ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2009


როშკიდან ჩამომდინარი...

გამოიტანა მინდიამ
სოფლის გამოღმა, საფიხვნოს,
დიდ ლოდზე ტაბლა სატანით
და გულიც ზედვე დაფინა,
და ბრძენმა ჯურხათ ივანემ,
ჯიხვის რქა ხელში აიღო
და სადღეგრძელო მსმენელთა
ყურებისაკენ აფრინა:

თქვა: - გაუმარჯოს ხევსურეთს,
ამ როშკასა და როშკიონთ,
ამ მამულ-წყალს და მწვერვალებს
ცასა და ნისლის ქათიბთა,
თითოული ლოდიც კი
სილამაზე და ეშხია,
მომგვრელი სულში კაცისთვის
უდასასრულო ნადიმთა.

ბრძანა და კიდეც დაცალა,
ახლა მე გადმომაწოდა,
მეც გამოვწურე ჯიხვის რქა
კახურმა გამანებივრა,
ირგებდნენ თეთრი ნისლები
საჯიხვეების საწოლთა,
ამოუკოცნა თვალები
ყვავილებს ქარმა ბებერმა.

მთები მთებად და ხევსურთა
როშკაც ადგილად საუფლოდ,
ღვინოც ბადაგად და გულიც
მასპინძლის ზედ რომ გვყვებოდა,
მაგრამ გვერდით რომ მყოლოდი
სხვა იქნებოდა ცა უფრო,
მიწასაც მეტი სურნელი
და სიტბო დაეყრებოდა.

მწვერვალზე დარჩა მწველი მზე,
ჩამთავრდა წვიმის თარეშიც,
თავქვე ჩამოვყევ როშკისწყლის
ბურბუშელების აღლუმებს,
კვლავ თბილისში ვარ და აქაც
ისევ მაგ თვალთა გარეშე
და ვეფერები ოცნებებს
ფიქრებში გადანახულებს...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები