ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
20 მაისი, 2008


თავი 21. გია ("მაგდა")

მაისის შუა რიცხვებში მაგდას მისმა თანაკლასელმა ნუკრიმ შეატყობინა, "გია ივნისის ბოლოს ჩამოდისო"...

მოსვენება დაკარგა მაგდამ.
უსაშველოდ გაიწელა დრო. რამდენი უძილო და ცრემლიანი ღამე დაიტია...

ელოდა მაგდა ივნისის ბოლო რიცხვებს, ელოდა, მაგრამ... რას?
რას მოუტანდა მას გიას ჩამოსვლა?
სიხარულს?
თუ ცრემლებს?!...
დაიჯერებდა გია იმ დაუჯერებელ სიმართლეს, რომ ეს ყველაფერი მაგდას სურვილით არ მომხდარა... რომ მაგდა არასოდეს ყოფილა სხვისი ცოლი... რომ არასოდეს უღალატია გიასთვის?!
ა რ ა ს ო დ ე ს ?
ხო, არასოდეს!... მაგრამ...
თუ არასოდეს არაფერი მომხდარა, მაშინ ვინ არის თეა გელოვანი?...
საიდან გაჩნდა მის სახლში ეს პაწაწა, უმანკო არსება?!
და ან რატომ უყვარს მაგდას ეს "არსება" სიცოცხლეზე მეტად?...


* * *

თითქმის გავიდა ივნისი...
მაგდას მოლოდინით დაღლილ გულს მალამოდ მხოლოდ პატარა თეას "აღღღუ, აღღუ" ედებოდა, მაგდას სევდიან და ცრემლიან თვალებს მხოლოდ მისი თეას პაწაწა ხელების ცაცუნი ამხიარულებდა და აშრობდა.

და აი, 25 ივნისს ტელეფონით ვიღაცამ დარეკა. ბავშვის ხმა იყო.
- მაგდა, გია ჩამოვიდა...
- ვინ ლაპარაკობს?! რომელი ხარ?! - მაგდას ბურთივით გაეჩხირა სიტყვები ყელში.
- მე გიას ძმა ვარ, გურამი...
- ჩემი პატარა გურამიკო, ჩემი კარგი ბიჭი... - ცრემლები წამოსცვივდა მაგდას, - გურამ, კი, მაგრამ აქ ვინ დაგარეკინა? ჩემი ტელეფონის ნომერი ვინ მოგცა?!
- არავინ, მე თვითონ წავიკითხე... მე უკვე მეორე კლასში გადავედი და კითხვა არ მეცოდინება? - წყენა შეეპარა ბავშვის ხმას.
- და შენ თვითონ დარეკე?... არავის უთხოვია?...
- ჰო, მე თვითონ.. მაგდა, რატომ აღარ მოდიხარ ჩვენთან? მე შენ, იცი, როგორ მიყვარხარ?... მოდი, რა?!... შენ მე სულ მეთამაშებოდი, სხვები კი - არა!... ოღონდ მოდი, და ახალი სათამაშო რომ მაქვს, მაგიდის ფეხბურთი, იმას მოგაგებინებ, თუ გინდა... მოხვალ?... მითხარი, მოხვალ?... ჰა?.....
- ჰო, მოვალ, მოვალ, გურამიკო! შენ ძალიან-ძალიან კარგი ბიჭი ხარ... მეც ძალიან მიყვარხართ და მენატრებით... შენც, ხათოც და...  გიაც!

მაგდამ ყურმილი დაკიდა. ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები, მაგრამ ეს ცრემლები –დიდი სიხარულის ცრემლები იყო!
გია ჩამოვიდა!
გავიდა მტანჯველი ორი წელი!...

"ღმერთო, რამდენი რამ მოხდა ამ ორ წელიწადში!
დღეს 25 ივნისია!... რა არის ეს, ბედი თუ ბედიწერა?!
ერთი წლის წინ, ზუსტად დღევანდელ დღეს მოხდა ის საშინელება! იმ 25-მა ივნისმა უბედურება მომიტანა.
რას მომიტანს ეს 25 ივნისი? სიხარულს? თუ კიდევ ერთხელ მათქმევინებს, "უბედური ვარო"?... "

მაგდამ სიმწრით მოიკვნიტა ტუჩი.

"მე ხომ გიას მართლა ველოდი?! ველოდი მთელი ჩემი არსებით!
მთავარია, რომ გია მიხვდეს ამას, მთავარია დამიჯეროს!...
არა, მთავარია, ისევ თუ ვუყვარვარ!...
მე ხომ მიყვარს გია?! მე ხომ მისი სიყვარულის გამო ვზრდი უმამოდ თეას?!
აი, რა არის მთავარი!.."

და მაინც, ალბათ, ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა შეხვედრა!...

გავიდა ერთი კვირა. გია არ გამოჩენილა, არც დაურეკავს...
მაგდა ერთი წუთით არ გასულა სახლიდან, ტელეფონს არ მოშორებია, - გიას ზარს ელოდა!
ტელეფონი კი – სდუმდა!…

ნინო მტკივნეულად განიცდიდა ყოველივე ამას, მაგრამ შვილს ვერაფრით ეხმარებოდა! რამდენჯერმე სცადა სიტყვის ჩამოგდება ნოდარზე, მაგრამ – უშედეგოდ... მაგდას ნოდარის სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა!

იმ დღეს ნინო მაღაზიიდან ბრუნდებოდა, რომ, სრულიად მოულოდნელად, გიას შეეფეთა.
ნინო დაიბნა...
გიაც შეცბუნდა, მაგრამ დაასწრო და მიესალმა:
- გამარჯობათ, დეიდა ნინო...
- გაგიმარჯოს, გია!... როგორ გამოცვლილხარ, გაზრდილხარ, დავაჟკაცებულხარ... დიდი ხანია, ჩამოხვედი?
- არა, დეიდა ნინო, სულ რაღაც ერთი კვირაა...
- მერე? რატომ ჩვენთან არ გამოივლი? მაგდაც სულ სახლშია...
- სახლში?!... კი, მაგრამ... მაგდა ხომ...
- რა, "მაგდა"?...
- მაგდა ხომ... გათხოვდა?! - ძლივს ამოთქვა გიამ ეს პატარა წინადადება.
- "გათხოვდა"?... საიდან მოიტანე, რომ მაგდა გათხოვდა? არც უფიქრია გათხოვება!...
- დეიდა ნინო, მაშ ეს ყველაფერი ტყუილი იყო? - სახე გაუბრწყინდა გიას, მაგრამ მომენტალურად გადაეფარა მის სახეს შავი ღრუბელიც, - კი, მაგრამ… ვის დასჭირდა ჩემი ასე მოტყუება? ვის აწყობდა ასეთი ტყუილი?!... მოვალ, დეიდა ნინო, დღესვე მოვალ!...
- ეეეჰ, არა, გია, არა!... შენ, თურმე, არაფერი  იცი... მაგდა მოიტაცეს, შარშან ამ დროს... ნამდვილად მოიტაცეს... სადღაც ქალაქგარეთ გაიყვანეს... მაგდა მეორე დილით დაბრუნდა, არ დარჩა იმ ოჯახში... მაგდა ძალიან იყო განერვიულებული. მე იგი თბილისს მოვარიდე და სოფელში გავაგზავნე, სადაც მას ვეღარავინ მიაგნებდა... მეგონა უკეთესს ვაკეთებდი, - უარესი გამომივიდა, მაგდა ფეხმძიმედ ყოფილა!... როცა სოფლიდან ჩამოვიყვანე, ბავშვის მოცილება გვიანი იყო უკვე... ასე რომ მაგდა ახლა დედაა, სამი თვის გოგონას დედა!
- ის... სად არის?...
- არ ვიცი... მაგდას მისი სახელის არც ხსენება უნდა და არც გაგონება!... - ნინო წამით შეჩერდა, თითქოს რაღაცის თქმა თან უნდა და თან არაო, შემდეგ კი თვალი თვალში გაუყარა გიას და უთხრა, - მოდი ჩვენთან... დანარჩენს მაგდა თავად გეტყვის...

ნინო წავიდა, გია კი კიდევ კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე, შემდეგ სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლში, სავარძელში ჩაეშვა და ტელეფონს მიაჩერდა.

შარშან ამ დროს მიიღო გიამ მზიას წერილი, რომელშიც ატყობინებდა მაგდას "გათხოვების" ამბავს...

ფეხზე წამოხტა. თავის უბის წიგნაკში ჩაკეცილი წერილი ამოიღო და მეათასედ გადაიკითხა:

"ესეც შენი მაგდა!... "უღალატო"... "მართალი"... ასე თვლიდი მას, მე მგონი, ჩემო გია!
ასე არ არის?...

არ აღმოჩნდა "შენი ცისფერი ფერია"  შ ე ნ ი!... სხვისია! სხვა არჩია შენს თავს!...
ეს შენთვის არ არსებობდა არავინ მაგდაზე ჭკვიანი, უკეთესი, მაგდაზე ლამაზი და ერთგული!... ვერაფერს ვიტყვი, - ლამაზი ნამდვილად არის, მაგრამ... შენ ლამაზი კი არა, ერთგული მეუღლე უნდა ეძებო! ერთგული კი... თვალს თუ კარგად გაახელ, იმ ერთგულსაც იპოვი, თუმცა შეიძლება ის ისეთი ლამაზი არ იყოს, როგორიც მაგდაა!

შენ გგონია, მაგდას შენ უყვარდი?... როგორ გეკადრება?!
მაგდას დათო უყვარდა!...
ჰო, ჰო... რატომ გაგიკვირდა? რა არ იცოდი?
და რომ გაიგო, "დათოს მე კი არა, მაიკო ყვარებიაო", - შენ მოგეტმასნა!
შენ რომ საავადმყოფოში გივლიდა, თან იცი რას ფიქრობდა? - "დათოს უნდა დავუმტკიცო, როგორი ერთგულება ვიციო!"

ერთი თვის წინ დათოს და მაიკოს ქორწილი ჰქონდათ. და მაგდა მაიკოს მეჯვარედ არ გაჰყვა!... წარმოგიდგენია? მაგრამ, ან როგორ დაჯდებოდა ქორწილში ნეფე-დედოფლის მაგიდასთან, როცა გულში სულ სხვა რამ უტრიალებდა?...
მართალია, მათ ქორწილში მე არ ვყოფილვარ დაპატიჟებული, მაგრამ… წარმომიდგენია, რა გამეხებული სახით იჯდებოდა მაგდა  დ ა თ ო ს  ქორწილში, სადაც პატარძალი  მ ა ი კ ო  იყო...  მაიკო, და არა მ ა გ დ ა!

დათოს ქორწილიდან 2 კვირის შემდეგ მაგდამ და მისმა "ბიჭუნამ" გატაცების სცენა გაითამაშეს. ხომ იცი, ეს ხშირად ხდება ასე... ყველამ იცოდა, რომ მაგდას შენ უყვარდი... სინამდვილეში ვინც უყვარდა, - უკვე გითხარი. დათომ რომ მაიკო ითხოვა ცოლად, მაგდასთვის სულერთი გახდა, ვის გაჰყვებოდა... შენ?... სხვას?... ამას ერთი ფასი ჰქონდა უკვე!

კიდევ ერთხელ გეუბნები, ყველამ იცოდა, რომ მაგდას შენ უყვარდი, ამიტომ გატაცება ყველაზე უკეთესი ვარიანტი იყო ხალხის თვალის ასახვევად და სირცხვილის ჩამოსარეცხად!

ასე, ჩემო გია! კარგად გაახილე თვალები!... ერთგული ადამიანი ეძებე და არა ლამაზი! ერთგულები კი, ოიიი, რა ცოტანი არიან!

ნახვამდის!
გკოცნი მეგობრულად, მარად შენი ერთგული და კეთილისმსურველი მზია!

10 ივლისი"



მექანიკურად მოჭყლიტა წერილი.
საფეთქლებს ბაგა-ბუგი აეტეხათ... გიამ ხელები მთელი ძალით მიიჭირა საფეთქლებზე და შეეცადა, აღარაფერზე ეფიქრა!

- გავგიჟდებიიიი! – იყვირა უცებ მთელი ხმით, შემდეგ სახე მკლავებში ჩამალა და პატარა ბავშვივით ატირდა.

არავინ იყო სახლში მის მეტი, ვერავინ ანუგეშებდა... და ვერც ვერავინ დაინახავდა მის ცრემლებს... ამიტომაც გამოარღვიეს გიას ცრემლებმა საგუბარი და ღვარად წამოვიდნენ ნამზეურიან სახეზე.

ასეთი წერილის მიღების შემდეგ მთელი თვე ელოდა გია მაგდასგან წერილს ან, თუნდაც, ღია ბარათს მაინც... დარწმუნებული იყო, "მზიას ამ მონაჩმახში ერთი სიტყვაც არ წერია მართალიო", მაგრამ… მაგდასგან აღარაფერი ისმოდა!

და ვინ იცის, რა იყო გიასთვის ეს ერთი თვე?!...
ეს იყო უძილო ღამეების, მალულად მოწმენდილი ცრემლების, "უმიზეზოდ" გაბრაზებისა და გაფსიხების ერთი თვე!

ყველასთვის კარგი მეგობარი, გულღია, მხიარული გია ერთბაშად გადაიქცა თავის თავში ჩაკეტილ პიროვნებად... სიგარეტის მოწევა დაიწყო... ხშირად ისეც ყოფილა, რომ ბიჭები ეძახდნენ და მას კი - არ ესმოდა, - თბილისში იყო-ხოლმე ფიქრებით... მაგდას ესაუბრებოდა, ეკამათებოდა, ეჩხუბებოდა კიდეც... და ეს ყველაფერი სახეზე ეხატებოდა გიას. ასეთ დროს ყველასთვის ჯობდა, მისთვის ჩუმად აგეარა გვერდი...

მთელი თვე ეწამა გია... რამდენი წერილი მისწერა, სთხოვდა, ნუ იყო გაჩუმებული, აეხსნა მისი სიჩუმის მიზეზი... ან თუნდაც არაფერი არ აეხსნა, მხოლოდ ორიოდე სიტყვა მიეწერა...…

მაგრამ – არა:  ჯიუტად სდუმდა მაგდა!

აგვისტოს ბოლოს გიამ უკანასკნელი წერილი მისწერა მაგდას... ირწმუნა მზიას წერილის ნაწილობრივი სიმართლე, ის, რომ მაგდა გათხოვდა!

შემდეგ თავის თავს დაუწყო დარწმუნება: "თუკი მაგდამ შესძლო სხვაზე გათხოვება, მეც შევძლებ მისი სიყვარულის გულიდან ამორეცხვასო..."

სხვა ბიჭებთან ერთად რუს გოგონებთან დაიწყო სიარული და ისინიც აღმერთებდნენ გიას. ბოლოს გიამ არჩევანი ერთ-ერთზე შეაჩერა და მუდმივ პარტნიორად გაიხადა.
ლეას, - ასე ერქვა იმ გოგონას, - სიგიჟემდე შეუყვარდა გია. ლეა მაგდას გავდა თავისი უძირო ცისფერი თვალებითა და ქერა, ხვეული თმებით, სიმაღლითა და ნატიფი ტან-ფეხით...…
ერთხელ, დილით, ლეამ გაბუტული ტუჩებით ჰკითხა: "მაგდა ვინ არისო?... ჩემთან იყავი და იმ ვიღაც მაგდაზე ფიქრობდიო?" და ტირილი დაიწყო. ძლივს დაამშვიდა...
რამდენიმე კვირის შემდეგ ლეამ ფრთხილად შეაპარა, "მგონი ფეხმძიმედ ვარო", რაზეც კინაღამ გაგიჟდა გია, - "ახლავე მოიშორე ბავშვიო..." თვითონ გაჰყვა საავადმყოფოში და ვიდრე არ დარწმუნდა, რომ ბავშვი აღარ გაჩნდებოდა, მანამ არ მოშორებია გვერდიდან.
კარგა ხანს აღარ შეხვდა ლეა... უსაზღვროდ ნაწყენი იყო გიაზე, მაგრამ... სიყვარულმა სძლია და ისევ შეხვდა.
აღარც გიას  უნდოდა ლეას ნახვა, მაგრამ... მაგდა მოენატრა და ისევ ლეას დაუწყო ძებნა.
და ახალი ძალით იფეთქა ლეას სიყვარულმა გიასადმი... მაგრამ ლეას მიმართ ყინულივით ცივი რჩებოდა გია.
ასე დაშორდნენ კიდეც ერთმანეთს: გიაზე შეყვარებული ლეა და მაგდაზე შეყვარებული გია!!!
- არაფერი მომწერო, მაინც არ გიპასუხებ და გული უფრო დაგწყდებაო, - უთხრა გამოთხოვებისას ლეას და... კოცნით ამოუშრო ცრემლიანი ცისფერი თვალები.
და არ იცოდა გიამ, რომ მან კიდევ ერთხელ მისცა დასაბამი ახალ სიცოცხლეს ლეას სხეულში.
მაშინ ეს ჯერ არც ლეამ იცოდა.


ვერ ამოიღო გულიდან მაგდა. ვერ დაივიწყა... გულის ძალიან შორეულ კუნჭულში ჯერ ისევ ბჟუტავდა იმედი, რომ იქნებ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო... ან იქნებ...
და მეტად წინ ვეღარ მიდიოდა მისი ფანტაზია: რა "ან იქნებ?"...

მაგდა უყვარდა! ძალიან უყვარდა! უყვარდა და ეს სიყვარული უდიდეს ტრაგედიად მიაჩნდა: უყვარდა აწ უკვე  ს ხ ვ ი ს ი  ცოლი!

და აი, დღეს გებულობს გია სიმართლეს... მაგრამ სად იწყება ეს სიმართლე და სად მთავრდება სიცრუე?!

გია ისევ ტელეფონის აპარატს მიუჯდა. ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში.

"დავრეკო? კი, მაგრამ, რა უნდა ვუთხრა მაგდას? არ დავრეკო და - რას იფიქრებს მაგდა, "შეეშინდაო?"... ჰმ... "შემეშინდა"!... არაფრისაც არ შემშინებია! რა სისულელეებზე ვფიქრობ?! რისი უნდა შემშინებოდა?!... უბრალოდ, გაბრაზებული ვარ მაგდაზე. რატომ მიღალატა?! რატომ მომატყუა?!... თუმცა, როგორც დეიდა ნინომ მითხრა, მაგდა არაფერ შუაში ყოფილა… და თუ მაგდა არ არის დამნაშავე, მაშინ მე ვყოფილვარ მტყუანი, თითქმის ერთი წელია აღარაფერი მიმიწერია მისთვის... უნდა დავრეკო!... და რა ვუთხრა, "მაპატიე, შვილი რომ გააჩინე-მეთქი?"… შ ვ ი ლ ი!...  ვისი შვილი?! მაგდა, ჩემი "ცისფერი ფერია" ვიღაცის შვილის დედაა!... მაშინ რატომ ვარ მე მტყუანი? იმიტომ რომ მაგდას ეს ვერ ვაპატიე?... ჰო… ვერ ვაპატიე, მაგრამ, რა ვერ ვაპატიე, ძალით მოტაცება?... ვინ იცის, რა დღეში იყო იქ ის საწყალი... არა, უნდა დავრეკო! რაც იქნება, - იქნება! ღმერთო, შენ მიშველე!"

გიამ მაგდას ნომერი აკრიფა.
ყურმილი მაგდამ აიღო.
- ალო, მაგდა, გია ვარ!...

პასუხად ყურმილში ერთი შეკივლება გაისმა, მერე რაღაცის დაცემის ხმა შემოესმა გიას და... ყველაფერი მიწყნარდა.
- მაგდა!...  მაგდა, ხმა გამეცი!... სად წახვედი?! მაგდა!... - ჩაჰყვიროდა ყურმილში გია, მაგრამ უშედეგოდ!

უცებ, "ვაიმე, მაგდაო", - გაიგონა ნინოს ყვირილის ხმა და...
ტუუუუუ... ტუუუუუ... ტუუუუუ... ტუუუუუ...

გიას აღარაფერი ახსოვდა, როგორ წამოხტა ფეხზე, როგორ ჩაირბინა კიბეზე, როგორ მივიდა მაგდას სახლამდე, სადარბაზომდე... როგორ აირბინა მეოთხე სართულზე და ზარი დარეკა!

კარი თითქმის დარეკვისთანავე გაუღეს:…
- მობრძანდით, ექიმო...
და ნინო დაბნეული თვალებით შეჰყურებდა კარებში გაჩერებულ გიას.

- დეიდა ნინო, რა მოხდა?!... სად არის მაგდა?! - შესვლისთანავე იკითხა გიამ, - ეს მე დავურეკე მაგდას!...
ნინომ ხელები აიფარა სახეზე და ჩუმად ატირდა.
გიამ ფერი დაკარგა, - ათასი საშინელი ფიქრი აერია თავში!...
ნინო მაგდას ოთახისკენ გაუძღვა გიას.
თვალდახუჭული და გაფითრებული მაგდა საწოლზე იწვა.
- მაგდა!... - დაუძახა გიამ, - მაგდა, ხმა გამეცი...
- გია, მაგდა უგონოდ არის! ვერაფრით ვუშველე, გონზე ვერ მოვიყვანე. ახლა ექიმს ველი... მალხაზი მაინც იყოს თბილისში... ჩემი დაჩაგრული გოგო, ჩემი პატარა მაგდა!

ქვითინებდა ნინო და თან მაგდას თმაზე ეფერებოდა.

გია საწოლს მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დაიჩოქა. შემდეგ მაგდას ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა... ნაზად, ძალიან ნაზად აკოცა და ხელისგული ლოყაზე დაიდო.

ნინო გავიდა.

- ჩემო მაგდა, ჩემო "ცისფერო ფერიავ"!... გახსოვს, შენ რომ მკვდარი გამაცოცხლე? - თავისთვის ბუტბუტებდა გია, - ახლა მე გამოგიყვან ამ მდგომარეობიდან, მე გიშველი, მაგდა! გახსოვს, სურათი რომ გადავიღეთ ფუნიკულიორზე?... ან ის თუ გახსოვს, ჩვენმა კლასებმა ერთად რომ დავდგით სკოლის სცენაზე "მძინარე მზეთუნახავი"? რამდენი ვიხვეწე, "პრინცის როლი მე მათამაშეთ-მეთქი..." და... მათამაშეს!...  ჩემო "მძინარე მზეთუნახავო",  გაგაღვიძებს, ნეტა, ჩემი კოცნა? თუ ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება?!

გია წინ გადაიწია და მაგდას ტუჩებს ოდნავ შეეხო ტუჩებით.
ცივი ტუჩები ჰქონდა მაგდას, უსიცოცხლო...
თავზე შემოაჭდო ხელები და უფრო ძლიერად აკოცა. შემდეგ თითი გადაუსვა ტუჩებს, ოდნავ გააღებინა პირი და ისევ აკოცა, ძლიერად, ვნებიანად... ხან ზედა ტუჩს მოიქცევდა ტუჩებში, ხან – ქვედას... ცდილობდა, საკუთარი სითბოთი და სუნთქვით გაეთბო  სითბოდაკარგული ვარდის ფურცლები.

ბეჭებქვეშ ამოუტარა ხელი და მაგდას სხეული ოდნავ წამოწია საწოლიდან, შემდეგ თვითონ დაჯდა საწოლზე და მაგდა მკერდზე მიისვენა. ახლა უფრო ახლოს ყავდა თავისი საუნჯე, უფრო ძლიერად შეეძლო მისი გულში ჩაკვრა.

მაგდამ ოდნავ შეატოკა დახუჭული ქუთუთოები. ეს იყო პირველი სასიცოცხლო ნიშანი იმ ნახევარი საათის განმავლობაში, რაც მაგდამ გონება დაკარგა.

ექიმები კი ჯერ არ ჩანდნენ.

გავიდა კიდევ 10 წუთი, დაძაბული 10 წუთი!...

გიას პატარა ბავშვივით ჰყავდა მაგდა მკერდზე მიკრული და ოდნავ შესამჩნევად არწევდა, თან კი გამუდმებით უკოცნიდა დახუჭულ თვალებს, გაყინულ შუბლს, ფერმიხდილ ლოყებს, სილურჯედაკრულ ტუჩებს...

უეცრად გიამ იგრძნო, როგორ შეტოკდა მაგდას სხეული, თითქოს დენის მუხტი გაატარესო. ცოტაც და... მაგდამ თვალი გაახილა.

- მაგდა!... ჩემო მაგდა!... ნუ გეშინია, მე აქ ვარ, შენთან! აბა, შემომხედე, მაგდა!...
მაგდამ თვალები ასწია და გია რომ დაინახა, კინაღამ თავიდან დაკარგა გონი.
გიამ მხარში ჩაავლო ცალი ხელი და ოდნავ შეანჯღრია:
- მაგდა, რა მოგდის? გონს მოდი!.. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?
მაგდას ხმა არ ამოუღია, მხოლოდ ხელები აიფარა სახეზე და მწარედ ატირდა.
- გახსოვს, მე რომ გთხოვე, "ჩემს საყვარელ ზღვისფერ თვალებში ცრემლი არ დამანახო-მეთქი?" მე ახლაც იგივეს გთხოვ, მაგდა!... მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ! ეს არის მთავარი... დანარჩენი ყველაფერს ეშველება, მოევლება!...

გიამ ხელები მოხვია და მაგრად ჩაიკრა გულში. მაგდა მკერდზე მიეყრდნო, ცრემლებით დაუსველა პერანგი...

გიამ ნიკაპში ამოსდო ხელი და თავი ააწევინა, ცრემლიან ზღვისფერ თვალებში ჩახედა, - რამხელა ტკივილი ჩანდა ამ ორ უძირო ტბაში! ტკივილი, სიხარული, სიყვარული, შიში!... - ყველაფერი ერთად! და რა უმწეო იყო თვალცრემლიანი მაგდა!

გიამ მეტს ვეღარ გაუძლო და მაგდას ტუჩებს დაეწაფა.
მაგდამ კოცნაზე კოცნით არ უპასუხა...

გიამ ხელები ჩამოუშვა და თავი ჩაღუნა.
"ნუთუ აღარ ვუყვარვარ? რომ ვყვარებოდი, მაკოცებდა! აი, ლეა ხომ მკოცნიდა? ღმერთო, ახლა ლეა რამ გამახსენა?!...
ან იქნებ სულაც არ უნდოდა მაგდას ჩემი ნახვა? იქნებ ეს მხოლოდ დეიდა ნინოს იდეა იყო ჩვენი შეხვედრა?...
ან იქნებ... იქნებ მაგდას "ის" უყვარს? იქნებ მხოლოდ სინდისის ქენჯნაა მისი ცრემლები და სხვა არაფერი? მაშ რატომ მომწერდნენ იმ წერილს, "მაგდა გათხოვდაო?" ვინ იცის, იქნებ იმ ბიჭმა მიატოვა კიდეც და ახლა ჩემი გამოჭერა უნდათ?..."

გია ისე სწრაფად წამოხტა ფეხზე, რომ მაგდა შიშით მიიკუნჭა საწოლის კუთხეში, შემდეგ კი – ისევ მოცელილივით დაჯდა საწოლზე.

"არა, ალბათ იმას ფიქრობენ, "ბავშვიანი მაგდა სხვაზე ვერ გათხოვდება და იქნებ გიას ძველმა სიყვარულმა გაჭრასო?" ასეა, არა, ქალბატონებო? ვერ მოგართვით!... მე ის ჩიტი არ ვარ, თქვენს დაგებულ კაკანათში გავიხლართო!..." - ფიქრობდა გია და მაგდასკენ გახედვის ეშინოდა... 

ეშინოდა, რადგან არ იცოდა, რა მოხდებოდა, როცა მათი თვალები შეხვდებოდა ერთმანეთს!…ცდუნება კი დიდი იყო!
ცდუნება?...
თუ სიყვარული?...
ალბათ, ორივე ერთად!

მაგდამ ფრთხილად ასწია ხელი და გიას მხარზე დაადო.
გია შეკრთა...
მაგდამ მაშინვე აიღო ხელი, ბალიშებში ჩაემხო და აქვითინდა.

- ნუ ტირი, მაგდა... რა ფასი აქვთ ახლა ამ ცრემლებს?! დაიგვიანეს ამ ცრემლებმა!... მე წავალ... არ მინდოდა შენი შეშფოთება... უნებურად მომიხდა! მაპატიე... და... მშვიდობით!
- გია, - ამოიკვნესა მაგდამ და წამოჯდა.

მეორე ოთახიდან ბავშვის ტირილის ხმა მოისმა.
მაგდა შეკრთა, გიას შეხედა. გიამ შენიშნა მაგდას ეს შიშით თუ მოლოდინით სავსე გამოხედვა და მწარედ ჩაიცინა.

- შენი  შ ვ ი ლ ი  ტირის!... გეძახის!...
- ჰო, შია, ალბათ... - და მაგდამ უნებურად მკერდზე მოისვა ხელი, - მარცხენა ძუძუ გიას კი არა, პატარა თეას უხმობდა ახლა!
- ჰო,  ა ლ ბ ა თ  შია!... მე წავალ, მაგდა!
- მოიცა, გია! ერთი წუთით მომისმინე და მერე წადი!... მხოლოდ ერთი წუთი!... მე ყველაფერს აგიხსნი, - მაგდამ ხელით სცადა გიას შეჩერება, მაგრამ გიამ ხელი გააშვებინა.
- ნუ, მაგდა!... არ გინდა არაფრის თქმა... ისედაც ყველაფერი ნათელია... ჩემზე ნუ გაბრაზდები... შენს თავს შეუნდე, აპატიე და მხოლოდ შემდეგ მეც მაპატიე... მე სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია!... მშვიდობით!

გია წამოდგა, თავი ჩაღუნა და გასასვლელისკენ გაემართა. კარებთან შედგა, მოიხედა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, შემდეგ კი გადაიფიქრა, ხელი ჩაიქნია და გავიდა.

-გიააააა! - ისეთი ხმით იკივლა მაგდამ, რომ ყველანი, - ნინოც, მასთან შესული მეზობლებიც, - ოთახში შეცვივდნენ... ყველანი, გიას გარდა!

გია წავიდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები