 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 1 ოქტომბერი, 2009 |
ეს ნოველა 2-3 თვის წინ მედო საიტზე. მაგრამ კალენდარს თუ გავითვალისწინებთ, ახლა უფრო შეეფერება. ამიტომაც გავკადნიერდი და გავიმეორე. მეტისმეტად ნუ დამძრახავთ.
სკოლის სახურავს ქვემოთ, კედელზე, ერთ ძველ წარწერას მოვკარი თვალი. რა, როგორ იყო, არ ვიცი. მაგრამ მე ასე წარმოვიდგინე.
* * *
ფრჩხილებამდე დაყვანილი სიგარეტი კარლომ საფერფლეში ჩასრისა და მავედრებელი მზერა, უკვე მერამდენედ, ტელეფონს მიაპყრო. ტელეფონი დუმდა. წამოდგა. აიღო ყურმილი. - ტუუუ! - მოესმა ნაცნობი ხმა. მუშაობდა, მაგრამ რად გინდა... სიგარეტის ახალი ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან, მოუკიდა და ტახტის ზუსტად ის ნაწილი შეავსო, მისი მწოლიარე სხეულის კვალი ჯერ კიდევ რომ შერჩენოდა. ფანჯარას გახედა. ციდან ფანტელებად სიბერე ჩამოდიოდა. თოვდა ხვავრიელად. თბილისში იშვიათად რომ იცის ისე. ,, ...ავთ ახალ წელს!!!" - მოსჩანდა ფანჯარაში ნეონის ნათურებით განათებული წარწერა. 8-ჯერ ჩამოჰკრა, ვივიენ ლის და სოფი ლორენის ფოტოებს შორის ჩაჭედილმა, ძველმა, გერმანულმა საათმა. - ტლიმ -ტლოომ, ტლიმ -ტლოომ, ტლიმ-ტლოომ...- აჰყვა კარლო, ჯერჯერობით ერთადერთ ხმისგამომცემელს სახლში. წამოდგა. ფანჯარას მიუახლოვდა და ქუჩაში გადაიხედა. უხდებოდა თოვლი, ახალი წლის მომლოდინე თბილისს. * * *
- დე! ცოტა გოზინაყს შევჭამთ რა! - ვჭამოთ დედა? - იგივე თხოვნა-კითხვა გაიმეორა შედარებით წვრილმა ხმამ. - რაღა ცოტას?! ერთი თეფში გაგითავებიათ უკვე! სული, ცხვირში გაქვთ რა! - გაბრაზდა სამზარეულოდან სასტუმრო ოთახში შემოსული, საცივით ხელდამშვენებული ნანიტა, საკმაოდ მოზრდილ თეფშზე, გოზინაყის ნაცვლად, აქა-იქ შერჩენილ თაფლსღა რომ მოჰკრა თვალი. - კარგი რა, დე! რამდენი აწყვია აქ კიდევ, ესენი რა, არ ითვლება? - დედიკო, მართლა ძალიან ბევრია, ყველას ეყოფა! - იხტიბარს არ იტეხდენ 8 წლის დათუნა და 6 წლის ნუციკო, დედის გულის მოლბობის იმედით, მყარად რომ აკვროდნენ განჯინას, სადაც სასურველი გოზინაყი ეგულებოდათ.. - ახლა, არ ამაყვიროთ! - იმ დონემდე ასწია ხმა ნანიტამ, რომ ბავშვებმა იძულების წესით დატოვეს არჩეული პოზიცია. დიასახლისმა საახალწლო სუფრას გადახედა. ქართული პური და ყველი არის. გოჭი, ქათამი, ღორის ხორცი მოხარშული, ფხალეული, სალათი... ღვინო, ლიმონათი, ბორჯომი და ნამცხვრები აივანზეა... ხაჭაპური, ხორცის ღვეზელი, ესეც საცივი. ხილი და ტკბილეული, გოზინაყთან ერთად განჯინაშია. გასაღები - ხალათის ჯიბეში. ერთ-ორ საათში ღომსაც ჩაზელს და სტუმრების გარდა არაფერი აკლია სუფრას. - კმაყოფილია თავის ნახელავით ნანიტა. - უი! - გაახსენდა უცებ - დათუნა, მათხოვრობას გირჩევნია მაღაზიაში ჩახვიდე და შაქარი ამოიტანო.
* * * ყველას სადღაც მიეჩქარება. თუმცა რა სადღაც? - სახლებში. ახალი წელი კარსაა მომდგარი. ქუჩაც, შეძლებისდაგვარად გამოიყურება საზეიმოდ. ნაძვის ხეები, სხვადასხვა ფერის ნათურებით და სათამაშოებით მოურთავთ, მაღაზიების ვიტრინები-აშკარად ერთი ხელის მიერ შესრულებული თოვლის პაპებით და ფიფქიებით. ქუჩის მოპირდაპირე მხარეებზე მდგარ ლამპიონებზე გადაჭიმული პლაკატებიდანაც ულოცავენ მოსახლეობას, ახალ წელს. ხალხის სიმრავლე მხოლოდ სასურსათო მაღაზიასთან და ავტობუსის გაჩერებაზე შეიმჩნევა. მაღაზიის კართან გაწოლილ ყვითელ ძაღლს - ,,ბორმანას" არ მიეჩქარება არსად და ორ ყვავს, მობუზულები რომ შემომსხდარან დათოვლილი ჭადრის ტოტზე. კარლოსაც არ ეჩქარება, თუმცა ,,ბორმანასა" და ყვავებისგან განსხვავებით - სახლშია და მათ ყურებაში გაჰყავს დრო. აი, ავტობუსმაც ჩამოიარა და სამი ქალი და ნაძვისხიანი კაცი გაიყოლა. კარლომ ჯიბეში ჩაიყო ხელი. - თორმეტი მანეთი. პური, ცოტა ყველი, ,,დოკტორსკი", ორი ბოთლი ღვინო, ჩაი, სიგარეტი, ზემოდანაც ერთი ბოთლი ლიმონათი. ბოლო-ბოლო ახალი წელია მამაძალი. - ჩაილაპარაკა თავისთვის . - ყველაფერს ეყოფა, ,, დაჟე" ხურდაც დამრჩება. - პალტო მხრებზე მოიგდო, კიდევ ერთხელ გახედა მდუმარე ტელეფონს და კარი გაიჯახუნა. - დამდეგ ახალ წელს გილოცავთ კარლო ბიძია! - შემოესმა კიბეზე ბავშვის ხმა. - ვაჰ! დათუჩ, შენა?! შენც გილოცავ ,,იუზგარ"! ვაა, ეს რა მომსვლია, ბიჭო? შოკოლადი სახლში დამრჩენია! ჯიბეების მოქექვის შემდეგ თქვა, დამწუხრებულმა კარლომ. არა და სასწაული იქნებოდა, მართლაც რომ ამოეღო პალტოს ჯიბიდან შოკოლადი. - სად მიდიხარ დათუჩ, ნაშებში? - ნაშებში არააა, - დაიმორცხვა ბიჭმა - დედამ, შაქარი მოიტანეო. - იტოგში, მაინც ტკბილ საქმეზე მიდიხარ-რა. დაამშვიდა მეზობლის ბავშვი. - ერთად წავიდეთ. მეც იქით მივდივარ. მაღაზიისკენ მიმავალ გზას, ერთად გაუყვნენ 30-32 წლის, მაღალი, გამხდარი მამაკაცი და ბუთქუნა, პატარა - დათუჩა. - ხელი მომკიდე, მაგარი მოლიპულია. - ჩამოხედა კარლომ, თანამგზავრს. - არ მინდა კარლო ბიძია, ახალი ,,ტრაქტორები" მაცვია, არ მიცურავს ფეხი. - შენ კი, მაგრამ მე? ხედავ რა ,,ლისია"? მიმიქარავს მამაშენის თავი - ფეხსაცმლის ლანჩა დაანახა კარლომ ბავშვს, აქაოდა, შენ კი არა, ,,მე" მჭირდება დახმარებაო. დათუჩამ ხელი ჩაბღუჯა, მეზობელს. - რა ნიშნები გამოგყვა დათუჩ?- დაინტერესდა კარლო, მეზობლის ბავშვის სწავლა-განათლების მიღწევებით. - სულ ხუთები!!! - არააა? - შეეპარა ეჭვი, თანამგზავრის ფრიადოსნობაში, კარლოს. - ნუ... ორი ოთხიც. - გამოტყდა ტყუილში დაჭერილი ,,ფრიადოსანი". - რაში? - ართმეტიკასა და ქართულში. - მა, ხუთები რაში გყავს, ძმაკაც? ფიზკულტურასა და ჭამა-ყლაპვაში? - ჭამა-ყლაპვას არ გვასწავლიან სკოლაში. - გაეღიმა დათუჩას. - რა მურტალია, ტო! რაც მაგრა იცის კაცმა, იმას არ ასწავლიან, ჯინაზე! - აღშფოთდა კარლო, განათლების სისტემის უსამართლობით. - ისე, მაგარი იქნებოდა არა ძმაო, დედაშენი ინგლისურის და პიანინოს, მაგივრად ჭამა-ყლაპვის მასწავლებელთან გატარებდა. საშინაო დავალებებსაც, სულ ლიწინ-ლიწინით შეასრულებდი. ასე, ლაპარაკ-ლაპარაკით მიადგნენ მაღაზიას მეზობლები. - ,, ს ნოვიმ გოდამ!" ზინაჯან! - როგორ ხარ? - მიესალმა ნოქარს. - ,,ს ნოვიმ სჩასტიემ"! კარლოჯან! სამ კაკ, პაჟივაიეშ?- მიიღო პასუხად. - ,,კამაც-კამაც კრასავიცა". - სიგარეტი? - სიგარეტიც ზინაჯან, შაქარი, ორი ბოთლი ,,კახეთი",ლიმონათი, ნახევარი კილო ,,დოკტორსკი", მაგდენივეც ორმანეთიანი ყველი, პური, ჩაი და ზემოდანაც, ორი ,,პლიტკა" შოკოლადი. - ჩამოთვალა კარლომ და გამყიდველს თორმეტი მანეთი გაუწოდა. - ჰო, მართლა, ყველი და "კალბასი" დამიჭერი ზინაჯან, აბა, მე ახლა მაგისთვის მცალია, ათასი საქმე მაქვს. გამყიდველმა, დახლზე დააწყო შეკვეთილი საქონელი, აწონ-დაწონა, ასაწონ - დასაჭრელი, აწკაპუნა საანგარიშო კოჭები და: - ვაა, რა ,,ტოჩნი"დათვლა გცოდნია, კარლო-ჯან - გაუკვირდა, ნავაჭრმა თანხამ ზუსტად 12 მანეთი რომ შეადგინა. - ვაა, ეს მე კი არა, შენ გცოდნია ,,ტოჩნად" გამოყვანა, ზინაჯან, თორემ ჩემი ,,ტოჩნი" დათვლით, ხურდაც მეკუთვნის. ,,ეს ვოჩ მი ბან, ცავატანემ" - ეგ არაფერი გენაცვალე, ახალი წლის ფეშქეში იყოს, ეს ,,პლიტკაც" ბავშვებს ჩემი სახელით მიუტანე. ეს შოკოლადი კი შენ დათო, ახალ წელს გილოცავ და ასე ტკბილად დამიბერდი! შაქარიც გამომართვი. - მადლობა, კარლო ბიძია! - ესიამოვნა დათუნას საჩუქარი და შაქრის საყიდლად გამოტანებული მანეთიანი, კარლოს გაუწოდა. - რას შვები ბიჭო? არ გრცხვენია? ჩაიდე ჯიბეში, ოღონდ ნანიტას არ უთხრა. ჩემხელა რომ გახდები, მერე დამიბრუნე -გესმის იუზგარ?
* * *
- თემო, არ მოდიხარ სახლში? სტუმრები მოვლენ სადაცაა? რა სამუშაო აგიტყდა 31 დეკემბერს? რაო? მალე? გელოდებით! არა, გვაქვს ყველაფერი. - ნანიტამ ყურმილი დადო. ქმარს ელაპარაკა. იგვიანებდა კაცი. - დე! შაქარი მოვიტანე! ნახე, კარლო ძიამ ახალი წელი მომილოცა!!! - ქოთქოთით შევარდა დათუნა სახლში და დედას მეზობლის ნაყიდი შოკოლადის ფილა დაანახა. - შოკოლადი გაკლდა შენ! მამას არ უთხრა, თორემ გაგლახავს. ხომ იცი, ტკბილეულსაც გიკრძალავს და არც ის შენი კარლო ეხატება გულზე. - რატომ დე? რატომ არ ეხატება გულზე? - რა ვიცი?.. ისე რა გაქვს საერთო, მამაშენის ხნის კაცთთან? - თვალებში ჩახედა დედამ შვილს. - ჩემი ძმაკაცია, ვა! - ახსა დათუნამ მეზობელთან ხშირი ურთიერთობის მიზეზი. - ძმაკაცი არა ის!.. შენ ოღონდ ვინმემ, რამე გაჭამოს და... - ჩაერთო პოლემიკაში ნუციკო. - მერე გიკვირს რათა მცემო!!! არა ხარ ახლა ღირსი?! ნანიტა მიხვდა სადამდეც მივიდოდა და-ძმის დიალოგი, და: - აბა შეწყიტეთ ორივემ! ახალ წელს მაინც ნუ დახოცავთ ერთმანეთს! - და-ძმას შორის, იძულებითი, დროებითი ზავი ჩამოვარდა. * * * კარლომ ნავაჭრი, სასტუმრო ოთახში, მაგიდაზე დააწყო. განჯინიდან, ყოველშემთხვევისთვის, ორი თეფში, იმდენივე ჭიქა გამოიღო და მათაც თავიანთი ადგილები მიუჩინა სუფრაზე. თითო ნაჭერი ძეხვი და ყველი აიღო და უგემურად დაუწყო ღმურძვლა. ტლიმ-ტლომ, ტლიმ- ტლომ... ცხრა საათის შესრულება ამცნო საათმა. ტელეფონი კვლავ ჯიუტად დუმდა. ტელევიზორი ხომ არ ჩავრთოო, გაიფიქრა კარლომ, მაგრამ ისევ ფანჯრიდან ქალაქის ცქერა ამჯობინა. ქუჩაში კიდევ უფრო შემცირებულიყო ხალხის ნაკადი. მაღაზიაც საცაა დაიკეტებოდა და ,,ბორმანაც"მალე დაიწყებდა, მხოლოდ მისთვის ცნობილ, უფრო თბილ ადგილზე გასაძურწად სამზადისს. ტელეფონის ჯიხურთან თოვლის პაპას მოჰკრა თვალი, შარვლის ჯიბეებს გამწარებული რომ იქექავდა. ეტყობა დარეკვა უნდოდა და არ ჰქონდა 2კაპიკიანი. არადა, გამვლელებისთვის თხოვნაც ეუხერხულებოდა, როგორია, ახალ წელს, თოვლის ბაბუამ, იმის მაგივრად, საჩუქარი მოგცეს, 2 კაპიკი მომეციო, გთხოვს . კარლოს გაეცინა და ბავშვობის დროინდელი ახალი წლები გაახსენდა. როგორ ელოდა, ხოლმე თოვლის ბაბუის მოსვლას...თითქმის მთელი ღამე თვალს არ ხუჭავდა, მაგრამ რად გინდა? არ იქნა და არა, ვერაფრით ვერ გაარტყა... საკმარისი იყო ჩაძინებოდა და მაინცდამაინც მაშინ მოვიდოდა ის დალოცვილი, ამოუდებდა ბალიშის ქვეშ საჩუქარს და იალაა, ეგრევე სხვა ბავშვებთან. გვარიანად შეციებული თოვლის ბაბუა შეეცოდა კარლოს. ჭიქის მიჭახუნებაც მოუნდა მასთან . გამოაღო ფანჯარა და: - ეეე, ჩემი ძმა!!!. მეგობარო!!!. აქეთ გამოიხედე!.. იუზგარ, ზევით, ზევით!.. ჰო, მე გეძახი. ამო, ტელეფონზე დაგარეკინებ!.. ჩასძახა, უკვე სიცივისგან, ცალ ფეხზე აცეკვებულ თოვლის პაპას. - ვაა, კარლო?! სახლში ხარ? ახლავე ამოვალ ბიჭო გავიყინე ხო იცი?! - გაისმა ქვემოდან აშკარად კმაყოფილი ხმა. - რომელი ხარ ბიჭო, ვერ გიცანი? სახლისკენ, ლამის სირბილით წამოსულმა თოვლის პაპამ, სალამის ნიშნად ხელი აუწია კარლოს და ხმაამოუღებლად შევარდა სადარბაზოში. სწორედ ამ დროს მანქანაც გაჩერდა. თემო გადმოვიდა მანქანიდან, ნანიტას მეუღლე და დათუნას მამა. - ს ნოვიმ გოდამ, თემო! - გადასძახა მეზობელს, კარლომ. თემომ, ვერ გაიგო თუ არ გაიგო საახალწო მილოცვა, ვერაფერს გეტყვით, თავაუღებლად კი შევიდა სადარბაზოში. მალე, ზარის ხმაც გაისმა. კარლომ კარი გააღო. ზღურბლთან თოვლის ბაბუის ფორმაში გამოწყობილი და ბამბის წვერ-ულვაშაყრილი მურთაზი იდგა. - ვააჰ, მურთიკ შეენ ტო?! თოვლის ბაბუობა დაიწყე შე ჩემა?! შემო ბიჭო, შემო! მაგარი ხარ რა! მაგარი! - გულით გაეცინა მასპინძელს და სტუმარს ბინაში შეუძღვა. - ეჰ, რა ვქნა კარლო, ,,ნე ოტ ხაროშეი ჟიზნი", როგორც გიჭირდეს ისე გილხინდესო - ხომ გაგიგია? ბედნიერ დამდეგს გისურვებ, ძმაო! არაყი არა გაქვს, გავიყინე, მაგის დედა ვატირე. -არაყი არა, ღვინო მაქვს და დავლიოთ. მანამდე კი თუ გცივა მიდი და რადიატორს მიადე ტრაკი. კალბასი მაქვს, ყველი, პური. ჩაისაც დაგალევინებ. მეტი რა გინდა? დავჯდეთ და შევუბეროთ. - არა, ბიჭო. შესაბერად სად მცალია, დღეს 11 ოჯახში ვარ მისასვლელი. აქ დაბლა ერთს ველოდები, საჩუქარი უნდა მოეტანა, რომ მერე მაგის ბავშვს გადავცე. იგვიანებს ის ჩემისა, გამყინა ტო, დავურეკავ, გავიგებ როდის მოვა. - მიდი, მიდი დარეკე. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია კარლომ და ღვინის ჭიქებში ჩამოსხმას შეუდგა. სანამ უბნელი ტელეფონზე საუბარს მორჩებოდა, თითო-თითო ბუტერბროდიც გაამზადა. - მორჩი? მოდი, დაილოცე! კეთილი ახალი წლის დადგომა შესთხოვეს უფალს ბიჭებმა და ღვინოც გადაჰკრეს. - თითოც დავარტყათ? - შესთავაზა მასპინძელმა. სტუმრის დაყაბულებასაც არ დასჭირვებია დიდი დრო. მეორეს მალე მესამეც მოჰყვა. - მოყევი ერთი სად და რისთვის გააჩალიჩე ეს ,,ძედ მაროზობა". მაყუთი გჭირდება, მურთიკ? - ფული ყველას სჭირდება კარლუშ და რა გასაკვირია მეც დამჭირდეს?.. ხელფასი 165 მანეთი მაქვს, ძმაო. ქალი არ მუშაობს. ბავშვებს მიხედვა ხომ უნდა? აჰა, აი ახლა არდადეგებია, ერთხელ მაინც ხომ უნდა გავუშვა ბავშვები ბაკურიანში? საიდან? ჩემი ხელფასი ეყოფა, ძმაო ამას?.. 300 მანეთი ვისესხე. ცოლს მივეცი, ჩავსვი ელექტრიჩკაში და ბაკურიანში გავუშვი ბავშვებთან ერთად. ვალს დაბრუნება ხომ უნდა ? საიდან?.. გაზეთში განცხადება წავიკითხე და... თოვლის პაპა გავხდი რა, იტოგში... ეგ არი და ეგ. თითო მისვლაზე, ჩემწილად 4 მანეთი მრჩება. რა ვქნა ძმაო? მოპარვა მე არ შემიძლია და... ან, რა უნდა მოვიპარო? შენთვის უფრო ადვილია ძმაო, ოჯახი არ გყავს და არაფერი, ჩემთვის... ისე, არ აპირებ ბიჭო, ცოლის შერთვას? მიდი შე ჩემა, სანამ ბავშვის გაკეთება შეგიძლია, მოიყვანე. თუ, სხვას გინდა მერე, რომ აკეთებინო? იმასხრა სტუმარმა. - ეე, ბებიაშენისა! შენ რომ ადრე მოიყვანე, იმიტომ არიან ბავშვები შენი გაკეთებულები, აი! ეგრე გეგონოს, ისემც გიცხონდა, პაპაშენი ფირუზა. - მასხრობას, მასხრობითვე უპასუხა კარლომ. - მოიყვანე მართლა ვინმე, ბიჭო. ბერდები უკვე, არ არის დრო? - ...და მერე ორმა თოვლის ბაბუამ ერთად ვირბინოთ არა?- ჩაეცინა კარლოს. მაიცა რა მურთიკ, ცოლი არა, კიტრი. - გახსოვს, როგორ გიყვარდა? თან რამდენი ხანი? რამდენჯერ მოგხვედრია, მაგის გამო? რა არის არა ბავშვობა, მაგის დედა ვატირე. - მე რა ნაკლებს ვურტყამდი? თუმცა მართალი ხარ 2-3 ჯერ მეც მაგრა გავილახე. - რატომ არ მოიყვანე, ბიჭო? უარი გითხრა? - არა, რა უარი... არც მითქვამს მიყვარხარო... ვერ ვუბედავდი. - რა თქმა გინდოდა, მთელმა უბანმა იცოდა? - ჰო, რავი აბა... ეტყობა მაინც საჭირო იყო. - რომ ნახე გათხოვებას აპირებდა, მაშინ რატომ არ ქენი არაფერი? იმ კლიენტს ისე გავლახავდით, ჩემ ფეხებს შემოვიდოდა უბანში? - ჯარში ვიყავი, არ გახსოვს შე ჩემა?! - ააა, ხოო, ახლა გამახსენდა... ისე, კიდევ გიყვარს, არა? - მიყვარს, არაა ბიჭო!.. ,,ჩორტ ივო ზნაეტ", შეიძლება... - გიყვარს, გიყვარს შე ჩათლახო, საქმეც ეგაა... მოდი სიყვარულს გაუმარჯოს და წავედი მე. - გაუმარჯოს. - უხმოდ ჩაცალეს ჭიქები.
* * *
- მამა მოვიდა!!! მამა მოვიდა!!! - სიხარულის ყიჟინა დასცხეს დათუნამ და ნუციკომ, კარი რომ გაიღო და კორიდორში თემო შემოვიდა. -ჰო, კარგი, დაწყნარდით ბავშვებო, რა ამბავში ხართ! დიდი ხანია არ გინახივართ თუ, რა?! - ღიმილით გაუწყრა შვილებს, სამსახურიდან დაბრუნებული მამა. - ნანიტა! სტუმრებს ხომ არ დაურეკავთ? მოვლენ დროზე?! - არა, არ დაურეკავთ, მოვლენ აბა რას იზამენ. დროზე კი რა მოგახსენო, ხომ იცი რა დღეა, ყველასთან მიდის სტუმარი. გამოიცვალე, მოშინაურდი, თუ ასე ჰალსტუხით აპირებ სუფრასთან ჯდომას? - არა კაცო, რა ჰალსტუხი... თუმცა, ვნახოთ სტუმრები როგორ იქნებიან გამოწყობილნი. დავიდოვიჩი თუ კოსტუმით და ჰალსტუხით მოვიდა, მე პიჟამით ხომ არ დავხვდები? - პიჟამო და ნიფხვით დაჯექიო, არავის უთქვამს. რა ვიცი, როგორც გინდა. - გაიღიმა ნანიტამ და სამზარეულოს დაუბრუნდა. - არაფერი მოგვიტანე მამი? - წელზე ხელები შემოხვია ნუციკომ მამას. - რა უნდა მომეტანა შვილო? თოვლის ბაბუის თქვენ აღარ გჯერათ და ჩემი მოტანილი აქაა ყველაფერი. - ხო მაგრამ, ახალი წელია და შოკოლადი არ უნდა მოგეტანა? - მაგის მეტი რაა სახლში? - წესია ვა ასეთი! არ იცი? აბა, კარლო ბიძიამ რატომ მისცა დათოს შოკოლადი? რა არ გვქონდა? - ვინ? კარლომ? იმ ლოთმა? დათო, რამდენჯერ გითხარი არაფერი გამოართვაო?! მიპასუხე, რამდენჯერ უნდა გითხრა? კიდევ!!! მერე ვერ მოვიცილებ მეთქი თავიდან, ხომ აგიხსენი?!! ადექი და აუტანე ახლავე უკან! არ გესმის, რას გეუბნები?! ხმაურზე ნანიტა შემოვიდა ოთახში. - კარგი რა თემო. რა უნდა აუტანოს, ან როდის რა უთხოვია, რომ ვერ მოიშორო? სირცხვილია, რა ბოლოსდაბოლოს. ხომ იცი გიჟდება დათუნაზე. ახალი წალია და შოკოლადი აჩუქა ბავშვს, აბა რა უნდა ექნა? ამაზე ჩხუბი შეიძლება? - გიჟდება არა ის! ვიცი მე მაგი რაზეც გიჟდება! და კიდევ თუ წაგასწრებთ მაგ ლოთთან, მერე განახებთ ჩხუბს!!!- საძილე ოთახში შემავალმა თემომ, კარი ხმაურით მოიჯახუნა. - რას ატლიკინებდი მაგ ენას? ხომ ხარ ახლა, ცემის ღირსი!-მუშტი მოუღერა დათუნამ, ისედაც ნირწამხდარ ნუციკოს და კიკინა ჩამოჰქაჩა. - მეტკინა, ვირო!
* * *
ათიც შესრულდა. მურთაზი წავიდა და სიჩუმის ერთადერთ დამრღვევად კვლავ კედლის საათი შერჩა კარლოს. წიკწიკის სმენას, ისევ ფანჯრიდან ყურება არჩია. აღარც ბორმანა იყო და პრაქტიკულად არც არავინ ქუჩაში. თოვდა, თოვდა და არც აპირებდა შეწყვეტას. - ასე თუ გააგრძელა, ქუჩაში როგორ გავიდე მამაძალი? მეც გამოვედი რა როკფელერის შვილიშვილი, რას მივეცი ის ბათინკი ავთოს? - საკუთარ თავს გაუწყრა. - ხვალ მუხლებამდე იქნება თოვლი. რაღა ხვალ? უკვეა, რა!.. ისე, მურტალია მართლა მარტოობა. არა, ,,პრაზდნიკებზე" ტეხავს - ყველა რომ ქეიფობს, თორემ ისე, არაუშავს. აი გამრეცხავი და გამუთოებელი მაინც, რომ მყავდეს ვინმე, უკვე ,,ნარმალნი" იქნებოდა... არა, რა. ურიის ვალს ავიღებ და სარეცხის მანქანას ვიყიდი... ტლიმ-ტლომ-ტლიმ-ტლომ-ტლიმ-ტლომ... ნანიტასთან ეტყობა, დიდი სუფრა იშლება დღეს. რამდენი ლიმონათი-ბორჯომი უწყვიათ აივანზე. ღვინოც ბლომადაა. რომ ჩავიდე და ახალი წელი მივულოცო, დაინგრევა ვითომ ქვეყანა? ამ ფიქრებში იყო, თემო რომ გამოვიდა აივანზე. ღვინის შინ შეტანას აპირებდა, არ გაიყინოსო. კარლომ ფანჯარა გამოაღო: - ახალ წელს გილოცავ თემო! ბედნიერი ყოფილიყოს, ბედნიერი! სტუმრებს ელოდები?! - ჰო! ამოიღრინა თემომ და ოცლიტრიანითურთ, აივნიდან გაუჩინარდა. - ფუჰ, შენი! ეს ვინ არი ტო? რა ნეხვია ეს ჩემისა?! ასეთი ღრჯუ არაფერი მინახავს. გამარჯობას ვერ ათქმევინებ ამ ახვარს. მადლია ამის ცემა, მარა ადრე უნდა მექნა, ახლა რა დროსია, სირცხვილია. კიდევ კარგი ბავშვები ნანიტას დაემსგავსნენ და ამ ახვარს არა. რა დედიმისის უნდა, რომ ვერ გავიგე? ერთხელაც იქნება გავკიდებ თავის გალსტუკზე და ისწავლის მერე ჭკუას. ეს ჩათლახი. გიჟია, მამაძალი?! თავი უნდა მომაკვლევინოს? ბავშვებს უმადლოდეს... ნანიტასაც. ეგ ჩათლახი, ეგა. - ისე იყო ნერვებმოშლილი კარლო, ცოტაც და ნიფხვიდან ამოხტებოდა. ბოლოს დაწყნარდა, სიგარეტი ამოიღო, მოშორდა ფანჯარას და ტელევიზორი ჩართო. ჯერ დაიბრიცა, შემდეგ გაიწელა და ბოლოს როგორც იქნა ნორმალური სახე მიიღო შავ-თეთრმა გამოსახულებამ. სახელოვანი მეჩაიეები და მეციტრუსეები ულოცავდნენ რესპუბლიკის მოსახლეობას ახალ წელს და პირობას სდებდნენ, უფრო სასახელოდ რომ გაირჯებოდნენ მომავალში. კარლო რატომღაც არ დაინტერესდა მშრომელთა გეგმებით და ტელევიზორი გამორთო. - ბათინკის მაგივრად ტელევიზორი მეჩუქებინა ავთოსთვის. იმასაც გაუსწორდებოდა და მეც - ჩაილაპარაკა და თხელძირიან ფეხსაცმელებს დახედა. კიდევ თოვს ნეტა?
თოვდა. თოვდა და არც აპირებდა გადაღებას. უხდებოდა თოვლი, ახალი წლის მომლოდინე ქალაქს. ...ავთ ახალ წელს!!!-ციმციმებდა ნეონის ნათურებით განათებული წარწერა. დაკეტილი მაღაზიების ვიტრინებიდან, ტყუპისცალებივით მსგავსი თოვლის პაპები და ფიფქიები იწონებდნენ თავს. ლამპიონების შუქზე კი ძლივს იკითხებოდა სკოლის სახურავს ქვემოთ, კედელზე, ბავშვური ხელით, ვინ იცის როდის გაკეთებული წარწერა: კარლო+ნანიტა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. ძალიან მოწონს თქვენი ნაწერები:) რაღაც სხვანაირი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.. რაღაცით აკა მორჩილაძეს მიგამსგავსეთ:) ძალიან მოწონს თქვენი ნაწერები:) რაღაც სხვანაირი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.. რაღაცით აკა მორჩილაძეს მიგამსგავსეთ:)
28. თოვდა. თოვდა და არც აპირებდა გადაღებას. უხდებოდა თოვლი, ახალი წლის მომლოდინე ქალაქს. ...ავთ ახალ წელს!!!-ციმციმებდა ნეონის ნათურებით განათებული წარწერა.
თოვდა. თოვდა და არც აპირებდა გადაღებას. უხდებოდა თოვლი, ახალი წლის მომლოდინე ქალაქს. ...ავთ ახალ წელს!!!-ციმციმებდა ნეონის ნათურებით განათებული წარწერა.
27. ვააა, ეს სხვანაირად მომეწონა! მაგარია! 5 ვააა, ეს სხვანაირად მომეწონა! მაგარია! 5
26. მართლაც კარგი ნოველაა. მიყვარს საახალწლო სამზადისი, ვიცი ჩემთან წელსაც მოვა ნამდვილი თოვლის ბაბუა!!! :) +2 მართლაც კარგი ნოველაა. მიყვარს საახალწლო სამზადისი, ვიცი ჩემთან წელსაც მოვა ნამდვილი თოვლის ბაბუა!!! :) +2
25. ვააა...რა კარგია ჩემო ჰარალე. ძალიან კარგი ნოველაა. გილოცავ! რომ დამთავრდა – მეწყინა, მინდოდა გაგრძელებულიყო. 5555555555555 ვააა...რა კარგია ჩემო ჰარალე. ძალიან კარგი ნოველაა. გილოცავ! რომ დამთავრდა – მეწყინა, მინდოდა გაგრძელებულიყო. 5555555555555
24. საოცრად ლამაზი ამბავია.... ძალიან დახვეწილი მთხრობელი ხართ...ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე......;) საოცრად ლამაზი ამბავია.... ძალიან დახვეწილი მთხრობელი ხართ...ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე......;)
23. ერთერთი საუკეთესო ნოველაა, რაც კი ბოლო ხანებში წამიკითხავს! სრულიად ახალი კუთხით დავინახე შენი ნიჭი და შესაძლებლობები! ვამაყობ შენით! ჯიგარი ხარ! ერთერთი საუკეთესო ნოველაა, რაც კი ბოლო ხანებში წამიკითხავს! სრულიად ახალი კუთხით დავინახე შენი ნიჭი და შესაძლებლობები! ვამაყობ შენით! ჯიგარი ხარ!
22. კიდევ კარგი რომ ეს საიტი მაინც იძლევა დაუბრკოლებლად იმის საშუალებას, რომ გაეცნოს კაცი ახალ-ახალ ავტორებს, თორემ იქნებ ვერც კი გამეგო, რომ არის ისეთი ნიჭიერი და საინტერესო ავტორი ,როგორიც თქვენ ხართ! შესანიშნავი ნოველაა თუ მოთხრობა, უაღრესად მოულოდნელი, ორიგინალური და სევდიანი ფინალით! რა თქმა უნდა, 5555555555555555 კიდევ კარგი რომ ეს საიტი მაინც იძლევა დაუბრკოლებლად იმის საშუალებას, რომ გაეცნოს კაცი ახალ-ახალ ავტორებს, თორემ იქნებ ვერც კი გამეგო, რომ არის ისეთი ნიჭიერი და საინტერესო ავტორი ,როგორიც თქვენ ხართ! შესანიშნავი ნოველაა თუ მოთხრობა, უაღრესად მოულოდნელი, ორიგინალური და სევდიანი ფინალით! რა თქმა უნდა, 5555555555555555
21. utbilesia! ai, rom kitxulob da ar ginda, rom dasruldes! :) utbilesia! ai, rom kitxulob da ar ginda, rom dasruldes! :)
20. მშვენიერია კარგად წერთ
5 ქულა მშვენიერია კარგად წერთ
5 ქულა
19. ისედაც არ ვიყავი მხიარულ ნოტებზე ,ეხლა კი საერთოდ ...
მოგიკითხეთ ... პატივისცემით ლიკა ისედაც არ ვიყავი მხიარულ ნოტებზე ,ეხლა კი საერთოდ ...
მოგიკითხეთ ... პატივისცემით ლიკა
18. ძალიან მომწონს როგორც წერთ, კარგი თხრობის მანერა გაქვთ. სიამოვნებით ვკითხულობ ყოველთვის, დიდიხანია მენატრება ეს ყველაფერი და სული სითბოთი მევსება თქვენს გვერდძე ყოველთვის. ძალიან მომწონს როგორც წერთ, კარგი თხრობის მანერა გაქვთ. სიამოვნებით ვკითხულობ ყოველთვის, დიდიხანია მენატრება ეს ყველაფერი და სული სითბოთი მევსება თქვენს გვერდძე ყოველთვის.
17. ჰმ კარგია... :) ჰმ კარგია... :)
16. დიდი მადლობა ყველას, წაკითხვისა და თბილი სიტყვებისთვის. :) დიდი მადლობა ყველას, წაკითხვისა და თბილი სიტყვებისთვის. :)
15. თვალწინ დამიდგა ახალი წელი, ნაძვის ხეები და მაღაზიის განათებული ვიტრინები, თოვლი, შემცივდა კიდეც, მომენატრა კიდეც , და გული დამწყდა კიდეც. ძალიან მაგარი ხარ 5555 თვალწინ დამიდგა ახალი წელი, ნაძვის ხეები და მაღაზიის განათებული ვიტრინები, თოვლი, შემცივდა კიდეც, მომენატრა კიდეც , და გული დამწყდა კიდეც. ძალიან მაგარი ხარ 5555
14. მაგარი ხართ, ძალიან მაგარი, უმაგრესი ..... ნამდვილად იმსახურებთ 5. მაგარი ხართ, ძალიან მაგარი, უმაგრესი ..... ნამდვილად იმსახურებთ 5.
13. ეს წუხელ წავიკითხე ,წუხელვე რომ დამეწერა კომენტარი შეიძლება ემოციის ფონზე,უფრო საინტერესოდ მეთქვა რამე. მაგრამ ახლა უბრალოდ ვიტყვი,რომ კარგად წერთ ძალიან.
და მე კი რატომღაც მავიწყდება ამის აღნიშვნა ხოლმე აქ ხშირად :D
ეს წუხელ წავიკითხე ,წუხელვე რომ დამეწერა კომენტარი შეიძლება ემოციის ფონზე,უფრო საინტერესოდ მეთქვა რამე. მაგრამ ახლა უბრალოდ ვიტყვი,რომ კარგად წერთ ძალიან.
და მე კი რატომღაც მავიწყდება ამის აღნიშვნა ხოლმე აქ ხშირად :D
12. გული შემეკუმშა, კარგად წერთ ძალიან კარგად...ახალი წლის განწყობა და დიდი სევდა მომიტანეთ...5 გული შემეკუმშა, კარგად წერთ ძალიან კარგად...ახალი წლის განწყობა და დიდი სევდა მომიტანეთ...5
11. რა ვთქვა კახაბერ?......
როგორ ხარ ძამია ჰაა? მაგარი ხარ!!! რა ვთქვა კახაბერ?......
როგორ ხარ ძამია ჰაა? მაგარი ხარ!!!
10. ვეთანხმები ცხრა კომენტარს და ისე მომეწონა რა ვთქვა არც ვიცი... ძალიან ბევრი რამეც გამახსენდა და კიდევ ეს ნაწარმოები არაა რეალურ ამბავს გავს ძალიან მაგრად მომეწონა! ვეთანხმები ცხრა კომენტარს და ისე მომეწონა რა ვთქვა არც ვიცი... ძალიან ბევრი რამეც გამახსენდა და კიდევ ეს ნაწარმოები არაა რეალურ ამბავს გავს ძალიან მაგრად მომეწონა!
9. მართლაც დიდებულად წერთ მართლაც დიდებულად წერთ
8. ტლიმ -ტლოომ, ტლიმ -ტლოომ, ტლიმ-ტლოომ...- ( ყველაზე მაგარი მუსიკაააა...)
არა რა უარი... არც მითქვამს მიყვარხარო. ვერ ვუბედავდი.... -(ყველაზე მაგარი სიყვარულია)
კარლო -(ყველაზე მაგარი კაცია...)
თემოს ცემა -(არასდროს არ არის გვიან...)
ჰარალე, ძაან მაგარი ავტორია...წერს რაღაცნაირად...ახლობლურად ყველასთვის და შინაურულად...და გენიალურად... 55555555555555555555
ტლიმ -ტლოომ, ტლიმ -ტლოომ, ტლიმ-ტლოომ...- ( ყველაზე მაგარი მუსიკაააა...)
არა რა უარი... არც მითქვამს მიყვარხარო. ვერ ვუბედავდი.... -(ყველაზე მაგარი სიყვარულია)
კარლო -(ყველაზე მაგარი კაცია...)
თემოს ცემა -(არასდროს არ არის გვიან...)
ჰარალე, ძაან მაგარი ავტორია...წერს რაღაცნაირად...ახლობლურად ყველასთვის და შინაურულად...და გენიალურად... 55555555555555555555
7. დიდებული მთხრობელი ხართ, სულმოუთქმელად წავიკითხე, ერთი ამოსუნთქვით, მადლობა! +2 დიდებული მთხრობელი ხართ, სულმოუთქმელად წავიკითხე, ერთი ამოსუნთქვით, მადლობა! +2
6. ვაიმე ,რა კარგი და სევდიანია..ისე,თქვენი წაკითხვის მერე გული მტკივდება...გენაცვალე... ვაიმე ,რა კარგი და სევდიანია..ისე,თქვენი წაკითხვის მერე გული მტკივდება...გენაცვალე...
5. სამჯერ წამეშალა კომენტარი. უკომენტაროდ, - 5! ცრემლებით მატირე ამ შუაღამეს! გაიხარე, მაგარი ხარ! სამჯერ წამეშალა კომენტარი. უკომენტაროდ, - 5! ცრემლებით მატირე ამ შუაღამეს! გაიხარე, მაგარი ხარ!
4. "მა ხუთები რაში გყავს, ძმაკაც? ფიზკულტურასა და ჭამა-ყლაპვაში"
დათუნასნაირი ღორმუცელა მამიდაშვილი მყავს....ჭამა უყვარს სწავლა კი ეზარება...მე და ჩემი ძმა კი სულ ვაკრიტიკებთ :D :D
თავიდან მომშივდა რომ ვკითხულობდი....მერე შიმშილმა გადამიარა და კარლო შემეცოდა...მერე კი თემომ მომიშალა ნერვები :D მომენატრა ახალი წელი...იმედია ეს თვები მალე გაირბენენ....
მოკლედ ძალიან მომეწონა..... ძალიან კარგი პროზაიკოსი ბრძანდებით ბატონო კახა.... მოგიკითხეთ :) :) :) "მა ხუთები რაში გყავს, ძმაკაც? ფიზკულტურასა და ჭამა-ყლაპვაში"
დათუნასნაირი ღორმუცელა მამიდაშვილი მყავს....ჭამა უყვარს სწავლა კი ეზარება...მე და ჩემი ძმა კი სულ ვაკრიტიკებთ :D :D
თავიდან მომშივდა რომ ვკითხულობდი....მერე შიმშილმა გადამიარა და კარლო შემეცოდა...მერე კი თემომ მომიშალა ნერვები :D მომენატრა ახალი წელი...იმედია ეს თვები მალე გაირბენენ....
მოკლედ ძალიან მომეწონა..... ძალიან კარგი პროზაიკოსი ბრძანდებით ბატონო კახა.... მოგიკითხეთ :) :) :)
2. ჰარალე , რა მაგარი რამე დადე იცი შენ ? შენი ტრუმენ კეპოტი ოხერი ტავი რავთქვი მე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ჰარალე , რა მაგარი რამე დადე იცი შენ ? შენი ტრუმენ კეპოტი ოხერი ტავი რავთქვი მე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
1. ჰარალე , რა მაგარი რამე დადე იცი შენ ? შენი ტრუმენ კეპოტი ოხერი ტავი რავთქვი მე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ჰარალე , რა მაგარი რამე დადე იცი შენ ? შენი ტრუმენ კეპოტი ოხერი ტავი რავთქვი მე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|