ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი თ ...

ანუ  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს    პ ო ე მ ა



გზის  -  უკაცურის -
მგზავრი  ეული,
ჩამავალ  მზისკენ  ზურგშექცეული,
თვისივ  ჩრდილს  ძლივას  მისდევდა  კვალში,
ლამის  იმ  ჩრდილის  ჩრდილად  ქცეული...

თითქოს  არყოფნის  ზვერავდა  ნაპირს
მზერა -
მბჟუტავი  პატრუქი  წყვილი...
რა  ფერი  ედო  ჩამომჭკნარ  ნაპირს ...
- ყვითელ  ქვიშაში  ჩატკეპნილ  ჩრდილის!..

მთლად  განეძარცვა  ძვალხორცის  მპარავს...
თუ  ექნებოდა  წონა  ბუმბულის ...
და  ჩრდილს
გაწოწილს,
თვისივეს, 
წყნარად,
მისდევდა
ჩია
და  მოქუფრული...

განათდა  წამი  უფლის  ცრემლივით...
ახადა  რიდე  სულს  უმეცრების!..
- მიხრწნილ  სიბერეს  ვსჭვრეტდი  ჩემივეს,
რომელსაც  ვეჭვობ,  რომ  მოვესწრები...

უეცარ  ხილვის  ელდით  შეძრულმა
თუმც  ვერ  ჩავიდნე  ეჭვი  ფიფქივით,
მაინც  ვერ  შევძელ,  გულით  მერწმუნა,
რომ  ეს  სატანის  იყო  ქირქილი...

გამოუცდია  ვისაც  კი,  იცის,
ყველამ  -  მხნე  იყოს, გინდაც  ჯაბანი,
ჩრდილის  მავანის,
მითუფრო  თვისის
თუ  რა  ძნელია  კუდში  ჩანჩალი...

და  როგორც  ჩრდილი  მოკლდება  დილის
ზემავალ  მზეზე 
ზანტად,
თანდათან,
ისე  საღამოს
გრძელდება
ჩრდილი,
ოღონდ
უფრო  და
უფრო
თვალდათვალ...

განაღა  მოკვდავს,
- მზის  დასავალთან,
მზესაც  კი,
საზღვარს  მიწევნილს  მწუხრის,
დღეღამისა  და  სივრცის  სამანთა
გაზაგასაყართან  ეღლება  მუხლი...

ჰა,  მგზავრიც  ამ  გზის,  გაუხარელის,
მისივე  ჩრდილს  რომ  მისდევს  ეული...
განა  ცხრაუცხო  ვინმე  გამვლელი  -
მოყვასი  ჩემი  და  ორეული!..

ჩამავალ  მზისკენ  ზურგშექცეულნი
ვიდრე  უჩინარ  მდევარს  დავნებდით,
ბედისწერული  გეზით,  ეულით -
აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთით!..

და  თუმც  ამ  გზაზე  ჩემი  ქარაფი
მეც  მიცდის  -  ყრუ  და  ბეცი  ურჩხული,
არ  გამრუდდება  ეს  გზა  არაფრით
და  ვერც  ძახილით
და  ვერც  ჩურჩულით

ვერ  დამაბრუნებ  უკან,
ხელახლა
რომ  ავირჩიო  სხვა  გზა,  სხვა  გეზი...
დე  იქვითინოს  ჩემმა  ვენახმა,
აწვიმოს  ცრემლი  უსპეტაკესი...

ოღონდ  არ  ჩაცხრეს  დაუშრეტელი
ცეცხლი  სულის  და  ცეცხლი  სხეულის...
უიმედობით  და  იმედებით
ჩამავალ  მზისკენ  ზურგშექცეული

მე  წავალ  შენით  სავსე  პირთამდის
და  ბედნიერი  შენი  დარჩენით,
რომ  კვლავ  ვიტანდე,
როგორც ვიტანდი,
რომ  უშენობით  მსჯიდეს  გამჩენი!..

წავალ,  ცა  ვიდრე  ამიცრემლდება,
სივრცეს  კი  ბინდის  ბლონდი  მონისლავს...
და  თუ  რამ  წმინდა  გამყვება  სევდა  -
შენი  ღიმილის,  პირველყოვლისა...

წავალ  -  ამისაც  ვიდრე  ყვედრებად
მოაწევს  იგი  დღე  გარდუვალი,
როგორც  თივისთვის  ცეცხლის  შენთება...
როგორც  უსიტყვო  ბედის  უარი...

შენ  კი  იგიჟო  უნდა  მარტივით,
გშვენოდეს  შვლისებრ  ყელმოღერება...
მე  კი  მიმწუხრის  გზად  ვიმარტვილო,
ხსოვნადღა  დაგრჩე  და  სიმღერებად...

შენ  მშვენდებოდე  ღვთის  ნახატივით,
გადურჩე  ჟამთა  ავდრებს  უვნებლად...
მე  კი  დახშული  ბჭენი  ვამტვრიო
და  სუსხით  მაზრონ  გაზაფხულებმაც ...

გზის  -  ჯერუვალის  -
მგზავრი  ეული,
აღვძრულვარ  ხილვად  სხვა  მზიანეთის ...
ჩამავალ  მზისკენ  ზურგშექცეული
აღმოსავლეთით,
აღმოსავლეთით !..

მობეზრდა  დღეთა  კვდომა  მიწყივი
გულს  -
დაისების  ბანგით  გალეშილს...
როცა  უსახო  ხილვა  ირწევა
და  მოირწევა  ამ  სიწყნარეში!..

გადაძოვილი  იალაღიდან
მოცოცავს
ჭირხლის
ცივი 
ზეწარი...
თუმცაღა  სისხლი  ჩემი  დაღვინდა,
სიხარულს  ჩემსას  ვერ  მოესწარი...

ერთფეროვნების  სევდა  ახავსებს
გულს  -  გაწამებულს  წრეში  წრიალით
და  ცთუნებათა  გზაგასაყარზეც
მოუთმენლობის  სული  ტრიალებს...

დამღალა  მიწყივ  ასე  წვალებამ
დღეღამეების  შავთეთრ  სპირალში...
გამოიგლოვეს  ცხელმა  თვალებმაც
ამ  სიზმარ-ცხადის  ყველა  მირაჟი...

არც  სადმე  ბოლო
და  არც  საწყისი...
ყოფნა-არყოფნის  სად  იკვრის  წრედი?!.
რით  დასრულდება  გაუსაძლისი
ეს  ალთა-ბალთა 
შავის  და  თეთრის?!.

არავინ  იცის...
კიდევ  რამდენი
რამე  არ  იცის  ნეტავ  არავინ?!.
იდუმალია  ეს  დღევანდელი
საღამოც -
წყნარი  და  შემპარავი...

რას  მალავს  მრავალცრემლნაწვიმარი
ეს  გზაც...
სით  მოდის  სევდა  ფარული?..
რა  ჩქამი  ესმის  გულსაც  სამძიმრად,
ციდან  რა  ჩიტი  ჩამოპარულა?..

ან  ეს  ცა  - 
ბინდბუნდ  სივრცეს  რომ  ერთვის,
თვალებს  რად  იხვევს  თალხი  ფლასებით?..
ან  შენ  რატომ  ხარ,  როგორც  ყოველთვი,
უნაზესი  და  უძვირფასესი?!.

არავინ  იცის...
და  მეც  საიდან...
რა  უნდა  გითხრა  ანკი  ამაზე?..
ან  რა  უთქმელი  ჟრჟოლა  აიტანს
ზოგჯერ  ანაზდად 
გაწვრთნილ  ავაზებს?..

არავინ  იცის
ბარტყებთან  ერთად
რა  გამოუცნობ  ტკივილს  უვლიან
მერცხლებიც  -
ვიდრე  გაშლიან  ფრთებს  და
წავლენ  იქ,  სადაც  გაზაფხულია...

და  მეც  მივდივარ  -
მგზავრი  ეული
მიხმობენ  ვიდრე  გზები  უვალი...
და  ვიდრე  მესმის
ხმა  შორეული
- მარადიული  და  იდუმალი:

,, -  აკმარე  დღეთა  კვდომა  მიწყივი
გულს  -  დაისების  ბანგით  გალეშილს...
აქ  არასოდეს  არ  დაიწყება
მარადმზეჭაბუკ  დღეთა  თარეში!..

ახ  ხომ  იმედებს  კარგავ  ზედიზედ,
ცოცხლობ  იმედით  იმედის  ახლის
და  ცდუნებაა  გზაჯვარედინზეც
მარად  ირევა  მილეთის    ხალხი...

ქარი  ჭკნობათვის  როდესაც  დევნის
ფოთლებს  ქარწვიმით  კანდამსკდარ  დღეთა,
გაბერებს  ღამე
და  გამთენია
შენც  იცრიცები  ღამესთან  ერთად...

სადაც  სატანის  ურცხვი  ქირქილით
და  ხმაჩამწყდარი  ზარების  რეკვით
შენს  ლტოლვას  კვლავაც  კვალში  მიჰკივის
ცოდვილი  მიწის  უწყავი  ლექი...

და  რწმენაც  ლამის  სულმთლად  მინებდეს
ლანდად  თანამდევ  წამყოფის  აჩრდილს...
სულ  ამაოა  ყველა  იმედიც,
თუ  ბედისწერის  მძევლადღა  გაჩნდი...

რაც  იყო, 
თითქოს  არცა  ყოფილა...
ამ  დღის  და  ხვალის  ხავსს  ეჭიდები...
დაწყვეტილია  სხივი  ფოფინა...
დაფრენილია  ნატვრის  ჩიტებიც...

მალე  შეხსნიან  კარებს  ცისკიდეს,
გახედავ  მიღმეთს  და  დამშვიდდები...
ჰა  -  მყინვარებმაც  მზე  აისხლიტეს!..
ეთხოვებიან  ისრებს  მშვილდებიც!..

ამოდის    მთვარეც  ნამარხულევი
და  რომ  გიხილავს,  გაუკვირდება...
გაგიოცებენ  თვალფახულები
ცად  ვარსკვლავებიც  -  ნათლის  კვირტები!..

მიხვალ  - 
სისხლი  სდის  შენი  ნარეკალს...
გზაც  გიდევს  მწირის  -  განა  დიდების...
ივარგებს  თუნდაც  სასამარე  ქვად
ლოდი  -  სიმწრით  რომ  მიეზიდები ?!.”

ისე  ცხადდება  ყველა  სიზმარი,
ცხადიც  ზმანებად  ჩათვალო  ლამის...
და  მზერაც  ჩემი  -  შორეთს  მიმზრალი,
კვლავ  იბინდება  თბილმწარე  ნამით...

ბოლოლა  სხივით  წამით  განათდა
წვეროკინები  შორი  ალვების...
და  ნაცვლად  მზისა  - 
მზის  დასავალთან
სევდაღა  დარჩა  გამოსალმების...

დღეს  მერამდენეს  ასე  ვაცილებ  -
სევდით  კოცონთა  ნელი  ჩანაცვრის...
და  თვალებს  -
ცრემლის  საცერში  გაცრილ
სივრცეს  ვაკითხებ  -
ნელა,
ჩამარცვლით...

ივსება  არეც  უხმო  მუსიკით,
ბინდის  საშლელით  სამანწაშლილი ...
სადღაც  დროის  და  სინანულს  იქით
ქვითინებს  გული  ნაცემ  ბავშვივით...

ტაბუდადებულს  ყველა  ფეტიშზე
რწმენის  ეცლება  სულს  ნატამალიც...
ისე  ვარ  ახლა  -  როგორც  მედუზას
ზღვა  შეუცვალონ  უწყლო  ტრამალით...

მისტირის  მზერა  დღეებს  მიწიერს
და  სული  ხორცის  რჩება  გარეშე
და  მოუთმენლად  ელის  დაწყებას
მარადმზეჭაბუკ  დღეთა  თარეშის...

ან  დღემდე  როგორ  მქონდა  იმედი,
დარჩენილ  დღეთ  რომ  შენთან  გავლევდი,
როს  ბედისწერა  მიმაცილებდა
აღმოსავლეთით...
აღმოსავლეთით!..

და  წავალ  შენიტ  სავსე  პირთამდის
და  ბედნიერი  შენი  დარჩენით,
რომ  ავიტანო,
როგორც  ვიტანდი,
რომ  უშენობით  მსჯიდეს  გამჩენი...

მაგრამ  ამაზეც  ნუ  გეფიქრება  -
დაიყვავილებს  დარდი  რამდენი...
-  უჭკნობ  აპრილებს  შორით  მიქნევენ
მარადიული  განთიადები!..

და  ბაღებს  -  სადაც  ასე  თამამად
უქრობ  კოცონებს  რგავენ  დილები...
და  ამიერით  -
არც  მზეს  ჩამავალს
და  არც  მკვდარ  დღეებს  გავეტირები!..

შიშის  ქვალოდიც  დნება  ფიფქივით
და  კიდევ  როგორ  დავგვიანდები?!.
-  იასამნების  ბაღებს  მიქნევენ
მარადიული  განთიადები!..

ციდან  საკმევლის  სუნთქვა  იკმევა
და  მობრიალეს  ქარში  ვარდების
მუზათა  მაცდურ  ღიმილს  მიქნევენ
შორით  -
უქრობი  განთიადები!..

და  გვიან  -  როცა  მომისაკლისებ,
აღიარებენ  შენი  თვალებიც,
რომ  ღირსი  ვიყავ  შენი  ბაგისა
და  შენს  ცხელ  მკერდზე  სულის  დალევის!..

და  შენც  დარჩები  მარად  მორჩილი
და  მოსათუთე  შენი  ღირსების...
-  ანგელოზთაგან  მკერდდაკოცნილი
მეც  უსასოოდ  მესაკლისები...

დღე-ღამესავით  გაგვყო  გამჩენმა
და  ორ  ჭურჭელში  გაგვანაწილა...
რომ  სულ  გვახსოვდეს  მარტო  დარჩენის
შიში  -  შენვყარა  და  დაგვაცილა...

თუმც  -  ხომ  ვიყავით  როსმე  მთლიანიც,
ერთურთით  სავსე  და  ბედნიერი?!.
და  რომ  არ  -  უნდო  ჟამთატრიალი...
და  რომ  არ  -  ბედი  მზერაცბიერი...

და  რომ  არ  -  სუსხი  ჭკნობის  ავდრების...
-  გაგვაქროლებდა  უსაზღვროება...
და  იკითხავდნენ  გზაფერადებიც
უდასასრულო  ტრფობის  პოემას!!!

მაგრამ...
ცვდებიან  ცხელი  ძარღვებიც,
სისხლის  მაჭრობით  გათანგულები
და  ზედ  აჩნდებათ,  როგორც  ნახმლევი  -
გადახუვლება  გაზაფხულების...

უხილავ  მწვრთნელის  შოლტით  გაწვრთნილნი
წლებიც  მარადი  შიშით  ფეთქავენ
და  ვაშლებივით  ოთხად  გაჭრილნი
და  დაოთხილნი  სდევენ  ერთმანეთს...

ყოვლისშეჩვევის  ნიჭის  წყალობით
ნელა  ვეჩვევით  ჩვენც  მორჩილებას
და  ვურიგდებით  ბედს  უმოწყალოს,
რომ  გვაქცევს  ჩვენივ  ჩრდილთა  ჩრდილებად...

მაგრამ  მოთმენაც  ქრება  ფიფქივით..
და  მეც  საცაა  დავფრდიანდები...
შორიდან  მწიფე  ბაღებს  მიქნევენ
მარადიული  განთიადები!..

არა  სისხლთაგან  ძარღვებდაცლილი
და  დაკაწრული  ჭკნობის  თიტებით...
არა  ნაგვემი  ჟამთა  სიმკაცრით  -
სვეწერის  ნებას  დრესვე  ვჭირდები...

და  კვლავ  ყოყმანი  როგორ  იქნება
და  კიდევ  როგორ  დავგვიანდები?!.
მთვრალი  მუზების  ლურჯ  ფრთებს  მიქნევენ
გაბრწყინებული  განთიადები!!!

მე  გღალატობდე  უნდა  მარადის  -
მუზათა  ღიმილს  სად  გავეცცევი?!.
მსურს  -
იამაყო  შენ  ამ  ღალატით
და  იჩურჩულო  ჩემი  ლექსები!..

და  იგიჟმაჟო  მარად  მარტივით
და  მზე  გაწვიმდეს  ნათლის  ჩქერებად
და  ლაჟვარდისფერ  ქარის  მანდილით
გშვენოდეს  შვლისებრ  ყელმოღერება!..

რამდენი  მზერაც  გაეკიდება
ათინათს
თვალთა  შენთა  ნათების,
იმდენი  მარტის  გაშლილ  კვირტებით
მოექარგება  აპრილს  კალთები!..

და  მეც  მოგაწვდენ  ჭრელი  ჩიტებით
ხმას  ჩემი  გულის  -  ღამენათევის,
რომ  ერთგულება  შენი  სჭირდება
არამც  და  არამც  ნაძალადევი!..

გულს  კი,  გულს  აბა  რა  ავიწყდება,
ხსოვნის  ყვავილებს  რომ  ეფერება?!.
მისი  ფეთქვის  ხმაც  როსმე  მისწვდება
შენს  გულსაც  -  სავსეს  ბედნიერებით!..

ეს  გული  კვლავ  შენს  გულს  უფრთხილდება
და  განშორების  ძვირფას  ჭრილობას,
ხსოვნა  რომ  დღეში  ნაზი  თითებით
ცხრაჯერ  მიხსნის  და 
ფრთხილად  მილოკავს...

და  როცა  ზეცა  საგანთიადო
რატომღაც  ვარსკვლავთ  აუჩინარებს,
კვლავ  გნატრობს,  როგორც  ბაღი  იადონს,
როგორც  უდაბნო  -  წყალუხვ  მდინარეს...

როცა  ეჭვები  ძარღვებს  მიშრობენ
და  შხამიანით  მჩხვლეტენ  ეჭვებით,
როგორც  ქალღმერთს  და 
როგორც  ღვთისმშობელს -
შენ  გლოცულობენ  ჩემი  ლექსები!..

შენთვისვე  შევხვდე  უნდა  პიტალოდ
მკერდზე  გრიგალთა  გადახუვლებას,
ნათელხილვებით  რომ  მაპირთავონ
კვლავაც  უჭკნობმა  გაზაფხულებმა!..

უძირო  ცათა  სიანკარეში
რომ  ჰგავდეს  ვარსკვლავთ  შეხმიანებას  -
შენზე  ლექსები 
მზიან  ქარებში
მსურს  იშრიალონ  ვერხვიანებმაც!..

ჩამავალ  მზისკენ  ზურგშექცეული
დავღლილვარ  ვიდრე  გზით  -  ჯერ  უვალით
და  მესმის  ვიდრე  ხმა  შორეულის,
მარადიულის 
და  იდუმალის :

,, -  რამე  ისეთი  უნდა  ინატრო,
რამე  ისეთი  უნდა  ისურვო,
რომ  უკვალოდ  და  უათინათოდ
არ  გადაეგო  გზადანისლული!..”

და  უჭკნობელი  სიცოცხლის  ხეზეც
ნელა  მწიფს  კვლავაც  სული  -  ნაყოფი ...
და  ვერც  ვერასდროს  დაუზრობს  ფესვებს
იავარმქმნელი  ქარი  არყოფნის...

უნდა  მოასწრო  -  მზეა  ვიდრე  და
ჯერაც  შორი  ჩანს  ჭირხლის  ზეწარი...
ვიდრე  ანაზდად  გაგაფითრებდეს
სუსხი  -  მსახვრალი  და  უეცარი!..

ვიდრე  გაუვა  ყავლი  მოლოდინს
მთვარის  ავსების  და  ვარდფურცლობის ...
ვინმემ  ხომ  უნდა  განვლოს  ბოლომდის
თვალგაუწვდენი  გზა  შეუცნობლის ?!.

და  მეც  -  უძლეველ  ლტოლვით  ძლეული,
აღვძრულვარ  ხილვად  სხვა  მზიანეთის...
ჯერუვალი  გზის  მგზავრი  ეული -
აღმოსავლეთით...
აღმოსავლეთით!..

ან  მეტი  მოცდა  როგორ  იქნება
და  კიდევ  როგორ  დავგვიანდები?!.
- ცას  ალმოდებულ  დროშად  მიქნევენ
მარადიული  განთიადები!..

იასამნების  სუთქვა  იკმევა
და  მოქათქათეს  ქარში  ვარდების 
- მუზათა  მაცდურ  ღიმილს  მიქნევენ
მარადიული  განთიადები!..

და  მათი  ხიბლით  მთვრალი  მარადის,
მე  იმათ  ლურჯ  ფრთებს  სად  გავექცევი?!.
დე,  იამაყე  შენ  ამ  ღალატით
და  მხოლოდ  შენთვის  მოძღვნილ  ლექსებით !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები