მეიძის ეპოქაში (1867-1912), შედარებითი სიმშვიდის პირობებში, ბუდისტური პრინციპები დიდ გავლენას ახდენს საბრძოლო ხელოვნებაზე, რის შედეგადაც საბრძოლო ტექნიკა (ბუგეი) საბრძოლო "გზებით" (დო: ძიუ–დო, კარატე–დო, აიკი–დო, კენ–დო და სხვა) იცვლება. სწორედ ამ დროს ხდება ე.წ. "ძველი " და "ახალი" სკოლების (სკოლა – "რიუ", იაპონ. )გამიჯვნა. საბრძოლო დისციპლინებში მთავარ მნიშვნელობას იძენს თვითდახვეწა და ცხოვრების გარკვეული სტილი. საბრძოლო ხელოვნება სცილდება მტრის უბრალოდ განადგურების მიზანს და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ეხმაურება. ბუდო პიროვნების მორალური სიძლიერის განვითარების მეთოდის ფუნქციას იძენს და სიცოცხლისუნარიანი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის სამსახურში დგება. ჩვენი გმირი, ტაკედა სოკაკუ, იწყებს მოგზაურობას იაპონიაში და ავრცელებს თავის ხელოვნებას. ეს მოგზაურობა, მისი გზა, თითქმის 65 წელი გაგრძელდა(!) ტაკედა ასწავლის დაიტო-რიუ აიკი-ძიუცუს და ონო-ჰა იტტო-რიუს ხმალს, ყოფილი სამურაების გვარების ოჯახების წარმომადგენლებს, რომელთა უმეტესობა, როგორც განათლებული და საბრძოლო გამოცდილების მქონე ფენა, მეიძის ეპოქაში პოლიციაში, სამხედრო სამსახურში და სასამართლოებში დასაქმდა. ცოტა ხნის შემდეგ ტაკედა–სენსეი მთელი იაპონიისათვის ცნობილი ხდება, როგორც დიდი მასწავლებელი და მოიხსენიება როგორც დაიტო-რიუს "ჩუკო ნო სო" (ამღორძინებელი). ტაკედა სოკაკუ 83 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მასწავლებლობდა. ტაკედა სოკაკუ არ გამირჩეოდა თავისი ფიზიკური მონაცემებით ან სიმაღლით (150 სმ), მაგრამ როგორც ბიოგრაფები წერენ, "...მისი თვალები უდიდეს ძალას ატარებდა და მისი საბრძოლო ტექნიკა არაბუნებრივი იყო. მას შეეძლო ეგრძნო ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი მისი პირველი დანახვისთანავე...". სოკაკუს შვილი, დაიტო–რიუს დიდი ოსტატი, ტოკიმუნე ტაკედა, რომელიც ბავშვობიდან მამის თანამგზავრი იყო და სოკაკუს გაკვეთილებზე ასისტენტის როლს ასრულებდა, ერთ-ერთ ინტერვიუში საოცარ ამბავს იხსენებს: " ...ერთ დღეს ჩვენ (სოკაკუ და ტოკიმუნე, ბ.ჩ.) ოსაკაში იოძიშო ჰოსეგავას სახლში გავჩერდით. ამ კაცს ორსართულიანი სახლი ჰქონდა და ვაჭარი იყო. იმ დროს დაქირავებულ მოსამსახურეებს "ბონსანებს" ეძახდნენ და ბატონმა ჰოსეგავამ 60 წლის ბონსანი გაგვაცნო, რომელივ მას ვაჭრობაში ეხმარებოდა. მე გამოველაპარაკე ამ კაცს, მამაჩემი კი უცბად მოსწყდა ადგილს და ამ ბატონს ჩააჩერდა თვალებში. ცოტა ხანში სოკაკუმ თქვა: "ეს კაცი ადრე ბუდისტი მოძღვარი იყო, რატომ არის იგი აქ?", ბატონმა ჰოსეგავამ სოკაკუს უთხრა, რომ იგი ცოტა ხნის წინ დაიქირავა და არაფერი იცის მის წარსულზე. მაგრამ სოკაკუს არ გაუგია ჰოსეგავას სიტყვები და გააგრძელა: " დიახ, მე თქვენი სახიდან ვხედავ, რომ ქალის გამო უსიამოვნება შეგემთხვათ, ამან დაგღუპათ, თორემ შეინარჩუნებდით თქვენს მაღალ მდგომარეობას მონასტერში, თქვენ ბუდისტი ბერი ხართ, კეთილშობილი ოჯახიდან...". ბონსანს პასუხად არაფერი უთქვამს. მოგვიანებით ბონსანმა მე (ტოკიმუნეს, ბ.ჩ.) მკითხა, მამაჩემი მკითხავი ხომ არ იყო. მე ვუპასუხე, რომ იგი ბრძოლის ოსტატი და მასწავლებალია, და თან მოვუბოდიშე მას და სოკაკუს ნათქვამი მის ასაკს მივაწერე. ბონსანმა პასუხად მითხრა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ასე არაფერი გამკვირვებიაო და თავის ისტორისაც მომიყვა: "... მე ბუდისტური მონასტრის წინამძღოლი უნდა გავმხდარიყავი, მონასტრის სახელს ვერ გეტყვით, რადგან ეს სასირცხვილოა ჩემთვის, მაგრამ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მართლა ქალის მიზეზით არის გამოწვეული. საიდან გაიგო მან ეს?...". ორი დღის შემდეგ ბონსანმა ჰოსოგავას სახლი დატოვა. მე დღემდე არ ვიცი როგორ დაინახა სოკაკუმ ამ კაცის წარსული, თან ვფიქრობ, რომ ალბათ არაფერი არ უნდა ეთქვა ამ კაცისათვის. მოგვიანებით გავიგე, რომ ის კაცი ძალიან მაღალი სტატუსის მქონე ბუდისტი ბერი იყო. მამაჩემს მართლაც უტყუარი ალღო ჰქონდა. იგი ადამიანს გრძნობდა ერთი შეხედვით, შეეძლო ეთქვა პიროვნების წარსული ,აწმყო და მომავალი...". მეორე ისტორია, რომელიც ნათლად გვიხატავს სოკაკუს ხასიათსა და მის მსოფლხედველობას, ასევე მისი შვილის, ტოკიმუნე ტაკედას მონათხრობია: "...მამაჩემი, ტაკედა სოკაკუ, ყოველთვის ბუდოს მიმდევარი კაცი გახლდათ. მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ეჭვიანობა. პირველი არასოდეს დააკარებდა საჭმელს პირს. არავისგან აუღია შემოთავაზებული საკვები, თავისი მოწაფეების გარდა, და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ შემთავაზებელი მისი თანდასწრებით გასინჯავდა მას. იგი მუდმივად შემართული იყო. ხანდახან მის ეჭვიანობას რთულ მდგომარეობაშიც ჩავუყენებივარ. ერთხელ მე, მამაჩემი და შუძო შიბუია, კენდოს მასწავლებელთან, სენსეი სასაბურო ტაკანოსთან ვიყავით სტუმრად. ტაკანო სენსეი უაღრესად ზრდილობიანი და წყნარი კაცი იყო და ჩუმად საუბრობდა. სოკაკუს კი ყოველთვის ძალიან ხმამაღალი ლაპარაკი ჰქონდა წესად და ამას ასე ხსნიდა: მსურს ჩემი ნათქვამი ყველასათვის ნათელი იყოსო. ჩემი აზრით, ეს სამურაებისათვის დამახასიათებელი იყო, მაღალი შეძახილით ისინი თავიანთ თავს წარადგენდნენ–ხოლმე. ტაკანო სენსეიმ მაგიდასთან დაგვსვა და ტკბილეული შემოგვთავაზა, პირველი ნაჭერი მე მომცა და როდესაც მამაჩემს ახედა იგი აღარ იყო ოთახში(!) როდესაც ტაკანომ მკითხა სად წავიდა ტაკედა სენსეიო, მე დაბნეულმა ვუთხარი, რომ ალბათ უკანა ოთახში არის გასული-მეთქი. ტაკანო სენსეი გავიდა უკანა ოთახში და დიდ ხანს აღარ დაბრუნებულა. როდესაც იგი უკან მობრუნდა, სახეზე უცნაური გამომეტყველება ჰქონდა. მან მითხრა:" მე იგი ვერც იმ ოთახშიც ვნახე. ნეტავ სად წავიდა ტაკედა სენსეიო?" რადგანაც მამაჩემი ვერ ვიპოვეთ, მე გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი. ოთახიდან გასვლისას, ტაკანო სენსეიმ მე წინ გამიშვა, იმის ნიშნად, რომ მე, მისი უფროსი მასწავლებლის შვილი ვიყავი. სახლიდან გასვლისას, ტაკედა სოკაკუ დავინახეთ. იგი გარეთ იდგა. სოკაკუმ შემოაღო ჭიშკარი და სახლში შემოვიდა. მე და მამაჩემი დავემშვიდობეთ ტაკანო სენსეის და სახლისკენ გზას გავუყევით. სახლში მამაჩემი საშინლად მეჩხუბა: " როგორ გაბედე და ტაკანოს წინ გაიარე სახლიდან გამოსვლისას? რას იზამდი, თუ იგი უკნიდან დაგესხმოდაო თავს?" - მსაყვედურობდა სოკაკუ. მე ასეთი რამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო, ვიცოდი, რომ ტაკანო სენსეი ცნობილი მასწავლებელი იყო სკოლაში, კენ-ძიუცუს ოსტატი, პატივცემული კაცი, მე კი მაშინ მხოლოდ ოცი წლისა ვიყავი. როდესაც მე სოკაკუს ვუპასუხე, შეუძლებელია ტაკანო სენსეის ასეთი რამე ჩაედინა-მეთქი (უკნიდან შეეტია ტოკიმუნესათვის, ბ.ჩ..), მამაჩემი კიდევ უფრო გაბრაზდა და მითხრა: "ხალხი მოუკლავთ იმის მერე, რაც მათ უთქვამთ, რომ ასეთი რამ შეუძლებელია, სირცხვილი შენ, რომ ტაკანოს მიეცი უფლება შენს უკან ევლო, ბუდოს მიმდევარისათვის ეს ბუნებრივია, რომ სხვას გაჰყვეს უკან. ვინმეს წინ სიარული ნიშნავს სიკვდილს(!), გესმის ეს? თუ არა, მაშინ წადი უკან ჰოკაიდოზეო (ანუ სახლში, ბ.ჩ.)". როგორც ჩანს, ძველ დროს, ისეთი შემთხვევები, რომელზეც მე გესაუბრეთ, ხშირად ხდებოდა. მაგალითად, ვინმე მიუახლოვდებოდა შენობის კუთხეს და შუბოსნის მსხვერპლი გახდებოდა. მაგრამ მე შოვას პერიოდში (1926-1989 წ.წ.) ვხოვრობდი და არასოდეს დამიშვია, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. ძალიან ძნელია, ბუდოს მიმდევარი იყო. "...ერთხელ მამაჩემის ერთ-ერთმა ბიძაშვილმა მითხრა, რომ ჩვენს საგვარეულოში არსებობდა ერთი საიდუმლო ტექნიკა: "ოჯახს აქვს კაბენუკეს (კედელში გასვლის) ტექნიკა, არ დაივიწყო ესო". მაშინ მე ვერ დავიჯერე, რომ ასეთი ტექნიკა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ როდესაც ტაკანო სენსეისთან მამაჩემი ოთახიდან გაქრა, მაშინ გამახსენდა ნათესავის სიტყვები და აზრიც შევიცვალე. მამაჩემს აღარ უთქვამს ჩემთვის თუ სად გაქრა მაშინ. ტაკანო სენსეი ჩემზე უფრო გაკვირვებული იყო. როგორც შემდგომ მივხვდი, ტაკედა ტაკანოს კაბინეტიდან გავიდა გარეთ, მაგრამ კარი არ გაუღია, რადგან ეს იყო დასავლური, მძიმე კარი, რომელიც მუდმივად დაკეტილი იყო. ჩვენ არ ვიცით როგორ გავიდა ტაკედა სოკაკუ გარეთ". საინტერესო ამბავს ჰყვება ტაკედა სოკაკუზე იაპონური ხმლის დიდოსტატი იოშიო სუგინო, რომელიც 1935 წელს აიკიდოს შემქმნელის – მორიჰეი უეშიბას მოწაფე იყო და აიკიდოს სწავლების სერტიფიკატიც ჰქონდა მიღებული უშუალოდ უეშიბასგან. სუგინო სენსეი მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა იაპონელი რეჟისორის, აკირა კუროსავას "შვიდი სამურაიდანაც", სადაც სწორედ მისი დამსახურებაა ამ საოცარი ფილმის საბრძოლო სცენების კონსულტირება და დადგმა. იოშიო სუგინო სენსეი იხსენებს: "...1942 წელს, ოსაკაში, “ასაჰი ნიუზის” მიერ გამართულ დემონსტრაციაზე ჩემს ჯერს ველოდებოდი ტატამიზე გასასვლელად. ამ დროს ტატამიზე გამოჩნდა ძალიან პატარა ტანის (150 სმ-ზე ნაკლები) მამაკაცი, რომელიც იმდენად თხელი და კაფანდარა იყო, რომ ბავშვი გეგონებოდათ, მაგრამ მისი მზერა!...იგი თავისი გამოხედვით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა, მისი თვალები უხილავი წნეხის ქვეშ ახვედრებდა ადამიანს. ეს ტაკედა სოკაკუ იყო! მოხუცი ტაკედა ტატამის ცენტრში იდგა, მისი პოზა სრულ კონცენტრაციას გამოხატავდა. ხალიჩის მეორე მხრიდან მას მკაცრად უცქერდნენ კოდოკანის ჯან-ღონით სავსე ძიუ-დოკები. მოკლე განცხადების შემდეგ ტაკედამ დემონსტრაცია დაიწყო. ერთ-ერთი ძიუ-დოკა ტატამის ცენტრისკენ დაიძრა და მარჯვენა ხელით მოულოდნელად უძლიერესი დარტყმა მიმართა ტაკედას სახისაკენ, სოკაკუმ დარტყმას მარცხენა ხელი დაახვედრა, შეუმჩნევლად გასრიალდა გვერდზე, მჭიდროდ ჩაავლო ძიუ-დოკას მარჯვენას და მოჭიდავე ელვისებური მოძრაობით მიაჭედა ტატამის. -ვინ არის შემდეგი? როგორი იყო? - დაიყვირა მან ხმამაღლა. მეორე მოჭიდავე სხარტად გამოვარდა და საშინელი დარტყმა მიმართა ტაკედას წარბისაკენ. ამ შეტევას ტაკედამ მარჯვენა ხელი დაახვედრა, კვლავ გასწია სხეული, ხელი დაუჭირა და ზურგში სუსტი ბიძგით მეორე მეტოქე პირველს დააწვინა ზემოდან. "შემდეგი! სად ხართ? მოდით!" - გაიძახოდა მგვრგვინავი ხმით. ტაკედამ დანარჩენი ძიუ-დოკებიც მსგავსად მოიგერია, სხეულის რბილი მოძრაობებით აიცილა ყველა შეტევა და მათგან სხეულთა გროვა დააყენა. მოჭიდავეები ცდილობდნენ ამდგარიყვნენ, მაგრამ ოსტატი ტაკედა ამასაც აკონტროლებდა და მათი ხელები ისე ეჭირა, რომ ტკივილისაგან ვერც ერთი მათგანი ვერ დგებოდა..." სუგინო ამავე ისტორიას აგრძელებს და წერს: "... ამის შემხედვარეს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ნაწილობრივ აღფრთოვანებისგან და ნაწილობრივ შიშისგან; მე ვხედავდი, როგორ წყნარად სრულიად ძალდაუტანებლად აბზრიალებდა მოხუცი ტაკედა თავის ახალგაზრდა, ამბიციურ და ფიზიკურად გაცილებით ძლიერ ოპონენტებს. სოკაკუს ტექნიკას არაფერი ჰქონდა საერთო ფიზიკურ ძალასთან, ეს იყო რაღაც სხვა, ძალიან მაღალი დონის ტექნიკა, იაპონური საბრძოლო ხელოვნების კვინტესენცია..." მსგავსი ისტორიები მრავლადაა საბრძოლო ხელოვნების ოსტატების ცხოვრების აღწერებში. თანამედროვე ადამიანისათვის ძნელია ასეთი ფაქტების დაჯერება, მაგრამ ასეთ ლეგენდის ელფერის მქონე ამბებს ყოველთვის ახლავს თან თვითმხილველთა კომენტარები, რომლებიც ხშირად დამაფიქრებელია. სწორედ ასეთად გვეჩვენება ტაკედა სოკაკუს შვილის, ტოკიმუნე ტაკედას მცდელობა როგორმე აეხსნა მამის უცნაური გაუჩინარება ტაკანო სენსეის სახლიდან. თანაც, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამას ჰყვება ტოკიმუნე ტაკედა, რომელიც თვითონ გახდა ტაკედა სოკაკუს სკოლის თავი, მისი სიკვდილის შემდეგ, და რომელზეც მისი მოწაფეები ჰყვებიან მსგავს დაუჯერებელ ისტორიებს. ტაკედა სოკაკუს სწავლებას 30 000-ზე მეტი ადამიანი ეზიარა, რაც მისი ე.წ. "სარეგისტრაციო წიგნებით" დასტურდება, რომლებშიც მასთან ნასწავლი ყველა ადამიანის ხელმოწერა არის შენახული. ტაკედა სოკაკუს "სარეგისტრაციო წიგნები" კიდევ ერთ პატარა "საოცრებას" წარმოადგენს და ამ ადამიანის გასაოცარ ხასიათსა და პიროვნულ სიძლიერეზე მეტყველებს: ამ წიგნებში შენახულია დაიტო-რიუს გავრცელების ისტორია, მათში მოხსენიებულია ყველა (!) ის ადამიანი, ვინც სასწავლო კურსი გაიარა ტაკედა სოკაკუსთან. გარდა უბრალო რეგისტრაციისა, აქ არის ინფორმაცია კურსის ხანგრძლივობაზე, სწავლების გადასახადზე, ყოველი ჩანაწერი შეიცავს მოწაფის სახელს, მის პერსონალურ ბეჭედს და, თანაც, შესრულებულია თვითონ მოწაფის მიერ (ტაკედა სოკაკუმ წერა ცუდად იცოდა და ყოველთვის სხვას აწერინებდა). მიუხედავად იმისა, რომ ტაკედა სოკაკუს არ ჰქონდა თავისი ოფიციალური დარბაზი-დოჯო, მას ძალიან ბევრი მოწაფე ჰყავდა, რომელთაც თავ-თავიანთი მოწაფეები გაიჩინეს და თავიანთი ხელოვნებით დაიტო-რიუს სკოლა გაამდიდრეს. უნდა ითქვას, რომ ტაკედას სწავლება სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო და თითოეულ მოწაფესთან მას განსაკუთრებული მიდგომა ჰქონდა. ამას აღნიშნავენ კოდო ჰორიკავა (1894-1980), ტაკუმა ჰისა (1895-1979) და დაიტო-რიუს "მენკიო-კაიდენის" (სკოლის თავკაცის მიერ გაცემული ოფიციალური სერტიფიკატი, ოსტატობის უმაღლესი რანგის დადასტურება დაიტო-რიუში, ბ.ჩ.) სხვა მფლობელები და დიდოსტატები. ტაკედას სწავლების ამ თავისებურებას აღნიშნავს დაიტო-რიუს დიდოსტატი იოკიუში საგავა (1902-1998), რომელიც კო-დაის (ძველი სტილის) ერთ-ერთი ბოლო მასწავლებელი იყო და რომელმაც XX საუკუნის ბოლომდე შეინარჩუნა ტაკედა სოკაკუს ხელოვნება. სხვადასხვა დროს ტაკედა სოკაკუს მოწაფეები იყვნენ ისეთი ცნობილი იაპონელები როგორებიც არიან იაპონიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, გომბეი იამამოტო, ადმირალი ისამუ ტაკეშიტა, ვიცე ადმირალი სეიკიო ასანო, საიმპერატორო საბრძოლო სკოლის მთავარი შოჰაჩირო ნოგუჩი, ჰოკუშინ იტტო-რიუს ოსტატი ჰიდეტარო შიმოე, აიკიდოს სკოლის დამფუძნებელი მორიჰეი უეშიბა, და სხვა მრავალი, ვინც პატივს სცემდა სოკაკუს ხელოვნებას და მას მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ეხმარებოდა. ტაკედა სოკაკუმ ცხოვრება მთლიანად დაიტო-რიუსა და ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნების სწავლებას, გავრცელებასა და განვითარებას მიუძღვნა, თანამედროვე იაპონიაში მისი სახელი სულ უფრო ფასდება და ისეთ დიდ მასწავლებლებთან ერთად მოიხსენიება, როგორებიც არიან ძიგორო კანო (ძიუდოს სკოლის დამაარსებელი), გიშინ ფუნაკოში (თანამედროვე კარატეს სკოლის დამაარსებელი) და მორიჰეი უეშიბა (თანამედროვე აიკიდოს სკოლის დამაარსებელი). მსურს სოკაკუ ტაკედაზე თხრობა მიქელანჯელოს ფრაზით დავამთავრო: "...თქვენ რომ იცოდეთ რამდენი ხანი დამჭირდა დახელოვნებისათვის, მაშინ ჩემი ხელოვნება ასეთი შთამბეჭდავი აღარ გამოჩნდება."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ყოჩაღ, ყოჩაღ :) :) ყოჩაღ, ყოჩაღ :) :)
3. საინტერესოა ერთობ. გამოგდით მომაწონოთ ქვეყანა, რომლის თაყვანისმცემელთა რიგში არასდროს ვმდგარვარ. საინტერესოა ერთობ. გამოგდით მომაწონოთ ქვეყანა, რომლის თაყვანისმცემელთა რიგში არასდროს ვმდგარვარ.
2. "სოკაკუ ტაკედაზე"- საინტერესო სახელია "სოკაკუ ტაკედაზე"- საინტერესო სახელია
1. ბევრჯერ ჩამოსულო, იმედია ამ ციკლს გააგრძელებ, საინტერესო რამ გამოგდის ფრიად. ბევრჯერ ჩამოსულო, იმედია ამ ციკლს გააგრძელებ, საინტერესო რამ გამოგდის ფრიად.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|