 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 9 ივლისი, 2009 |
თავი მეორე
იანგულის გამეფება და ქამეხის აღსასრული
სასახლეში დიდ მწუხარებას დაესადგურებინა. სრულიად საქარიის მეფე აბესალი სარეცელზე იწვა და წუთებს ითვლიდა. - იანგულ, - მიმართა ჩურჩულით აბესალმა თავის ვაჟს. - სამეფო შენს ხელში გადმოდის. ეცადე კეთილშობილი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მეფე იყო. ღარიბს დაეხმარე, მდიდარს კი ნუ წაართმევ. სიკეთე დათესე. ბოროტებას, შურს და ღალატს არ შეეგუო. ქამეხი თუ ცოცხალია, ეცადე შემოირიგო. ის ახლა მარტოა და ადამიანური სითბო სჭირდება. - იქვე კუთხეში მდგარმა ქანელმა წინ წამოდგა ნაბიჯი, თვალები უელავდა. - პატიება ისწავლეთ ახალგაზრდებო, პატიება, მაშინ მიხვდებით, რომ ადამიანი ხშირად ბოროტებას უმეცრებით სჩადის. - კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა მეფე აბესალს, მაგრამ ვეღარ მოახერხა, ღრმად ამოისუნთქა და სული ღმერთს ჩააბარა. რამოდენიმე დღე არ იყო გასული, რომ დედოფალი ვერ შეეგუა ქმრის არყოფნას და მანაც განუტევა სული. მეფე-დედოფალი დიდი პატივით დაკრძალეს. თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მეფეები, თავიანთი მხლებლებით. რათა გამომშვიდობებოდნენ აბესალ მეშვიდეს, რომელსაც მთელს სამყაროში უძლიერეს და უკეთილშობილეს მეფედ მიიჩნევდნენ. სამეფო ტახტი იანგულმა ჩაიბარა. იანგულ პირველი, ასე აკურთხეს იგი მეფედ. გრძნეული ეფროსი და ქანელი სულ გვერდზე ჰყავდა იანგულს. რადგანაც უფლისწულობა ერთია, მაგრამ ამხელა ქვეყნის მართვა ყმაწვილისათვის ძალზედ რთული აღმოჩნდა. - ძალიან ცუდი წინათგრძნობა მაქვს იანგულ. - მიმართა მეფეს გრძნეულმა ეფროსმა. - კაცი-გველი აღარ არსებობს, ქამეხი ტყეშია და ცოდვებს ინანიებს. ვის უნდა უნდოდეს საქარიის განადგურება? არა და ვგრძნობ, მძიმე დღეები გველის. - ეფროს, შენ მამაჩემის გარდაცვალებით ხარ დამწუხრებული და მძიმე ფიქრებიც მოგეძალა. დამშვიდდი. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ იმდენი ძალა გაგვაჩნია, რომ მტერს სათანადოდ გავუმკლავდეთ. მითუმეტეს, როდესაც ქანელია მხედართმთავარი. ეფროსი მაინც აწრიალებული იყო. - უნდა განვმარტოვდე, უნდა მივხვდე საფრთხე საიდან მოდის. თუ არა და ჩემს ძმებს დავიხმარიებ. დროა მათთან ურთიერთობა აღვადგინო. დღეს ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. ამავე დროს, საქარიიდან ძალიან შორს, მეშვიდე უღრან ტყეში ქამეხი განმარტოებით ცხოვრობდა. დილიდან საღამომდე ლოცულობდა. ცოდვების მონანიება სურდა, ღმერთთან შეხვედრისა ეშინოდა. “ქანელ, ქანელ” ჩურჩულებდა დღეების განმავლობაში. ხანაც ხმამაღლა უძახდა თავის ვაჟს. კი არ ყვიროდა, არამედ მხეცივით ღრიალებდა და თვალებიდან ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. ამ დროს ტყე ზანზარებდა, შეშინებული ცხოველები კი სოროებში იმალებოდნენ. საცოდავი შესახედი იყო ქამეხი. მისი ტანსაცმელი ძონძებად ქცეულიყო, წვერი ლამის მუხლამდე გაზრდოდა, არც იბანდა. ასე ისჯიდა თავს ქამეხი საკუთარი ცოდვების გამო. ერთ ჩვეულებრივ დილას, ქამეხმა საოცრად მშვიდად გაიღვიძა. თვითონვე გაუკვირდა, რატომ იყო სიხარულით სავსე მისი გული. ლოცვა დაიწყო, თავდავიწყებით ლოცულობდა, სახე უცოდველი ბავშვივით უღიმოდა. უცებ ციდან საშინელი გრუხუნის ხმა მოესმა, ზევით აიხედა. “ქამეხ, ქამეხ”, მოესმა ნაცნობი ხმა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. “არა, ეს შეუძლებელია, საიდან მომაგნო. თუმცა არა, ეს კაცი-გველი არ არის, ვიღაც სხვაა, მაგრამ ხმა რომ უგავს”? ფიქრობდა ქამეხი და თანდათან იძაბებოდა. შეცდომა შეუძლებელი იყო. ქამეხი ყველაფერს მიხვდა. მისკენ კაცი-გველი, ევპრისი- ურჩხული მოემართებოდა. ეტლი მიწაზე დაეშვა, საიდანაც საშინელი შესახედაობის, უზარმაზარი ურჩხული გადმოვიდა და რამდენადაც შეეძლო გაღიმებული სახით (უფრო სწორედ, სახეებით) ქამეხისაკენ გაემართა. - ქამეხ, მეგობარო, როგორც იქნა მოგძებნე. - ხრიალით ლაპარაკობდა ურჩხული-ევპრისი და ქამეხს მხარზე ტორს უტყაპუნებდა. - რას დამსაგავსებიხარ, უჩემობა დაგეტყო არა? - საზიზღრად ჩაიხითხითა მან. - შენ ვინა ხარ? - კითხვაზე კითხვით უპასუხა ქამეხმა. - შენი მეგობარი, კაცი-გველი, აღარ გახსოვარ? ახლა უფრო ძლიერი ვარ და ტორის ერთი დარტყმით შემიძლია საქარიის განადგურება. - კაცი-გველი ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა, შენ კი საერთოდ არ გიცნობ. - თავი მოისულელა ქამეხმა. - მეორეც ერთი, რას გადაეკიდე საქარიას. საქარიასთან და მეფე აბესალთან მე ჩემი ანგარიში მქონდა, მაგრამ მეფე აბესალი გარდაიცვალა. მე თვითონ კი იმდენი ცოდვა ჩავიდინე ამასობაში, რომ ასი წელი რომ ვილოცო და კიდევ ასი წელი ჩემი შვილის ფეხებთან ვიგორაო, პატიებას ვერ ვეღირსები. ასე რომ, მე და შენ ერთ გზაზე ვერ ვივლით. - ხუმრობ? - ამოიხრიალა ურჩხულმა. - მე ხუმრობის ხასიათზე არა ვარ ჩემო..... ვინც არ უნდა იყო. თუ კაცი-გველი ხარ, ისევ ჯურღმულშია შენი ადგილი და თუ ევპრისობას იჩემებ, სდიე ისევ პეპლებს. ყველაზე კარგად ეგ გამოგდის. ეგ არის შენი ნამდვილი მოწოდება. ურჩხული-ევპრისი სიბრაზისაგან გამწვანდა, (ვერ გაწითლდებოდა, რადგან შედედებული სისხლის ფერი, ხორკლიანი ტყავით იყო დაფარული. - შენნაირ ამაზრზენ ცხოველთან საუბარიც არ მინდა. რომ გელაპარაკები, საკუთარი თავი მეზიზღება. - მიუგო ქამეხმა, ზურგი შეაქცია და თავის ქოხს შეაფარა თავი. - გამოეთრიე, გამოეთრიე-მეთქი შე ვირთხა. თუ რამეს წარმოადგენდი, ჩემი წყალობით. - ურჩხულმა ტორი დაჰკრა ქამეხის ქოხს და ნაფოტებად აქცია. ქამეხი იდგა და დამცინავი თვალებით შესცქეროდა მონსტრს, რომელთანაც მართლა აკავშირებდა დიდი ხნის ახლობლობა. - ვერ გადამირჩები, ცოცხალი ვერ გადამირჩები, - ხრიალებდა ყოფილი კაცი-გველი და ყველა პირიდან დორბლი სდიოდა. - მეც ეგ მინდა, საცოცხლებელი არა ვარ, შენნაირ სიბინძურესთან რომ მქონდა ურთიერთობა. - ქამეხმა სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ ევპრისმა თათით აიტაცა ჰაერში და ძირს დაანარცხა, შემდეგ ტორი დააბიჯა და ძვლები გადაუმსხვრია. - სწორედ ეს მინდოდა მეგობარო, სიცოცხლეში პირველად შენ კეთილი საქმე ჩაიდინე. ეგებ ახლა მაინც მაპატიოს ჩემმა შვილმა. - ქამეხმა გაიღიმა და ასე გაღიმებული წავიდა ამ ქვეყნიდან. - ხომ გითხარი არ გაცოცხლებ- მეთქი, შე მართლა საცოდავო ვირთხა. - წამოიძახა ურჩხულმა, ეტლს მოახტა და გაცეცხლებულმა ცხენებს მათრახი გადაუჭირა. შემდეგ შეჩერდა, ეტლიდან გადმოვიდა, ქამეხს დააცქერდა. - ეს რა ვქენი, ხომ შემეძლო დამეყოლიებინა. თუმცა არა, ჭკუიდან იყო უკვე შეშლილი. ძალიანაც კარგი, მაგის ადგილი მაინც ჯოჯოხეთშია. ურჩხული-ევპრისი ქვაზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. - რა ვაქნა, მარტო ვერ გავუმკლავდები იმ უბედურ საქარიელებს. არა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვსპო მაგათი ჯიში. ვინ დამეხმარება, ვინ დამიდგება გვერდში ერთგულად. - ევპრისს უცებ სახე გაუნათდა. - მიწისქვეშეთის მბრძანებელი, დიდი ჯურხანი, ჯურღმულების მეფე, აი ვინ არის ჩემი მშველელი. - ურჩხული გახარებული წამოხტა. - ჯურხან, დიადო ჯურხან გამომეხმაურე, სათხოვარი მაქვს. ჯურხან, დიდო მბრძანებელო. - საზიზღრად ხრიალებდა ევპრისი-ურჩხული. უცებ თითქოს მიწა იძრაო. უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა და მიწისქვეშეთიდან ჯურღმულების მეფე, ჯურხან-მახრჩობელა ამოიმართა. - ვინ მეძახდა, შენ ვინა ხარ?! სიმშვიდე რომ დამირღვიე. - მიმართა ევპრისს განრისხებულმა ჯურხანმა. თვალები თითქოს არა აქვსო, თვალების ადგილას ღრმულები უჩანდა. შავებში იყო გამოწყობილი და თვითონაც შავი ფერისა იყო. - დიადო ჯურხან, ეს მე ვარ ევპრისი, კაცი-გველი, ახლა უკვე კაცი-ურჩხული, ნუთუ ვერა მცნობ. მე წლების მანძილზე, შენთან ჯურღმულებში ვცხოვრობდი. ხშირად პურიც კი ერთად გაგვიტეხია. - ჰო გიცანი, ახლა გიცანი. ძალიან შეცვლილხარ, გალამაზებულხარ ჰა, ჰა. კარგი, ხუმრობა იქით იყოს, რა გინდა?! - ევპრისი- ურჩხული ჯურხან მახრჩობელასთან ახლოს მიჩოჩდა და ჩურჩულით დაუწყო ლაპარაკი. მოსაღამოვდა, დაღამდა, ეს ორი ამაზრზენი შესახედაობის არსება კი გათენებამდე აგრძელებდა საუბარს.
გაგრძელება იქნება
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მეც ბავშვივით მიხარია, როცა ვკითხულობ! :) 5 მეც ბავშვივით მიხარია, როცა ვკითხულობ! :) 5
5. სასიამოვნო საკითხავია, მომეწონა! სასიამოვნო საკითხავია, მომეწონა!
4. ეცადე კეთილშობილი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მეფე იყო. ღარიბს დაეხმარე, მდიდარს კი ნუ წაართმევ. სიკეთე დათესე. ბოროტებას, შურს და ღალატს არ შეეგუო. ქამეხი თუ ცოცხალია, ეცადე შემოირიგო. ის ახლა მარტოა და ადამიანური სითბო სჭირდება.
კარგია...ზღაპარი ზღაპრად და ადამიანურ თვისებებსავ წინ წევს და სასიამოვნოა... ეცადე კეთილშობილი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მეფე იყო. ღარიბს დაეხმარე, მდიდარს კი ნუ წაართმევ. სიკეთე დათესე. ბოროტებას, შურს და ღალატს არ შეეგუო. ქამეხი თუ ცოცხალია, ეცადე შემოირიგო. ის ახლა მარტოა და ადამიანური სითბო სჭირდება.
კარგია...ზღაპარი ზღაპრად და ადამიანურ თვისებებსავ წინ წევს და სასიამოვნოა...
3. გაიხარებენ ბავშვები და არამარტო ბავშვები! გაიხარებენ ბავშვები და არამარტო ბავშვები!
2. მართლაც საინტერესო ზღაპარი. ვბრუნდები ხოლმე ბავშობაში!!! გმადლობთ თქვევ ამ სიამოვნებისთვის!!! კარგი ჩემგან!!! მართლაც საინტერესო ზღაპარი. ვბრუნდები ხოლმე ბავშობაში!!! გმადლობთ თქვევ ამ სიამოვნებისთვის!!! კარგი ჩემგან!!!
1. პროზას საღამოობით ვკითხულობ :-* ამასაც საღამოს წავიკითხავ :-* ახლა კი უბრალოდ +2 ;;) პროზას საღამოობით ვკითხულობ :-* ამასაც საღამოს წავიკითხავ :-* ახლა კი უბრალოდ +2 ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|