ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2008


თავი 22. გაცნობა ("მაგდა")

სწრაფად გაიფრინა ზაფხულმა.
ზაფხულის ხვატის შემდეგ სექტემბერ-ოქტომბერს თბილისში არაფერი შეედრება. თბილია და რბილი თბილისური შემოდგომა. ხალხმრავლობაა თბილისის ქუჩებში, ხალხის ძირითად მასას კი – სტუდენტები შეადგენენ. ახალგაზრდები ყვავილებივით მოსდებიან თბილისს.
აგვისტოს სიჩუმის შემდეგ ხმაურობს და ხარობს თბილისის ცენტრალური არტერია, - რუსთაველის გამზირი, ხარობს ამდენი ლამაზი ახალგაზრდის შემხედვარე!
მოსამსახურეებს არა აქვთ იმდენი თავისუფალი დრო, რომ თბილისის ქუჩები ტკეპნონ და თბილისური შემოდგომის სილამაზით დატკბნენ.

სექტემბრის თბილი საღამო იდგა.
მაგდამ პირველად გამოიყვანა თეა სასეირნოდ. აქამდე მხოლოდ ეზოში თუ ჩაიყვანდა-ხოლმე.
მარტოს არ უნდოდა სიარული და თან ნათია წაიყვანა. შორს არ აპირებდა წასვლას, მაგრამ ნათია არ მოეშვა და ძალით გაიყვანა რუსთაველის გამზირზე.

საღამო ისეთი თბილი და საოცრად მშვიდი იყო, რომ მაგდა დათანხმდა.
თეა მაგდას ეჭირა ხელში. ბავშვს ღია ცისფერი სამოსი ეცვა. რბილი, სითეთრეში გადასული ოქროსფერი თმა ქუდიდან გამოსწეწოდა და გვირგვინივით შემოსჯარვოდა თეთრ სახეზე. დიდ ცისფერ თვალებში ცნობისმოყვარეობა და უჩვეულო სამყაროს მიმართ შიში ჩასდგომოდა, გრძელ წამწამებს აფახულებდა და რამდენჯერმე პირიც კი დააღო სატირლად, მაგრამ, თითქოს-და გადაიფიქრაო, - მაშინვე ჩერდებოდა.

პირველად იყო, რომ მაგდა არაფერზე ფიქრობდა, გარდა იმისა, რომ თავის თეასთან ერთად სეირნობდა... რომ მას მთელ სამყაროს ერჩია თავისი პაწაწინა გოგონა!

ნათიაც გახარებული იყო, - ეს ხომ პირველი გასეირნება იყო მაგდასთვისაც იმ საბედისწერო დღის, 25 ივნისის შემდეგ?!

ნათიამ შენიშნა, რომ მათ შემხვედრად მომავალი ერთი წყვილი შეჩერდა და თან მაგდას შესცქეროდა. მერე გოგონამ ვაჟს რაღაც გადაულაპარაკა და როდესაც ვაჟმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ხმამაღლა დაიძახა:
- მაგდა!.....
ვიდრე მაგდა გაარკვევდა, საიდან ეძახდნენ, გოგონა მაგდასთან მიიჭრა და გადაეხვია.
- ციცინო! - მაგდამ ახლა თავად გადაკოცნა ბავშვობის მეგობარი, - სად დაიკარგე, სად ხარ, რას საქმიანობ?

გოგონებს ახალგაზრდა ვაჟი მიუახლოვდა.
- გამარჯობა, მაგდა!
- გოგა?!... შენ აქ საიდან გაჩნდი?! - მაგდამ ახლა გოგა გადაკოცნა.
- მაგდა, მე და გოგა ამ თვის ბოლოს ხელს ვაწერთ, - ვერ მალავდა სიხარულს ციცინო.
- რა ბედნიერებაა, მომილოცავს! მთელი გულით გილოცავ! იხარეთ, იბედნიერეთ, დარდი ნუ განახოთ!...
მაგდა ნათიას მიუბრუნდა:
- ნათი, გაიცანი, ესენი ჩემი…ბავშვობის მეგობრები არიან, ერთად ვისვენებდით-ხოლმე... ეს კი - ჩემი ჯგუფელია, ჩემი და და მეგობარი, ნათია!
- ძალიან სასიამოვნოა!- ნათიამ ხელი ჩამოართვა ორივეს.
- შენც მოსალოცად გქონია საქმე, ჩემო მაგდა! ჩვენ კი არაფერი ვიცოდით... ვაი, მაგდა, როგორ გგავს შენი ბავშვი... გოგონაა? - ციცინო თეას მოეფერა.

მაგდა მხოლოდ ახლა მოეგო გონს, რომ ხელთ ბავშვი ეჭირა.
- მაგდა, ვინ არის შენი მეუღლე? - იკითხა გოგამ.

ის იყო, მაგდამ დააპირა, ეთქვა: "მეუღლე არ მყავსო", რომ საუბარში ნათია ჩაერია.
- მაგდას მეუღლე ექიმია, ძალიან კარგი ბიჭია... თეა, მოდი ჩემთან... - ნათიამ მაგდას  ბავშვი გამოართვა და ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს ევედრებოდა, "სიმართლეს ნუ ეტყვიო"...
- მაგდა, ქორწილში გეპატიჟები, მეუღლესთან ერთად. ძალიან გთხოვ, უარს ნუ გვეტყვი. ციცინოც გთხოვს... - გოგამ ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო, ფურცელზე მისამართი, ქორწილის დღე და საათი დაწერა და მაგდას გაუწოდა.
- გმადლობთ, გოგა… ვეცდები, რომ მოვიდე... ისე კი, მთლად 100%-ით ვერ გპირდები... ხომ იცი, ბავშვი...
- მოვლენ, აუცილებლად მოვლენ... - მაგდას ნაცვლად დაპირდა ნათია.
- მაგდა, ჩვენ ხომ მეგობრები ვიყავით?... მოდი, მეგობრებად დავრჩეთ ბოლომდე. ნუ დავკარგავთ ერთმანეთს.
- დიდი სიამოვნებით, გოგა! მე თანახმა ვარ!
- მაშ, 27-ში გელოდებით, აუცილებლად მოდით... წავიდეთ, ციცინო, ნუღარ ვაცდენთ მაგდას.

ციცინომ კიდევ ერთხელ გადაკოცნა მაგდა და წავიდნენ.
მაგდამ თვალი გააყოლა მიმავალ წყვილს.
- წავიდეთ, ნათია, სახლში დავბრუნდეთ... - რაღაც უცნაური ხმით თქვა მაგდამ, ნათიას ბავშვი გამოართვა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა.

ნათია თითქმის სირბილით მიჰყვა გვერდით.
- მაგდა, რა მოხდა?
- არაფერი, სახლში მინდა დავბრუნდე... - მაგდას ხმაში წყენა შენიშნა ნათიამ.
- მისმინე, მაგდა...…
- გაჩუმდი, ნათია!... "ექიმი"!... მაინც, ვინ "ექიმია" ჩემი მეუღლე?... ნოდარი?... ნოდარი გყავდა გყავდა მხედველობაში?... რას მიბრძანებ მაინც, ვისთან ერთად მგზავნი მათ ქორწილში?... იქნებ ნოდარს დავურეკო, "27-ში ერთი დღით მეუღლე მჭირდება ქორწილში წასასვლელად და, ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა, წამომყევი-მეთქი?"
- მაგდა, ნუ მიბრაზდები! აბა, რა უნდა გეთქვა, "ნუ მილოცავთ, ეს ბავში უკანონოაო?" ამის თქმას აპირებდი?... "ექიმი" თუ ასე გულზე მოგხვდა, "მასწავლებელიაო", რომ მეთქვა, მაშინ არ მკითხავდი, "ვინ მასწავლებელი იგულისხმეო"?... შენ ის თქვი, რომ სულ სხვა რამ გაწუხებს შენ ახლა! შენ იმას ფიქრობ, რომ ამ კითხვას, "ვინ არის შენი მეუღლეო", ძალიან ბევრჯერ დაგისვამენ, პასუხად კი მხოლოდ დადუმდე უნდა!... აი, რამ იმოქმედა შენზე! შენ შეგეძლო, ხელი მოგეწერა ნოდართან, ბავშვს გვარს მისცემდი და მერე გასცილდებოდი, თუ ასე ძალიან გეჯავრება იგი! ბავშვს მამა სჭირდება, Mმ ა მ ა!... კარგი თუ ცუდი, მაგრამ – მაინც მამა!... და მითუმეტეს, თუ ის მამა - ნოდარისთანა იქნება!...

მაგდა შეჩერდა.
ნათიაც შეჩერდა და გაჩუმდა. მაგდა ფერმკრთალად მოეჩვენა.
- მაგდა, ცუდად ხომ არ ხარ?
- არა, არ ვარ... ნათი, მე გია მიყვარდა... ახლაც...
- მესმის, მაგდა, მესმის შენი!... შენ გია გიყვარდა და შეიძლება ახლაც გიყვარს, მაგრამ, წავიდა ის შენი გია,  წ ა ვ ი დ ა!... რატომ არ გინდა ამ მწარე სიმართლის დაჯერება?! ხომ ხედავ, იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილა! თქვენს შეხვედრამდე არც მე მითქვამს არაფერი, მაგრამ, ახლა? ახლა იმას გეტყვი, რომ შენც უნდა დათმო ცოტა რამ, ბავშვის გულისთვის მაინც!... ნუთუ არ გინდა, რომ შენი თეა ბედნიერი იყოს? შეურიგდი ნოდარს... ნოდარს შენ უყვარხარ, მაგდა, ძალიან უყვარხარ! დაფიქრდი...… და თანაც, შენს შვილს იმას მაინც არ წამოსძახებს არავინ, "ნაბიჭვარი ხარო"!... აი, ახლა მითხარი, თუ რამე გაქვს სათქმელი!
- ნათია, ბავშვი გამომართვი, ცუდად ვარ! - მაგდამ ბავშვი ნათიას მიაჩეჩა ხელში და თავად, ერთიანად გაფითრებული,  სახლის კედელს მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.

პატარა თეამ, თითქოს შეეშინდაო, ტირილი დაიწყო, თან ხელებს დედისკენ იწვდენდა. მაგდამ ძალა მოიკრიბა და თეა ხელში აიყვანა. ნათია შიშით არ უშვებდა ხელს თეას, "მაგდა ცუდად არ გახდეს და ბავშვი ხელიდან არ გაუვარდესო."

მაგდამ გულში ჩაიკრა მისი შვილი, მისი მომავალი იმედი და ნუგეში და ცრემლები გადმოსცვივდა, თეამ კი პაწაწინა თავი მიაყრდნო დედის მხარს და გაჩუმდა.

ნათიამ წუთით მიანება თავი მაგდას, იქვე მდგომ მილიციელთან მიირბინა, მაგდასკენ მიახედა და დახმარება სთხოვა. მილიციელმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და პირველივე მანქანა გააჩერა.

გაოცებული მძღოლი საბუთებით ხელში გადმოვიდა მანქანიდან, თან თავს იმართლებდა, "წესრიგი არ დამირღვევიაო"...
მილიციონერმა მას რაღაც უთხრა, ალბათ მდგომარეობა აუხსნა. მძღოლმა თავი დაუქნია, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში, მანქანა უკან დახია და გოგონების წინ შეაჩერა.

ნათიამ მაგდას ბავშვი ხელიდან გამოართვა, მაგდას ხელი მოხვია და მანქანისკენ წაიყვანა.
მანქანის საჭესთან ახალგაზრდა ვაჟი იჯდა. იგი მანქანიდან გადმოვიდა, ნათიას ბავშვი გამოართვა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდომაში მიეხმარა და ბავშვი მიაწოდა.
ვაჟს ხელზე ქორწინების ბეჭედი ეკეთა.
- გვაპატიეთ, შეგაწუხეთ, - მოიხადა ბოდიში ნათიამ და მაგდას გადახედა.
- როგორ გეკადრებათ, გოგონებო, ხალხნი ვართ, რა ვიცით, ვის რა მოგველის, ვის სად დაგვჭირდება სხვისი დახმარება?!... მიმსახურეთ, მე თქვენს განკარგულებაში ვარ! საით წავიდეთ?

ნათიამ მაგდას მისამართი დაუსახელა.

თხუთმეტიოდე წუთში მანქანა მაგდას სახლის წინ იდგა. ვაჟი გოგონებს მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა. მაგდა სახლისკენ წავიდა.
ნათიამ ხელი ჩანთისკენ წაიღო. ვაჟმა ეს მოძრაობა შენიშნა და ისეთი თვალებით შეხედა ნათიას, რომ მას ხელი ადგილზე გაეყინა.
- ნუთუ მეტი პატივისცემა და ადამიანურობა აღარ უნდა იყოს ადამიანთა შორის? რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას?!
- მაპატიეთ, უნებურად გაწყენინეთ... მთლად არც ჩემი ბრალია, ზოგი მხოლოდ ხელებში შემოგცქერის... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შეწუხებისთვის. დიდი მადლობა!

ნათიამ ის იყო, წასვლა დააპირა, რომ ვაჟმა ჰკითხა:
- ის გოგონა თქვენი და არის?
- არა, მეგობარია... რატომ მეკითხებით?
- უბრალოდ... ეს ბავშვი თითქოს ორივეს გგავთ, მაგრამ, ეტყობა, რომ თქვენი მეგობარია ამ ბავშვის დედა. აქ თქვენ ცხოვრობთ თუ თქვენი მეგობარი?
- თქვენ ეს რაში გაინტერესებთ? - სიცივეშეპარული ხმით იკითხა ნათიამ და იჭვნეულად გადახედა ვაჟის მარცხენა ხელზე მბრწყინავ ოქროს ბეჭედს.…
- ცუდად არ გამიგოთ... მე ორი წლის ბიჭუნას მამა ვარ. მეუღლე კი... მეუღლე მშობიარობას გადაყვა. ასე რომ, მე და გაგა ახლა მარტონი ვართ. მე ვიფიქრე რომ... თქვენ...
- რა, მე?
- თქვენ შესძლებდით ჩემი გაგასთვის დედობის გაწევას...
- ღმერთო ჩემო... ახლა გავაფრენ!... ასე, 15 წუთში მოიფიქრეთ ეს?
- ადამიანი გადაწყვეტილებას ერთ წუთში იღებს! ასე რომ... 15 წუთში 15-ჯერ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება და შეცვლა...
- და რატომ მე? რითი მოგხიბლეთ ასე? ძალიან ვგავარ გამოცდილ დედას?
- არა, დედას და მითუმეტეს – გამოცდილს, სულ არ გავხართ... მაგრამ თქვენ ისეთი სინაზით ეპყრობოდით თქვენი მეგობრის შვილს, რომ... დისშვილი უფრო ახლობელია. ამიტომ მეგონა რომ თქვენ დები იყავით...
- მაპატიეთ, მე უნდა წავიდე...
- სახელი მაინც მითხარით თქვენი... შეიძლება სადმე ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. მე – ვაჟა მქვია...
- მე – ნათია... ახლა კი – მშვიდობით. მელოდებიან...
ნათია სწრაფად წავიდა და სადარბაზოში…გაუჩინარდა.…



* * *

ნათიამ ორიოდე საათი დაჰყო მაგდასთან.
ვაჟასთან საუბრის შესახებ არაფერი უთქვამს მაგდასთვის. ან კი რა უნდა ეთქვა?!...
მაგდასგან გამოსულ ნათიას წინ ვაჟა გადაეღობა.
- მაპატიეთ, ნათია, მე აქ გელოდით... ნება მომეცით, სახლამდე გაგაცილოთ. იმედია, ახლაც მენდობით...
- ვაჟა, არ იყო საჭირო... მე...
- ძალიან გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით.

ნათიას უარის თქმის მოერიდა და მანქანაში ჩაჯდა.
ვაჟამ რამდენჯერმე სცადა საუბრის დაწყება, მაგრამ ვერ ააწყო... ბოლოს გაჩუმება არჩია. მხოლოდ ხანდახან გადახედავდა-ხოლმე ნათიას, რომელიც ჩუმად იჯდა და ჩანთის სახელურს აწვალებდა.

ერთ-ერთ სახლთან ვაჟამ მანქანა შეაჩერა. ნათიამ შეშფოთებული სახით შეხედა ვაჟას.
- გაგა მყავს აქ დატოვებული, - მობოდიშებით წარმოთქვა ვაჟამ, - ვიდრე მე სამსახურში ვარ, მამიდაჩემი იტოვებს-ხოლმე. ჩვენ ახლავე მოვალთ.

ნათიამ თვალი გააყოლა სადარბაზოსკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ ვაჟას.

"ღმერთო ჩემო, რა სულელი გოგო ვყოფილვარ?! ვის უჯდები მანქანაში?! სად მიჰყვები?!... რატომ ხარ დარწმუნებული, რომ სახლში მიგიყვანს?... მაგდას მაგალითი მაინც არ მქონდეს წინ?... ოო, რა გულუბრყვილო გოგო ხარ, ნათია მოდებაძე?!... ღმერთო, ნეტა სახლში მშვიდობით მივიდოდე!... არ დავუცადო და გადავიდე მანქანიდან?"

ნათიამ გასაღები დაინახა, მანქანის ბუდეში დატოვებული...
"არა, უხერხულია... მართლაც და, ხომ უნდა იყოს ერთმანეთის ნდობა?... იქნებ სულაც არაფერს ფიქრობს ცუდს?!... ეეეჰ, მასე ან ნოდარისგან ვინ იფიქრებდა ამას?"

ამ ფიქრებში იყო ნათია, როცა სადარბაზოდან ბავშვით ხელში გამოვიდა ვაჟა.

ვაჟამ უკანა კარი გამოაღო, გაგა მანქანაში ჩასვა, თავად კი ჩვარი აიღო ხელში და წინა ფანჯრის წმენდა დაიწყო.

- სენ ვინა ხალ? - გაგა გაოცებული თვალებით შეჰყურებდა ნათიას.
- მე? მე ნათია ვარ. შენ ვინა ხარ?
- მე გაგა ვალ, - ბავშვმა მთელი მონდომებით წარმოთქვა თავისი სახელი, - სენ ცემი დედიკო ხალ? მამა მითხლა, "დედა მოვიდაო"... - და გაგამ ნათიასკენ გაიშვირა ხელები, - "ამიყვანეო"...
ფანჯრის წმენდაში "გართული" ვაჟა თვალს არ აცილებდა ნათიასა და გაგას გაცნობის სცენას.
გაგა წინა სკამზე გადაბობღდა და ნათიას კალთაში ჩაუჯდა, შემდეგ კისერზე შემოხვია ხელები და ლოყაზე აკოცა.
- დედიკო, სენ ხო აღალ წახვალ?... მე სულ ალ გაგაბლაზებ! სუუულ ალ ვიცელქებ...
ხო ალ წახვალ?... მე სენთან მინდა, - გაგამ კიდევ ერთხელ აკოცა ნათიას და ლოყაზე ლოყით მიეხუტა.

დაიბნა ნათია. აღარ იცოდა, რა ეთქვა... ეს პატარა ბავშვი მის სულში შეჭრას ლამობდა, მისი სულის გასაღებს ეძებდა, და ეს მშვენივრად გამოსდიოდა კიდეც.
- გაგა, კარგად დამენახე ერთი... - ძლივს ამოღერღა ნათიამ.
- ლატო? ლატო დაგენახო? 
გაგამ ლოყებზე შემოიწყო ხელები, თავი გვერდზე გადახარა, ტუჩები გამობერა და ისე საყვარლად შეხედა, რომ ნათიას გული მოეწურა. შემდეგ გაგამ ნათიას ლოყები მოიქცია ხელებში, თავისი პატარა ცხვირი ნათიას ცხვირს მიუახლოვა და ცხვირის წვერით გაეხახუნა.
ამდენს კი ვეღარ გაუძლო ნათიამ და ცრემლები მოადგა თვალებზე. თან შეეცადა, ბავშვისთვის მხიარული სახე ეჩვენებინა, მაგრამ... არ გამოუვიდა!

გაგამ ნათიას თვალებში ცრემლები რომ დაინახა, იფიქრა, "ისევ მიდისო" და ტირილი დაიწყო. ნათიამ ხელები მოხვია გაგას.
- რატომ ტირის ჩემი გაგა?
- ისევ უნდა წახვიდე? ალ წახვიდე, ლა?... დე... დედიკო, აღალ დამტოვო, ლა?!
- არა, გაგა, აღარ წავალ, მე სულ შენთან ვიქნები! ოღონდ დღეს კიდევ ერთხელ გამიშვი, კარგი? ხვალიდან კი სულ ერთად ვიქნებით, სულ-სულ... ხო, გაგა?
- ალა, ხვალიდან ალა!... ახლა წავიდეთ სახლსი, - სლუკუნით ამბობდა გაგა და თან ნათიას ეკვროდა.
- ხვალ, ხვალ, გაგა!... ხვალიდან კი მოვალ და აღარსად აღარ წავალ!
- სიტყვაზე გიჭერთ, ნათია!... – ვაჟამ კარი გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა. ხვალ დილით მოვალთ მე და გაგა და ჩვენს სახლში წაგიყვანთ... ხვალამდე კი – მოიფიქრეთ.
- ლატო, ხვალე? მამა, ლატო წამოვა დედიკო ხვალე?... ჰა, მამა?...
- დედიკომ ჩემოდანი უნდა ჩაალაგოს. თავისი კაბები ხომ უნდა წამოიღოს, ჰა, რას იტყვი, გაგა?!
- ცვენ ვუყიდოთ, ლა, მამა, კაბები?!... - ცრემლიანი თვალებით ევედრებოდა გაგა ვაჟას.
- დიდი სიამოვნებით, თუ დედიკო ამაზე თანახმა იქნება, - ვაჟამ ნათიას შეხედა და ალალი ღიმილით გაუღიმა.

ნათიამ ცრემლიანი თვალები შეანათა ვაჟას.
ვაჟას თვალებში მუდარა ამოიკითხა ნათიამ.
ნათიამ თვალები დახარა და გაჩუმდა.
ვაჟა ნათიას შესცქეროდა და ისიც დუმდა, არ უნდოდა, ნათიასთვის ფიქრის ძაფი გაეწყვიტა. სახეზე ემჩნეოდა ნათიას, რომ შორს იყო ახლა ფიქრებით, რომ რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა... რომ მის გონებაში ორი ფიქრი, ორი აზრი ებრძოდა ერთმანეთს...

ოო, როგორ უნდოდა ვაჟას, რომ წუთით მაინც შესძლებოდა სხვისი აზრის მართვა. მაშინ ხომ შინაგანი ხმით უკარნახებდა ნათიას, რომ ბედის სასწორი მათკენ – მისკენ და გაგასკენ გადმოეხარა ნათიას... ვაჟას ჯერ არავინ მოსწონებია ასე, ერთი დანახვით. ასეთი რამ მას პირველად დაემართა.

მოლოდინში გაილია სიჩუმის ხუთიოდე წუთი.
- ვაჟა, მოდი სამივე ერთად ავიდეთ ჩემთან, - თქვა უეცრად ნათიამ, თუმცა კი ეგონა, რომ ვაჟა ამ წინადადებაზე არ დათანხმდებოდა.
- რა თქმა უნდა!... ჩვენ სამივე ერთად მივალთ ჩვენი დედიკოს სახლში და მერე ერთად წავალთ ჩვენთან! არა, გაგა? - შვებით ამოისუნთქა ვაჟამ და კინაღამ იქვე გადაკოცნა ნათია.

- ხო, ხო... მე ცემს დედიკოსთან მინდა! - თვალები გაუბრწყინდა გაგას და კიდევ უფრო მეტად ჩაეკრა ნათიას.

ვაჟამ ძრავა აამუშავა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
ნათიას სახლთან ვაჟამ მანქანა გააჩერა და დაელოდა, რას ეტყოდა ნათია: მადლობას გადაუხდიდა და წავიდოდა (რადგან შესაძლებელი იყო, ეს "თანხმობა"  სახლში უხიფათოდ მიყვანის ერთ-ერთი ტაქტიკური სვლა ყოფილიყო) თუ... თუ ნათია სახლში მიიწვევდა ვაჟას.

ნათიამ გაგას ხელი მოხვია, ბავშვიანად გადავიდა მანქანიდან და კარი მიხურა.
- მამიკო, ცქალა, ლა?! – მოუთმენლად დაიძახა გაგამ.
- ვაჟა, ჩვენ გელოდებით... - ეს კი უკვე ნათიას ხმა იყო.

ვაჟა, თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, სწრაფად გადმოხტა მანქანიდან, კარები ჩაკეტა და ნათიას ამოუდგა გვერდით.
- ნათია, ხომ არ ნანობ?... ჯერ კიდევ არ არის გვიან...
- შენ გინდა, რომ გადავიფიქრო? - ნათიამ ვერც კი შენიშნა, როდის გადავიდნენ "შენ"-ობით საუბარზე...
- არა, ნათია, მე მინდა, რომ ჩვენ ბედნიერები ვიყოთ, შენც და მეც! მინდა, რომ ჩემს გაგას დედა ჰყავდეს და არა დედინაცვალი!... შენ შესძლებ ამას?! მე მინდა, რომ შენ შესძლო!... და თანაც, მე ხომ შენ მხოლოდ გაგას დედად არ მინდიხარ?! ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ, ერთად გავიყოთ ყველა დარდი და ყველა სიხარული!... თანახმა ხარ, ნათია?
- ვიცი, ვაჟა!... შეიძლება ეს არასერიოზულობად ჩამითვალო, მაგრამ მე თანახმა ვარ!...
საოცარია!... მე თავად ვერ გამირკვევია, რატომ ვდგამ ამ ნაბიჯს... ალბათ, ეს არის ჩემი ბედი!... სინანული კი – ჯერ ადრეა!
-შენ არ ინანებ, ნათია! მე მინდა, რომ შენ გჯეროდეს ჩემი!

პასუხად ნათიამ მხოლოდ გაუღიმა ვაჟას, ოდნავ მხრები აიჩეჩა, თითქოს იფიქრა, "ამას რას ვაკეთებო", შემდეგ ხელკავი გამოსდო და სადარბაზოსკენ წაიყვანა. 


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები