ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2008


მზერაშევერცხლილი

მზერაშევერცხლილი
გავყურებ დუმილის ნაკვალევს,
ვითვლი სიმარტოვის საათებს,_
ისრებდამტვრეულებს,
ჩემი უცნაური კაეშნით ლოდინიც დავღალე,
ვაჩვევ გაუხედნავ სტრიქონებს ფერშეჭმულ რვეულებს.

ვამსვხვრევ
მოყირჭებულ იდეებს უტვინო კედლებზე,
ვედრებით ალჩამქრალ ბაგეებს ბგერები ბეზრდებათ,
ვგრძნობ,
კონკიას ზღაპრის მოყოლას ბოლომდე ვერ შევძლებ,
გულდაფეხშიშველი დამტოვებს მე ბედნიერება.

მზერაშევერცხლილი
თვალებით დავეძებ დასასრულს,
ქარი არაერთხელ დანაყრდა წამწამთა სისველით,
ჩემი შემოდგომის გამოზურმუხტება არ ძალუძს
გაზაფხულს...
და უკვე, მგონია, ვეღარც შენ მიშველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები