ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


მრავალცოდვილისა

ოთხკეცი  სონეტი-ვედრება

/ ცადსაფრენი  წერილებიდან  /


რაღაც  უეჭველად  ხდება
ჩემს  თავს  - ჭირვეულობს  ამინდი…
უფალო!..  -  ნუ  წამგვრი  ნებას,
შენვე  შეგევედრო  კვლავინდებრ!..

მჭლე  გულში -  დღითიდღე  რომ  ხდება!.. –
შენ  ერთმაღა  უწყი  -  რა  მიდევს…
უფალო!..  -  როდის  დამრთავ  ნებას,
დაღლილი  გაღმა  ფონით  გავიდე?!.

მსუყე  სატკივრებით  მკვება
დღემდე  ამ  სოფელმა…
და  ვიდრე
გონსაც  გამომაცლის  -  ნება
დამრთე  -  შენს  სოფელში  წავიდე!..
გული  საგულედან  ხტება  -
ნეტავ  კიდევ  რაში  ჩამითრევს?!.

რაც  მე  გადამჯეგეს  წლებმა…
სხვას  ნუღარ!.. –
სხვა  მოწყალედ  დაინდე!..
წვრილ  ვალთა  წელში  მწყვეტს  წყება…
მაუწყე  -  ვისი  მეტი  დავიდე!..

ხან  კაცი,  ხანაც  შენ  წყრები…
მე  ვითომ  სულ  არაფერს  დაგიდევ…
რაც  მე  მიფრენია  მწყრები,
იმ  გიჟის  სახელიც  ხომ  დავიგდე?!.

აწ  მკერდიც  -  გულის  ძველი  ბუდე  -
იშლება,  ვით  ქარში  შვავი  და
ვხედავ  -  აცრილია  ბედი
ჩემს  გახარებაზე  -  თავიდან…
ვიდრემდის  გავშლიდი  ბადეს,
ჩემი  ოქროს  თევზი  წავიდა…

ვჭვრეტ,  რაც  მიწყალობე  ხედვა ,
რა  ჟინით  -  მოჟამული  ჟამი  მდევს…
ვიცი,  რომ  მდევარია  მხნე  და
ერთხელაც  ოთხივფეხთქვეშ  გამიდებს…

როცა  შხამსამსალა  წვეთავს
სულში,
გული  ღამეს  გამითევს…
და  მაშინ  გეაჯები  მეტად:
-  უფალო,  მფარველად  დამიდექ!..

თავს,  ვით  უშურველად  ვდებდი,
დავდებ  მოყვასისთვის  კვლავინდებრ…
მაგრამ,  შენსკენ  მარად  მხედი
ცოდვებს  მაინც  ვიღებ  კვლავ  მინდებრ!..
და  ჯავრის  გახუხულ  ხმიადს 
დღითაც  ვხრავ,  წუხანდელ  ღამინდელს…

იმ  ბორცვაკს,  შორიახლოს,  ვხედავ,
ქვეშ  ხახას  ორმო  აბჩენს  შავი  და
ბეწვის  ვირტუალურ  ხიდებს
სულიც  ლამის  უკვე  გავიდა…

ხმას  ხორხი,  დახშული,  ხუთავს…
შიგ  მკერდშივე  უხმოდ  ვბღავი  და
ხორცის  გახუნებულ  ხალათს
ვიხდი…  სულ  რომ  მეცვა  -  ღამითაც…

თუმც  შენი  ყმა  ვშთები  ყმადვე…
შენ  უწყი  -  მრავალცოდვილს  რა  მინდა!..
- იმ  ერთ  ობოლ  ვარსკვლავს,  ბედის
ვუცდი,  შენს  ახლოს  რომ  ამინთებ!..
შემინდე,  თუ  ზედმეტებს  ვბედავ!..
თუ  ამით  ერთი  ცოდვაც  დავიდე!..


13.  08.  2009  წ.ქ.შ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები