ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
26 ივნისი, 2009


ბეწვის ხიდზე თურმე უკვე გადავიარეთ....

1. 1986 წლის 9 სექტემბრის ლექსი ოცნების სახლზე

ოდესმე თეთრი მექნება სახლი,
თეთრ ტერასაზე თეთრი ვარდებით,
და როცა ჩემთან სტუმრად მოხვალ,
თეთრ ხალიჩაზე გადავირბენ თეთრი ქოშებით,
შეგეგებები... გაგიღიმებ თეთრი ღიმილით.
თეთრ იასამნებს, შენს მორთმეულს,
თეთრ ლარნაკებში ჩავალაგებ...
მერე კი დაგსვამ თეთრ სუფრასთან,
თეთრ ღვინოს გასმევ,
და თეთრ ოცნებებს დავედევნებით.
ოდესმე თეთრი მექნება სახლი,
მორთული მხოლოდ თეთრი გვირილით,
თეთრ იასამნებს ვახარებ ბაღში,
ყველას შევხვდები თეთრი ღიმილით.

2. წერილი თეთრი სახლის სტუმარს 23 წლის შემდეგ....

ბეწვის ხიდი გაქვს გასავლელი იმ ოცნების სახლამდე რომ მიხვიდე...ბეწვის ხიდი.....
იქ მხოლოდ თეთრი ფერის საოცარი კედლებია, ნაგვირილარ- ნაგვირისტალი, გახსოვს, ეს ლექსი ამ სახლზე ჯერ მაშინ დავწერე, სულ რომ არ გიცნობდი...

ოდესმე თეთრი მექნება სახლი...თეთრ ტერასაზე თეთრი ვარდებითო და ა.შ. და ა. შ.

მერე...მერე ყველაფერი ბნელი ხანის ნისლივით გაიწელა...  უჟამობის ჟამში ჩაიძირა...
იქ დაკარგული თაობის მიღმა...

სულ სხვისათვის გვამზადებდნენ და ერთ დღესაც სხვა ჟამში გავიღვიძეთ...

იმ ზღაპრის  ვაჟივით, უკვდავებას რომ დაეძებდა და... ყველაფერი რომ უკვე დასრულებული დახვდა... უცხოვრებოდ რომ დარჩა... თავისთვის ნაპარი დროც რომ გაჰპარვოდა....და დარჩა  ფრინველის სკორეთი სავსე  უძირო ორმოს წინ.... ამ ორმოს კი რარიგ გაურბოდა....

დაკარგული თაობის ნატკბობი ხიბლი...
გაბრაზების რა დიდი ხარისხი და უფლება გვაქვს, თითქოს..... და რა მცირე დროა დარჩენილი ამ ბრაზების წასალეკად და რაღაცის საქმნელად....

ბეწვის ხიდი?.... გასავლელია თუ ?... არ ვიცი...

იმ საოცარი სახლის ფანჯრიდან გუშინ ჩვენი ვაჟი იღიმებოდა და ხელს მიქნევდა...
ანუ ბეწვის ხიდიც გადავიარეთ და იმ სახლშიც ვიცხოვრეთ... და არ ვიცოდით, თუ..... როგორ?.....

ეჰ, რა ვიცი.... მე კი ველი ჩვენი ბათურა-ძაღლი როგორ შეჰყეფს, ბუთქუნა კუდის ქიცინით როგორ შეგეგებება და ალერსით შემოგაცქერდება...
მე კი...კვლავ თეთრქოშიანი გადავირბენ თეთრ ხალიჩებს და თეთრი იასამნების თაიგულსა და შენს ღიმილში ჩავიძირები...
ჩვენი ბიჭი ჯოხ-ცხენის ჭენებით გარს შემოგვირბენს...
კნაჭა გოგო კი ასკინკილით ჩამოათავებს ტერასის კიბეებს...მამიკო და მამიკოო.....

ეს ყველაფერი უკვე გვიცხოვრია...სიზმარივით გადაიფურცლა წლები...

ჩვენი, ახლა უკვე სტუდენტი, ვაჟი რაღაცას გიმტკიცებს გატაცებით და ჩემსავით სულ წერს... 
და გოგონა კი.... კომპის კლვიშებზე დახტის ტერასის კიბეების ნაცვლად.... და რაღაცას შენსავით ხატავს....
 
დრო კი... რასაც გაგვიმზადებს იმ საოცნებო სახლის თეთრ ტერასაზე მაინც მოვხვდები, ვიცი... ბეწვის ხიდის გადავლაც რომ დამჭირდეს...
და რაც გინდა დაკარგული და გაუსაძლისი მომეჩვენოს ჩვენი ცხოვრება....

ჰო,... ჩვენ სულ სხვასთვის გვამზადებდნენ და სხვა დროში გაგვეღვიძა ...
მაგრამ დაკარგული თაობის ხიბლით მაინც არ დავიბანგებით...

თურმე ჩვენი  ბეწვის ხიდი უკვე გადავიარეთ უჟამობისას და .....
ოცნების სახლში კი თეთრი გვირილები ახლაც მიღიმიან.... იცი?....
                                                                                                                      25 ივნისი 2009 წელი.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები