ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
5 ივლისი, 2009


ერთად მოვიპარეთ, ანუ სიცოცხლე სულაც არ არის მოსაწყენი




ძალიან მოსაწყენია სიცოცხლე, მითუმეტეს, თუ საკაბელო არხი გადაუხდელობის გამო გეთიშება, ერთადერთ არხზე, რომელსაც ახლა ტელევიზორი აჩვენებს, ‘სლავიანსკი ბაზარი” გადის და ლუდის ბოლო ბოთლი როდის გამოიღე მაცივრიდან, აღარც კი გახსოვს.
მაცივარი რატომ მოიგონეს გასაგებია - ლუდს აცივებს. ტელევიზორი რატომ მოიგონეს? იქნებ რევოლუციების მოსახდენად? არა. აბა რატომ? იქნებ იმიტომ რომ ხალხმა ნახოს მარადონა მექსიკაში, ვითომცდა პრივატიზირებული საკუთარი მოედნის ნახევრიდან რო¬გორი თავბრუდამსხმევი ფინტების კასკადით უვლის გვერდს ფეხბურთის სამშობლოდ აღიარებული ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელების ნახევარს და გოლი როგორ გააქვს? არა, არც ასეა საქმე. აბა იქნებ იმიტომ, რომ დუტას ზღაპრებს ვუყუროთ საღამოობით ჯეოსელთან ერთად. კარგი რა? ზღაპრების მეტი რა ისმის მთავრობიდან და პარ¬ლა¬მენტიდან. გამოდის იმიტომ გამოუგონებიათ, ‘სლავიანსკი ბაზარი” რომ მენახა ბელორუსიიდან. ეჰ, ნეტავ დეზერტირების ბაზარში გამეთია ღამე, ‘რამესლავიანსკმებაზრებოდა...”
მოკლედ, ვნახე რა ეს ბაზარი და არ მომეწონა ჰამლეტ გონაშვილის სამშობლოდან მივლინებულ მომღერალს მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყნის მუსიკალურმა გვამმა დაბალი ქულები რომ დაუწერა, თავის მოკვლა გადავწყვიტე...
თავს რომ იკლავენ, წერილს ტოვებენ, სადაც ესოდენ უმსგავსო საქციელის ახსნა და ავან-ჩავანი იწერება, იქაც რამოდენიმე გამოსამშვიდებელ-დასამშვიდებელი სტრიქონით ახლობლებისადმი...
საერთოდ არ მეხერხება წერა, ხატვა მირჩევნია. ხატვას მუზა უნდა. მუზა კიდე მაცივარი რომ ცარიელია, გამორიცხულია გეწვიოს. ისევ წერილის საშუალებით უნდა გავსულიყავი ფონს. რომ დამეწერა, თავს იმიტომ ვიკლავ, სიმღერას არ გვიფასებენ ქართველებს-მეთქი, ‘გაუფრენია საწყალსო” იტყოდნენ. სასწრაფოდ უნდა მომეძებნა სხვა რამე წონადი მიზეზი... ამ ფიქრებში კომპიუტერს მივუჯექი და უცებ ‘მესენჯერში” ვიღაც მეხმიანება, ნიკით ‘გაბრიელე”... ვა, დავიჯერო მიქელ-გაბრიელმა ცელი გადადო, მესიჯებით დაიწყო სარგებლობა?
- გამარჯობა, - მწერს. ალბათ ის არის. მერე რა, რომ წინ მიქელე არ უწერია...
- გაგიმარჯოს, - არ შევუშინდი მე....
- როგორა ხარ?
- ვარ რა, შენ?
- მოწყენილი რატომ ხარ?
რა იცის რომ მოწყენილი ვარ, თუმცა მან ხომ ყველაფერი იცის! არა, მაინც უნდა ვკითხო!
- შენ რა იცი რომ მოწყენილი ვარ?
- თვალებზე გატყობ...
ხუმრობს. იუმორის ნიჭიც აქვს? იქნებ მართლა მხედავს?! რა თქმა უნდა მხედავს... კი, ის არის. რა უკვირს? თავის მოკვლას ვაპირებ, ნაღვლიანი თვალები მექნება აბა მხიარული?
- იცი ალბათ, დღეს თავს ვიკლავ, - ვეუბნები, - ვითომ რატომ უნდა ვიყო გახარებული?!
- თავს რატომ იკლავ?
ამას ავუხსნა ახლა რატომ ვიკლავ თავს? ჯერ ეს ერთი, ალბათ იცის.... და მეორეც, იქედან რომ დავიწყო, ვიღაცამ რომ ტელევიზორი მოიგონა. მერე ტელევიზორში ‘სლავიანსკი ბაზარს” ვუყურე, ჩვენს წარმომადგენელს ქულები დააკლეს და ამან გამაბრაზა და თავს ვიკლავ, ამდენს რა მიმაწერინებს... არა სხვა მიზეზი სჯობს მოვიგონო...
- დავიღალე.
- რამ დაგღალა?
- იცი რამდენი წლისა ვარ?
- ვიცი.
- არაფერიც არ იცი. მე თორმეტი მილიარდი წლისა ვარ....
- არ გეტყობა.
- შენ ვერ მატყობ, მე ხო ვიცი...
- რა იცი?
- მე სამყაროს შექმნის დღიდან ვარ ცოცხალი, ჩემს ზურგზე გაიარეს დინოზავრებმა, ჩემს წინაპართან ერთად ვნადირობდი ტყეში, ოჯახი რომ მერჩინა, ტუნგუსკის მეტეორიტი სულ ცოტათი ამცდა, მე ავაშენე პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, როდოსის კოლოსი. გელათი. ხო ჰეროსტრატე ვცემე, ხო იცი?
- კი, მე არ გაგაშველეთ?
- რაღაც არ მახსოვს? იცი რატომ დაწვა არტემიდამ ეფესელის შესანიშნავი ტაძარი? რა სახელი, რის სახელი, საწყობის გამგე იყო, ინვენტარიზაციას უტარებდნენ და ნახევარი ქონება გაყიდული ჰქონდა და დანაკლისი რომ არ შეემჩნიათ...
- არ ვიცოდი...
- კეისარს მე ვურჩიე, რუბიკონი გადალახე, თორემ არავის ეცოდინება საკეისროთი დაიბადე თუ საერთოდ დაიბადე-მეთქი და გადალახა. მერე არ დამიჯერა, მეფობა მოუნდა... ბრუტუსმა კიდე მაგრად მიქარა რა... ვის კლავ ბიჭო, ვეუბნები, კაცმა გაგზარდა, შვილივით ჰყავხარ, შენ კლავ? არა და წინა დღეს მე და კეისარი ლუდით დავთვერით. ტანი ცუდს მეუბნებაო. მერე სენატში რა გინდა, აბანოში წადი, დაიბანე-მეთქი... არ დამიჯერა...
- ნუ მაცინებ?!
ვა, რა კარგია, გავაცინე, თან ვინ....
- ან მაკედონელი, ძმაკაცი რომ მიაჭედა შუბით, აპატიე ვეუბნები, დალია კაცმა, ვის არ დაულევია... გამოფხიზლდება, ბოდიშს მოგიხდის... არა, არ დამიჯერა და მალარიამ კი არა დარდმა მოინელა... კაცის გულს დარდი რომ დახრავს, ისე სხვა ვერაფერი... რა დარჩა, ამხელა იმპერია ერთ წელიწადში დაინგრა...
- კი, მართალი ხარ...
- ან კაცო, ვახტანგ მეფე, ვეუბნები: დიდო მეფეო, დავუძახოთ მეაბჯრეს, გავაკერინოთ ეს ჯაჭვის პერანგი, სიფრთხილეს თავი არ ტკივა, ეს თბილისი ასაშენებელია, მტერი მოსაგერიებელი, დაჩი კი კარგი ბიჭია, მაგრამ მეფობისთვის ადრეა, მაგან ახლა ზღაპრები უნდა იკითხოს-მეთქი...
- დაჩის ზღაპრების კითხვას ნუ დააბრალებ, ხან ომში იყო, ხან ხარაჩოზე...
- მერე აღმაშენებელს ვევედრე, მეფე ბატონო, აიღეთ შვებულება, ცოტა დაისვენეთ, ამდენი ომი გადაიტანეთ... ეჰ, დასვენება მერეც მეყოფაო. დიდგორის ომში ორასი რჩეული ქართველი უცხოელივით რომ გამოაწყო, ერთ-ერთი მე ვიყავი. არ მიშვებდა, ათასიდან ერთი გაქვს შანსიო. გამიჭირდება უშენოდო. სანამ კიდევ მაქვს შანსი უნდა წავიდე-მეთქი...
- დაგიჯერე.
- კაია. ‘ვეფხისტყაოსანი” მე და რუსთაველმა ერთად დავწერეთ. ერთად რა, მე კი არ დამიწერია. ხო იცი მაშინ ქაღალდი რა ძნელი საშოვნელი იყო. ხოდა მე ვამარაგებდი. მელანი და ბატის ფრთა კი იცოცხლე, ბევრი იყო. ეს შოთა კიდე, დაწერს ერთ თავს, გამოცხადდება ლაშქრობა, წავა ომში. მეთქი შენი ომი ეს არის, ამას ხალხი საუკუნეებს იქეთ ელოდება. არაო, ახლა ჩემს ხალხთან ერთად თუ არ დავდექი, ერთ სიტყვას ვერ დავწერო... გითხრა ყველაზე მაგარი სტროფი, ოთხივე სტიქია არის ნახსენები, რაც სიცოცხლეს ქმნის და ცხოვრების აზრი...
- აბა თქვი!
...აშკარად არ იყო მიქელ-გაბრიელი, ამდენს რას მაჭიკჭიკებდა. მითუმეტეს ‘ვეფხისტყაოსნიდან” არ მომთხოვდა სტროფებს. ამას ვის გადავეყარე. არადა მეც აზარტში შევედი, თან მგონი თენდება უკვე...
- ‘ღმერთსა შემვედრე ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,
ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა”.
საოცრებაა ხო?
- კი, გენიალურია... მაგრამ ცხოვრების აზრი სად არის აქ?
- ფრენა, ჩემო გაბრიელე, ფრენა. ვარძიაში ვართ ერთხელ, მოვარდა მალემსრბოლი გაქაფული ცხენით, ‘უცხოელი მეცნიერნი გვეწვივნენ და ფილოსოფოსნი, თამარ მეფე სასწრაფოდ გიბარებთ, პურობას უნდა რომ დაესწროთო”. მომიბრუნდა, ‘ვიყოთ ახლა ოცდამეერთე საუკუნეში, ხო გავფრინდებოდით რკინის ფასკუნჯითო”. რა ფასკუნჯი, რის ფასკუნჯი, ვფიქრობ, ახლა კი ვხვდები რას გულისხმობდა... არა და ნახე რას ამბობს, ‘მომცეს ფრთენი და ავფრინდეო”.... იცოდა რა, ყველაფერი იცოდა... გაფრენა უნდოდა...
- ხო...
- ხო და მეც მინდა ‘ღმერთმა დამხსნას სოფლისა შრომასა”. როცა ყველაფერი ნანახი გაქვს, სიცოცხლე სერიალს ემსგავსება საპნის ოპერას, ფერად ბუშტს, პატარა შეხებაზე რომ შეიძლება გასკდეს და მოსაწყენი ხდება...
- რატომ გგონია რომ ყველაფერი ნანახი გაქვს?
- თავიდან დაგიწყო ახლა....
- შვილი გყავს ნანახი?
- რაა?!
- არაფერი... მეგონა მხატვარი იყავი, შეგეძლო მწერლობა დაგეწყო...
- საიდან დაასკვენი?
- კოჭებზე გეტყობა..
- დამცინი? მაქვს ისე დაწერილი ერთი ზღაპარი. მოგწერო?
- ხო.
- ‘იყო და არ იყო რა. იყო ერთი მახო. მახოს მარცხენა ყურის ძირში ბღუჯა-ბღუჯა ბალანი ჰქონდა, რითაც ძალიან ამაყობდა. მიდის ერთხელ მახო გზაზე, ხედავს ბაყაყს. მახოს ძალიან გაუხარდა, იფიქრა: ‘ეს არის და მზეთუნახავი დამეჩითაო”.
- გამარჯობა, ბაყაყო! - მიესალმა მახო.
- გაგიმარჯოს, მახო! - უთხრა ბაყაყმა. მერე მახო ის იყო და საკოცნელად გაიწია....
- გიჟი ხომ არა ხარ, მე მართლა ბაყაყი ვარ, მზეთუნახავი არ გეგონოო! - უთხრა ბაყაყმა.
მახოს მაგრად გაუტყდა, მაგრამ ‘ზადნი” მაინც არ მისცა...
- მე სწორედ ასეთი მომწონხარ, მზეთუნახავის ხუშტურებზე სიარულს არ ვაპირებო! - მტკიცე და შეუვალი იყო.
- შენა ერთი ჩემი ძმა, მახო ხარ თუ ვიღაცა, ცოტას ხომ არ უბერავ, არავისში შეგეშალო, მე მამალი ბაყაყი ვარ, შენი ბღუჯა-ბღუჯა ბალანის კიდევ მე არ მეშინიაო... - უთხრა ბაყაყმა და წავიდა....
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.
მორჩა ზღაპარი...
ცოტა ხნის მერე მწერს...
- ეს არის ზღაპარი?
- რა, ცუდია?
- გადაღლილი ხარ, აშკარად დასვენება გინდა.
- როცა არაფერი არ გინდა, არაფერს არ აქვს აზრი...
- მეჩქარება ახლა. ეს ზღაპრები ახლა რომ მითხარი, თავის მოკვლაზე და რამე, შვილიშვილებს მოუყევი ბაბუა რომ გახდები. თუმცა არა, არ მოუყვე, ცოდონი არიან.
- შვილიშვილებს როგორ მოვუყვე, ჯერ შვილი არ მყავს!
- გყავს...
- რაა?!
- არაფერი..
- რა მითხარი შვილზე?
- კაი მეჩქარება, აბა ხვალამდე...
- მერე კიდევ იტყვი იცოცხლეო. შენც მაგარი ხარ, ხვალამდეო, როგორ მეუბნები, როცა დღეს ...
- ხვალე უკვე დადგა... გაიხედე ფანჯარაში, კარგა ხანია რაც გათენდა...
- ხვალ არ დამდგარა, ხვალ ყოველთვის ხვალ არის...
- მორჩი რა. ასეთ რამეზე არც უნდა გაიფიქრო. სიცოცხლე მშვენიერია... ღმერთს რას ეუბნები?
- თუ ვნახავ გამარჯობა-მეთქი.
- იმის არ გეშინია რას გეტყვის?
- არ მეშინია, მაინტერესებს. მთავარია არ გამებუტოს!
- გული არაფერზე გწყდება?
- გული რომ გწყდება რაღაცაზე, იმიტომაც იკლავ თავს...
- გყვარებია ვინმე?
- კი, ია... - და უცებ გამახსენდა: იას ხომ მეგობრები გაბრიელეს ეძახდნენ, თითქოს გაბრიელე საბატინის გავსო. ია მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა და ჩოგბურთზე დადიოდა. კორტები ჩვენი კორპუსებიდან შორს არ იყო. მე იქ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და მაშინ შევამჩნიე. ის რომ იყო, თითქოს ორი მზე ანათებდა იქაურობას. როცა არ იყო, უმზეოდ იყო ქვეყანა დარჩენილი. მერე უკვე მის სანახავად ვიყავი რამდენჯერმე. თურმე მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. ერთხელ, რაღაც ტურნირის მოგების შემდეგ ვარდი ვაჩუქე. ძალიან გაუხარდა. მეც გამიხარდა, რომ მას ძალიან გაუხარდა და ლოყაზე რომ მაკოცა, მეცხრე ცაზე მეგონა თავი. მერე შეჯიბრებებისაგან და ვარჯიშისაგან თავისუფალი დრო რომ ჰქონდა, დავდიოდით ხელჩაკიდებულები თბილისის ქუჩებში. მაშინ ვერ ვხდებოდი. მერე, როცა უცხოეთში წავიდა, მივხვდი რა დიდი ბედნიერება იყოს მასთან ყოფნა....
- კაი, წავედი...
- სად მიდიხარ?
- ბავშვია გარეთ, დააგვიანდა. ხო, შეგიძლია მომილოცო, დაბადების დღე მაქვს დღეს...
- გილოცავ, რამდენის გახდი?
- ოცდახუთის...
- იცი იასაც დღეს ჰქონდა დაბადების დღე...
- ვიცი...
გაქრა. ვა, საიდან იცის? მთელი ღამე კომპიუტერთან გავატარე, თუმცა ძილი საერთოდ არ გამხსენებია. არადა თერთმეტი ხდება უკვე. ცოტა ხანს ველოდე ‘გაბრიელეს”. რომ არ დაბრუნდა, კომპიუტერი გავთიშე, იატაკზე მიყრილ-მოყრილ ლუდისა და ღვინის ბოთლებს შორის გზა გავიკვლიე და გარეთ გამოვედი...
იმ კორპუსთან სადაც ვცხოვრობ, რაღაც კვლევითი ინსტიტუტია. ინსტიტუტის ეზოში პატარა სკვერია. მომცრო ზომის პალმებით, დიდი კაკტუსებით, ბზის ბუჩქებით და შუაში ერთი ვარდით, რო¬მელზეც სამი ყვავილია. იქვე პატარა ბიჭი ტრიალებს, მგონი რა¬ღაცა დაეკარგა. მე რომ დამინახა თითქოს შეცბა. მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი და უცნობ მოსაუბრეზე დავიწყე ფიქრი, ნუთუ ია? ასე უცებ რატომ დამემშვიდობა? მერე ჩვენი შეხვედრის ბოლო დღე გამახსენდა. მისი დაბადების დღე. მე ვარდები ვაჩუქე. მამადავითზე ავიდეთო. წავედით. მოდი ბარემ ჯვარი დავიწეროთ-მეთქი. ამ თემაზე ნუ ხუმრობო. შენ რა იცი, რომ ვხუმრობ-მეთქი. მერე ეკლესიაში ვიყავით, სანთლები ავანთეთ და მან უცებ ტირილი დაიწყო. საკურთხეველთან საკმაოდ ხალხი იყო. უხერხულად ვიგრძენი თავი. თვალებით ვკითხე რა ხდება-მეთქი. არაფერიო. მერე დიდხანს ლოცულობდა. გარეთ გამოსულები იქვე ეკლესიის ეზოში სკამზე ჩამოვჯექით და რაღაც უნდა გითხრა არ გაბრაზდეო. რა მოხდა-მეთქი? პირველმა ფიქრმა, რაც გამიელვა, ‘ალბათ სხვა შეუყვარდა”. ხვალ ამერიკაში მივდივარ, სავარჯიშოდ და საცხოვრებლად, აქ ალბათ იშვიათად ჩამოვალო...
- აქამდე ვერ გეუბნებოდი, მეშინოდა, არ ვიცოდი რას იტყოდი?
- ნუ წახვალ. აქ რა, ვარჯიში არ შეიძლება?
- არა, იქ სულ სხვა პირობებია და უკვე ერთ კლუბთან კონტრაქტი გაფორმებულია, ჯარიმა არ ამცდება!”
მერე ვერაფერი მოვიფიქრე და სახლში დავპატიჟე, პორტრეტი მინდა შენი დავხატო-მეთქი, ქუჩაში დამხატეო. არა სახლში წავიდეთ, ჩემს ნახატებსაც დაგათვალიერებინებ-მეთქი.
- მეშინია, შეიძლება ჩამკეტო, მე კი ძალიან მინდა წასვლა!
- ნუ გეშინია, თუ ასე გინდა წასვლა, არავინ გაჩერებს!
- კარგი, ოღონდ სახლის გასაღები მე მომეცი და კარი ღია დატოვე!”
მივედით ჩემთან. გასაღები მივეცი. კარიც ღია დავტოვე, ფანჯრებიც გავაღე და მაცივრის კარებიც. ბევრი იცინა... მერე მოლბერტი გავშალე და მისი პორტრეტის ხატვა დავიწყე... ცოტა ხანში, როცა ძირითადი კონტურები მოვხაზე, მან ჯერ მაცივრის კარები დაკეტა, მერე სახლის კარები გასაღებით, მერე ფანჯრებიც მიხურა და ფარდებიც ბოლომდე გადაწია. მე ჩხუბი დავუწყე, ყასიდად, მაცლი თუ არა ხატვას-მეთქი. მერე, ვაჟა ყურში რაღაცა უნდა გითხრაო, უცებ მოვიდა და მაკოცა...
... ტანსაცმელს რომ იხდიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქაფიდან ხელახლა იბადებოდა ვენერა მილოსელი. მეშინიაო. ვგრძნობდი როგორ კრთოდა მისი თითოეული ნაკვთი... ნუ გეშინია-მეთქი...
... ოდნავ ყრუ, ჩუმი შეკივლება მიეხატა ჩემი ოთახის კედლებს...
‘- ია, ნუ წახვალ, დარჩი ჩემთან. ჯარიმასაც მე გადავიხდი...
- უნდა წავიდე, ვაჟა!
- ე. ი. შენ ჩოგბურთი გირჩევნია...
- უნდა წავიდე...
- კარგი, წადი...”
... და წავიდა...
- ძია, ერთ ვარდს მოვწყვეტ რა, შეიძლება?!... - ფიქრებიდან გამომარკვია პატარა ბიჭმა, თითქოს ეგზიუპერის ზღაპრიდან გადმოსულმა უფლისწულმა.
- რა ვარდს? - დავიბენი უცებ.
- აი ამ ვარდს, მაინც სამია.
- ვარდი რად გინდა?
- დედაჩემს ვარდი უყვარს ძალიან, მე კი საყიდელი ფული არ მაქვს, დედა ფულს კი მომცემდა, მაგრამ ჩუმად მინდა მივუტანო.
- მამაშენს გამოართვი!
- მამა არ ვიცი სად არის, დედა მეუბნებოდა, საქართველოშიაო.
- შენ და დედა საქართველოში არ იყავით?
- არა, ერთი კვირაა რაც ჩამოვედით.
- დედას ყოველდღე ვარდებს ჩუქნი?
- ყოველდღე არა, დღეს დაბადების დღე აქვს. ოცდახუთი წლის გახდა.
- შენ რამდენის ხარ?
- მე ხუთის.
- რომ გაგვიბრაზდნენ? არა უშავს. არავინ ჩანს... შენ ახლა კარებს შეხედე, დარაჯი არ გამოვიდეს და მე ვარდს მოვწყვეტ, კარგი?!
- კარგი.
პროფესიონალი მძარცველივით უჩუმრად მოვტეხე ყველაზე ლამაზ კოკრიანი ვარდი და გადავეცი...
- ესეც ვარდი...
- მადლობა ძია...
- არაფრის...
- გაიხარე
- ბიჭი, რა გქვია?!
- ვაჟა.
- რა გქვია?...
- ვაჟა. შენ რა გქვია ძია?
- მეც...
სახლში ავბრუნდი, უცებ რატომღაც ბინის მოწესრიგება მოვინდომე. ‘ბოთლებს ვიბარებ, ბოთლებს” - მოისმა უცებ ქუჩაში. ‘ძმაკაც ამოდი რა, ბოთლები მაქვს”. ‘ვა, რამდენი ნახატი და რამდენი ბოთლი! ამას იბარებენ, ამას არა! ხაზეინ-ჯან, რამდენი ხანი გიგროვებია?!” ‘ექვსი წელი. თუ ძმა ხარ, ყველა წაიღე და გჩუქნი...”. გაუხარდა. სამი დიდი ტომარა გაავსო. ძლივს გაიტანა. უცებ ისევ იღება კარი. ‘მორჩა, არ არის ბოთლები”-მეთქი უნდა მეთქვა. ია იყო. აქედან გავიდა 6 წლის წინ და თითქოს, ეს ექვსი წელი არ ყოფილა. როგორ არ ყოფილა... შემოსულმა კედელზე საკუთარ პორტრეტს მოკრა თვალი...
- ბავშვს რა ქვია?
- ვაჟა.
- ვარდი მოგიტანა დღეს საჩუქრად?
- კი, შენ საიდან იცი?
- დღეს შვილი გავიცანი...
- კარგი რა, რას მატყუებ...
- ის ვარდი ერთად მოვიპარეთ...
- ნახე?
- ხო, გნახეთ...
მგონი სიცოცხლე სულაც არ არის მოსაწყენი....


17.07.2007 წ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები