ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2009


თავი 33. შინაგანი ენერგია ("გაცვლა")

საახალწლო კარნავალი დასრულდა.
თანამშრომლებმა სახლებს მიაშურეს.
თეონა და ჯაბა შენობიდან გამოვიდნენ და მანქანის გასაჩერებლად ქუჩაში გავიდნენ. ღამის 2 საათი იყო უკვე. მანქანები კანტი-კუნტად დადიოდნენ.
ტაქსი – არ ჩანდა.
კერძო მანქანებს აჩერებდნენ, მაგრამ არ უჩერებდათ არავინ.
- წამო, ფეხით წავიდეთ და დაგვეწევა რამე! – შესთავაზა თეონამ და ადგილიდან დაიძრა.
- სხვა რა გზაა? – ჯაბამ ხელი გადახვია თეონას და გვერდით გაჰყვა.

ერთი გაჩერებაც კი არ ჰქონდათ გავლილი, რომ მანქანა წამოეწიათ. მანქანამ ჯერ გადაუსწრო მათ, შემდეგ გააჩერა,  უკან დახია და ფანჯარა ჩაწია:
- თეონა... საით მიდიხართ? – მანქანას ფოტოგრაფი მართავდა.
- დათო, შენ ხარ? – ჯაბამ ფანჯრიდან შეიხედა: მხოლოდ წინა სკამზე იჯდა ერთ-ერთი თანამშრომელი.
- დასხედით, მიგიყვანთ!...

ჯაბამ კარი გამოაღო, თეონა ჩასვა და თავადაც გვერდით მიუჯდა.
- ჯაბა, ჯერ მანჩოს მივიყვან და მერე – თქვენ, კარგი?...
- როგორც გაწყობს, დათო!...

მანჩო და ჯაბა თითქმის მეზობლები აღმოჩნდნენ.
- თეონა, გინდა დავრეკოთ თქვენებთან და დარჩი ჩვენთან?
- თქვენთან დავრჩე? როგორ, ჯაბა?
- ჩვეულებრივად... შენ როგორც გადაწყვეტ, გინდა – ხვალ დილამდე... დედაჩემის ოთახში დაგაძინებ... ან არა და, სულ დარჩი! დღეს თუ ხვალ, ეს ხომ მაინც ასე იქნება?!
- არა, ჯაბა... მამაჩემის ერთადერთი თხოვნაა,  “ნუ გამეპარებიო” და... უარს ხომ არ ვამბობ? მოდი ჩვენთან და ოფიციალურად გამოგყვები! მანამდე კი... მაპატიე! - უბედნიერესი იყო თეონა! ხელს სთხოვს ადამიანი, ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს!
- კარგი, ბატონო... წაგიყვან მაშინ სახლში!
- საით მივდივართ? – იკითხა დათომ.
- საბურთალოზე...
- ჯაბა, 3 ხდება თითქმის... იქიდან რითი უნდა დაბრუნდე? მეც საბურთალოზე ვცხოვრობ... შენ სახლში ხარ მოსული და... ამ შუა ღამეს ქუჩაში ხომ ვერც შენ დაგტოვებ?  მე გავიყვან თეონას და მერე იქიდანვე წავალ სახლში. თუ ძმა ხარ, ნუღარ მაბოდიალებ წინ და უკან...
- ჯაბა, მართალია დათო. სახლში მოსული – სადღა მომყვები? შენც დაღლილი ხარ... მთელი საღამო ფეხზე იდექი!
- მარტო დაგტოვო? – ჯაბას ყოყმანი შეეტყო ხმაზე.
- ვაახ, მარტო რატოა? მეც აქ არა ვარ? თუ არა და, მანქანაშია, გარეთ ხომ არ დგას მარტო, არა?
- სახლში რომ მიხვალ, დამირეკე... გაიგე, თეეე? აუცილებლად დამირეკე!
- კარგი, დავრეკავ... – თეონამ კარები მოხურა და მანქანაც დაიძრა ადგილიდან.

200-ოდე მეტრიც არ ჰქონდათ გავლილი, რომ დათომ მანქანა შეაჩერა.
- თეონა, მომექცა კისერი უკან ყურებით. წინ გადმოდი, რაა? დაგელაპარაკები გზაში.

თეონა წინ გადაჯდა. დათომ ღვედი შეუკრა:  ღვედებით დაბმა – ახალი კანონი იყო და მძღოლი ჯარიმდებოდა ამ წესის დარღვევისთვის.

- კარგია, ფეხების და ხელების გაკოჭვაც არ შემოიღეს!... რა უბედურებაა ეს? მესმის ტრასაზე გაბამდნენ, მაგრამ... ქალაქში? არა, რააა!... ჩვენებმა თუ ყველანაირი სისულელე არ შემოიღეს, როგორ შეიძლება?! – პროტესტს გამოთქვამდა ღვედით დაბმული თეონა.
- მართალი ხარ... მაგრამ წესი – ყველასთვის წესია! წავედით?
- წავედით....

დათომ მანქანა ადგილს მოსწყვიტა და სწრაფად წაიყვანა.
- დათო, აქეთ საით მივდივართ? საბურთალოს აქეთ რა უნდა?
- გზა გადათხარეს დღეს დილით და ვერ გავივლით... გაგარინის მოედნიდან გადავალთ.

არ მოეწონა თეონას გზის გამრუდება, მაგრამ რა უნდა ეთქვა?
ან რა მოტივით? “გადათხრილი ქუჩით რატომ არ მიდიხარო”?

გაგარინის მოედანზე ასასვლელ წრესთან დათომ გაზს დააჭირა ფეხი და მანქანა ისარივით გავარდა მცხეთის მიმართულებით.
- როგორ მიბედავ? ახლავე მოაბრუნე მანქანა!
- და რომ არ მოვაბრუნო? რა, იყვირებ? იყვირე, მიდი!
- გააჩერე, თორემ გადავხტები!
- ვერ გადახტები... დაბმული ხარ! ღვედის სამაგრი კი – გაფუჭებულია და სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვერ გახსნი!...

მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. პაუზა ისევ თეონამ დაარღვია:
- შენ ავადმყოფი ხარ!
- რატომ ვარ ავადმყოფი? პირიქით, ძალიანაც ნორმალური და სრულიად ჯანსაღი ადამიანი ვარ, რომელსაც ერთი ძალიან ლამაზი გოგო მოეწონა და სხვისთვის ვეღარ ემეტება.
- დათო რომ გქვია, 15 წუთის წინ გავიგე. გვარიც კი არ ვიცი შენი... მხოლოდ იმიტომ გამოგყვე, რომ რამდენიმე სურათი გადამიღე?
- არც ფოტოგრაფი ვარ, ეს ისე, ცნობისთვის... ინჟინერი გახლავართ...
- სულ არ მაინტერესებს, ვინ ხარ! მოაბრუნე მანქანა!

თეონას თავადაც უკვირდა, როგორ მშვიდად ელეპარაკებოდა დათოს. გრძნობდა, რომ ამ სიმშვიდის წყალობით მას ეპყრა სიტუაციის მსვლელობის სადავე. მის ხმაში ვერცხლის ზანზალაკების წკრიალი გაისმა, თვალები კი უცნაურად ჩაუმუქდა.
- არა! გამორიცხულია! მომეწონე... 27 წლისა ვარ... პატარა ბავშვი ხომ არ გგონივარ? – დათოს აშკარად აუკანკალდა ხმა. ნერვებს ვეღარ თოკავდა.
- დათო, მე ჯაბა მიყვარს, ჯაბას – მე ვუყვარვარ! ნუ ჩადგები ჩვენს შორის!
- იცი, სულ არ მაინტერესებს, ამ წუთას, თქვენი გრძნობები... “ჯერ თავო და თავოოო”... არ გაგიგია? შენ ჩემი ხარ!
- მე შენი არ ვარ! – იმავე მშვიდი და წკრიალა ხმით წარმოსთქვა თეონამ.
- ნუ, ჩემი გახდები! ეს ცალსახად! ჩვენ ახლა დასავლეთში მივდივართ! – დათომ ისეთი ძალით დაჰკრა მუჭი საჭეს, რომ მანქანის საყვირი ჩაირთო.
- ესე იგი, არ მოაბრუნებ? მით უარესი შენთვის! – იმ წუთას გეკითხათ თეონასთვის, რატომ თქვა ეს სიტყვები, ვერაფერს გიპასუხებდათ.

ამის თქმაც კი ვერ მოასწრო ბოლომდე, რომ მანქანა უცნაურად ათუხთუხდა, აბღუვლდა, თანდათან უკლო სიჩქარეს და ბოლოს - სულ გაჩერდა!

დათო დაბნეული შეჰყურებდა ხან თეონას სახის საოცრად შეცვლილ გამომეტყველებას და ჩამუქებულ თვალებს, რომლებიც იმ სიბნელეში საერთოდ შავად მოსჩანდა, და ხანაც უაზროდ და უმიზეზოდ გაჩერებულ მანქანას, რომელსაც ხუთიოდე წუთის წინ არაფერი სჭირდა!

- მომხსენი ღვედი, - ვერცხლის ზანზალაკებგარეული ტემბრით თქვა თეონამ.
- რა მიქენი, თეონა? შემილოცე? - დაგიპნოზებულივით ლაპარაკობდა დათო და თან ღვედს ხსნიდა.

თეონა მანქანიდან გადავიდა.
თითქმის ქსანში იყვნენ ჩასულები.

საგზაო ინსპექციის მანქანები მთელი ღამე აკონტროლებდნენ ტრასას ორი მიმართულებით: გორიდან მცხეთამდე და გორიდან ხაშურამდე. როგორც წესი, ყოველ 10 წუთში ერთხელ მიემართებოდა საპატრულო მანქანა გორიდან მცხეთისკენ და შემდეგ  მცხეთიდან – უკან ბრუნდებოდა!  ასე რომ ყოველ 5 წუთში ერთხელ ან მცხეთისკენ უნდა ჩაეარა საპატრულო მანქანას და ან მცხეთიდან – გორის მიმართულებით!

ახლაც ძალიან სწრაფად გამოიარა მცხეთისკენ მიმავალმა მანქანამ და დათოს მანქანასთან შეაჩერა.

- რა გაგჭირვებიათ, ახალგაზრდებო? – იკითხა ხანდაზმულმა ინსპექტორმა.
- მანქანას რაღაც გაუფუჭდა. – ამოლუღლუღა დათომ.
- მე თბილისში უნდა დავბრუნდე, ეს კი – აქ დარჩება, მანქანასთან... – მტკიცე ხმით თქვა თეონამ, - დათო, ხვალ გამოვაგზავნი ვინმეს... აბა, ჭკუით იყავი და მანქანა არ მიატოვო!
- მერე? მცხეთიდან როგორ წახვალ თბილისამდე?
- მცხეთამდე ხომ ჩავალ? და იქიდანაც მოვახერხებ წასვლას!
- მცხეთამდე რატო, შვილო?  დავრეკავთ და ან შენ მოგაკითხავენ და ან ჩვენვე მიგიყვანთ სახლამდე.
- მაშინ დროზე წავიდეთ, რა? – საბრალო სახით თქვა თეონამ.
- მოიცა, შენ აქ ხომ არ დაგტოვებთ, ამ უკაცრიელ ადგილას? მოდი, ბუქსირით მიგათრევთ უახლოეს სახელოსნომდე... იქ ახლა კი არავინ დაგხვდება, მაგრამ დილას ხომ მოვლენ?

დათოს მანქანა სახელოსნომდე მიიყვანეს და ინსპექტორების მანქანამ თბილისისკენ აიღო გეზი.

* * *
გიზო ფანჯრიდან იყურებოდა თეონას მოლოდინში, როცა საგზაო ინსპექციის მანქანა გაჩერდა და თეონა გადმოვიდა.
- ძალიან დიდი მადლობა...
- აბა, სად ცხოვრობ, შვილო?!
- აიი, - თეონამ მაღლა აიხედა და მამა დაინახა, - მამა, აქ ვარ!...
- ჩაიბარეთ თქვენი შვილი, მთელი და უვნებელი... – ამოსძახახა ხანდაზმულმა ინსპექტორმა.
- მოითმინეთ, ჩამოვალ...
- არაა საჭირო, კარგად ბრძანდებოდეთ.

მანქანა წავიდა.
თეონამ კიბეზე აირბინა. მამა კარებში დახვდა.
- რა მოხდა, თეონა? საიდან მოხვდი ინსპექტორების მანქანაში?
- გვიან გამოვედით და...
- თეონა, არ მომატყუო... ჯაბამ ჯერ კიდევ როდის დარეკა, “თეონა მოვიდა თუ არაო”?
- არა, მამა, არ გატყუებ... გვიან დამთავრდა კარნავალი. მათმა თანამშრომელმა სახლში წამოყვანა შემოგვთავაზა, ისიც აქეთ ცხოვრობდა თურმე...  ამიტომ ჯაბა გზაში ჩამოვსვით და... – თეონა გაჩუმდა.
- მერე? სად იყავი საათნახევარი?
- ვერ მოგატყუებ, მამა... ჩემი მოტაცება გადაწყვიტა და... გონებით გავუთიშე მანქანა!
- რას მეუბნები, თეეე? ზღაპრებს ყვები ახლა!
- არა, მამა... მე ეს შემიძლია... ყოველთვის არა... აი, ხმა რომ მეცვლება, მაშინ მეძლევა ეს ძალა...
- კარგი, მერე რა მოხდა?
- მერე? ინსპექტორებმა ჩამოიარეს მანქანით და წამომიყვანეს...
- და ის ბიჭი ვინ არის?
- არ ვიცი, მამა... დათო ქვია... დაანებე თავი, მისი გაჭირება ყოფნის... თითი არ დაუკარებია და... წავედი, დავიძინებ. დედაც ცოდოა, გააღვიძე... სავარძელში ჩასძინებია!

თეონა თავის ოთახში გავიდა.
- სად დაბორიალობ, გოგო, ამ შუაღამეს? – ნამძინარევი თავი წამოყო ნინუცამ.
- შუაღამე არ არის, თენდება უკვე, ნინუცა...
- Тем более!  ჯაბას დაურეკე? მოკვდა ბიჭი ნერვიულობით!
- არა... ახლა დავრეკო? – ყოყმანი შეეპარა ხმაში.
- აბა რააა! უუუფ, რა ბოთე ხარ, რაა!

თეონამ ჯაბას ნომერი აკრიფა. მაშინვე აიღეს ყურმილი.
- თეონა, შენ ხარ? – გაისმა შეშინებული ხმა.
- ხო, ჯაბა, მე ვარ.
- სად იყავით, რატომ დაგაგვიანდა?
- არ გაგიჟდე ახლა: ჩემი მოტაცება დააპირა და თითქმის ქსანთან მისული დავბრუნდი!
- მოვკლავ იმ უბედურს! – არანორმალური ხმით იყვირა ჯაბამ.
- თითი არ დაუკარებია... დაანებე თავი, მისი გაჭირება ყოფნის... ისე შეეშინდა, როცა გონებით გავუთიშე მანქანის ძრავა... მგონი კარგა ხანს ვერ მოვა გონს.
- თეონა, რა სისულელეს მეუბნები? გონებით – მანქანა გათიშე?
- უუფ, დავიღალე ამის ახსნით! ახლა მამაჩემმაც იგივე მკითხა! შინაგანი ძალების მობილიზაციის შესახებ არაფერი გაგიგიათ? კარგი, წავედი დავიძინო... ძილინებისა!
- მე რა დამაძინებს?! მაგრამ შენ დაიძინე, თეეე... დაიძინე...

თეთრად დაათენდა ჯაბას. თეონას ნათქვამი ის წინადადება არ ამოსდიოდა თავიდან: “დაანებე თავი, მისი გაჭირება ყოფნის... ისე შეეშინდა, როცა გონებით გავუთიშე მანქანის ძრავა... მგონი კარგა ხანს ვერ მოვა გონს”.....

მეორე დილას შეხვედრა უნდოდა, მაგრამ ახალი წლის სამზადისში იყო ჩაბმული ყველა...
თეონას უამრავი საქმე ჰქონდა...
არც ჯაბა იჯდა უსაქმოდ, - უმამო ოჯახში ყველაფერი ჯაბას გასაკეთებელი იყო!

გადაწყვიტეს ახალ წელს შეხვედროდნენ ერთმანეთს.
მაგრამ, კაცი ბჭობდა და ღმერთი – განაგებდაო...
31 დეკემბრის საღამოს თეონას მაღალი სიცხე მისცა, - ახალი წლის დადგომამდე ერთი საათით ადრე სინდიყის სვეტი 39,5 აჩვენებდა.

ღამის 12 საათამდე ძლივს მიიტანა თეონამ თავი. 10 წუთი იჯდა სუფრასთან და ვეღარ გაძლო...
5 დღის განმავლობაში მაღალი სიცხით გათანგული იწვა ლოგინში და ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდა, არათუ ვისიმე ნახვის სურვილი.
ჯაბა დღეში რამდენჯერმე რეკავდა, ამბავს გებულობდა...  ერთხელ მოვიდა კიდეც,
მაგრამ თეონას ეძინა და  არც მოსვლა გაუგია მისი და არც წასვლა.

5-ში საღამოს – უკეთ იგრძნო თავი... “მშიაო”, - თქვა... რამდენიმე ლუკმა შეჭამა... რამდენიმე ყლუპი ალუბლის კომპოტიც მოსვა...
ტელეფონის ზარი გაისმა და თავად გასცა პასუხი. გაუხარდა ჯაბას ხმა რომ გაიგო.
- თეეე, გინდა მოვიდე? – ისეთი თბილი და ალერსიანი ხმით თქვა ჯაბამ, რომ თეონას ჟრუანტელმა დაუარა.
- მინდა, ჯაბა, ძალიან მინდა!
- მოვალ... ახლავე წამოვალ! მაქსიმუმ ერთ საათში მანდ ვიქნები...

თეონამ ყურმილი დაკიდა და ბებიას სარკე და სავარცხელი მოატანინა.
შეეშინდა, ისეთი ჩაცვენილი თვალებით იყურებოდა. მაინც დაივარცხნა თმა... ორი ნაწნავი დაიყარა მკერდზე.
- ბეე, იცი რომელი ღამისპერანგი მომეცი? აი, ზღვისფერი რომ არის, მაქმანებიანი...
- ახლავე... რა ხდება, თეონა?
- არაფერი, ბეეე, ჯაბა უნდა მოვიდეს.
- ჯაბა იყო აქ გუშინწინ...
- მერე? მე რატომ არ მნახა?
- მთელი საათი იჯდა აქ, მაგრამ ისეთი დასუსტებული იყავი, გეძინა და აღარ გაგაღვიძა.
- დაძინებულს მიყურებდა? – თეონამ თვალები მოჭუტა და ისე შეხედა თავის თავს... - ბეე, მიხდება ძილი?
- შენ ყველაფერი გიხდება, თეონა!... ჰა, გამოიცვალე, თორემ დაგადგა თავზე და ესაა! – უთხრა ბებიამ და ოთახიდან გავიდა.

თეონამ ერთი ღამისპერანგი გაიხადა და... მეორის ჩაცმა ვერ მოასწრო ბოლომდე, რომ ოთახის კარებში ჯაბა გამოჩნდა!
თეონას ჯაბა არ დაუნახავს, ღამისპერანგში იყო გახლართული, აი ჯაბამ კი სრულად დაინახა თეონას ქალური სიმშვენიერე – თეთრი მარმარილოსგან ნაკვეთი მკერდი.
აღარ იცოდა, რა ექნა, უკან გამობრუნებულიყო, თუ თვალმოუშორებლად ეყურებინა ამ სილამაზისთვის.
ამასობაში ღამისპერანგი ბოლომდე ჩამოსრიალდა და... მის სიღრმეში დაიკარგა ყველაფერი.
თეონა გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ჯაბას და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, - “დაინახა თუ არა ჯაბამ, როგორ იცვამდა ტანზე? კი, მართალია, მხოლოდ წელსზემოთ გამოჩნდებოდა, მაგრამ... არა...  არაფერი ეტყობა ჯაბას, თორემ ხომ გაწითლდებოდა?”...

ჯაბა მივიდა და თეონა გადაკოცნა.
საშინელი და, ერთდროულად, საოცრად სასიამოვნო განცდა დაეუფლა, - ვეღარ ხედავდა თეონას სამოსელს და მის წარმოსახვაში თეონა კვლავ წელსზევით შიშველი იჯდა საწოლში!
- ჯაბა, რა გჭირს? გეკითხები და პასუხს რატომ არ მაძლევ?
- მაპატიე, თეონა... სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი!
- ხო, ყველაფერზე ფიქრობ, ჩემს გარდა...
- არა, თეეე, ვეღარაფერზე ვფიქრობ შენს გარდა! ბოლომდე დამატყვევე!...
- რითი?
- არაფრით... ან ყველაფრით... უუფ, რა ვიცი, აბა?
- მოიწი ახლოს... აი, აქ ჩამოჯექი... – თეონა საწოლიდან გადმოიწია და სკამი მიაჩოჩა მისკენ. ამ მოძრაობაში გულისპირი ჩამოეწია და მარმარილოსგან ნაკვეთი მკერდი კვლავ წარსდგა ჯაბას წინ სამზეოზე...
- მანდ დავჯდე?
- ხო...
- ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე, ხომ, ბოლომდე?
- ნუ, რა ვქნა, თუ აქამდე ვერ დაგატყვევე და გაგაგიჟე, მიტოვებ, რო, არჩევანს? – გაეცინა თეონას.

ჯაბა ახლოს მიუჯდა, მისი ხელი დაიჭირა და ტუჩებთან მიიტანა.
- თეეე, იცი როგორ მიყვარხარ?
- როგორ, ჯაბა?
- ძალიან-ძალიან... შენ  ჩემი ხარ!...
- ხო... ალბათ... მაგრამ მეშინია!
- რისი, თეეე?
- ჩემს მიერ დანახულ იმ ორ ბეჭედს  მესამე შეება, ჯაბა! ის მესამე – უთვლო იყო, ნამდვილი საქორწინო რგოლი!
- სად შეება, თეე? შენს წარმოსახვაში? ნუღარაფერზე ფიქრობ! ან, თუ არა და... მესამე ბეჭედიც – შენთვის არის საყიდელი! იმ გახლეჩილი ბეჭდით ხომ არ დაგნიშნავ, არა?
- მიყვარხარ ჯაბა!
- მეც მიყვარხარ, თეონა!...

(გაგრძელება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები