ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2009


ორი მინიატურა, მაგრამ მგონი, ერთზე......

                        ღიმილით ჩუმით.....

ჩურჩულით ჩუმით.....ვერ ვიგებ მაინც, რატომ ჩურჩულით?
მერე ჭორიკანებმა ატეხეს ერთი აჟიოტაჟი... და ნეტა, რატომ? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ერთად დაგვინახეს?.....
ჰო, ერთად დაგვინახეს!
ჩვენ კი, ვითომც აქ არაფერიაო, ნელი  ნაბიჯით გადავჭერით ქუჩა, გავაჩერეთ ტაქსი და წავედით თეატრში.
შენ უფრო ღელავ, ვიდრე მე. მე კი მეღიმება.... მეღიმება შენს ღელვაზეც, ჭორზეც, ტაქსებზეც და....
და მენატრება კაფე: მყუდრო მაგიდა თეთრი სუფრით, შენი ღიმილით, ზურგსუკან ვიღაც ენაჭარტალას გაუთავებელი ჩურჩულით და თვალების ჭუტვით, ნაცნობები კი თვალარიდებით გვესალმებიან....
მე მეღიმება.... ვიხურავ შლაპას, ვაჩერებ ტაქსს და ვბრუნდები შინ.
იქ, ფარდებსუკან ჩასაფრებული, ეჭვიანი ჭორი მითვალთვალებს..... მე კი კვლავ მეღიმება, მსუბუქად ავირბენ კიბეს, გავაღებ კარს, ერთი-ორჯერ დავბზრიალდები სარკის წინ, აწითლებულ სახეზე ხელებს ჩამოვისვამ, მივუჯდები მაგიდას და.....
და  ვიწყებ წერას..... ჩვენზე .... ტაქსებზე....კაფეებსა  და..... ჭორებზე?...ჭორებზე არა! მეჭორეთა ჯინაზე....
ვწერ მოუღლელი...გიჟივით...
ღიმილით ჩუმით.....
თავდავიწყებით....

                        მოულოდნელი

ის თითქმის სულ დუმდა, მე კი ვლაპარაკობდი და ვლაპარაკობდი......
ჩვენ ნება-ნება ვსვამდით და ვერ ველეოდით ჭიქის კუთხეებს, იმიტომ რომ ძლიერ გვიყვარდა არა სასმელი, არამედ ნებე-ნება სმა და ჭიქის კუთხეები...
......ყურადღებას არ მივაქცევ შენს უნდო ღიმილს და ამ რეპლიკასაც ყურს არ დავუგდებ! ვაგრძელებ....
მე გავიქეცი, ფეხშიშველი და შეცბუნებული, ის კი მოულოდნელად გაუბედავი და ფიქრიანი დავტოვე თეთრ სუფრასთან.
მე არ მეშინოდა ალმაცერი მზერებისა, რადგან ნარინჯისფერი უსახელო საფრიალო მეცვა და გიჟივით გავრბოდი ქუჩის ბოლოს ჩამავალი მზისაკენ.....
......არც კი ვიხედები...არ მაინტერესებს, შენ როგორი აღწერები მოგწონს და რას ვერ ამუღამებ...გაჩუდი!....
მიყურონ და მიყურონ...მე მაინც მასზე ვფიქრობდი და სულაც არ მერიდებოდა ამ ჩემი ფიქრების.
ისინი კი ნარინჯისფრად ცეკვვავდნენ ქუჩის მოსახვევში გასაპარად დახრილ მზესთან და ისე ელავდნენ, რომ ვერავინ გვისწორებდა თვალს......
ღიმილიანი სახეები მორიდებულად დაბნეულნი მესალმებოდნენ და გვერდზე გადახრილნი,სადღაც უჩინარდებოდნენ...იქ, ჩემს უხაზო ჰორიზონტსვერმიღწეულნი.....
ო, როგორ მინდოდა მასთან ყოფნა.....
......და სულაც არ არის ეს ბანალური! მომეშვი, რა! გთხოვთ...არ არის საჭირო ეს ირონია.....მოგწონს, არ მოგწონს, არ მიკითხავს!....
მინდოდა მასთან და რა მექნა?..... და მაინც რა მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა. მე არ ველოდი, ჰო, მინდოდა მასთან, მაგრამ არ ველოდი!
.......რა არის აქ საღიმილო.?... დროს ნუ მართმევ..... გეყო......
ჰო, ვაგრძელებ..... არ ელოდა ჩემი ნარინჯისფერი ფრიალა უსახელოც და დამფრთხალი, ისე შემომეტმასნა ტანზე, თითქოს მე უნდა დამეფარა მისი დარცხვენა და არა ჩემი მას.....
.........ო, არა,არა! ვეღარ ვუძლებ ამ მზერას! რა იყო, განა ასე არ ხდება? ...განა რაიმეა აქ ისეთი?... დიახაც, მოვყვები ამ ბანალურ ისტორიას სიყვარულზე და არ დავტვირთავ უაზრო თვითანალიზითა და ცნობიერების ნაკადების უშნო ნადენით.... და  მერე მოდექი და გამირჩიე! სულერთია!!! არ მაინტერესებს, რომ სხვას ფიქრობ...... და არც მოგისმენ! აი, ყურებში თითგარჭობილი, სანამ არ დავასრულებ, შენსკენ არც კი გამოვიხედავ.... ბეეეეეე....
მე გამეღიმა ჩემი კაბის შეცბუნებაზე.... გამეღიმა უმოლოდინო მოლოდინზე და თამამად მივედი მასთან. ეს სითამამე ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის, როგორც მისი გამოჩენა ჩემი ნარინჯისფერი უსახელო ფრიალასათვის......
.......არაფერიც არ მესმის , მაინც არ მესმის....რაც გინდა ის ილაყბე....  დამცინი და დამცინე......  მე ახლა ასე მინდა!.....
ის მომაჩერდა. მომაჩერდა ქუჩა, სახლი, მზე და ფარდებსუკან მიმალული მზერები ეჭვიანები....
.......შენ ეჭვიანობ! ჰო, ახლა მივხვდი, ეჭვიანობ და იმიტომ გამიწყალე, ამ ბანალურ-გარჩევ-გამორჩევიან უაზრო ცნობიერების ნაკადზე ფიქრით, ტვინი და გული....შენ ეჭვიანობ და მერე ვისზე, სულელო?.....ვისზე?.... არა! ყურადღებას ახლა მართლა აღარ მოგაქცევ, სანამ ბოლომდე არ დავწერ!.....დამღალე, ამდენი სისულელით.....
მე შევღიმილე ქუჩას, სახლს, მზეს და ეჭვიანი ფარდებით შენიღბულ ფანჯრების მზერებს და....
გაკოცე!......
ჰო,  შენ გაკოცე და.... არ მითხრა ახლა,  რომ ეს კოცნა შენთვის მოულოდნელი იყო.

                                                                                                                                              1994წ. გადამუშავებული 2009წ. 14 ივნისს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები