ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2009


წერილი გალატელებს


მე ნაღვლიანი წერილი გწერეთ
არა იმიტომ, სული გტკენოდათ,
მე თქვენ მიყვარდით ასი წლის მერეც,
უფრო მეტისმეტ, ვიდრე გჯეროდათ...
  თუ დაგამწუხრეთ, ვითხოვ შენდობას,
  მეტს აღარაფერს, შენდობის გარდა,
  ჩემს გულს ეს დარდი რას დაეტყობა,
  დაბადებიდან მოვედი დარდად.
და როგორც პავლე, ტროადას მოველ,
სულის სიმშვიდის კვლავაც მძებნელი,
დახურულ კარში ეძინა ყოველს
და არვინ დამხვდა ხმის გამცემელი...
  დავემშვიდობე ნაძვებს და ფიჭვებს
  კაბას სიკვდილის აჰყვა სურნელი,
  გზაზე კოცონი დაენთოთ იჭვებს
  და მოვდიოდი ცრემლის მსურველი...
მზის ულამაზეს  გვირგვინში ენთო,
მაკედონიის ცხელი აისი,
ასეთი დილა მე მახსოვს ერთ დროს
მთის მოწყენილი ედელვაისით...
  მე თქვენ გეძებდით უკვე დაკარგულს,
  მაგრამ ძალიან ახლობელს, ერთ დროს,
  გულის ფიცარზე ნახატ გაზაფხულს
  იმ შემოდგომის სიყვითლე ედო.…
თქვენ გაგიჭირდათ ჩემი შეცნობა
მზერა გაფანტეს თეთრმა ხელებმა,
რადგან სახეზე გადმოსულ გრძნობას
წაერთვა ჩემი სახიერება...
  არაფრის მთხოვნელს, დაკეტილ კართან
  მციოდა ღამის შავი პირბადით,
  აღსასრულამდე მიყვარხართ, რადგან
  დასაბამიდან მე თქვენ მიყვარდით...
   



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები