ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
20 ივლისი, 2009


ავტობუსში

ავტობუსით მიდიოდნენ...
ირაკლის და გიორგის წინ ერთი ქალი იჯდა ოთხი-ხუთი წლის ბავშვთან ერთად.  პატარა ძალიან ლამაზი იყო, ცისფერი, დიდრონი თვალებით.
ავტობუსში ბურბუშელების გამყიდველიც ამოვიდა.

-  დედა, მიყიდე რა ბურბუშელააა...
ქალმა ხურდები დათვალა და ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.
- არ მეყოფა, გაჩუმდი, სხვა დროს გიყიდი.

ბავშვის ხმაში ცრემლი იგრძნობოდა... მხოლოდ იგრძნობოდა, ირაკლი და გიორგი ამას ვერ დაინახავდნენ, რადგან უკან ისხდნენ.
ირაკლის უნდოდა ბავშვისთვის ბურბუშელა ეყიდა, მაგრამ იფიქრა, არ გამომართმევს დედამისი, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობსო.
"რა ვქნა?" - გაიფიქრა და უცებ თვალები სიხარულით აუთამაშდა.
  გამყიდველს ფული გაუწოდა და ბურბუშელა იყიდა. მერე გიორგის შესთავაზა. თან თვალს უკრავდა და ანიშნებდა უარი თქვიო.
- აჰა, ხომ გიყვარს, არ გინდა?
- საიდან მოიტანე რომ მინდა? როდის იყო ბურბუშელას ვჭამდი, ბავშვი ხომ არ ვარ?
- აბა რატომ მაყიდინე?
- მე არ მითქვამს იყიდე-თქო, სადაც გინდა იქ წაიღე ახლა, მე მაგ ბურბუშელით ვერ ვივლი ამხელა გზაზე.
- სად წავიღო აბა?  ქალბატონო, თქვენს ბავშვს ხომ არ უნდა ბურბუშელა? აი, ჩემს მეგობარს ვუყიდე მაგრამ არ ჭამს, ჩვენ კი ისეთ ადგილას მივდივართ, ბურბუშელას იქ ვერ წავიღებთ. თქვენს შვილს დავუტოვებთ...

ქალმა ჯერ იუარა, მაგრამ მერე გამოართვა...

აბა, ბურბუშელით ხომ არ ივლიდნენ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები