ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2009


თავი 37. განშორება ("გაცვლა")

საღამოს 6 საათისთვის მივიდა თეონა სახლში.
მაიკო – სახლში იყო.
მშობლები და ნინუცაც მალევე მოვიდნენ.
მხოლოდ დათო არ ჩანდა.

თეონამ ნინუცა დაიხმარა და თავისი ნივთები ორ მცირე ჩემოდანში ჩაალაგა, შემდეგ კი გამოვიდა და ისიც მაგიდასთან დაჯდა.

გიზო, თავიდან, ჩუმად იჯდა. მერე ვეღარ მოითმინა და...
- დიდხანს ვისხდეთ ასე?
- როგორ, მამა?
- ჭკვიანი მაიმუნებივით... ამოიღე ხმა, თეონა... გამაგებინე, რა ხდება!
- არაფერი... სახლში ვბრუნდები...
- მიზეზი?
- მიზეზი – მე ვიცი...
- მასე არააა, შენ რომ ამბობ! მიზეზი – ჩვენც უნდა ვიცოდეთ...
- არა, მამა! მიზეზი ვიცით მე და დათომ... და ეს სრულიად საკმარისია! და ნუღარაფერს მკითხავ მეტს... მაინც არაფერს ვიტყვი!
- კარგი... – გიზოს ბრაზი შემოაწვა სახეზე... - ჯერ დათო მოვიდეს და მერე გავარკვიოთ!
- ამას გარკვევა აღარ უნდა, მამა! დათოს მოსვლამდე, რა თქმა უნდა, არც მე წავალ სადმე... მაგრამ განაჩენი – საბოლოოა!

გიზომ ღრმად ამოიოხრა და სავარძელში ჩაეშვა.
ღამის 11 საათისთვის დათოც მოვიდა.
- დათო, შენთან საქმე მაქვს, - შემოსვლისთანავე უთხრა გიზომ.
- არა, მამა... ჯერ მე მაქვს დათოსთან საქმე, - თქვა თეონამ და დათო საძინებელში გაიყვანა.
- გისმენ, თეე... – კარი მოხურა დათომ.
- მე არავის არაფერს ვეუბნები! მიზეზი ვიცით შენ და მე! არაა საჭირო ამის აფიშირება!
- გმადლობ, თეონა, მაგრამ...
- არაა საჭირო მადლობა, დაათ! – თეონა მივიდა და დათოს მოეხვია, - მე შენგან არაფერი მახსოვს ცუდი, თუ იმ მოტაცებას არ ჩავთვლით... თუმცა იმის გაგებაც შემიძლია!...

დათომაც მოხვია ხელები თეონას, ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში და თმაზე აკოცა.
თეონამ ახედა...
ღმერთო, რამხელა სიყვარული ჩანდა დათოს თვალებში.

- მაპატიე, დაათ, ჩვენს ერთად დარჩენას არა აქვს აზრი!
- მე რა უნდა გაპატიო, თეონა? – დათომ საფეთქელთან მფეთქავ ძარღვზე აკოცა და ტუჩებით დააკვდა. ტუჩებით გრძნობდა თეონას პულსს, რომელიც თვალდათვალ უმატებდა ტემპს.

თეონამ თვალები შეანათა დათოს და, თავადაც ვერ მიხვდა, რატომ – ნიკაპის გაგრძელებაზე, ლოყასთან აკოცა.
- არ მიბრაზდები, ხო? თეე, მიპასუხე...
- არა, დათ... არ გიბრაზდები...
- დარჩი, თეონა... იქნებ კიდევ გვეცადა? იქნებ შევძლოთ ჩვენი პატარა ოჯახის გადარჩენა?
- ვერაფერს გადავარჩენთ, დაათ! გადაარჩენ იმას, რაც არსებობს... და აქ... აქ არ არსებობს ოჯახი! ეს ოჯახის იმიტაციაა, დაათ!

დათომ კიდევ ერთხელ აკოცა საფეთქელთან... შემდეგ – უფრო დაბლა... ყვრიმალები დაუკოცნა. კოცნით ამოუშრო ცრემლები ზღისფერ თვალებში... ტუჩები იპოვა და ჯერ ნაზად ეამბორა, შემდეგ კი, როცა ნახა, რომ თეონა არ ეწინააღმდეგებოდა, ისე ვნებიანად აკოცა, რომ თეონას სუნთქვა შეეკრა!
- არ გაგიშვებ!... მიყვარხარ, თეეე, სიგიჟემდე მიყვარხარ!... დარჩი!
- მიზანი? – ძლივს მოითქვა თეონამ სული იმ ხანგრძლივი კოცნის შემდეგ.
- ოჯახი შევქმენით და კიდევ რის მიზანს მეკითხები, თეეე?
- დაათ, მე ჯერ ისევ ქალიშვილი ვარ! გესმის ეს?
- ეს მე გითხარი!... ხომ შემეძლო არ მეთქვა?
- შეგეძლო, მაგრამ... უარესი მოხდებოდა! ჩვენ ვერასოდეს გვეყოლებოდა შვილი!
- ცოტაა უშვილო ოჯახები?
- ბევრია!... მაგრამ იქ ცოლ-ქმარი ერთად არიან... ერთად ცხოვრობენ და არა მხოლოდ ერთ ლოგინში წვანან! ჩვენ ხევსურ წაწლებს ვგავართ, დააათ!
- მე უშენოდ არ მაქვს მომავალი...
- გაქვს... – და უცებ ისევ ვერცხლის ზანზალაკებმა გაიწკრიალეს ხმაში, - იქნებ შენ ჯერ კიდევ უყვარხარ ნონას?!

1000 ვოლტს რომ ერთად გაეარა დათოს სხეულში, ალბათ ასე მაინც ვერ შეხტებოდა! გაოგნებისგან ყბა ჩამოუვარდა, თვალები ლამის ბუდიდან ამოსცვივდა...

- თეეე, შენ რა იცი ნონა?! – ამოიხავლა დათომ და იქვე ჩაჯდა...
- არ ვიცი, დაათ... ვინაა ნონა?! – უკვე ჩვეულებრივი ხმით იკითხა შეცბუნებულმა თეონამ.

დათომ თავი ჩაღუნა. ხმა ვერ ამოიღო...
თეონას სახე შეეცვალა... მიხვდა, რომ დათოსთვის მეტად მტკივნეულ თემას შეეხო...
შეეხო მისთვის უცნობ სამყაროს, სადაც მას, თეონას – დახშული აქვს შესასვლელი კარი, რადგან იქ, იმ კარის მიღმა, იმ სამყაროში ეს ვიღაც ქალი – ნონაა დიასახლისი!...
ფერი დაკარგა თეონამ... პირი გაუშრა... მერე მთელი თავისი შინაგანი ენერგიის მობილიზება მოახდინა, რომ რაღაც ეთქვა... 
- ნონა ვინაა, დაათ? – კიდევ ერთხელ იკითხა ნირწამხდარმა...

და როცა მისი კითხვა უპასუხოდ დარჩა,  მობრუნდა და უხმოდ გავიდა ოთახიდან. მერე თავის ჩემოდანს დაავლო ხელი, მამას უთხრა, “თუ გიყვარვარ, დროზე წამიყვანე აქედანო”, ხელი ჩასჭიდა და ისე გავიდა დათოს სახლიდან.
თინა და მეორე ჩემოდნიანი ნინუცაც მათ მიჰყვნენ.
მაიკო სასადილო ოთახში დარჩა, გაშლილ სუფრასთან, სადაც ყველა თეფში ხელუხლებლად სუფთად იყო დარჩენილი.




* * *

მაისის ბოლო დეკადა იდგა.
ნონა დივანზე მოკუნტული მიწოლილიყო.
პლედი წაეფარებინა, მაგრამ მაინც სციოდა... იქნებ არც სციოდა და ეს შინაგანი კანკალი დათოს დაკარგვით იყო გამოწვეული? გულმა გაჰკრა... ხელი გადაწია და ტუმბოდან წამლის აღება დააპირა,  მაგრამ გადაიფიქრა.

“წამალი დავლიო კი არა, ჯანდაბა ჩემს თავს!... გული!... სადღაა გული? რაღაც უდღეური ნაკუწებიღაა დარჩენილი! მტკივა და მეტკინოს! ნეტა, სულაც მოვკვდებოდე... წამალს კი არა, საწამლავს უნდა ვსვამდე!... ეს რა მიქენი, დათო, ეს რა მიქენი?! ცოცხლად დამმარხე... მთელი ჩემი დანაშაული ის იყო, რომ ასე მიყვარდი? შენ?
შენ კი არ გიყვარდი? ვერაფრით დავიჯერებ!... ამის დედაც ვატირე, რომ არავინ მყოლია შენს მეტი?! ვის შეგადარო? ვიზე ვთქვა – “იმას ხომ ჯობდა, ან ამაზე უარესი იყო-მეთქი”? ერთადერთი და განუმეორებელი იყავი ჩემთვის და... ეს როგორ მითხარი, “ქვეყნის ნათრევი ქალიო”? ენა როგორ მოგიბრუნდა პირში? მთელი წელი მპირდებოდი ცოლობას და... უცებ სხვა მოიყვანე? იმასაც ჩემსავით დაახვიე თავბრუ? სამი თვე გავიდა უკვე, რაც ცოლი მოიყვანე... ერთხელ მაინც ხომ შეიძლებოდა, რომ დაგერეკა?
უბრალოდ, დაგერეკა და გეკითხა: “ჯერ ისევ ცოცხალი ხარ თუ მოკვდიო”?... თუმცა მე როგორღა მკითხავდი?! მაშინ – “მოკვდა თუ ცოცხალიაო”?... მაგრამ ვისთვის უნდა გეკითხა?!...”

ნონა ბალიშში ჩაემხო და გულამოსკვნილი ატირდა.
“ვინმე მაინც მყავდეს? ვის შევჩივლო? ვინ დამიდგება გვერდით? აღარც დედა, აღარც მამა... აღარც ჩემი ძამიკო!... ყველა ერთად წამართვი, ღმერთო! სამი მიცვალებული ერთად შემომიტანეს სახლში!... ან როგორ დავრჩი ჩემს ჭკუაზე? დათო, რატომ გამომეცხადე მაშინ მფარველი ანგელოზივით? არც მიცნობდი, არც გიცნობდი... ან სად დამინახე, მტკვრისკენ რომ ჩავდიოდი? გაგეშვი, თუ მაინც უნდა გაგეშვი! რატომ არ დამანებე სიკვდილი? იმისთვის, რომ მერე შენი ხელით მოგეკალი?”

უეცრად ამოვარდნილმა ქარმა ფანჯარა შემოგლიჯა.
მექანიკურად წამოხტა ფეხზე ფანჯრის დასაკეტად, მაგრამ, გადაიფიქრა და ფანჯრის რაფაზე გადაეყუდა... დაბლა ჩაიხედა... მეხუთე სართული... სრულიად საკმარისი იქნება ამ ტანჯვის დასასრულებლად!...

ნონა სულისკანკალით ავიდა ფანჯრის რაფაზე. გადაიხედა...
შეეშინდა და უკან დაიწია, თუმცა არ ჩამოსულა. კიდევ ერთხელ გადაიხედა... ღვარად მოსდიოდა ცრემლები.

“მაპატიე, ღმერთო! ერთ წელიწადში ამდენ დარტყმას ვეღარ გავუძლებ! მეც ჩემებთან წამიყვანე... დედიკოსთან. თაზოსთან, მამასთან... მათთან მინდა! მომენატრა ჩემი პატარა თაზო... მე რატომ გადმომსვი იმ დღეს მანქანიდან? მეც ხომ მათთან ერთად გავფრინდებოდი ჯერ იმ ხრამში და მერე შენთანაც გამოვფრინდებოდი?! ხომ არც დათოს შევხვდებოდი და არც ამ ტკივილის გადატანა მომიწევდა ხელმეორედ? იქნებ არც დამიჯერო, ღმერთო, მაგრამ... ეს უფრო საშინლად მტკივნეული ყოფილა, -ცოცხალი ადამიანის დაკარგვა! როცა იცი, რომ სიგიჟემდე გინდა მისი დაბრუნება და ვერაფერს კი აკეთებ საამისოდ! უბრალოდ, არ შეგიძლია რამის გაკეთება! ეს შენს ძალებს აღემატება!... მაგრამ, ეს ხომ მაინც შემიძლია?... მაპატიე, მაპატიე, დედა! არ ვყოფილვარ ისეთი ძლიერი ნებისყოფის, როგორიც შენ იყავი! მაპატიე, მამა, ვერ აღმოვჩნდი ისეთი პატიოსანი, როგორადაც მზრდიდი... მაპატიე, ჩემო პაწუკა, თაზო... ჩემთან გინდოდა დარჩენა და ძალით გაგიშვი სოფელში... რატომ, ღმერთო, რატოოოომ! რაღა იმ დღეს დამიბარეს უნივერსიტეტში? ან რა მოხდებოდა, მართლა დამეტოვებინა ჩემთან და მეორე დღეს ერთად წავსულიყავით მე და თაზუნა? როგორ უნდა ვიცოცხლო ამ ტკივილით, როგოოოორ? ვიდრე დათო მყავდა გვერდით, ის მავიწყებდა ჩემს ტკივილს... ახლა კი?!...
რა ახლა? მორჩა! გადაწყვეტილება მიღებულია!!”

ნონამ თვალები დახუჭა. ხელები გულზე მიიჭირა და...
ისევ ძლიერად დაუბერა ქარმა.
“რა ქარია! სხვის ფანჯარაში არ შემაგდოს ბურთივით,” - გაიფიქრა ნონამ და, თვალები არ გაუხელია, ისე მოსწყდა ფანჯრის რაფას.

“ბრაააახ” – ოთახის იატაკი შეზანზარდა რაღაც მძიმე სხეულის მოწყვეტით დაცემისაგან.

“აუუ, რა მეტკინა ხელი და გვერდი?.. ასე უნდა ვგრძნობდე ტკივილს? მეგონა, აღარაფერი მეტკინებოდა!...”

ნონამ თვალები გაახილა, - საკუთარი ოთახის იატაკზე ეგდო და უსაშველოდ სტკიოდა ხელი... მერე ქალის ფიგურა დალანდა კუთხეში, ძალიან მაღალი ქალის...
იქვე – დედაც დაინახა, თვალცრემლიანი რომ შემოჰყურებდა...  გაღიმებული თაზოც, რომელიც ხელით ანიშნებდა რაღაცას... მერე ყველაფერი ბურანში ჩაიკარგა...

კარებზე ზარის გაბმული ხმა გაისმა...
- ნონა, კარი გააღე! გესმის? ნონა!.... ხომ ვიცი, რომ სახლში ხარ? ეთერი დეიდა ვარ... გამიღე კარი!...
- რა ხდება, ეთერი? – გაისმა მამაკაცის ხმაც სადარბაზოში.
- მე რა ვიცი, რა ხდება? ისეთი ბრახუნის ხმა იყო, ისე შეზანზარდა ოთახი, რომ სურათი ჩამომივარდა კედლიდან! 20 წუთის წინ ველაპარაკე ტელეფონით, სახლში იყო... მერე ეს ბრახუნიც მომესმა და... კარს არ აღებს...
- თამრიკოსთან იქნება მისი გასაღები. ერთი ასხმა – ყოველთვის იქაა... მოიცა, დავურეკავ....

5 წუთში თამრიკომ ჩამოირბინა გასაღებების აცმით და ნონას სახლის კარი გააღო.
ნონა გონდაკარგული ეგდო შუა ოთახში. მოტეხილი ხელი უმწეოდ ჰქონდა გადაგდებული გვერდზე. ღია ფანჯარაში კი ოთახის ფარდა ფრიალებდა.
მაშინვე სასწრაფო გამოიძახეს.

- ეტყობა ფანჯარა შემოუღო ქარმა. ეს ამ ფანჯრის დასაკეტად ავიდა და რაფიდან გადმოვარდა...
- კიდევ კარგი, იქით არ გადავარდა!
- შენ ესა სთქვი!...

ამასობაში სასწრაფოც მოვიდა და ნონა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელზე თაბაშირი დაადეს, ნატკენი მუხლი შეუხვიეს...
- გოგონი, ტელეფონის ნომერი მითხარით ვისიმე, აქედან რომ წაგიყვანოს სახლში...
ნონამ გაუაზრებლად თქვა ტელეფონის ნომერი...

ყურმილი ვაჟმა აიღო. თან მექანიკურად, საატს გახედა: ღამის 2 საათი სრულდებოდა.
- გისმენთ...
- უკაცრავად, საავადმყოფოდან გირეკავთ...
- რომელი საავადმყოფოდან?! რა მოხდა? თეონას დაემართა რამე?... – იყვირა ხმამ.
- არა, გოგონას ნონა ჰქვია...
- ნონა? რა დაემართა?...
- ხელი მოიტეხა... ახლა ჩვენთან არის. თქვენი ნომერი მოგვცა. იქნებ წაიყვანოთ სახლში?
- რომელი საავადმყოფოა?.. გამოვალ ახლავე...


დათომ ტანზე ჩაიცვა. ფეხაკრეფით უნდოდა გასვლა, რომ მაიკოს არ გაღვიძებოდა, მაგრამ მასაც გაეღვიძა.
- ვინ იყო, დათო?
- ნონას ხელი მოუტეხავს... საავადმყოფოდან დარეკეს...
- ნონა ვინაა, ბიჭო?
- ნონა – ნონაა... ჩემი ცოლი, რომელთანაც ხელი არ მქონდა მოწერილი!
- გადაირიე? გესმის რას ამბობ?
- არა... არ გადავრეულვარ! შენ გესმის, რა გითხარი? ნონა – ჩემი ცოლია და არაფერი წამოგცდეს მასზე ურიგო!...
- აი, თურმე რას მალავდით!... ყველაფერს ვიფიქრებდი ამის გარდა! გაიქცეოდა თეონა, აბა რას იზამდა?
- გაჩუმდი, მაიკო...
- გავჩუმდე კი არა... ერთი ათად ამაღლდა თეონა ჩემს თვალში! კაცი ხარ შენ ამის მერე?
- ამაზე მერე ვილაპარაკოთ! ახლა საავადმყოფოში გავრბივარ!
- და რას აპირებ?
- ჯერ არ ვიცი...

დათომ მანქანა საავადმყოფოსკენ გააქანა.
პალატაში რომ შევიდა, ნონას ეძინა. ყორნისფერი თმა ბალიშზე ეყარა. თმის სიშავე კიდევ უფრო მკვეთრად აჩენდა მისი სახის ფერის სიმკრთალეს. სახეზე ტკივილი აღბეჭდოდა.

დათო საწოლს მიუახლოვდა და ფრთხილად გადაუსვა თავზე ხელი.
ნონამ თვალი გაახილა და დათოს დანახვაზე კინაღამ გული წაუვიდა.
- ჩუუუ... არაფერი თქვა!... – დათომ მისი საღი ხელი მიიტანა ტუჩებთან.
- შენ აქ საიდან გაჩნდი, დათო?!
- აქედან დამირეკეს...
- და ნომერი? ვინ მისცათ ნომერი?
- არ ვიცი, ნონა... ადექი, წავიდეთ...
- სად მიგყავარ?
- სახლში...

ნონა წამოდგა. მტკივანმა მუხლმა უმტყუნა და ფეხი ჩაეკეცა. დათომ იმარჯვა, - ხელი სტაცა და წაქცევის საშუალება არ მისცა.

მანქანაში რომ სვამდა, დათო ისე სათუთად ეპყრობოდა, თითქოს ნონა ფაიფურისგან ყოფილიყოს ჩამოსხმული!

შიში და სიხარული ენაცვლებოდა ერთმანეთს. ვერ გადაეწყვიტა, ეცინა თუ ეტირა... სულ რამდენიმე საათის უკან – ყველაზე უბედურ ადამიანად თვლიდა თავს... და უცებ – ამხელა სიხარული, - დათო წაიყვანს სახლში! მერე რა, თუ ცოლი მოიყვანა? მისთვის, დათოსთვის ნონა რაღაცას ნიშნავს... ისე ხომ არ მოაკითხავდა საავადმყოფოში?!

მანქანამ სულ სხვა ქუჩისკენ გაუხვია. აქეთ არასოდეს ყოფილა ნონა.
- დათო, სად მივდივართ? აკი სახლში წაგიყვანო?
- ზუსტად სახლში მიმყავხარ!
- დათოოო, მე აქეთ არ ვცხოვრობ... შეგეშალა?
- არაფერი შემშლია. ჩუმად იჯექი...
- კაი, ბატონო, - ნონა კარგად მოერგო სავარძელს და თვალები დახუჭა. ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებისგან – ეძინებოდა. მალე ძილმა წაართვა კიდეც თავი.

სახლთან დათომ ფრთხილად გააღვიძა ნონა.
- სად ვართ?
- სახლში მოვედით, ნონა!
- ვის სახლში? – დაბნეული აცეცებდა თვალებს ნონა და არაფერი ეცნობოდა გარშემო.
- გადმოხვალ? თუ დავუძახო მილიციას? გეხუმრები! გადმოყავი ფეხები და ხელზე მომეკიდე...

მაიკო კარებში დახვდა დათოს.
- აი, მაიკო, გაიცანი შენი რძალი... ნონა ქვია!
- დათო... – ნონას სადღაც გაეპარა ხმა და კინაღამ ჩაიკეცა.
- ნონა, ეს შენი მულია... ყველაზე უმცროსი მული... მაიკო!
- და... შენი ცოლი, დათო?... – ნერვიულობისგან სულ გამოუშრა ნონას მთელი პირის ღრუ... ენა აღარ ემორჩილებოდა...
- მე სხვა ცოლი არ მყავს, ნონა! ერთადერთი ქალი ხარ, რომელზეც შემიძლია ვთქვა, “ჩემი ცოლია”-მეთქი... კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში...

მაიკო უცებ შევარდა სახლში, კარადიდან თეფში გამოიღო და ვიდრე ნონა გონს მოეგებოდა, რა უნდა გაეკეთებინა, მათ წინ, იატაკზე დადო.
დათომ ნონა ხელში აიტაცა, გულზე მიიხუტა და თავად კი მთელი ძალით დაჰკრა თეფშს ფეხი.
დათომ ნონა საძინებელში შეიყვანა და ფრთხილად დააწვინა ლოგინზე. 
- დაისვენე...
- დათო, ეს სიზმარია! – ნონას ღვარად წამოუვიდა ცრემლები. მხოლოდ ეს ცრემლები – სიხარულის ცრემლები იყო უკვე.
- იმედია ჩემი დათო შენთან ბედნიერი იქნება... – მაიკომ ნონა გადაკოცნა და გაუღიმა.



* * *
თეონას სახლში დაბრუნებიდან 2 თვე გავიდა.
ცდილობდა თეონა, არაფერზე ეფიქრა, გარდა სადიპლომო ნამუშევრისა. მაისის ბოლოს – ნაშრომი უნდა ჩაებარებინა. 10 დღე-ღა ჰქონდა დარჩენილი.
და მაინც, ვერც სადიპლომო ნაშრომზე მუშაობის პერიოდში ახერხებდა მოძალებული ფიქრების იგნორირებას. თეონა ზარს ელოდა...

ტელეფონი კი - უცნაურად დუმდა.
თუ თეონას გათხოვებამდე ოჯახში მოსვენება არ ჰქონდათ, ახლა – აღარავინ რეკავდა. თითქოს თეონას ზედმეტად აღელვებას ერიდებიანო.

რამდენჯერმე ჰკითხა ნინუცამ:
- თეეეე, ჯაბას არ დაურეკავს?
- არა, ნინ!...
- და დათოს?
- იმას მით უმეტეს!
- და შენ რომ დაგერეკა?...
- რომელთან? – საცოდავი ღიმილი ისახებოდა მაშინ თეონას სახეზე.

ეს კითხვა ყოველთვის უპასუხოდ რჩებოდა.
იმ ღამეს ქვითინის ხმამ გააღვიძა ნინუცა.
- თეონა, თეეე... რა გატირებს? თეეეე.... – ახლოს მოვიდა ნინუცა თეონასთან, საწოლზე ჩამოუჯდა, თმაზე გადაუსვა ხელი.
- რა უბედური ვარ, ნინუცა... რა უბედური!
- სულაც არ ხარ უბედური... უბედურები – ისინი არიან შენ რომ ვერ შეგიმშნოვეს... რატომ არ რეკავ ჯაბასთან?
- და რა ვუთხრა? აჰა, დათოსგან წამოვედი და ახლა თავისუფალი ვარ, შენ წამიყვანე-მეთქიიიიიიი? რაში ვჭირდებიიიიიიიიი? – გულამოსკვნით ტიროდა ბალიშებში ჩამხობილი თეონა.
- მან ხომ არ იცის, რომ წამოხვედი? ხომ არ დაესიზმრებოდა?!
- არ... შემი... მი... მიძლი... ააააა!
- აბა როდემდე აპირებ ასე ტირილს?
- ბარემ სადი...პლომოს დავი...ცააავ!...
- უუუფ, მაგდენს თუ ფიქრობ, ესე იგი, არ ხარ ცუდად!..., კარგი არც მაქამდეა ბევრი დრო!



* * *
- ჯაბა, თეონა დავინახე... - მიიჭრა ზეიკო სახლში.
- მერე? რა არის ამაში საოცარი?
- ის, რომ თავად ვერ მხედავდა და... მე ვუყურებდი!
- მერე?
- მერე – საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა! წამოვიდა იმ ოჯახიდან?
- არ ვიცი, ზეიკო! იქნებ შემთხვევით მოიხსნა?!
- მაცალე, მაგას დავადგენ!...
- დაადგენ... და მერე?
- რა, “მერე”?! თუ მართლა წამოვიდა, არ უნდა დაერეკა მაინც? – აღშფოთდა ზეიკო.
- და რა უნდა ეთქვა? უკვე თავისუფალი ქალი ვარ და შეგიძლია შენ წამიყვანოო? ან ვთქვათ მოვიყვანე კიდეც,  შენი ხასიათი რომ ვიცი, ხომ ყოველ მეორე სიტყვაზე წამოაძახებ, “განათხოვარი მოგიყვანეთო”?!...
- რა, ტყუილს ვეტყვი, თუ? ჯერ მანამდე, იმდენ ხანს უარობდა, სახლიდან გაიქცა, “ეს ასე არაო, ის ისე არაო”... გინდა თუ არა, “მიყვარხარ” მითხარიო...  მერე იყო და, ბეჭედი გატყდა... როდის იყო, ოქრო ტყდებოდა?!
- მოიცა, ბეჭდის გატეხას – თეონას აბრალებ?
- არავის არაფერს ვაბრალებ! მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, თქვენ თუ ერთად არ ხართ და... მოისვენეთ! – აშკარად გაღიზიანებული იყო ზეიკო.
- არც შენ გადანაშაულებს ვინმე....
- არა, რატომ?  მე ხომ განტევების ვაცი უნდა ვიყო?...
- არავინ არაფერს გაბრალებს-მეთქი... მე თავად ვიკავებდი თავს!
- მაპატიე, ძამიკო... შენ კი ამბობდი, უცნაური და თავისებურიაო და არ მჯეროდა! ახლა ნამდვილად  მჯერა და... ხომ მაქვს უფლება, მეც ერთი ჩვეულებრივი ნორმალური გოგო მინდოდეს რძლად?... აღარ მინდა თეონა! მორჩა!!!
- დაამთავრე? მოისვენე ახლა!... ჯერ ჩემში უნდა გადავხარშო ეს ყველაფერი! და თუ მეც ვიტყვი, რომ აღარ მინდა...
- ჯაბა, არ მაინტერესებს,. შენ რას იტყვი! არ გავახარებ, იცოდე, ის რომ აქ შემოიყვანო! – ზეიკომ შუა გზაზე გააწყვეტინა წინადადება ჯაბას.
- არ გეჩვენება, რომ ძალიან ბევრს იღებ შენს თავზე?
- იცი რაა? ვიდრე ჩემს კმაყოფაზე ხარ, ისე იქნება, როგორც მე გეტყვი! თუ გგონია, მაგას რომ რძლად შემოიყვან, მერე ისევ მე გარჩენთ? არა ბატონო! არ ვაპირებ სხვისი ნაცოლარის შენახვას...
- მე ვმუშაობ!... – სცადა გაპროტესტება ჯაბამ.
- რას მუშაობ, ბიჭო, 150 მანეთზე? და მაგით გინდა ცოლ-შვილის შენახვა? დედას რაღას უპირებ?
- რა გინდა, ზეიკო? ქურდობას და მამაძაღლობას მე ვერ დავიწყებ! რაც მექნება, იმას ვამყოფინებ ჩემს ოჯახს!...
- კიდევ გეუბნები: მოიყვან თეონას? - კაპიკს ვერ ეღირსები ჩემგან... მოიყვან იმას, ვისაც გეტყვი? – თან გადაგყვები!...
- დამანებე თავი...
- კარგად დაფიქრდი, ჯაბა! თეონა რომ ადვილშესაგუებელი ყოფილიყო, ერთ თვეში არ გამოუშვებდნენ... შენ თავადაც ხომ ხვდები, რომ მართალი ვარ?... კი, ძალიან ლამაზია... მაგრამ, თუ გგონია, მალე დაბერდება და აღარავინ შეხედავს? საცოლე, რომ იტყვიან, ნიშნობიდან აგაფცქვნეს, და ახლა ცოლიც გინდა რომ წაგგვარონ?
- ზეიკო, ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე? – ჯაბა კბილს კბილზე აჭერდა, რომ არ ეყვირა... არა და, იმასაც ხვდებოდა, რომ ზეიკო მართალი იყო. – გეხვეწები, დღეს მაინც ნუღარაფერს მეტყვი, კარგი?
- პირიქით, დღეს უნდა გითხრა, რომ რაიმე უტვინობა არ მოიფიქრო. მე მყავს ერთი კარგი, პატიოსანი, ნორმალური გოგო... სილამაზით თეონასნაირი არ არის, მაგრამ... არც “მიუწვდომელ-დაუმორჩილებელი” არ იქნება, თეონასავით!...
- ვინ არის?
- ერთ-ერთი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია, თან ალკკ კომიტეტის მდივანი... ერთი საქმე გექნებათ... მხარში დაუდგებით ერთმანეთს...
- რა ქვია?
- მარიკა... 25 წლისაა... ამ 10 დღეში თუ მოასწარით განცხადების შეტანა, კომკავშირულ ქორწილს გადაგიხდით... სამოგზაუროდ გაგიშვებთ გერმანიაში, გინდა უნგრეთში... უნგრეთი ჯობია!
- ხვალამდე მომაფიქრებინე... მეტი რა გითხრა?!
- კარგი... და ხვალ დავრეკავ მარიკასთან, ჩემთან მოვიყვან...

ჯაბამ ძლივს აითრია წელი, საძინებელში გავიდა და ლოგონზე დაემხო.
აღარავის ნახვა უნდოდა... აღარავის მოსმენა!
ეჩვენებოდა, რომ ყველამ უღალატა... ყველამ ზურგი აქცია! საკუთარი დაც კი მაზოლზე აჭერდა ფეხს. და ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ჯაბა წინააღმდეგობას ვერ უწევდა ზეიკოს არგუმენტებს...
“თეონა? რას იზამს თეონა, მეც რომ ცოლი მოვიყვანო? იდარდებს? თუ არად ჩააგდებს?... მაშინ რას ფიქრობდა, როცა დათოს უჯდებოდა მანქანაში? მაშინ რას ფიქრობდა, როცა ხელს აწერდა და მის ცოლობას თანხმდებოდა?! ფიქრობდა, რას განვიცდიდი მე? ოოოხ, თეონა, თეონა!... რა დღეში ჩამაგდე! რა მოუნელებელი ტკივილი ხარ...”

და უცებ შეხტა ჯაბა, - გაახსენდა ჯერ კიდევ სოხუმში რომ უთხრა თეონამ: “სამი საცოლე გიჩანს და სამივესთვის ბეჭედს ყიდულობ... პირველი – მიდის, მესამე – საბოლოოდ შენთან რჩება,  მეორე კი – მოუნელებელ ტკივილად მოგყვება მთელი სიცოცხლეო!...”  მერე ისიც გაახსენდა, “ამ ორ ბეჭედს მესამეც შეება, უთვლო რგოლიო...”

მიხვდა ჯაბა, რომ მას მხოლოდ ოქროს ბეჭედი უნდა ეყიდა, ყოველგვარი თვლების გარეშე, და ვიღაც მესამეზე უნდა ეფიქრა, - ეს იყო ჯაბას ბედიც და ბედისწერაც!
- ზეიკოოოო! – იყვირა თავისივე ოთახიდან, - ხვალისთვის დაიბარე მარიკა და მეც მოვალ შენთან... ვნახავ, ვის მირიგებ... ვინ გემეტება ჩემთვის!
- ახლავე დავრეკავ, ჯაბა! აი, ამიტომ მიყვარხარ... ჭკვიანი ბიჭი ხარ!


(გაგრძელება იქნება, მხოლოდ ცოტა მოგვიანებით!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები