ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
11 აგვისტო, 2009


თავი 40. ბეჭედი ("გაცვლა")

დრო გადიოდა. დადგა ნოემბერი.
ჯაბას დაბადების დღეს, დილასვე გავიდა სახლიდან თეონა. თავის ჯგუფელს, ნათიას მიაკითხა სახლში და იქ დარჩა დაღამებამდე.
- კარგი, რა, თეეე... ნუ ნერვიულობ ამდენს....
- სულ არ მინდა ამაზე ფიქრი, ნათი, მაგრამ თავისთავად მეფიქრება.
- თავისთავად არაფერი გეფიქრება ადამიანს...
- ხო, ალბათ.... ყავაში ჩამიხედავ?
- გარეკე? სად ვიცი მე ჩახედვა?
- მაშინ თვალებში ჩამხედე და მითხარი, - მიყვარს?
- ვინ, ჯაბა? მაგას რად უნდა თვალებში ჩახედვა? ყურში რომ ჩაგხედო, იქაც ჯაბას იპოვის ადამიანი... გამხმარ ფოთლებს რომ წაუკიდებენ ცეცხლს და ბოლი ასდით, ისე ბოლივით აგდის ჯაბას სიყვარული!...
- რა ვქნა, ნათი?
- არ ვიცი... გინდა, ცივ წყალს გადაგასხამ? ფოთლებს შველის და... იქნებ შენც გიშველოს?
- ეეჰ, შენ ხუმრობ და...
- აბა რა ვქნა? სხვა გზა არ არის, შენც უნდა იხუმრო.
- დღეს ჯაბას დაბადების დღეა... გახსოვს, რომ მოგიყევი, ჩემს დაბადების დღეზე როგორ დამახვედრა გაშლილი სუფრა?
- და ამას განიცდი? – ნათია ადგა, კარადიდან კონიაკი და ორი სირჩა გამოიღო, შეავსო, თეონას მიაწოდა და სადღეგრძელო წარმოთქვა: მოდი, ჯაბას გაუმარჯოს თავის სიყვარულთან ერთად. ვუსურვოთ სიკეთე, სიხარული, ბევრი ფული და ამ სიყვარულით ტკბობა!
- მაგიჟებ? მარიკას სადღეგრძელოს მასმევ ახლა?
- მე რა ვიცი, ვის სადღეგრძელოს ვსვამ? იქნებ შენ ხარ მისი სიყვარული? მაშინ შენი სადრეგრძელო გამოდის მასთან ერთად...
- და თუ მარიკაა?
- მაშინ დაანებე იმ კაცზე ფიქრს თავი... თუ არ უყვარხარ, შენ რაზე იკლავ თავს? – ნათიამ კონიაკი გადაჰკრა და სირჩა მაგიდაზე დადგა. 

თეონამ თავი დაღუნა. მიხვდა, რომ ნათია მართალი იყო. კონიაკიანი სირჩა მაგიდაზე დადგა, ფეხზე წამოდგა, ლაბადა ჩაიცვა, ჩანთა გადაიკიდა და კარებისკენ წავიდა.
- მიდიხარ?
- ჰო, დაღამდა... 
- გამოგაცილებ, მაცალე...
- რად მინდა გაცილება?
- უნდა დაგელაპარაკო... იცი, მგონი ჩემს მეზობელს უყვარხარ... შენ დაგინახა ერთხელ ჩემგან გასული და... მითხრა ვიცნობო... მას შემდეგ, რამდენიც შემხვდება, სულ შენზე მელაპარაკება...
- ნათიიი, იცი როგორ დავიღალე? არცერთი კაცის დანახვა აღარ მინდა...
- რაღაც ვერ გამჩნევ ფერიცვალებას...
- რას ვერ მამჩნევო?
- რას და ქალებისადმი ლტოლვას...
- სულ გაუბერე, შე საწყალო? ატანა არ მაქვს მასეთი ქალების! და არც კაცების! ცისფერსა და ვარდისფერს - შავი, წითელი და ყვითელი მირჩევნია... ნუ, თეთრი – ყველაფერს სჯობია! კანის ფერს ვგულისხმობ.
- მაგარი ხარ...  და რატომ არ მეკითხები, ვინაა შენი მეზობელიო?
- არ მაინტერესებს...
- კაი, ბატონო! დრო მოვა და დაგაინტერესებს.. მერე საყვედურსაც მეტყვი, რატომ არ მითხარიო... – გაეცინა ნათიას.
- არაააააა! – ხელები გაასავსავა თეონამ და კიბეზე დაეშვა.

გაჩერებასთან მისვლა დაეზარა და იქვე, ტროტუარის ბორდიურზე გაჩერდა.
დიდხანს იდგა. მის ჯიბრზე არ მოვიდა არაფერი, არც სამარშრუტო ტაქსი, არც ჩვეულებრივი....
სამაგიეროდ, ხან რომელმა მანქანამ შეანელა სვლა მის წინ და ხან – რომელმა.
ზოგი მანქანა ჩერებოდა კიდეც მის წინ და მძღოლები მანქანისკენ იწვევდნენ..
თეონას ისე აეშალა ნერვები, სული კბილით ეჭირა, რომ არ ეკივლა!

კიდევ გაჩერდა მანქანა. თეონამ იფიქრა, ყურადღებას რომ არ მივაქცევ, - წავაო, მაგრამ... ნურას უკაცრავად, მანქანა ჯიუტად იდგა ადგილზე. მერე სიგნალის ხმა გაისმა. თეონა პირგამეხებული შებრუნდა მანქანისკენ, რომ მკვახედ ეთქვა ორიოდ სიტყვა და...
- თეეე, რა მოგივიდა, ვეღარც მცნობ? – გაისმა მანქანიდან მამაკაცის ნაცნობი ხმა, შემდეგ კარი გაიღო და მანქანიდან დათო გადმოვიდა.
- დათო? – გაუკვირდა და გაუხარდა თეონას... დათო გადაკოცნა.
- სად მიდიხარ? – დათომ წინა კარი გამოაღო და თეონას ხელით ანიშნა “დაჯექიო”.
- სახლში...
- წამო, წაგიყვან. ნურაფრის გეშინია, თეეე, წავიდა ის დრო... წარსულს ჩაბარდა!

მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ თეონა მანქანაში ჩაჯდა.
დათო გამოხედავდა და არაფერს ეუბნებოდა, ისე, ჩუმად იცინოდა.
- რა გაცინებს, აღარ იტყვი? – წყენა გამოკრთა თეონას ძალად გამკაცრებულ ხმაში.
- თეეე, მაგ ადგილას რამ დაგაყენა?
- რა ადგილას?
- ვერ ნახე, ყველა თუ არა, ყოველი მეორე მანქანა რომ გიჩერებდა?
- და რატომ აჩერებდნენ?
- მანდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები დგებიან, თეეე... – ხმამაღლა გაეცინა დათოს.

თეონას კინაღამ ბუდიდან ამოცვივდა თვალები. შემდეგ ეს თვალები ცრემლებით გაევსო...
- არ ვიცოდი... – ჩუმად ჩაილაპარაკა. – აბა სად უნდა გავჩერებულიყავი?
- გაჩერებასთან!.... მანდ აღარ დაგინახო დამდგარი... გამიგე?
- ხო...
- ისე, ამას ქვია, “წავედი და გავიხურე კარებიო”...  ერთხელ არ უნდა მოგეკითხე?
- შენ რატომ არ მომიკითხე...
- მე? როგორ არა, მაგრამ საგულდაგულოდ გმალავდნენ ჩემგან...
- რა იცი?
- დავრეკე... შენი ხმა მესმოდა და... “თეონა სახლში არ არისო”, მითხრეს. ნინუცას ვთხოვე, “დამალაპარაკე-მეთქი”... “არ არის სახლში და ბებიას დაგალაპარაკებ, თუ გინდაო”... ბებიაშენი ხომ, საერთოდ, ლამის ისტერიკაში ჩავარდა, რამდენიც დავრეკე...
- ესე იგი, მირეკავდი-ხოლმე? მე კი რა გულნატკენი ვიყავი, არც გავახსენდი-მეთქი... აი, მოვედით კიდეც... გმადლობ, დათო...
- არაფრის...
- დათოოო, განქორწინებაზე რა ვქნათ?
- მოდი, კვირას შევხვდეთ და მაშინ მოვილაპარაკოთ, კარგი?
- კარგი....

სახლში შესული არ იყო, რომ ტელეფონმა დარეკა.
- თეონა, გივი ვარ...  სად იყავი? ავიკელი დღეს ტელეფონი.
- მეგობართან.... ნათიასთან. გინდოდა რამე?
- შენი ნახვა....
- გივი, ერთხელ მაინც მკითხე, რა, “თეონა, ჩემი ნახვა გინდაო”?
- გეკითხები... გინდოდა ჩემი ნახვა?
- არანაირად, გივი! მაპატიე და... არც გამხსენებიხარ დღეს!
- დიდი მადლობა... მე კი ვიფიქრე, კვირას ბავშვს გავაცნობ-მეთქი... მგონი დროა, რომ გაიცნო!
- იქნებ – გვიანიც?!
- სჯობს გვიან...
- კვირას არ მცალია, გივი... დათოს უნდა შევხვდე განქორწინების თაობაზე.
- დალოცა ღმერთმა... უჩემოდ არ წახვიდე, გაიგე? მოვალ და წაგიყვან. მერე – უკანაც წამოგიყვან...
- კარგი... ჩემთვის სულერთია... ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია, გივი...

კვირაც მალე მოვიდა.
თეონა დათოს ზარს ელოდა. ტელეფონი კი – დუმდა.
“სამსახურში როცა ვიყავი, მაშინ დარეკავდა და ესენი არ მეუბნებიან”.... – გაიფიქრა თეონამ და გივისთან დარეკა.
- გივი, 2 საათისთვის აქ იყავი, რაა?!
- უფრო ადრეც მოვალ, თუ მეტყვი...  შეუთანხმდი?
- არა, უფრო ადრე – არ მინდა... დათოს არ დავლაპარაკებივარ... შეიძლება იმ დროს დარეკა, როცა სახლში არ ვიყავი. ჩემები არ მეუბნებიან, როცა დათო რეკავს.

სამის თხუთმეტ წუთზე გივის მანქანა დათოს სახლის წინ გაჩერდა.
- ამოგყვე? – ჰკითხა გივიმ მანქანიდან გადასულ თეონას.
- არა, გივი... თუ გინდა, წადი კიდეც...
- დაგელოდები!...

თეონა მოხდენილი სიარულით წავიდა სადარბაზოსკენ და მის სიღრმეში გაუჩინარდა.
გივიმ თვალი გააყოლა: ჯინსებში გამოკვეთილი მაღალი და თხელი ფეხები... რბილი ძაფით ნაქსოვი, ტანზე მომდგარი ზღვისფერი პულოვერი, რომელიც ვერ მალავდა თეონას სხეულის უზადო ნაკვთებს და შავი ფერის თხელი “დუტი” ჟილეტი...  წელამდე დაყრილი ოქროსფერი რბილი თმა...

“არაა, რა უნდა მოხდეს, რომ ეს გოგო ხელიდან გავუშვა?! ვიცი, მას არ ვუყვარვარ, მაგრამ მე ყველა და ყველაფერი დამავიწყა! ასეთი გოგო როგორ დაკარგეს? ჭკუა აქვთ მაგათ? საოცარი გოგოა! იშვიათია ასეთი სრულყოფილება!” - გივის თავის კაბინეტში ტახტზე დაწოლილი თეონა გაახსენდა და ციებიანივით შეაკანკალა. – “ან კანი როგორი გლუვი და სრიალა აქვს... მაგისი ერთი ჩახუტებისთვის სიცოცხლეს დათმობდა ადამიანი!”

იგრძნო, რომ ყელი გაუშრა. ტუჩებიც.... 
ენით მოილოკა ტუჩები, მაგრამ... არა, ვერ უშველა!
თითქოს ალკოჰოლიან სასმელს ითხოვდა ორგანიზმი....
ან... ან თეონას კოცნას!

“გამაგიჟეეეეეეეეეებს! გამაგიჟებს ეს გოგო და...... თუ უკვე არ გამაგიჟა! ერთი სული მაქვს, ვიდრე პარასკევი დღე მოვა, რომ თეონა ჩემთან მოვიდეს საავადმყოფოში... არსად მომყვება, მაგრამ... პარასკევობით ხომ ვხედავ, არა? რომ გაიგოს, რომ ტყუილად დამყავს, გამიბრაზდება!... ისე, რატოა ტყუილად სიარული? მიყვარს! მიყვარს! მიყვააააააააააარს! ძნელია ამის გაგება? ვინმე ნახავს მის ჩამოქნილ სხეულს, მის ულამაზეს სახეს და... გამამტყუნებენ? ერთი იმათი დედაც... ვინც გამამტყუნებს! როგორც კი თვალს მიეფარება, მაშინვე მენატრება! მაგნიტი აქვს რაღაც... გიზიდავს თავისკენ, გიზიდავს და... ბოლო მომენტში მიხვდები, რომ თურმე უხილავ მინის ხუფს უვლი გარშემო... სულ ამაოდ, თითსაც ვერ დააკარებ!  ეს მინის ხუფი ისეა მორგებული, რომ ვაკუუმური სივრცე არ დაირღვეს!... სადაა ახლა, როდის ჩამოვა?” – გივიმ საათს გახედა, - თეონა სულ 5 წუთის გადასული იყო მანქანიდან....

თეონამ კიბეზე აირბინა და ზარი დარეკა.
მთელი თვის განმავლობაში საკუთარი გასაღებით ხსნიდა ამ კარს... საკუთარი ოთახი ჰქონდა, საკუთარ ნივთებს საკუთარ კარადაში ინახავდა... რადგან ამ კარს მიღმა მისი საკუთარი ოჯახი იყო.
მაშინ ისე წამოვიდა, საკუთარი გასაღების დატოვება დაავიწყდა.
ახლა - თან აქვს წამოღებული...

კარის გაღება შეაგვიანდათ...
“ჯერ ხომ ისევ დათოს ცოლი მქვია?! რატომ ვიდგე გარეთ, როცა სრული უფლება მაქვს ამ ბინაში შესვლის?” - თეონამ გასაღებით გააღო კარი.
მილაგებული ოთახები მოხვდა თვალში. სახლი არ ჰგავდა მარტოხელა ახალგაზრდა მამაკაცის ბინას.
- დათოოოო, - დაიძახა კარებიდანვე.

სიჩუმე შემოეგება ბინიდან.
“სად წავიდოდა? აკი - კვირას შევხვდეთო?... დაველოდები!”
თეონამ კარი მიხურა და ოთახში შევიდა.
სავარძელში ჩაჯდა.
თბილოდა ოთახში, - ცენტრალური გათბობა უკვე 3-4 დღის ჩართული იყო და გარეთაც უჩვეულოდ თბილოდა.

თვალები მილულა.
ვერ მიხვდა, როდის ჩასთვლიმა...
- დათოოოო, მოვედიიიი! – ძილ-ბურანში ჩაესმა ქალის ხმა.

თვალები გაახილა და...
მის წინ, საკმაოდ შესამჩნევი მუცლით, ფეხმძიმე გოგო იდგა და უძირო ლურჯი, გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა სავარძელში მჯდარ თეონას.
- შენ ვინ ხარ? – დაარღვია სიჩუმე ფეხმძიმემ.
- მე თეონა ვარ... და შენ ვინ ხარ? – არანაკლებ გაკვირვებულმა იკითხა თეონამ.
- მე ნონა ვარ...

თეონა ისე წამოხტა ფეხზე, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.
- ნონა?... და ფეხმძიმედ ხარ დათოსგან?
- ხო, აბა ვისგან უნდა ვიყო? დათო ჩემი ქმარია...
- საინტერესოა... მეც დათოს ცოლი ვარ... დღეს უნდა წავსულიყავით განქორწინებისათვის განცხადების შესატანად... – ზღვისფერი თვალები თვალდათვალ ჩაუმუქდა თეონას და ლამის გაუშავდა.
- მე დათომ მითხრა, რომ ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც ცოლი შემიძლია ვუწოდოო... მომატყუა?... 
- მე კი არაფერი მითხრა, ისე დამავლო ხელი და მოტაცებითა და მოტყუებით მომიყვანა აქ...
- ვაი, დედა... – ამოიკვნესა ნონამ და მეორე სავარძელში ჩაეშვა...
- კარგი, ნუ ნერვიულობ, მე არ ვარ შენი მეტოქე... განქორწინება მინდა მხოლოდ... და ჩემთან განქორწინება გზას გაგიხსნით ქორწინებისკენ... თუ შენთანაც მოაწერა ხელი და “ორცოლიანის” სტატუსი აქვს ახლა?
- არა... არ მოგვიწერია ჯერ ხელი... სულ მიკვირდა, რატომ ითრევს ფეხს-მეთქი... – ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე.
- ნუ ტირი-მეთქი... ნუ ნერვიულობ! მომცეს განქორწინება და გყავდეს შენი დათო!
- სადაა დათო? – უმწეოდ მიმოიხედა ნონამ.
- მე რა ვიცი, სადაა?
- აბა როგორ შემოხვედი? – ისევ გაუფართოვდა თვალები.
- გასაღები მქონდა ჩემი... რომ მივდიოდი, დატოვება დამავიწყდა და... ახლა მოვუტანე ჩემი ჭკუით!... როდის ელოდები?
- მარტში...
- გოგო გინდა თუ ბიჭი?
- ეეეჰ, ჩემს სურვილზეა? თუმცა, სულერთია... თუ ბიჭი გაჩნდა, ჩემი ძამიკოს სახელს დავარქმევ, და თუ გოგო, - დედიკოსი..., - ნონას ისევ ცრემლები წამოუვიდა.
- არ გყავს დედა?
- არა... აღარავინ მყავს... დათოს მეტი... ერთ დღეს დამეღუპა მამაც, დედაც და ძამიკოც... ავარიით...
- საშინელებაა...  დათო როდის მოვა?!
- არ ვიცი... სახლში იყო, მე რომ წავედი... სად წავიდა – არ ვიცი...
- ბეჭედს არ იკეთებ-ხოლმე? – თეონამ შენიშნა მის ხელზე სიცარიელე.
- არა, არ უყიდია ჯერ!
- როგორ არა? უყიდია!!! და მე მქონდა შესანახად მობარებული... – თეონამ ბეჭედი, ოქროს მსხვილი რგოლი წაიძრო და ნონას გაუკეთა თითზე. მისი ზომაც აღმოჩნდა. – კარგი, წავალ ახლა! დათოს უთხარი, რომ ვიყავი და... დამირეკოს, განცხადება რომ შევიტანოთ! აი, ჩემი ნომერი... შენც  წამოყევი, თუ გინდა...  შეხედე,  გასაღებს აქ ვდებ... მე ამ სახლთან აღარაფერი მაკავშირებს! – თეონა გასასვლელისკენ გაემართა, ნონამ კი შეფარვით შეხედა ბეჭედს და გაუღიმა

ამ დროს კარი გაიღო და...  ოთახში დათო შემოვიდა. გოგონების ერთად დანახვა  გაუკვირდა. დაბნეული შეჰყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს.
- თქვენ, რა, იცნობთ ერთმანეთს?
- უკვე კი... – ჩაილაპარაკა ნონამ.
- ძალიან კარგი... – და უცებ ნონას ხელზე ოქროს რგოლს მოკრა თვალი. – ეს ბეჭედი ვისია, ნონა?
- ბეჭედი – ნონასია! ანუ შენია ბეჭედი და ახლა ნონას საკუთრებაა... – სიცილით თქვა თეონამ და თვალები დათოს შეანათა.
- წესით, ბეჭედი შენთან უნდა დარჩენილიყო.... – მიუბრუნდა დათო თეონას, - შეგიძლია, ისევ თან წაიღო...
- არა, დათო... მე ამ სახლიდან განცხადების მეტს არაფერს წავიღებ... შეგიძლია მხოლოდ განცხადება დაწერო, ნოტარიულად დაამტკიცებინო და ვინმეს გამოატანო... ჩემთან შეხვედრას აიცილებ თავიდან...
- არაა საჭირო... მოვალ.
- კარგი, წავედი! გასაღები დაგიბრუნე, ბეჭედიც დაგიბრუნე და იმედია თავისუფლებასაც მალე დავუბრუნებთ ერთმანეთს!
- მოიცა, მეც დაგიბრუნებ ამ ბეჭედს...
- კი ბატონო... დავიბრუნებ... მაგრამ დიდი რომ მექნება? – თვალები მოწკურა თეონამ და ისე გახედა ნონას. – იცი რა... ამ ბეჭედს ნონას ვჩუქნი... თავად არ ვიცი, რატომ განვეწყვე მის მიმართ ასე, მაგრამ... ნონა, მტერს ნურასოდეს დაუწყებ ძებნას ჩემში! შენც ხომ უნდა აჩუქო დათოს ბეჭედი? ხოდა, ვითომ, შენი მშობლების სახელით, ჩემმა მშობლებმა უყიდეს მას ეს ბეჭედი. ჩემი ნომერი – გაქვს... როცა გაგიჭირდეს, დამიკავშირდი. იფიქრე, რომ სადღაც, თითქმის შენი ტოლი, და გყავს...
- თეონა, საოცარი გოგო ხარ! ასეთები აღარ იბადებიან!
- ხოდა, ჩათვალეთ, რომ მეც საიდანღაც, უცხო პლანეტიდან მოგევლინეთ! – გაეცინა თეონას.
- ყავას ხომ არ დალევდი? უცებ მოვხარშავ...
- და გინდა რომ ჩაგიხედო?
- იცი? – თვალები გაუფართოვდა ნონას...
- მე ყველაფერი ვიცი, ნონა!... მაგრამ არ მინდა... არ ჩაგიხედავ... და არც დავლევ, - დაბლა მელოდებიან!
- ვინ? – თითქმის ერთდროულად იკითხეს დათომ და ნონამ.
- გივი... მეც ხომ მაქვს ჩემი წილი ბედნიერების უფლება?
- კი, რა თქმა უნდა გაქვს... – თვალებში სიცოცხლის სხივი დაუბრუნდა ნონას.
- კი გაქვს, მაგრამ... ასე მალე? – გაუკვირდა დათოს.
- მალე? – თეონამ თავით მიანიშნა ნონაზე, - დათო, ჯერ გივიმ არც კი იცის, რას ვუპასუხებ და... შენ უფრო იჩქარე, ვხედავ...
- თეონა, მე არავინ მყავს დათოს მეტი... – თვალები ცრემლებით აევსო ნონას.
- ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს... – გაუღიმა თეონამ, ჩანთა აიღო და გასასვლელისკენ წავიდა.

კარი გაიხურა თუ არა, ნონა და დათო ფანჯარას მიაწყდნენ, ორივეს უნდოდა “იმ გივის” დანახვა...
გასუფთავებულ-გაპრიალებული შავი “გაზ-24”-ის ღია კართან მაღალი სიმპატიური მამაკაცი იდგა და მოუთმენლად დაჰყურებდა საათს. ხან მაღლა აიხედავდა და თვალებით ეძებდა ვიღაცას, თუმცა არც იცოდა, ამ კორპუსის რომელ ფანჯარასთან შეეყოვნებინა მზერა.
- გივი, მოვედი, - გაიგონეს თეონას ხმა.
- სად ხარ ამდენ ხანს? ლამის საძებრად წამოვედი... – გივი თეონასთან მიიჭრა და ხელები შემოხვია.
- სირცხვილია, დაგვინახავენ...
- დაგვინახონ!... მიყვარხარ!... გინდა ვიყვირო, რომ მიყვარხარ? – ამ კითხვამ ჯერ დააბნია და მერე გაახალისა თეონა. 
- მინდა!... მართლა იყვირებ? – და ვიდრე თეონა კითხვას დაასრულებდა, გივიმ მთელი ხმით იყვირა:
- თეონააააააააააა!... მიყვარხარ, თეონაააააააააა!...........

ნონა დაბნეული მიაჩერდა დათოს, რომელის სახეზეც თეთრი და წითელი ფერები ენაცვლებოდა ერთმანეთს.
- სულელი კაცი!... – გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა და ნონას მოხედა...
- არა, შეყვარებული კაცი!... თეონა იმსახურებს ამ სიყვარულს!
- შენ რა გესმის?! არ შეიძლება თეონას სიყვარული, არა! როგორც ქალის, ისე არ შეიძლება! თორემ, როგორც ნახატი, ან ფაიფურის თოჯინა, - გიყვარდეს რამდენიც გინდა! – ხმას მოუმატა დათომ, მერე სავარძელში ჩაჯდა და თავზე შემოიჭდო ხელები.
- დათო, რატომ ამბობ ასე?! – გაოცებას ვერ მალავდა ნონა. – შენ ის ისევ გიყვარს?... მიპასუხე, დააათ...
- არასოდეს დამიძახო ეს იდიოტური “დააათ”... გაიგე? ასე მხოლოდ თეონა მეძახდა და სხვისგან ამას ვერ ავიტან!
- კარგი, დათო, როგორც მეტყვი...
- კიდევ იქ დგანან თუ წავიდნენ?... ნახე, გთხოვ!
- დათო, ვერ გცნობ... წასულან... აღარ დგანან აქ... დამშვიდდი!
- მაპატიე, ნონა... დღევანდელი დღე მაპატიე... მოდი ჩემთან!

ნონა მივიდა და დათოს შემოხვია ხელი... ხელის ერთი მიკარებითაც კი ისე აღეგზნო დათო, რომ ნონა ხელში აყვანილი გააფრიალა საძინებლისკენ და...
ასე არასოდეს ყვარებია დათოს ნონა!
ასეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილა ნონა!.

* * *
თეონა მანქანაში ჩაჯდა და მოიბუზა.
- რა გჭირს, თეეე? – მზრუნველი ხმით ჰკითხა გივიმ...
- დავიცალე... ძალა აღარ მაქვს, გივი...
- რა მოხდა იქ? გაწყენინეს?
- არა... რა თქმა უნდა, არა!... პირიქით... შემეცოდა ნონაც და ჩემი თავიც.
- ასეთი მონსტრია ეს დათო?
- საქმეც მაგაშია, რომ არ არის მონსტრი.... ამდენს ვერ აგიხსნი, მაპატიე. – თეონამ საკუთარი მარჯვენა ხელის არათითს დაუწყო წვალება.
- თეონა, ბეჭედიც დააბრუნე? – სცადა ნეიტრალური ხმა შეენარჩუნებეინა, მაგრამ არ გამოუვიდა, აშკარად მხიარული ნოტები გაისმა გივის ხმაში.
- ჰო... ნონას მივეცი... – ამ ხმის გაგონებაზე გაოცებულმა შეხედა გივის და ისევ დახარა თვალები, - მისთვის არაფერი უყიდია, თურმე... არა და, ფეხმძიმედაა... დათოსგან...
- არ გეწყონოს, მაგრამ... ისეთი ხმით ლაპარაკობ, ვეღარაფერი გავიგე: გიყვარდა დათო?
- არა... მე ჯაბა მიყვარდა!
- აბა რა ხდება?
- მაპატიე, ვერ აგიხსნი!
- ვერ გავიგებ გგონია?
- პირიქით... არ მინდა, რომ გაიგო! არასოდეს!!!
- კარგი, დამშვიდდი.

გივიმ რომელიღაც ქუჩაზე შეუხვია და მანქანა გრძელ კორპუსთან გააჩერა.
- მოვალ ახლავე... - გივი სადარბაზოში შევიდა და მალე გამოვიდა იქიდან პატარა გოგონასთან ერთად, - თეონა, გაიცანი, ეს ნინიკოა...
- მამაა, თეონა ვინ არის? – მიუბრუნდა ბავშვი გივის.
- თეონა – თეონაა... ისე, როგორც შენ ხარ ნინიკო...
- ესეც შენი შვილია? – გივი შეკითხვამ დააბნია.
- არა, შვილი არ არის... ეს შენი დედიკო იქნება...
- ჩემი დედიკო მოკვდა... და ეს დედიკონაცვალი იქნება?... მე არ მეყვარება დედიკონაცვალი!... ისინი ბოროტები არიან... ზღაპრებში ასე წერია!...
- არა, ნინი, თეონა არ არის ბოროტი... სულ არაა!
- ხოდა შენი დედინაცვალი იყოს, თუ კაია... მე ბებომ მითხრა, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებო...  დედინაცვალის გარეშეც გაგზრდიო...
- ბევრს ნუ ლაპარაკობ... მოდი, მანქანაში ჩაჯექი... ფუნიკულიორზე წაგიყვან... ან მუშტაედში... სად გირჩევნია?
- ბებოსთან, სახლში... – ნინიკომ ხელი გააშვებინა გივის და სირბილით შევიდა სადარბაზოში.
- ნინიკო, დაბრუნდი!... – მიაძახა გივიმ, მაგრამ... უშედეგოდ!

თეონამ დაინახა, როგორ შეირხა ფარდა მესამე სართულის ფანჯარაში.
- ოხ, მე თქვენი... – გივიმ გინება შუაზე გაწყვიტა და თეონას მიაჩერდა, - მაპატიე, თეონა... სხვა დროს ეს აღარ განმეორდება! არ მეგონა, თუ ასე დაამუშავებდნენ ბავშვს...
- სახლში წამიყვანე, გივი... ძალიან დავიღალე! – თეონამ ხელები აიფარა სახეზე და იდაყვებით მუხლებს ჩამოეყრდნო.

გივიმ მანქანა დაძრა და ლენინის მოედნისკენ აიღო გეზი. კიროვის ქუჩაზე აუხვია და ბანკის წინ გააჩერა.
- აქ დამიცადე...
- სად მიდიხარ?
- მოვალ ახლავე... – გივი ლენინის მოედანზე მდებარე საიუველირო მაღაზიაში შევიდა.

10 გრამიანი ბაჯაღლო ოქროს ულამაზესი ფორმის რგოლი იყიდა, ლამაზ კოლოფში ჩაადებინა და თეონასთან დაბრუნდა.

- თეონა, წამო, რა რესტორანში წავიდეთ?
- სახლში მირჩევნია წასვლა, გივი...
- ცოტა ხნით მაინც...
- არა... დღეს არა!
- მაშინ დღეს ეს მცირე საჩუქარი მიიღე ჩემგან, - გივიმ ჯიბიდან ამოიღო კოლოფი და თეონას მიაწოდა.
- ეს რა არის?!... გივი!... – თეონას ცრემლით აევსო თვალები, - შენ ისევ არაფერი მკითხე... მე არ ვარ სათამაშო! რით ვერ გაიგე, ადამიანო?!
- რა შუაშია სათამაშო?!
- იმ შუაშია, რომ... მე ვერ ავიღებ ამ საჩუქარს! ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მოგყვები თუ არა!... ჯერ შენს შვილს ჩემი სახელის ხსენებაც არ უნდა!...  ჯერ ისიც კი ვერ დაგვიდგენია, გვიყვარს თუ არა ერთმანეთი და... უცებ რგოლი მივიღო საჩუქრად? ვერა, გივი! – თეონამ კოლოფი დახურა და გივის მიაწოდა.
- მაშინ 2 წუთი დამელოდე ისევ... – გივი მანქანიდან გადახტა და საიუველირო მაღაზიაში დაბრუნდა. რგოლი – ბრილიანტისთვლიან ბეჭედზე გადაცვალა და ლამის სირბილით დაბრუნდა თეონასთან.
- სად იყავი?
- ხელი მომეცი!...  ხელი მომეცი-მეთქი... – გივიმ ძალით გააშლევინა მარჯვენა ხელი და ბეჭედი არათითზე წამოაცვა, - ეს, უბრალოდ, საჩუქრად ჩემგან! დიდი სიყვარულის ნიშნად! და თუ ამასაც დამიბრუნებ, მე არ ვიცი, რას ვიზამ, თეონა! არ გაძალებ, არ გაჩქარებ!... მოიფიქრე! რამდენი ხანიც გინდა, იფიქრე!... მე ლოდინი შემიძლია! – ისეთი აღელვებული იყო გივი, რომ თეონამ დათმობა გადაწყვიტა.
- კარგი, ხო, ნუ ნერვიულობ!... აი, ხელზე მიკეთია შენი ბეჭედი... – თეონამ გივი თავისკენ მიიზიდა და ლოყაზე აკოცა.
- მიყვარხარ, თეონა... ძალიან მიყვარხარ... – თქვა გივიმ და მანქანა ადგილს მოწყვიტა.

(გაგრძელება ისევ იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები