ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2009


თავი 38. ჯაბას ქორწილი ("გაცვლა")

კიდევ ერთი თვე მიინავლა.

24 ივნისს თეონას სადიპლომო ნაშრომის დაცვა ჰქონდა.
ბრწყინვალედ დაიცვა. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ მაშინვე შესთავაზა, - ასპირანტურაში ჩემთან წამოდიო.
- შენთვის თემაც კი მაქვს შერჩეული... ამ თემის შეკვეთა საფრანგეთიდან მოდის და, წარმატებული კვლევის შემთხვევაში, შეიძლება მთელი წლით გაგაგზავნოთ საფრანგეთში!
- საფრანგეთში?... ვიფიქრებ, ბატონო ნიკოლოზ!...

გახარებული მივიდა სახლში.

იმავე საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულმა გიზომ ამბავი მოიტანა:
- თიკი, სანდრომ მარიკა გაათხოვა... შაბათს ქორწილში ვართ დაპატიჟებულნი... სამნი, - მე, შენ და ერთ-ერთი გოგონებიდან...
- ჩურ, ქორწილში მე მივდივარ... – იყვირა თეონამ.
- შეეენ? – გაუკვირდა ნინუცას.
- ხო, რა იყო?
- არაფერი, რაც იქიდან დაბრუნდი, “ზაოტ-კრაოტის” გარდა აღარაფერი იცი... ან სახლში ხარ და ან მაღლივში. ოღონდ შენ გადი სადმე და... როგორ ამოვიღებ ხმას?
- მამაა, ვის მიყვება მარიკა?
- კი არ ვიცი, თეონა? სადღაც ისანში მუშაობს, რომელიღაც ფაბრიკის კომკავშირის მდივანია! – გიზომ ნარდი აიღო და ეზოში ჩავიდა.

“ისანში...  რომელიღაც ფაბრიკის...  კომკავშირის მდივანი...” – ცუდად გაჰკრა გულზე თეონას ამ ინფორმაციამ... ინტუიციით მიხვდა, რაღაც ცუდს უმზადებდა ბედისწერა...

- დედააა, დეეე! – გასძახა თეონამ სამზარეულოში გასულ დედას, - დარეკე, რა, დეიდა აზასთან? ჰკითხე, ვის მიყვება მარიკა...
- რაში გაინტერესებს?
- რატომღაც, ჯაბა მგონია, დედა...
- რა სისულელეა?!
- დეე, ჯაბა ისანში მუშაობს და ერთ-ერთი ფაბრიკის კომკავშირის მდივანია...
- მამაშენს არ უთქვამს სასიძოს სახელი და გვარი და შენ რატომ გგონია ჯაბა?! ახლა არ მცალია... მერე დავრეკავ!
- ახლა დარეკავ! – თეონას ხმის ვერცხლის ზანზალაკებმა მყისიერად დაიმორჩილეს თინა.

თინამ აზას ნომერი აკრიფა.
- აზა, თინა ვარ!... ვიცი, ჩემო კარგო, გიზომ მითხრა... ვინაა სიძე?...  უი, კიიიი, როგორ არა?! – თინამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი, გამშრალი ტუჩები ენით გაისველა, - კი, აზა, ჩვენი სტუდენტი იყო.... ძალიან კარგი ბიჭია... გილოცავ და... დროებით!...

თინამ ყურმილი დაკიდა და თეონას მიაჩერდა.
- ჯაბაა?!
- ხო... - თინამ ოდნავშესამჩნევად დაუქნია თავი.
- აააააააააააა! – ერთი კი იკივლა თეონამ და... მოცელილი ბალახივით, გულწასული ჩაიკეცა იატაკზე.
- ნინუცა, მიშველე, თეონა ცუდად არის... – იყვირა თინამ და თეონას ყურების ზელა დაუწყო.
- რა მოუვიდა? სახე დაარტყა იატაკს? – შეშინებულმა იკითხა ნინუცამ, როცა დაინახა, როგორ თვალდათვალ იფარებოდა თეონას თვალების გარშემო არე და ყვრიმალები მოლურჯო-ალუბლისფერი ლაქებით. შემდეგ ეს ლაქები გაერთიანდა და.... 

მოკლედ, თეონა მაგარ ნაცემს დაემსგავსა, რომელსაც ორივე თვალზე “ფანარი” ენთო. გონზე კი – ვერაფრით მოიყვანეს.
“სასწრაფო” გამოიძახეს, გიზო ეზოდან ამოიყვანეს, ბებიას, თეონას შემხედვარეს რომ გული მისდიოდა, წამალი დაალევინეს...
- ძალზე საინტერესო შემთხვევაა... თეორიულად ვიცოდი, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ აი, პრაქტიკაში ნამდვილად არ შემხვედრია! – თქვა სასწრაფოს ექიმმა, როცა თეონას რაღაც ინექცია გაუკეთეს და გონზე მოიყვანეს.
- რა სჭირს ჩემს დას?
- ძლიერი სტრესის შედეგად კაპილარები დაუწყდა და ტვინში სისხლის ჩაქცევის ნაცვლად, თვალებთან ჩაექცა სისხლი...
- და თქვენ რა იცით, რომ ტვინშიც არ ჩაექცა? რენტგენი გაქვთ თვალებში? – შიში შეეპარა ხმაში ნინუცას, მოდით, რა, თქვენივე მანქანით გადავიყვანოთ საავადმყოფოში?
- კი ბატონო...

“სასწრაფოს” ექიმის მიერ დასმული დიაგნოზი – ზუსტი აღმოჩნდა.
თეონა 2 დღით საავადმყოფოში დატოვეს.

- არავითარი ემოციური დატვირთვა, არც სასიხარულო, არც სანერვიულო, არავითარი გადაღლა, არავითარი თავყრილობები... ბევრ ხალხს ერიდოს... დასასვენებლად არანაირი მზე და პლაჟი... არც მაღალმთიანი რეგიონები... მხოლოდ მშვიდი გარემო, - უთხრა ექიმმა თინას. თეონაც იქვე იდგა.
- გამოსვენება როდის არის, ბ-ნო გივი?
- ვისი გამოსვენება?
- ჩემი... თქვენ ახლა სასიკვდილო განაჩენი კი არ გამომიტანეთ, პირდაპირ თქვით “თეონა მოკვდაო” და... მე ხომ ლენინი არ ვარ, მიწის ზევით რომ დამტოვონ? ჰოდა მაინტერესებს, გამოსვენება როდის არის-მეთქი...
- უუფ, გამაცინე, კაი გოგო ხარ... მიხარია, იუმორის გრძნობა რომ არ დაგიკარგავს...  – გულიანად გაეცინა ექიმს...
- იუმორის გრძნობა – არა, მე მხოლოდ გონება დავკარგე... და კიდევ - სიცოცხლის უფლება! – ცრემლებით აევსო თვალები...
- არა, თეონა... ეს სისხლჩაქცევები 2-3 კვირაში გადაგივლის. შენ არც სიცოცხლის უფლება დაგიკარგავს და გონებაც, дай, Бог, каждому, ისეთი გაქვს! მე ხომ სამუდამოდ არ ვამბობ? ნუთუ 2 თვეს ვერ მოითმენ? 2 თვით ვერ შეიცვლი ცხოვრების ნირს?
- 2 თვე – შეიძლება... 25 წელზე ნაკლებია, - თქვა თეონამ ვერცხლის ზანზალაკებიანი ხმით.
- ღმერთო ჩემო, როგორ შეგეცვალა თვალის ფერი?! და ხმაც... ასე, ჩემს თვალწინ რომ არ მომხდარიყო ეს, ვერც დავიჯერებდი. იქნებ ვერც მეცანი! – ექიმი გაოცებული შეჰყურებდა თეონაში მომხდარ ცვლილებებს.
- კარგად ბრანდებოდეთ, ბ-ნო გივი... – დაემშვიდობა თინა ექიმს და კაბინეტიდან გამოვიდა.
- ბ-ნო გივი, ასპირანტურაში ვაპირებდი ჩაბარებას და... შეიძლება? – თეონამ თავისი საკუთარი თვალის ფერი შეანათა ექიმს.
- საოცარია! თვალი-ქამელეონი... – გივიმ ნიკაპზე მოჰკიდა ხელი და თავი ააწევინა თეონას, - ნეტა ბიჭი მყავდეს, რძლად წაგიყვანდი... (ძალიან ლამაზი ხარ, თეონა!)
- თქვენს ასაკში ჩემი სარგო ბიჭი მაინც არ გეყოლებოდათ, ბ-ნო გივი... და, საერთოდ, კარგია, რომ ბიჭი არ გყავთ! ჩემს გვერდით მაინც არ იქნებოდა ბედნიერი.
- ნუ ამბობ ამას! შენს გვერდით ყველა ბედნიერი იქნება! (წელიწადი მაინც იყოს გასული ჩემი ცოლის გარდაცვალებიდან და მე ვიცი, ბედნიერი ვიქნებოდი თუ არა!)
- აბა ის ვთქვა, რაც თავად გაიფიქრეთ ამჟამად? – გაეცინა თეონას.
- რა გავიფიქრე? – შიში ჩაუდგა თვალებში გივის...
- მე გითხრათ? ჩემზე უკეთ არ იცით, რაც გაიფიქრეთ? ნუ გეშინიათ, არავის ვეტყვი! – თვალი ჩაუკრა თეონამ და კაბინეტიდან გავიდა.
- დაიცა, თეონა! – გივი ფეხდაფეხ გამოჰყვა უკან, - მოდი, შევთანხმდეთ: შენ ყოველი კვირის ბოლოს რეკავ ჩემთან და მეუბნები, რა მდგომარეობა გაქვს... ყოველი თვის ბოლოს მოდიხარ, რომ კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ, წესრიგშია თუ არა სისხლძარღვები...
- აბა "2-3 კვირაში გადაგივლისო"?
- გადაგივლის სისხლჩაქცევები... მაგრამ მე მინდა ამ სისხლჩაქცევების მიზეზიც აღმოვფხვრათ და არა მხოლოდ შედეგი.
- ამის მიზეზს – თქვენ ვერ აღმოფხვრით, ბ-ნო გივი...
- ვცადოთ, თეონა! (შანსი მომეცი! და თუ მართლა კითხულობ ჩემს აზრებს, დამთანხმდი!)
- კარგი, ბ-ნო გივი! გაძლევთ შანსს! გამოავლინეთ თქვენი პროფესიონალიზმი ავადმყოფობასთან ბრძოლაში! – თავისთვისვე მოულოდნელად, თეონა გივისთან მივიდა, ხელი ჩამოართვა, შემდეგ თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა, - მე ყოველი თვის ბოლოს კი არა, ყოველ 2 კვირაში ერთხელ მოვალ თქვენთან! აწარმოეთ დაკვირვება ჩემზე, ვითომ საცდელი ბაჭია ვარ, ისე!
- კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო გივი... კიდევ ერთხელ, გმადლობთ! – თინამაც ჩამოართვა ხელი და ცოტა გაკვირვებულმა დატოვა საავადმყოფოს დერეფანი, - ვერ გაიგო, რატომ აღელდა ასე ექიმი!


ვიდრე თეონა საავადმყოფოში იწვა, გიზოს ბიცოლა გარდაეცვალა.
სანდროსთან დარეკა გიზომ და მოუბოდიშა, - “ბიცოლას დაკრძალვაზე რაიონში მივდივარ და ქორწილში ვერ მოვალო”...

გავიდა კიდევ 2 დღე...
ხვალ ჯაბას ქორწილია.


* * *
დილიდან წრიალებდა თეონა. ადგილს ვერ პოულობდა.

“გივიმ მითხრა, არ ინერვიულოო და... როგორ არ ვინერვიულო? ნეტა სრულ ჭკუაზე დავრჩებოდე, ნერვიულობას ვინ ჩივის? ჯაბა, ჯაბა... როდის მოასწარი მარიკას გაცნობა?! დავიჯერო, ასე უცებ შეგიყვარდა, რომ... თუმცა შეყვარებას რა დიდი დრო სჭირდება?”

თეონა ბალიშებში ჩაემხო.
გულში დამწყვდეულ ცრემლებს თავისუფლება მისცა და ისინიც, დიდი ხნის პატიმრებივით, უცებ მოაწყდნენ ზღვისფერი ციხის კარებს, გამოსასვლელიც სწრაფად იპოვეს... ან კი სად იყვნენ ამდენნი...
ბალიში დასველდა თეონას ფიქრებითა და სევდით!

“დათოსთან წავალ!
დავბრუნდები, მაგის დედაც ვატირე!
დათოს ვუყვარვარ-მაინც...  ან ვუყვარდი-მაინც...
ეეეჰ, ან დათოს რაში სჭირდები, თეონა?
არც არაფერში! ერთხელ არ დაურეკავს, რაც იქიდან წამოვედი! ნინუცამ მითხრა ერთადერთხელ, - "დაგირეკა, სახლში არ იყავიო"... ხო, მე აღარ დავრეკე!... და რა უნდა მეთქვა, რომ დამერეკა კიდეც?
არა, მართლა მივალ დათოსთან... ბოლოს და ბოლოს, განქორწინება მაინც არ ავიღო? აბა, როდემდე ვიყო ასე, “გათხოვილი, ქალიშვილი, უქმრო ქალი”?
ვაი, შე უბედურო! მთელი თვე იყავი გათხოვილი და...
ან იქნებ – ბედნიერო?... რა ყრია, ერთი, ამ გათხოვებაში? არც არაფერი!
წავალ დათოსთან და... მერე რას ვიზამ?... მერე?... მერე....
"მერე" – მერე გამოჩნდება, რა უნდა ვქნა!”

ფეხზე წამოხტა და თავისი საყვარელი სარაფანი გადაიცვა.
- ბეე, მივდივარ... – გასძახა თეონამ.
- სად მიდიხარ, ბებიკო?
- დათოსთან, ბეე...
- იქ რა გინდა, თეონა?
- აბა სახლში რაღა მინდა? რა ვაკეთო აქ?
- ამდენ ხანს აღარ გაგხსენებია დათო და... ამ თვალებით რატომ უნდა ეჩვენო?...
- თვალები?... ჰო, მართალი ხარ... ასეთი ჩასისხლიანებული თვალებით რატომ უნდა ვეჩვენო ვინმეს?! – ისევ ცრემლებმა გამოჟონა თვალებიდან...

ტელეფონის ზარი გაისმა.
- ალოო.. – ჩასძახა თეონამ.
- გამარჯობა, ლამაზო გოგო... აბა, როგორ გაქვს თვალები? არ გაიწოვა ცოტა?
- ბატონო გივი, თქვენ ხართ? - ხმაზე იცნო მკურნალი ექიმი.
- მე ვარ, თეონა... შეგიძლია მოხვიდე? გუშინ ახალი ენცეფალოგრაფი დაგვიმონტაჟეს... გადაგიღებდი... (ღმერთო, ოღონდ უარი არ მითხრას!...ოღონდ უარი არ მითხრას!...)
- მოვდივარ, ბატონო გივი.... 15-20 წუთში მანდ ვიქნები!

ტაქსით წავიდა, რომ სწრაფად მისულიყო.
სწრაფად ავიდა მესამე სართულზეც.
გივი კაბინეტის ფანჯარასთან იდგა, ყვავილებს უსხამდა წყალს.

- ბ-ნო გივი, ამ დროს რომ ყვავილების მორწყვა არ შეიძლება? ცხელა ახლა და ფესვები მოეხარშება!
- მოხვედი, თეონა? – გივი თეონასთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და... მკერდზე მიიხუტა.
- ბ-ნო გივი... – გაოცებულმა ახედა თეონამ, - თქვენ ყველა თქვენს პაციენტს ასე ხვდებით?
- ყველას – არა... მხოლოდ გამორჩეულებს! – გივიმ თეონას თმაში ჩამალა სახე და ყიფლიბანდთან აკოცა. კიდევ უფრო ძლიერად შემოაჭდო ხელები.
- ჩემთვის ენცეფალოგრამა უნდა გადაგეღოთ, თუ არ ვცდები... ამისთვის დამიბარეთ! – ხმა გაუმკაცრდა თეონას, თუმცა კი გივის ხელებიდან ვერ გაითავისუფლა სხეული.
- ჩემი ბრალი არ არის, თეონა! ვეღარაფერზე ვფიქრობ შენს გარდა!
- მე 20 წლის ვარ, ბ-ნო გივი... თქვენ?
- 34-ის... არც ისეთი დიდი ვარ, როგორც ვჩანვარ...
- 14 წელი – ცოტა გგონიათ? ან მე არ მეკითხებით, მინდა თუ არა ასეთი ურთიერთობა? ხელი გამიშვით!
- კი, გეკითხები... როგორ ურთიერთობას გულისხმობდი? გგონია სამსახურში დაგიბარებ-ხოლმე, გასართობად? - გივიმ ხელები შემოხსნა თეონას და საფეთქლებზე მიიჭირა.
- არ ვიცი...
- თეონა, გამომყვები ცოლად?
- აუუუ, მე მგონი, ყველა კაცი ერთნაირად უბერავს!... რა იცით ჩემს შესახებ, ბ-ნო გივი? იქნებ გათხოვილი ვარ?... ან იქნებ სხვა მიყვარს?...
- არ ხარ გათხოვილი... შეიძლება სხვა გიყვარს, მაგრამ გათხოვილი არ ხარ! - საკუთარ თავს უფრო შეუძახა ახლა გივიმ, ვიდრე თეონას.
- გათხოვილი ვარ, ბ-ნო გივი!...  რაოდენ უცნაურადაც გინდა მოგეჩვენოთ! ამ წუთას ბეჭედიც კი მიკეთია! – თეონამ მარჯვენა ხელის მტევანი გაშალა და არათითზე წამოცმულმა რგოლმა ოქროსფრად გაიბრწყინა.
- ეს სიგიჟეა... აქ რომ იყავი, შენ არ გეკეთა ბეჭედი... – ჩაიბურტყუნა აშკარად დაბნეულმა გივიმ.
- მართალი ბრძანდებით, სახლში ვერ ვიტან, ოქრო რომ მიკეთია და ყოველთვის ყველა სამკაულს ვიხსნი. და ვინაიდან აქ სახლიდან მომიყვანეს, გზაში გასაკეთებლად აღარ გავიკეთე ბეჭედ-საყურეები... მიღებთ ენცეფალოგრამას თუ წავიდე?
- გიღებ! გიღებ, აბა რაა?! – ღრუბლებში მფრენი, უეცრად პირდაპირ მიწაზე დაენარცხა გივი.

გივიმ თეონა ლაბორატორიაში გაიყვანა და ლაბორანტს გადააბარა.
ცოტა ხანში – გივი ენცეფალოგრამას კითხულობდა.
- პირობა ძალაში რჩება, თეონა... მე ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყო, რა ხდება შენს თავში...
- ეეეჰ, ჩემს თავში ახლა ისეთი ქაოსია!... – თავი დაღუნა თეონამ. ისევ მოადგნენ ცრემლები თვალებს... უეცრად თეონამ თავი ასწია და... – ბ-ნო გივი, არ გინდათ კაფეში დამპატიჟოთ?
- თეონა, ნუ მეთამაშები...
- არ გეთამაშებით, მართლა ვამბობ...
- მაშინ “გივი-თქო”, მითხარი...
- გივი... წავიდეთ კაფეში?
- რესტორანზე რას იტყვი თეონა?
- და მერე?
- მერე? მერე – შენ თავად გადაწყვიტე! მე ლოდინიც შემიძლია!
- წავიდეთ... გავგიჟდები, ახლა რომ სადმე არ წავიდე! ფუნიკულიორზე ავიდეთ! არ მინდა რესტორანი! ამ თვალებით რა მერესტორნება?
- ულამაზესი თვალები გაქვს, თეონა!

მალე თეონა გივის მანქანაში იჯდა.
- თეონა, შეგიძლია მითხრა, რა მოხდა ასე სწრაფად? რატომ შემომთავაზე გასეირნება?
- არ დაგიმალავთ, - დღეს იმ ადამიანის ქორწილია, ვინც სიგიჟემდე მიყვარს, ვისაც სიგიჟემდე ვუყვარდი და... მაინც სხვა მოყავს!
- აი, თურმე რა!... დამშვიდდი... არანაირი ემოციები, თეონა, არც ცუდი და არც კარგი!.. მე კი... მე დაგელოდები!...
- გმადლობ, გივი!...

გივის მანქანა ფუნიკულიორისკენ მიქროდა.

(გაგრძელებაც მალე იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები