ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2009


ჩვენი სახლი

ფარდის სულ ნელი ფრიალით დამხვდი,
ჩვენი სახლი....
მზის უცნაური შემოცურება.
ფაიფურის თეთრი თოჯინის ალმაცერი დუმილი
და... მინის ოდნავი აცახცახება,
არეკლილი ჩემი  ჩუმი ღიმილ-ღიმილით...
ნაბიჯი.... ჭრელი, ფრთხილი ჭრიალი,
დაღლილი, ფიცრის გადანაღები იატაკის....
და ძველი სარკე  ცხელი ვნებით ჩამომლღვალი,
არამოდური გახუნებული კედლით
და მაგიდაზე ჩემი ტუჩის ლითონისფრად გამობუტული ერთი ამბორით....
დიაგონალი..... წრეზე ტრიალი....
ცენტრში ვენერას შიშველი ფიქრი და
მარმარილოს მოულოდნელი სვეტი საწოლთან....

ჩვენი სახლი....
ნამლღვალ სარკეში
ვაზის ქალური მოძრაობა
შენი ნაპოვნი....  ნაფერალი ...
გაცოცხლებული ნაკვთი ყლორტისა...
აქ ჩემ სხეულად... 
მადისაღმძვრელი ცხელი სურნელი....
ფარშევანგის გრძელი ბოლო და
დიდი ბოთლი, შაბიამნისფრად დაბოლილი,
თაბაშირის წითელი თვალი, ნაჩუქარი --
,,მტაცებელი’’ წითელყელსახვევმოხვეული, დიდი ტილოდან....
პალმის ნაფშეკი თითის პოტინი,
მზე მოლოდინით....მწვანე ბოციდან...

ჩვენი სახლი....
ვის უხმობს ზარი....ძველ  უზანგზე შენი შებმული?
და რაინდი, შუბშემართული, ეტლს ერეკება....
ვერცხლისფერი  დიდი ცილინდრის გვერძე
დახრილი მოძრაობა,  მის ქვეშ კი ლურსმნითტვინგახვრეტილი
დრო- უძიროდ გადაგდებული ძველი ქვაბივით....
მინის ლურჯ კუბში არეკლილი ლურჯი ლითონის ხვეული ჭიპი
და  ქვის ბურთი სხვა რკინის კუბში დამწყვდეული...
თან ისევ  ლურჯში....ფუნჯი...  ფუნჯი და ისევ ფუნჯი.....
ქვების წყებანი, ყველა ფორმის, მზეზე ნაფიცხი,
სავარძელი ამწვანებულ- განახუნარი....

ჩვენი სახლი....
დიდი შავი პიანინო-საძინებლის უცხო სტუმარი,
ჩილიმით და პატარა სკივრით.... წიგნებნაწყობი,
თან ნაჩვევი მწვანე შუქი, უკუნეთს სულ ვერ ნაგუები....
და ღვთისშობლის ახალი ხატი, ოქროცურვილი...
საყვირით და ძველი გიტარით, ღრუბელნახატით,
ხის კარადის დაღლილი გვერდი.....

ჩვენი სახლი.....
... შინდისფერი გრძელი საფარით ხის ძველ ტახტი
და ბროლის ცივი პატარა მსხალი - ჭერშია ჭაღი...
დიდი ბებოს ნამზითვი ლამპით კარადის თავზე....
და ფანჯრის რაფას  შეფარებული იდალგოს რაში....   
ფოტოები დროშეუცვლელი მარადისობით
შერჩენილი ღიმილებით პატარაობის,
ავთო  ვარაზის  კაცის პორტრეტით....
ჩარჩოშია ლენინგრადში ოცი წლის წინათ
ერთნასუნთქად ჩახატული ჩემი ღიმილი
და სევდა რაღაც დაუვიწყარი  ....
ვიტრინიდან კვლავ ფაიფურის თეთრი თოჯინა,
და თეთრი ვარდი, მოვარდისფროდ დაფერილი,
ჩემი გოგონას ზეთის ფუნჯიდან....

ჩვენი სახლი....
და ნეტავ,  რა ვთქვი........
ვერაფერი!... მხოლოდ  სულ ოდნავ...რაღაცას მიხვდი?....
და ყველაფერი სიტყვახარჯულ უსიტყვობად წანალეკი,
ფერუმარილით ვერდაფერილი, ნაფერები, ჩემხელნახები....
ეს ჩვენი  სახლი.....                                                         
                                                                                        31.07. 09 წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები