ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


სამსახოვანი ჩემი მთვარე

სახე პირველი

დღეს მთვარე,
როგორც გულმხურვალე მლოცველი  ერთი,
ობოლი?..... თუ  პირზე ღრუბელაფარებული,
ჩრდილნახულ  ცაზე,
ვარსკვლავ- მორთული მოსასხამით,
მარტოდ შთენილი,
არ მიყოფდა არც ცას, არც მიწას...
და ეს მთა წმინდაც,
პოეტების მუზა-ნაცადი,
შუბლდაღარული,
სულ ღიმილად რატომ გაბრწყინდა?!....
რა მოიხილა, რა ეზმანა?....
ისევ წარსული?....
თუ მომავლის სურათს იწვდენდა,
თავად მარად  მიუღწეველი.....

სახე მეორე

დღეს მთვარე....
როგორ... ისევ მთვარე?...
შემეშვი რა....
აღარ მოგწყინდა?!...
და მერე მთვარეს...
ცალი მხარე  ჩამოვათალე....
რადგანაც მთლიანს სულ მზე კოცნიდა....
დავიღალე....
ძველიც...ახალიც....
გაიტანეთ ეს ბადრი მთვარე!
გა-ი-ტა- ნეთ!....
უმთვარო ღამე...
ნაქები მთა და ცა მღელვარე.....
აღარ ვხატე...
მუზაც შევშალე...
მთვარეს ვაფარე მუზარადი,
ცა საბნად ვშალე...
წავიფარე....
სიზმარ-დაბმული
ძილი მოვიდა....

სახე მესამე

გამებუტა ნათალი მთვარე...
მაცალე!... მალე დაინანებ....
და როცა შემკრთალს ალიონზე გამომეღვიძა,
აღარც მთვარე...და არც მთა წმინდა...
არც ძველი მუზა, მოცახცახე....
მხოლოდ წმინდა ბელეტრისტიკა:
ქურაზე ყავით.... მაკიაჟით...
კიბის ჩქარი საფეხურებით...
და გადარბენით...მზე-ნახები,
მასაც  დრო მიაქვს...

დღეს მთვარე....
ნეტა, რა მოგივიდა... ვერა ხედავ?!...
სამსახურში დავაგვიანე.....
                                              1 ივლისი 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები