაიზარდა, საოცარი ვაჟკაცი დადგა, ოჰ, მაგის სული ჩამაგდებინა ხელში – ჩურჩულით დაასრულა ლაპარაკი ფერფლის გროვამ.
-ჰო, ჰო, ვიცი, მაგრამ არც მე მყავს ნაკლები მეომრები. შენც გამოჯანმრთელდები და მერე ვნახოთ ვინ ვის აჯობებს.
- ამ დროს გამოქვაბულში ორი შავოსანი შემოვიდა, ხელში დიდი ქვაბი ეჭირათ.
- გაგრილდა – მიმართა ერთ-ერთმა ქამეხს და ქვაბი გაუწოდა.
- მიდი დაასხი, ოღონდ ფრთხილად, - შეუღრინა ქამეხმა ისე, რომ არც განძრეულა. შავოსანი მიუახლოვდა ფერფლის გროვას და სითხე ერთიანად გადაასხა.
გამოქვაბულში საშინელი სუნი დადგა, ფერფლიანი სითხე თითქოს ადუღდა, აბუყბუყდა, ნელ-ნელა წამოიმართა, თან იკლაკნებოდა  და რაღაც გაურკვეველ ენაზე ყვიროდა. თანდათან გამოიკვეთა ამაზრზენი შესახედაობის არსება, რომელიც საოცრად ჰგავდა კაცი-გველს, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი შესახედი იყო. თანაც, ხუთის მაგივრად, ცხრა თავი ება.
- მორჩა, დამთავრდა ტყვეობა – ალაპარაკდა კაცი გველი – ცეცხლი ჩააქრეთ, თვალები მტკივა, ისედაც ძალიან განათებულია აქაურობა.
- არა, ჩემო გრძნეულო, ცეცხლს არ ჩავაქრობთ! უნდა მიეჩვიო სინათლეს, ხომ ნახე სიბნელით და სიცივით ვერ დავამარცხეთ ჩვენი მტრები. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ, თანაც სიბნელეში ჩემი ბიჭებიც ვერ ხედავენ – უპასუხა ქამეხმა – თხუნელები ხომ არ არიან!?
- კარგი, სინათლე იყოს, მაგრამ სითბო არ გამაგონო. ჰა, ჰა, ჰა, უკვე მოვიფიქრე. მალე ყველგან სიცივე, თოვლი და ყინვა იქნება. ყველგან, მთელს საქარიაში. არასოდეს დადნება ყინული. ცეცხლს ვერ დაანთებენ, რადგან ხეებიც გაყინული იქნება. აბა, როგორია? – ამაყად გადახედა ქამეხს კაცი-გველმა.
- ჰო, კარგი, კარგი. ძალიანაც ნუ გაშალე ფრთები. სიცივეს ადამიანი უძლებს.
- სიცივეს უძლებს, ყინვას კი ვერა. სამუდამო ყინვას ვერ გაუძლებს. ვერც ბავშვები დაიბადებიან, და თუ დაიბადებიან, იქვე დაიხოცებიან. – არ ცხრებოდა ბოროტი გრძნეული. – ისეთი ყინვა იქნება, მზეც ვერ მოერევა, თვითონაც შესცივა და ჩაქრება. მე მზეს ჩავაქრობ. –
სიხარულისაგან ადგილზე ხტოდა კაცი გველი.
- მზესთან ცოტა ფრთხილად იყავი, იქით არ ჩაგაქროს. – უპასუხა ქამეხმა და ცალყბად ჩაიცინა – ისე, ყინვა მომწონს, მაგრამ სრული გამყინვარებისათვის კარგად უნდა მოვემზადოთ. მე არმიაში ადამიანები მყავს, ისინი კი ყინვაგამძლეები არ არიან.

- ნუ გეშინია, ყინვაგამძლეები არ არიან ეხლა, მაგრამ მალე გახდებიან. მე რომ ელექსირს მივცემ, თითო ყლუპს დალევენ და საკმარისი იქნება, რომ ნებისმიერ ყინვას გაუძლონ, ოღონდ სითბოს უნდა მოერიდონ, თორემ მაშინვე დადნებიან.
- შენ რა თოვლისკაცებად გინდა ჩემი არმია აქციო?
- ჰო, დროებით. ისე შენც მოგიწევს მაგ ელექსირის დალევა, თორემ დაიღუპები. გამარჯვების შემთხვევაში, ელექსირი ძალას დაკარგავს და ყველანი ჩვეულებრივად იცხოვრებთ, გინდა სითბოში და გინდა სიცივეში.
- რომ დავმარცხდეთ? – იკითხა ქამეხმა.
- აა... გეშინია? – ჩაისისინა ბოროტმა გრძნეულმა – სწორია რომ გეშინია. შენი ქალიშვილი ელინი მათ მხარეზეა, სამწუხაროდ, მან ბევრი რამ იცის.
- ჯერ ერთი, ელინი ჩემი ქალიშვილი არ არის. მისი დანახვაც არ მინდა. მიუხედავად ამისა, ხანდახან გული მჩხვლეტს ხოლმე. თვალებში რომ ჩავხედავდი, ვმშვიდდებოდი. ძალიან დამაკლდა მისი წასვლა, ძალიან.
- შენ რა, სიყვარულიც შეგძლებია? – ბოროტად ჩაეცინა კაცი-გველს, უფრო სწორედ, მის ხმაში შური  სჭარბობდა. - შენ ჯობია შენი ვაჟიშვილი ჩამოიყვანო, უკვე დროა მოგეხმაროს. დაბადებისთანავე ისეთ გრძნეულებთან გავგზავნე სასწავლებლად, რომ წინ ვერაფერი აღუდგება, მისთვის სიძნელეები არ არსებობს.
- არა, არა, ის ჯერ პატარაა. დედამისი რომ კვდებოდა, პირობა მივეცი, ჩემს საქმეებში არ ჩავრევ მეთქი. თანაც ელინი თუ გაიგებს რომ ძმა ჰყავს, ყველანაირად ეცდება თავისკენ გადაიბიროს.
- ეგ გამორიცხულია, პირიქით, ქანელი [ასე ერქვა ქამეხის ვაჟს] მოახერხებს თავისი დის დაყოლიებას, რომ ჩვენ დაგვეხმაროს. აი, ნახავ. – არ ცხრებოდა კაცი-გველი.
- ჰო, კარგი, კარგი, მოვიფიქრებ – ჩაილაპარაკა ქამეხმა, - ეხლა დავისვენოთ, მძიმე დღეები გველის. - იგი იქვე კოცონთან წამოწვა, შავი ნაბადი წაიხურა და ფიქრს მისცა თავი.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები