ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: იუმორისტული
26 ივნისი, 2009


ის თავგასიებული მოეთრეს აქ!

60-ანი წლებია.
კომუნისტების დროა, გაქანებული.
ხუთწლედის გეგმას: ოთხში, სამში და კიდევ უფრო სწრაფად ასრულებს გამრჯე და მარჯვე ხალხი.
,,კომუნისტური შრომის დამკვრელ" - ერთ-ერთ ტრესტს, სიპიტო ტორონჯაძე უდგას სათავეში. - რა გინდა ამაზე უფრო დიდი კაცი!
თავს არ ზოგავენ სოციალისტური შრომის ფერხულში ჩაბმული თანამშრომლები ( ცხადია ბატონი სიპიტოს ჩათვლით ) და გარდამავალი  დროშაც, უცვლელადაა დარჭობილი, მმართველის კაბინეტის წითელ კუთხეში.
  სიპიტოც, როგორც მოწინავე საწარმოს ხელმძღვანელი- ხან ქალაქკომშია, ხან პარტიის ცკ-ში და მოსკოვშიც უცვლელად ესწრება სხვადასხვა ყრილობებს.
თავისივე ტრესტის მიერ აშენებულ სახლში, ორი ბინა აქვს ტორონჯაძეს, მესამე სართულზე. ოროთახიანი თავისზე, სამოთახიანი კი სიდედრზე გაფორმებული. გარაჟში გაზიზინებული, ღია კაკაოსფერი გაზ-21 უდგას. შავი - სახელმწიფომ გამოუყო. აგარაკები: ლიძავასა და წყნეთში ( პირველი სიდედრზე, მეორე სიმამრზე გაფორმებული). დედ-მამისეული სახლიც დაანგრია სოფელში და ახალი წამოჭიმა. მარტო ტალავერზე ტონანახევარი ყურძენი მოდის. ბიჭი ისტორიულზე სწავლობს უნივერსიტეტში. გოგო - პედიატრი უნდა გამოვიდეს.
  მოკლედ დიდი დაფასებული, პატივსაცემი და ბუზს, რომ ვერ აუფრენ - ისეთი კაცია ამხანაგი სიპიტო.
  ერთი სადარდებელი აქვს მხოლოდ - ბავშვობიდან გამოყოლილი. თავისი სახელი არ მოსწონს რაღაც.
  პატარაობაში, ოჯახშიც და ახლობლებიც - ,,პიტიეს" ეძახდნენ, მაგრამ 50წელს გადაცილებული კაცისთვის, ეს უარესად ჟღერს, მგონია.
  რა ვიცი რამდენჯერ გადაუკეთ-გადმოუკეთებია  გონებაში თავის სახელი: ,, სიპო", ,,პიტო", ,, სიტო", მაგრამ არა რა, არც ცალცალკე მოსწონს და არც ერთად აღებული.
თანამშრომლებმაც მშვენივრად იცოდნენ უფროსის გასაჭირი და ყველანი ,, დომენტიჩად" მოიხსენიებდნენ.
  ტრესტში, სხვებთან ერთად ორი თანამშრომელი მუშაობდა. ტიტე ჟღენტი და აბესალომ ღლონტი. ერთმანეთზე ,,სასიკვდილოდ" გადაკიდებულ-შეხუმრებული ინჟინრები. ხან რას მოუგონებდნენ და ხან რას მოუწყობდნენ ერთმანეთს.  მერე მიდიოდა ხარხარი...
უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ და ერთმანეთსაც გავდენ საოცრადაც  . ორივე დაბალი იყო,  გამხდარი, წელში მოხრილი, ხუჭუჭა თმა ორივეს კეფაზე ჰქონდა შერჩენილი. განსხვავება ის იყო, რომ აბესალომს დიდი თავი ჰქონდა, ტიტეს კი - აბესალომზე ორჯერ უფრო  დიდი.
  ერთ დღესაც აბესალომმა ცოლი დააწვინა სამშობიაროში.  ქალიშვილის მამა იყო მანამდე. ტიტეც ცხადია გვერდში უდგას ძმაკაცს და აბოლებენ პაპიროსს პაპიროსზე.
  - ღლონტი რომელია?! ღლონტი!- როგორ იქნა გაისმა  ხმა.
- ჩვენ ვართ! - წამოენთენ ტიტე და აბესალომი.
- ბიჭი გყავს... გყავთ, ბიჭი! - საზეიმოდ გამოაცხადა მახარებელმა და ორი გატკიცინებული წითელი თუმნიანიც დამსახურებულად ჩაიცურა ხალათის შიდა ჯიბეში.
  - რას არქმევ ბიჭს? - კოცნა-პროშნისა და ყურის ახევის შემდეგ ეკითხება ტიტე მეგობარს.
  - ეჰ, კვაკვასტინე უნდა დავარქვა. - პასუხობს ნაღვლიანად აბესალომი.
- რაო?!!
  - რა ვქნა, აბა?  ჩემი ცოლის მამიდის ქმარს რქმევია თურმე. ომში დაღუპულა და მის მერე კაცისკენ არ გაუხედავს იმ ქალს.
  ,, რომ მოვკვდები ყველაფერს თქვენ დაგიტოვებთ, ბავშვს, ჩემი ქმრის სახელს თუ დაარქმევთო."
-  სახელის გამო, ორსართულიან სახლზე ვთქვა უარი?
  - უუჰ! ასეთი სისულელე, როგორ იქნება... კაი ახლა, ნუ მოიწყინე! ბიჭი შეგეძინა! სახელს რა ჭკუა აქვს? გაიზრდება და ,,აბესალომიჩს" დაუძახებენ.  - ამშვიდებდა კოლეგას ტიტე და თან გეგმებს აწყობდა, თუ როგორ ამცნობდა ხვალ თანამშრომლებს - კვაკვასტინე აბესალომის ძე ღლონტის ამ ქვეყნად მოვლინების ამბავს.
    აბესალომის გაქილიკება, ცხადია ბატონი სიპიტოს კაბინეტიდან უნდა დაწყებულიყო. ორ კურდღელს დაიჭერდა ერთად. კარგადაც აცინებდა უფროსს და  თავის გასაჭირსაც შეუმსუბუქებდა ,,დომენტიჩს"- შენზე უარესი სახელებიც არსებობსო.
მეორე დღეს, დილის ათ საათზე, მმართველის კარი მოკრძალებით შეაღო ტიტე ჟღენტმა.
- შემოდი ტიტე, შემოდი. რაღაც ცუდად იკრიჭები? არ ეშვები ხომ აბესალომს? კიდევ უწყობ რაღაცას?
- რას ბრძანებთ, ,, დომენტიჩ"! მე ისეთს რას მოვუწყობ, თავისთავს რომ მოუწყო.
- ჰო, რა ქნა ამისთანა?
- ბიჭი შეეძინა.
- უუჰ! ღმერთმა გაუმარჯოს! რა გინდა ამაზე კაი ამბავი?!- გულით გაუხარდა უფროსს.
- კი მაგრამ... გასულელდა მგონია. ისეთი სახელი დაარქვა, რომ...
- რა დაარქვა კაცო ასეთი? - გაუკვირდა მმართველს და თან თავისი სახელი ამოუტივტივდა გონებაში.
- ბავშვს კი არა, ძაღლს რომ არ დაარქმევს - კაცი.
- არ იტყვი რა დაარქვა?! ან რამ დაარქმევინა?
- რა ვიცი, მომწონსო გაიძახის.
- რა ქვია?
- ვერც დავიმახსოვრე ,, დომენტიჩ", ისეთი სულელური სახელია ყურმოკვრითაც არ გამიგია არასოდეს. ვეუბნები: აბესალომ, შენი შვილია, მტრის ხომ არ არის, ასეთი შტერობა როგორ უნდა დაარქვა ბავშვს?
- რაო, მერე?
- რას ამბობ, მშვენიერი სახელია. ის კი არა,  გოგოსაც უნდა გადავარქვა და ეს სახელი დავარქვაო.
- ქალს, კაცის სახელი როგორ უნდა დაარქვას? - იტყუები რაღაცას?!
- რას ბრძანებთ ,, დომენტიჩ", რას ქვია ვიტყუები. აი, ხომ არის ვიქტორია და ვიქტორი, ევგენია და ევგენი. აა, ასე აპირებს.
- რა დაარქვა კაცო? - ეშხში შევიდა სიპიტო ტორონჯაძე.
- ვერ დავიმახსოვრე ,, დომენტიჩ,,. ასეთი შტერობა არც კაცზე გამიგია და არც ძაღლზე.  გულით რომ ეცადო, ვერ მოიგონებ ასეთ სისულელეს. მოვიყვან და თავად გეტყვით რაც დაარქვა.
  ტიტეს დატოვებული სკამი ხუთ წუთში აბესალომმა დაიკავა.
- გილოცავ, ჩემო აბესალომ! ძაან გამიხარდა შენი ამბავი. ვიცოდი როგორ გინდოდა ბიჭი! გილოცავ! რა დაარქვი? - შეეგება შემოსულს ,,დომენტიჩი" და უცნაური ჯერ არ სმენილი სახელის გაგონების მოლოდინში სახეზე ეშმაკური ღიმილი აელიცლაცა.
  - დიდი მადლობა ,,დომენტიჩ". რა დავარქვი და ... ჯერ ცოლმაც არ იცის. ტიტე ჟღენტს გამოვუტყდი მხოლოდ და ახლა თქვენ გეუბნებით. ბიჭს, თქვენ საპატივცემულოდ -სიპიტო დავარქვი.
  ცისარტყელას ყველა ფერი მიმდევრობით გადათამაშდა სიპიტო ტორონჯაძეს სახეზე.
 
- ბიჭის ფეშქაშად, ააა, შენ ასი  მანეთი. ახლა წადი და ის თავგასიებული მოეთრეს აქ!!! მაგას ვაჩვენებ, მე შტერულ და ძაღლის სახელს!!!
მთელი ეს სცენარი, თავიდან ბოლომდე მაშინ დააწყო გონებაში  აბესალომ ღლონტმა,  მახარობელისგან - ,, ბიჭი გყავსო!" - რომ მოისმინა.
სინამდვილეში ბავშვს, დაბადებისთანავე დავითი დაარქვეს.
 
                                                      * * *

 
    ბოლო მინაწერი
                     

  ამ საიტზე გამოქვეყნებულ ერთ, არც თუ ისე მარჯვე ნაწარმოებს ვკითხულობდი, მეგობართან ერთად და თან ვღადაობდი.
- შაყირი ადვილია, შენ დაწერე აბა, რამეო- მეუბნება.
- ამაზე ათასჯერ უკეთესი- ბიძინასა აქვს ბავშვობაში დაწერილი და...
  ( ერთი, ფრიად რითმიან -რიტმიანი, ღრმა შინაარსობრივი და გასაოცარი ტკივილით აღსავსე ლექსი ჰქონდა ჩვენს ძმაკაცს ბიძინა ბ.-ს მესამე-მეოთხე კლასში დაწერილი:
    ,, იულიუსს ჰყავს მრავალი ჯარი !
      -  სპარტაკას უთხრა გლადიატორმა.
      მივედი სახლში, გავაღე კარი,
      -წყალი გაასხა რადიატორმა").
  ...მე ახლა, ამხელა კაცი როგორ ვერ დავწერ - მეთქი. - უკან არ დავიხიე. არა და მანამდე - სამსახურში განცხადებების და ბავშვობაში - მილიციაში ჩამორთმეული ახსნა-განმარტებების გარდა, არ მქონდა არაფერი დაწერილი.
მოკლედ: შევძლებ - ვერ შეძლებში დავწერე ესენი, რაც აქამდე წაიკითხეთ.
  კაცია მაჭუტაძეს უთქვამს: რაც არ არის ძამა შენი საქმე, არც უნდა დააპირო და არც უნდა ეცადოო.
  ჭკვიანი კაცი იყო კაცია.
  მე დავაპირე და ვცადე კიდეც. რაც გამოვიდა ამ საქმიდან, თქვენთვის მომინდვია.ისე, ჩემი აქ ყოფნა -არ ყოფნით ქართულ სიტყვაკაზმულობას, რომ არც არაფერი დააკლდება და მით უფრო არ შეემატება, ჩემდა საბედნიეროდ ვიცი მე.
    არც პოეტობა მიფიქრია და არც მწერლობა მომდომებია, არასოდეს.
  ძმაკაცთან კამათის გამო მოვხვდი ამ გაუგებრობაში.
    ახლა კი გემშვიდობებით და ყველას წარმატებებს გისურვებთ!
                                                                                                                          მეტს აღარ შეგაწყენთ ( ასე მგონია).


                                                                                                            პატივისცემით:    ჰა-რა-ლე
 




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები