ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2009


სულ არ მიგემო.....

                                                                                ,,სხვა ახალი მოსწყურებიათ იმათ თვალსა და გულსა,
                                                                      ეს ხომ თვალ-გულის გაუმაძღრობაა?  სწორედ რომ ეგაა.’’
                                                                                                                                                    ვაჟა.

ფერად ჩიტებს თეთრი საკენკი მოსწონდათ გუშინ....
თბილი ნისლები ჭრილობაზე, როგორც სახვევი,
ჩამეტეოდა ეს ჩემი კაბაც, ნარღვევი წუთი....
გაასმაგებულს როცა მომთხოვდი....

ერთი და მეტი....იგეგმები!
და ამ უფარდო წონასწორობას ვერ კიდებ სინზე,
რომ ირბინოს
ავი ნაგაზის მწარე კრუსუნით.....

რას წერ? აი, ეს კი მართლა წავიდა.....
გადააბიჯა ყველა ნანახს
და გამოცდილი უმადურობით ეჭვებს გაყრიდა,
როგორც ძველ და უარსო ნივთებს,
მაგალითებრ,
უქუსლო ძველი თეთრი ქოში,
უწინ ნაჭრელი, აწ  შავი  წინდა,
მწვანედ ნაქარგი სველი ბალიში....
მტკივანი გვერდი დაღლილი სკამის,
ან ჰო, თუნდაც ეს: გატეხილი ჭიქის ნაფსკერი....
ღიმილ ნარჩენი!

და თუ ოდესმე გადასცდება ისარს საზღვარი,
(ეს ასეც არის...სულ ასეა,  ნეტა, ვინ გაცლის?)
და წრიულ ფერებს ცისარტყელით გამოიგონებ,
გეყოფა ძალა დაიწყლურო ყველა ოცნება,
კარი დახურო და შენს მზერას როცა მოვწყდები,
მხოლოდ მაშინ გამაჩუქო, დამაიმედო,
რომ  მოგენატრო უჟამოდ და სულ არ მიგემო.
                                                                                      18 ივლისი, 2009 წელი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები