ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
7 აგვისტო, 2009


მარგარიტას ალბომი (რომანი)

                                                        ,,ფიქრთ გასართველად.....'' საღამოს ძილის წინ საკითხავად.... 
    1. სონეტი

სონეტი ვწერე.... ფიქრად გავწელე,
გადავაფერე სიზმარს...
სონეტი ძველი თუმც გადავწერე...
ვეღარ მოგართვი... მტირალს!

ისევ მარტული ავტეხე ვნება,
აპრილს ბრალად აქვს ხიბლი,
ისევ სონეტად დამესიზმრება
მაისნატრული ღიმი.

არა, არ მტკივა ძველი სევდების
ატბმისყვავილთა ცვენა,
და უშენოდაც ვფერავ... 

არა, აღარ მაქვს ის ძველი ჩვევა,
შენთვის და შენთან...... 
ვწერ წერტილს  და სონეტი მრჩება.

P.S. სონეტის ავტორი უცნობია. 1909 წლის აპრილითაა დათარიღებული და მწვანე მელნით, გაკრული ხელითაა ჩაწერილი მარგარიტას ალბომში......    (პატარა მარგარიტას მინაწერი...)                                                               

                2.  მინაწერები  ღია ბარათებზე

ჩემს აივანზე ვიდექი და ქუჩას დავცქეროდი. 
შორიდანვე დაგინახე...... 
მწვანე დიდფარფლებიანი სამზეოთი და  ღია-ღია სალათისფერი კაბით....
ტროტუარს მსუბუქად მოუყვებოდი...
წამწამთა ჩრდილში ორი უძირო მწვანე ტბა ისვენებდა..... 

უცებ ვიოლინოს ხმა გავიგონე...
იასამნისფრად მღეროდა და ვიგრძენი...
აშკარად ვიგრძენი...როგორ მიხმობდა... დიახ, არ შემშლია...
მე მიხმობდა.... მხოლოდ მე.....

ჩემი აივნის ქვეშ რომ შეჩერდი, შევკრთი და ინსტიქტურად  ფარდებს ამოვეფარე...
ნუთუ შენ ჩემი ძახილი გაიგონე?!.... არა, არა! ეს შეუძლებელია...
უბრალოდ ნაცნობი შენიშნე და ამიტომ შეყოვნდი....

მელოდია უეცრად შეწყდა.... გული გაჩერდა.
იასამნისფერი  ჩემი მზე,  თითქოს გამინაწყენდაო: ჯერ გაწითლდა... მერე გაყვითლდა და... ბოლოს სულმთლად გაუფერულდა...
ჰაერში უცნაური აბლაბუდები აიბლანდნენ... ქუჩა დაფერდდა და .... 

ფარდას ვერ ვცილდები... ვერ ვბედავ აივანზე გამოსვლას..ვაი თუ... არა, ისევ იქ დგახარ...
მერე ნელი ნაბიჯით წახვედი, ისე მძიმედ მცილდებოდი...
დავუკრა? არა! ვეღარ გავბედავ... რომ ვერ შეგაჩერო?... დე, იყოს ლამაზი ილუზია...
იყოს ჩემი ჩვენება მხოლოდ, თითქოს იასამნისფერი მზე დაგვნათოდა.... და მერე უშენობით უნდობრად გაწითლებული... გაუფერულდა.... 
                                                                                                                                                                                    1 აპრილი 1909 წელი.     

P.S.
აქ ღია ბარათებიანი გვერდები უცებ წყდება.... (ამონახევი ფურცლები ჩანს მხოლოდ)
............და ჩნდება: .......................
გაყვითლებულ სიფრიფანა ფურცელზე მჭვირვალე კალკის ქაღალდი დაუკრავთ ცალი კუთხით, ალბათ, ნახატის დასაცავად...
გადასწევ და შენს თვალ წინ წარმოდგება უმშვენიერესი ნახატი, დიდი  მ წ ვ ა ნ ე  ვ ა რ დ ი......
მწვანე მელნით შესრულებული....
და იქვე  ირიბი ხელით მიწერილი ორი პატარა ექსპრომტი: (ხელზე ეტყობა, რომ ერთისაა.. ალბათ,მარგარიტასი)
                                                                                                                                              3 აპრილი 1990 წელი. (პატარა მარგარირას მინაწერი.)
                                                                                                                 
      3. ორი ექსპრომტი
                 
          მარგარიტას

მაინც მიდიხარ  უჩემოდ ცაზე
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
მაინც ლამაზი იყო ღამე
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
ზურმუხტის ფერთა ნამზევებ თვალებს
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
არ დაგიბრუნებ ნაფერებ  წამებს
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
სიტყვებს ნაწამებს მოგწერ  და ასე
მ ა რ გ ა რ ი ტ ა...
არც აქ დაგტოვებ, არც მიგატოვებ
მ ა რ გ ა რ ტ ა...
და შენ გაჰყვები... გზებს ნამთვარებს
ო,  მ ა რ გ ა რ ი ტ ა....
                                                            22 აპრილი 1909 წელი
 
    მარგარიტასაგან

ისეთი მშვენიერი მაჩუქე ღამე....და ახლა,
როცა ვიოლინო კვნესის სადღაც... და ალბათ,
ისევ მომაგონებს შენს თავს, თან  ვკარგავ
ნაჩვევ მოსვენებას,  თუ ნატანჯს და.... მართლა
იყავი თუ არა ჩემი?... იქ,  სადღაც
ვიოლინო კვნესის საწყლად ...ხარ სხვასთან?....
ისეთი მშვენიერი მაჩუქე ღამე.... და ახლა....
                                                                          23 აპრილი 1909 წელი

            4. მარგარიტას  დღიური
4 აპრილი, 1914 წელი, ბენეფისის შემდეგ....
მწვანე შუქის თამაშით.... და ეს მთვარე რას გადამეკიდა,ნეტა... ვიოლინოს ხმის გაგონება აღარ შემიძლია და ეს ვარდიც!.... ყველაფერს წავშლი ... არა! აღარ მოგიგონებ..... და ეს დღიურიც რას გადამეკიდა.... ვწერ და ......ვხევ.... წერილებად გამოგიგზავნე, შენ კი... შენ ჩემს ბენეფისზედაც არ მოხვედი...არა და ხომ იცოდი, რომ ის ცეკვა მხოლოდ შენთვის იყო... ის სალათისფერი პუანტები და ფრიალა კაბაც შენთვის ვიყიდე.......
გუშინ, ჩვენი გოგონას, ანას დაბადების დღე იყო.....რა ლამაზია, ანამ შენს სურათზე მკითხა, ვინ არისო...და მე კი, მე უსინდისოდ მოვატყუე......
აღარ მოგწერ არაფერს!.... გესმის, არა! და ამასაც დავხევ.....

P.S.                                                                                                     
...................................................................................ეს ფურცელი ძველი კომოდის  უჯრაში ვიპოვე ... დასრესილი.....ვიღაცას საგულდაგულოდ  გაესწორებინა და ისე ჩაედო მარგარიტას რაღაც ქვითრებსა და სხვა საქმიან ქაღალდებს შორის... ნეტავი, რატომ არ დახია, ხომ ასე წერდა?
                                                                                                                                                    3 აპრილი. 1990 წელი. (ანა ბებოს მინაწერი)


          5.  ავტობიოგრაფია, დაწერილი ანა ფრნსუაზა დე ლამორეს მიერ 1933 წელს, პარიზის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში წარსადგენად:

დავიბადე 1910 წლის  3 აპრილს. პარიზის მახლობლად პატარა მამულში, რომელიც დედაჩემის ბაბუას მარკიზ დე ლამორეს ეკუთვნოდა.    დედაჩემი, მარგარიტა, ამ მარკიზთა უძველესი გვარის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მაგრამ მაღალი საზოგადოება მოიწყინა, ოჯახის შერჩეული საქმრო მიატოვა და პარიზში გაიპარა, სადაც მსახიობობა დაიწყო. მოცეკვავე გახდა.
  მამა არ ვიცი, ვინ არის, მგონი, მხატვარი თუ მუსიკოსი.  დიდხანს მამა დედაჩემის ბავშვობის მეგობარი გრაფ ოვგუსტ დე  ფობიენ მეგონა ....რადგან ის ერთადერთი მამაკაცი იყო ჩემს ბავშვობაში, ვისთან ერთადაც დედა სასეირნოდ მიშვებდა და ვინც ჩემი პატარა გულის დაპყრობა შეძლო...მერე კი მივხვდი, რომ ის დედაჩემზე უიმედოდ შეყვარებული, მაგრამ უარყოფილი ძია ოვგუსტი იყო და მეტი არავინ..... ო, არა, არა, ეს  ინსტიტუტისათვის?.... ეჰ, ანა, ანა....

P.S. ბებიაჩემის ავტობიოგრაფიის დაუმთავრებელი, შავი ვარიანტია..... რატომ შეუნახავს, არ ვიცი.....
                                                                                                                                                1990 წელი 3 აპრილი.(პატარა მარგარიტას მინაწერი)

                                              (გაგრძელება იქნება)                                                                                                        2009 წლის აპრილი-აგვისტო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები