ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
24 მაისი, 2008


თავი 23. ნათიასთან ("მაგდა")

კარებზე გაკრულ ფირნიშთან ვაჟა შეჩერდა: "ვ. გ. მოდებაძე"...

- ნათია, შენ მოდებაძე ხარ? - იკითხა ვაჟამ და ჩაიცინა.
- ჰო… რა მოხდა მერე? - გაუკვირდა ნათიას.
- არა, არაფერი... უბრალოდ, გამახსენდა, რომ ჩვენ არაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, სახელის გარდა. ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ: ვაჟა საჩალელი, არქიტექტორი, 31 წლის, ვცხოვრობ ვაკეში, მაქვს სამოთახიანი ბინა, საერთო ფართობით 82 კვ.მ... მშობლები მყავს, მაგრამ ცალკე ცხოვრობენ, საკუთარ სახლში, ჩემს უფროს ძმასთან ერთად, რომელსაც ოჯახი აქვს: ჰყავს მეუღლე – ეკა და ორი შვილი, - ნათია და ნიკუშა. ახლა შენ გისმენ... რამე რომ მკითხონ შენმა მშობლებმა, ხომ უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი მომავალი მეუღლე?
- მაშ ასე: სახელი და გვარი უკვე იცი, ვარ 22 წლის, ნუ, მალე გავხდები... ვარ თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი. მშობლები: მამა – ვახტანგ მოდებაძე, მშენებელ-ინჟინერია,… დედა – ელენე – მასწავლებელია, მყავს, ძმა, რძალი, ველოდები ძმისშვილს... მგონი მეც ყველაფერი გითხარი. დანარჩენი – სახლში...

ნათიამ ზარი დარეკა.
- სად ხარ, ნათია, ამდენ ხანს?!... - კარის გაღებისთანავე თქვა მერაბმა და უცებ გაჩერდა, - ვააა, ამას ვის ვხედავ?! ვაჟა, რა ქარმა გადმოგაგდო ჩვენსკენ? - მერაბი ვაჟას გადაეხვია.
- თქვენ, რა, იცნობთ ერთმანეთს? - გაოგნებული ნათია ხან მერაბს შეჰყურებდა და ხან არანაკლებ გაკვირვებულ ვაჟას.
- რას ამბობ, ნათია, მე და ვაჟა 5 წელი ვისხედით ერთ აუდიტორიაში! 
- უი, მართლა... შენც ხომ არქიტექტორი ხარ?! როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ მეკითხა?!
- დაიცა, მე კი არა, თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს?...  რა კარებში ვდგავართ? სახლში შევიდეთ!... - მერაბი ოთახში შეუძღვა ვაჟას.
ნათიამ კარი მიხურა და გაგა დაბლა ჩამოსვა.
გაგა კაბის კალთაზე ჩააფრინდა ნათიას, თითქოს ეშინოდა, კიდევ არ დამეკარგოსო!

მეორე ოთახიდან მერაბის მეუღლე, ლია გამოვიდა, სამზარეულოდან კი – ელენე. ვახტანგი არ იყო ჯერ სახლში მოსული.

მერაბმა ვაჟა დედასა და მეუღლეს წარუდგინა და უხმოდ მიუთითა სავარძელზე.
- მერაბ, მე მინდა ნათიას ხელი გთხოვო... აი, საიდან ვიცნობ ნათიას.

მერაბი და ლია დივანზე დასხდნენ, ვაჟა და ნათია – სავარძლებში. გაგა კვლავ ნათიას ააბობღდა კალთაზე. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა.
- ამიხსენით, რა ხდება... - დაარღვია სიჩუმე ოთახის კედელთან მდგარმა ელენემ.
- დედა, მე ვთხოვდები... - ჩუმად წარმოთქვა ნათიამ და ვაჟას შეხედა.

ელენე მოწყვეტით დაჯდა იქვე მდგარ სკამზე.

- კი, მაგრამ... ვაჟა, შენ ხომ... გყავს მეუღლე? - ძლივს ამოთქვა მერაბმა და ვაჟას გამომცდელად მიაჩერდა.
- არა, მერაბ, აღარ მყავს. მეუღლე გაგას მშობიარობას გადაყვა. ასე რომ...
- მაპატიე, ვაჟა, მე არაფერი ვიცოდი!... ახლა რას აპირებ?
- ახლა? ახლა მინდა, რომ ნათია იყოს ჩემი მეუღლე და ჩემი გაგას დედა...
- შენ რას იტყვი, ნათია? - ახლა მას მიუბრუნდა მერაბი.
- მე უკვე ვთქვი, მერაბ, ჩემი სათქმელი... მე ვთხოვდები!... მე და გაგამ ერთმანეთი ვიპოვეთ, - ნათიამ გულში ჩაიკრა გაგა, რომელიც პირდაღებული შესცქეროდა მისთვის უცნობ ხალახს.
- ვაჟა, მაპატიე, ამას რომ ვამბობ, მაგრამ... ნათია, ძალიან ძნელია სხვისი შვილის დედობა!... კარგად დაფიქრდი!
- არა, მერაბ, დედობა არ არის ძნელი!... ძნელია, იყო დედინაცვალი, მაგრამ დედა?... არა, არ არის ძნელი დედობა! მე გადავწყვიტე და ძალიან გთხოვ, ნუ ეცდები ჩემს გადარწმუნებას.
- დედიკო, წავიდეთ, ლა, სახლსი? - პირველად ამოიღო ხმა გაგამ.
- ჰო, გაგა, მალე წავალთ... ცოტაც მოიცადე, - მიეფერა ნათია ბავშვს.

- ნათია, მამაშენს არ ეკითხები? - ელენემ ძლივს გადაყლაპა ყელში მობჯენილი ბურთი.
- არ ვიცი, დედა, რა გიპასუხო! მამას აზრს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მაინც ასე მოხდება!...
- კი, მაგრამ, აქამდე რატომ არაფერი გვითხარი?! დღეს რომ გამოგვიცხადე ასეთი რამ, ასე მოულოდნელად, მოწმენდილი ციდან თოვლის მოსვლასავით... თითქოს ჩემთან მაინც გულახდილი იყავი?! თუ ნდობას არ ვიმსახურებდი? - წყენა გამოკრთა ლიას ხმაში.
- მაპატიე, ლია, მაგრამ… დღეს გადაწყდა ყველაფერი. ასე რომ, გუშინაც კი, არაფრის თქმა არ შემეძლო!

კარზე ზარი დარეკეს.
- ეს ვახტანგია!...  ღმერთო შენ გვიშველე! - ელენე წამოდგა და კარის გასაღებად წავიდა.

ელენემ ვახტანგი შემოსასვლელში შეაჩერა და ჩუმად ელაპარაკებოდა...
გავიდა ხუთიოდე წუთი, რომელიც ნათიას საუკუნედ მოეჩვენა. მალე ოთახის კარი გაიღო და წარმოსადეგი, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი შემოვიდა.
ვაჟა ფეხზე წამოდგა.
- გამარჯობა, ახალგაზრდავ! ვახტანგი, ჩემო ბატონო! - ხელი გაუწოდა ვახტანგმა.
- გამარჯობათ, ბატონო ვახტანგ! ვაჟა გახლავართ, საჩალელი! - ხელი შეაგება ვაჟამაც.
- დაბრძანდით... - ვახტანგი მერაბის გვერდით ჩამოჯდა.
ვაჟაც დაჯდა.
- გისმენთ, ვაჟა...
- ბატონო ვახტანგ, ნება მომეცით, თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.
- მდააა... შენ რას იტყვი, ნათი?
- მე თანახმა ვარ, მამა!...
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა უხმოდ შეჰყურებდა ვახტანგს.
ვახტანგის თვალები ვაჟას თვალებს შეხვდა. ალალი და უბოროტო თვალებით იყურებოდა ვაჟა. ვახტანგმა ახლა ნათიას მიხუტებულ გაგაზე შეაჩერა მზერა.
- ეს ვაჟკაცი ვინ არის? რა გქვია, პატარა?
- მე გაგა ვალ! - შავი თვალები შეანათა გაგამ და გაიღიმა.
- მოდი ჩემთან...
გაგამ ნათიას აკოცა, შემდეგ მისი კალთიდან ჩამოხტა და ვახტანგის წინ გაჩერდა.
- გამარჯობა, ვაჟკაც! - ვახტანგმა ხელი გაუწოდა გაგას და მანაც "ღონივრად" დაჰკრა თავისი პატარა ხელი ვახტანგის მარჯვენას. - ოოო, შენ რა ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ?!...
ვახტანგმა გაგა კალთაში ჩაისვა და ნათიასკენ მიახედა.
- გაგა, ვინ არის ეს დეიდა?
- ეს "დეიდა" კი ალა, ცემი დედეკოა!... მე სუულ ალ გავაბლაზებ! ბებომ მითხლა, "დედიკოს ესინია, ლომ გააბლაზებ და იმიტო ალ მოდისო", მე კი სულ ალ გავაბლაზებ!... დედიკო, სენ ხო ალ გესინია ცემი?
- არა, გაგა, არ მეშინია!
- ხო მალე წავალთ სახლსი?
- ხო, გაგა, მალე, სულ მალე წავალთ!

- ვაჟა, თუ შეიძლება, ჩემს ოთახში გავიდეთ, - ვახტანგმა გაგა ნათიას მიაწოდა და ვაჟას თავისი კაბინეტისკენ გაუძღვა.

კაბინეტში შესულებმა კარი შიგნიდან დაკეტეს.
- არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... ვაჟა, მამაშვილობას გაფიცებ, სიმართლე მითხარი, დიდი ხანია იცნობ ნათიას?
- თუკი ამ სიმართლეს შეუძლია რამე შეცვალოს, მაშინ მე არაფერს ვიტყვი.
- არა, დავუშვათ, რომ ამით არაფერი შეიცვლება!
- მაშინ ჩვენ დღეს გავიცანით ერთმანეთი...
- დღეს?!...
- დიახ, ბატონო ვახტანგ!
- კი, მაგრამ... რა იცით ჯერ თქვენ ერთმანეთის შესახებ?! არ უნდა გაიგოთ, ვის თხოულობთ, ვის მიყვებით?... ნუთუ ეს ასეთი საუცბათო გადასაჭრელია, ასე, ერთი ხელის მოსმით რომ ჭრით და კერავთ?... ის მაინც მითხარით, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ?!... 
- მე და მერაბი, ბატონო ვახტანგ, თანაჯგუფელები ვართ. ჩემს შესახებ დაწვრილებით მერაბი მოგიყვებათ... მართალი ბრძანდებით, ხომ უნდა იცოდეთ, ვინ ვარ მე, როგორი ვარ, ვის ატანთ თქვენს ქალიშვილს?! ლამაზი გოგონა ბევრი მინახავს, მაგრამ... ნათიასთანა?... თუმცა რას ვაქებ ნათიას? მას ჩემი ქება არ სჭირდება. ნათია პირველია, ვინც მე მომწონებია ოდესმე... პირველი და ალბათ - უკანასკნელი!
- როგორ თუ პირველი?... თქვენი მეუღლე?... ის, რა, არ მოგწონდათ? ასეთი ლაპარაკი არ არის კარგი, ვაჟა! პატიოსანი კაცი თავის მეუღლეზე ასე არ იტყვის...
- ბატონო ვახტანგ, ძალიან ვწუხვარ, რომ ნებით თუ უნებლიეთ გაწყენინეთ, მაგრამ... მე არ მინდა, რომ თქვენ ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩეთ. მე გეტყვით იმას, რაც ჯერ არავისთვის მითქვამს. იმედია, ჩემი ნათქვამი ჩვენ ორს შორის დარჩება!
- რა თქმა უნდა... ვაჟა, თუ არ გინდათ თქმა, ნუ იტყვით. მე ძალას არ გატანთ...
- არა, ბატონო ვახტანგ, მინდა, რომ ეს თქვენ იცოდეთ, მაგრამ... მხოლოდ თქვენ! გეტყვით, თუ როგორ შევქმენი ოჯახი. მე ცოლი უსიყვარულოდ მოვიყვანე... ვიცოდი, მას ვუყვარდი, მაგრამ, მე ყოველნაირად ვცდილობდი, ჩვენი გზები არ გადაკვეთილიყო. ეს გოგონა ჩემი ბიძაშვილის მეგობარი იყო. ერთხელ, ამ ბიძაშვილის დაბადების დღეზე, ღვინოში რაღაც ჩამირიეს.
- ბიძაშვილმა ჩაგირია რამე? დაუჯერებელია!
- ამას მე ვფიქრობ ასე, თორემ 2-3 ჭიქა ღვინო არც მათრობს და იმ დღეს არც დამილევია მეტი! იმ 2 ჭიქის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. დილით გამომეღვიძა ვიღაცის სახლში. ჩემს გვერდით მანანა იწვა... მე არაფერი მახსოვდა! მაშინ ეს გოგონა 19 წლის იყო მხოლოდ.  ვიცოდი, ნამდვილად პატიოსანი გოგონა იყო, ჩემზე უზომოდ შეყვარებული... დილით, რომ გავიღვიძე, ისეთი საბრალო, ისეთი განწირული თვალებით მიყურებდა, რომ ვერაფერი ვუთხარი გარდა ერთისა: "ადექი, ჩაიცვი, სახლში წავიდეთ-მეთქი..." იმ ღამეს ჩვენს შორის, თურმე, არაფერი მომხდარა. მე ეს მეორე დღეს გავიგე, როცა მე იგი, როგორც ჩემი მეუღლე, სახლში მოვიყვანე! მისთვის მე პირველი მამაკაცი ვიყავი!  ასე დაიწყო ჩვენი ერთობლივი ცხოვრება. თანდათან მეც შევეჩვიე მანანას, შემიყვარდა კიდეც, ისე, როგორც უყვართ საკუთარი შვილის დედა...…მანანა ხომ ბავშვს ელოდებოდა?!...
- მერე? რა მოხდა მერე? - აღელვება დაეტყო ვახტანგს ხმაში.
- მერე... იმ უბედურს არ ეწერა დიდხანს ჩემთან ყოფნა. ქორწინებიდან მეთერთმეტე თვეზე გაჩნდა ჩემი გაგა, მანანა კი... მანანა გიგას მშობიარობას გადაყვა! სახელის დარქმევა მოასწრო მხოლოდ. ექიმმა რომ ახარა, "ბიჭი გყავსო", ესღა უთქვამს, "ჩემს ბიჭს გაგა დაარქვანო" და იქვე, მაგიდაზე დაულევია სული. ასე გაჩნდა გაგა!...
- საწყალი გოგო... უუუფ, ეს რა მომიყევი, ბიჭო... და მარტომ როგორ გაზარდე ეს ძუძუთა ბავშვი?!
- მანანა და ჩემი ძმის ცოლი, ეკა, თითქმის ერთდროულად ელოდნენ ბავშვებს. ნიკუშა 10 დღით უფროსია გაგაზე. მანანა რომ დაიღუპა, ეკამ თავისთან წაიყვანა გაგა და დედობა გაუწია, ორივეს მან აჭამა ძუძუ... მაგრამ, ერთი კია, ენა რომ ამოიდგეს, ნიკას დედა დააძახებინა და გაგას – ბიცოლა. ეკამ წინასწარ განსაზღვრა, რომ თუ ცოლს მოვიყვანდი, გაგას ჩემი მეუღლისთვის ეწოდებინა "დედა"...
- მანანას მშობლები? ისინი არ გეხმარებოდნენ გაგას გაზრდაში?
- ჩემმა სიდედრმა და სიმამრმა ბავშვი ორი კვირის ასაკში ნახეს პირველად და... უკანასკნელად! - მწარედ ჩაეცინა ვაჟას, - პირველივე ნახვაზე შეიძულეს გაგა, რადგან იგი გახდა მათი ქალიშვილის სიკვდილის მიზეზი. მეც "მკვლელი" მიწოდეს და... წავიდნენ! იმ დღის შემდეგ აღარც გამოჩენილან!…
- საოცარია! სიტყვებს ვეძებ და... ვერ მიპოვია! ბავშვმა... ბავშვმა რა დააშავა?! მაგის შეძულება იქნებოდა? მდააა!... და ახლა? ახლა შენთან გყავს გაგა? ან როგორ უვლი?
- როცა ეკას დეკრეტული შვებულება დაუმთავრდა, დედაჩემი ნიკუშას იტოვებდა-ხოლმე, გაგას გაზრდაში კი – მამიდაჩემი მეხმარებოდა. ის მარტოხელაა და... გაგაა მისთვის ყველაფერი... თან, ტერიტორიულად, იქ უფრო მაწყობდა-ხოლმე გაგას დატოვება.
- გაგას არ უკითხავს არასოდეს დედის შესახებ? ძმებივით იზრდებოდნენ და, უცებ ეს ეკა ერთისთვის დედა აღმოჩნდა და მეორესთვის - ბიცოლა?!
- ეჰ, ბატონო ვახტანგ, მეკითხება, როგორ არ მეკითხება?!  სულ მეკითხება, რატოა ეკა მხოლოდ ნიკას დედა... სად არის მისი დედიკო... და რაღაც, კიდევ ამის მსგავსს... მამიდაჩემმა მოიგონა ეს უბოროტო ტყუილი, რომ "გაგას დედა შორსაა წასული და მალე დაბრუნდება"!... და აი, დღეს მე და გაგამ ნათია ვიპოვეთ. მე გაგას ვუთხარი, "დედიკო დაბრუნდა-მეთქი" და მან ეს მთელი გულით დაიჯერა. ნათიას რომ უარი ეთქვა, მე მას ძალას ვერ დავატანდი. ვიცი, რომ ძნელია უცებ, ერთბაშად დათანხმდე ცოლობაზე შვილიან კაცს, თანაც, კაცს, რომელსაც, პრაქტიკულად არ იცნობ... მაგრამ ნათიამ უარი არ მითხრა, უფრო სწორად, გაგას არ უთხრა უარი დედობაზე... ახლა, ბატონო ვახტანგ, თქვენზეა დამოკიდებული, ეყოლება თუ არა ჩემს გაგას დედა.

ვახტანგი ფეხზე წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. შემდეგ ვაჟას გვერდით გაჩერდა და ძალიან მაგრად მოკიდა მხარში ხელი.
- კი, ბატონო, ნათია დათანხმდა, რომ იყოს გაგას დედა!... დავუშვათ, რომ მეც თანახმა ვარ, თუმცა მე თავად მიკვირს ეს თანხმობა, მაგრამ... თქვენ, შენ და ნათია თუ შეეგუებით ერთმანეთს?!... ამაზე წუთით მაინც თუ გიფიქრიათ?! ხალხი მთელი სიცოცხლე იცნობს ერთმანეთს, უყვართ ერთმანეთი და ქორწინების შემდეგ ვეღარ ეგუებიან ოჯახს... ერთმანეთს... და მერე პანტა-პუნტით ირღვევა ოჯახები! ვაჟა, მე არ მინდა, რომ ეს ჩემს ნათიასაც დაემართოს. ნათია ძალიან კეთილი გოგოა, ალალი, პატიოსანი... შენ მასთან პრობლემა არ გექნება, მაგრამ... ვაჟა, ჩვენ შენ არ გიცნობთ!... არც ნათია გიცნობს და არ მინდა ასეთი ფიასკო განიცადოს! შეგუება და კარგად გაცნობა მაინც გეცლია მისთვის, შე კაიდედმამიშვილო!
- ბატონო ვახტანგ, ვაჟკაცურ სიტყვას გაძლევთ: ხვალ ჩვენ განცხადებას შევიტანთ ხელის მოსაწერად, მანამდე კი, ეს ერთი თვე, სრული ხელშეუხებლობის გარანტიას გაძლევთ, თუ ეს ვადა თავად ნათიამ არ დაარღვია. ნათია და გაგა დაიძინებენ ერთ ოთახში და მე – მეორეში. ეს ერთი თვე მოსაფიქრებელი ვადა იქნება ნათიასთვის.
- მჯეროდეს, აბა, შენი?
- მე მგონი, ჯერ უნდობლობა არ დამიმსახურებია!... თუ ნათია ამ ერთ თვეში ვერ შეგვეგუება, ჩემს გაგას გეფიცებით, ჩემი ხელით მოვიყვან უკან. პირობა პირობაა!... მაგრამ, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ნათია ვერ შეგვეჩვიოს, არც ჩვენ ვართ ცუდები.

ვახტანგმა ვაჟას მხარს ხელი გაუშვა და სკამზე ჩამოჯდა. დიდხანს და გამომცდელად უყურებდა ვაჟას თვალებში, თითქოს და იქ ეძებდა ახსნას ამ, მისთვისვე საოცარი, გადაწყვეტილებისას, - ნათია უცნობი ვაჟისთვის გაეტანებინა...
ალალი თვალებით იყურებოდა ვაჟა, თვალს არ ხრიდა დაბლა და არ ეშინოდა ვახტანგის თვალებისა...
- არ ვიცი, არაფერი აღარ ვიცი... ინდური ფილმის სიუჟეტს გავს ეს ყველაფერი... და რაღა ჩემს სახლში უნდა გადაეღოთ ეს ინდური ფილმი?... არ შეიძლებოდა, ქართულად, მამა-პაპურად მომხდარიყო ეს ყველაფერი? – ამ სიტყვებით ვახტანგი წამოდგა, ვაჟას მხარზე მოხვია ხელი და მისაღებში გაიყვანა, იქ, სადაც ლოდინში გადიოდა დრო.

ნათია მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა ოთახის მიხურულ კარს.
"ვაი, თუ მამამ უარი უთხრას, მაშინ? მაშინ რა ეშველება გაგას? ნუთუ გაგას ისევ არ ეყოლება დედა?... და ის აღარასოდეს მიენდობა სხვას, რადგან პირველად თქვა ეს აბსტრაქტულად ნათქვამი "დედა" კონკრეტული პიროვნების მიმართ... და ეს პიროვნება – მე ვარ! მაინც, საოცარია, რატომ შემოიჭრა ჩემს გულში ასე, ერთი დანახვით გაგა? მაგრამ, მარტო გაგა? არა, ვაჟაც!... რატომ მიფართხალებს ასე გული? ნუთუ მეშინია?! ჰო, ვთქვათ სიმართლე, რომ მეშინია!... მაგრამ რისი უფრო მეშინია, მომავალი ოჯახის თუ, პირიქით, მამაჩემის უარის?... ღმერთო, ოღონდ უარს ნუ ეტყვის!... ოღონდ უარს ნუ ეტყვის!..."

ნათიამ მთელი ძალით შემოხვია ხელები გაგას და მკერდში ჩაიკრა.
გაგაც, თითქოს ამას ელოდაო, სახით მისკენ მიბრუნდა, ხელები კისერზე შემოხვია, ჯერ აკოცა და მერე ლოყით ლოყაზე მიეხუტა ნათიას.

- ვაი, შვილო, - ჩაილაპარაკა ელენემ, ამის შემხედვარე.

ამ დროს ოთახის კარი გაიღო და ვახტანგი ოთახში შემოუძღვა ვაჟას. ნათიამ ვაჟას ბედნიერ თვალებში ამოიკითხა მამის თანხმობა და შვებით ამოისუნთქა.

- ნათია, მოდი ჩემთან, შვილო!
ნათიამ გაგა დაბლა ჩამოსვა და მამას მიუახლოვდა.
ვახტანგმა გულში ჩაიკრა ნათია, თავისდაუნებურად აევსო ცრემლებით თვალები...
- ნათო, მე მჯერა შენი, შვილო... და რატომღაც ვაჟასიც მჯერა, მან მე ვაჟკაცური სიტყვა მომცა...
- რა სიტყვა, მამა? - გაუღიმა ნათიამ ვახტანგს.
- ხელის მოწერამდე, ეს ერთი თვე მოსაფიქრებლად და შესაგუებლად გექნება, ნათო!... თუ შენ ვერ შეეგუები ვაჟასა და გაგას, მაშინ ის შენ სახლში დაგაბრუნებს!...
- რას ამბობ, ვახტანგ?! - შეშფოთებულმა წამოიძახა ელენემ და ფეხზე წამოხტა, - ერთი თვე გოგო სახლში არ მყავდეს და მერე უკან წამოვიყვანო?... ეს რამ გაფიქრებინა?!
- ვაჟა, ეს მართალია? მითხარი, მართალია?... – ნათიამ ისეთი სასოწარკვეთილი თვალებით შეხედა ვაჟას, რომ ვაჟა შეცბა.
- წამო, ბებო, ჩემთან წავიდეთ... - ელენემ გაგას ხელი დაავლო და საძინებელში გაიყვანა.

- ნათია, მე მხოლოდ შენს გამო ვთქვი ეს... მე ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება, ძალა დაგატანო, რომ გახდე ბავშვიანი კაცის მეუღლე, გახდე სხვისი შვილის დედა!...
- გაგა "სხვისი შვილი" არ არის!... გაგა არის ბავშვი, რომელსაც სჭირდება დედა! და მან ეს სიტყვა პირველად ჩემს მიმართ წარმოთქვა!... მე თანახმა ვარ, ვიკისრო ეს უდიდესი პასიხისმგებლობა, მაგრამ... თუ შენ არ მოგწონვარ, როგორც მეუღლე, მე ძალას ვერ დაგატან... და არც დაგატან! - ნათია სწრაფად შებრუნდა, თავის ოთახში შევიდა, ლოგინზე დაემხო და ჩუმად, უხმოდ ატირდა.

ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო. თავი ასწია და...… თვალცრემლიანი გაგა დაინახა.
- დედიკო, წავიდეთ, ლა, სახლსი? მე სენთან მინდა... სენ ხო ცემი დედიკო ხარ, ჰა, დედა? სენ ხო დამპილდი, სულ სენთან ვიქნებიო?!... მე სენ ალ გაგაბლაზებ...
ნუ ტილიხალ, ლა?... - ტიროდა პატარა გაგა და თან სახეზე ეფერებოდა.

ნათია წამოჯდა, გაგა კალთაში ჩაისვა და გულში ჩაიკრა. მერე მამის ნათქვამი ჩაესმა ყურში: "თუ შენ ვერ შეეგუები ვაჟასა და გაგას, მაშინ ის შენ სახლში დაგაბრუნებსო" და ღაპა-ღუპით წამოუვიდა ცრემლები.
- გაგა, მე სულ შენთან მინდა ვიყო, მაგრამ მამიკოს არ მოვყავარ!...
გაგა სწრაფად ჩახტა ნათიას კალთიდან და შურდულივით გავარდა მეორე ოთახში.
- მამა, სენ ალ გინდა, ლო დედა სახლსი წამოვიდეს?.. ცემი დედიკო ტილის, ტილის!... - თავადაც გულამოსკვნით ტიროდა გაგა, - მამა, წავიყვანოთ ლა, დედიკო სახლსი?! გეხვეწები, მამა, ლა?!...

ამის შემხედვარეს ელენესაც ცრემლებით აევსო თვალები, გაგა ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა.
- გაგა, ნუ ტირი, ბებო, ნუ, ჩემო ბიჭო!... დედა აუცილებლად მოვა შენთან...
- დღეეს?
- ჰო, ბებო, დღეს! – ელენემ რამდენჯერმე აკოცა გაგას სველ ლოყებზე.
- მაპატიეთ, მე ახლავე მოვალ... - თქვა ვაჟამ და ნათიას ოთახში გავიდა.

თვალცრემლიანი ნათია ფერიას ჰგავდა. ვაჟა ნათიას მიუახლოვდა, მის წინ შეჩერდა, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა.
 
ნათიამ გაბუტული თვალებით ახედა ვაჟას, მაგრამ მის სურვილს დაჰყვა და ფეხზე წამოდგა.
- ნუ ტირი, ნათია... შენ ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ მე ახლა! მე ხომ მეშინოდა, რომ შენ ვერ შეგვეჩვეოდი?!... მაშინ ჩემზე უბედური არავინ იქნებოდა, ალბათ. მე რომ გითხრა, უკვე მიყვარხარ-მეთქი, დამიჯერებ? გთხოვ, რომ დამიჯერო! მე მე ვარ, და გაგასაც უკვე უყვარხარ, ნათია... შენ ხომ გჯერა ჩვენი?!
- გაგას რომ ვუყვარვარ, მჯერა, შენ კი...
- ჩემი? ჩემი არ გჯერა, ნათია? - ვაჟამ ვედრებით შეხედა ნათიას და მანაც აღარაფერი უპასუხა, მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი.
- ნათია, მე არვინ მინახავს შენზე ლამაზი!... არ გამიბრაზდე და, იცი, რა გრძნობა გამიჩნდა? ახლა რომ არ გაკოცო, გავგიჟდები! ხომ არ გამიბრაზდები?

ვაჟამ თავი ააწევინა ნათიას და თვალებში ჩახედა. უნდოდა, ამ ცრემლის ტბებში ამოეკითხა თანხმობა. ცრემლიანი ტბების ნაცვლად კი მოკიაფე ვარსკვლავები დახვდა ვაჟას. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად აკოცა პატარა, ვარდის ფურცლებივით სათუთ ტუჩებზე.

ნათიამ თავი დახარა და მკერდზე მიეყრდნო ვაჟას. რა ძლიერი და საიმედო იყო ვაჟას მკერდი! ნათიას ეგონა, გული საგულედან ამოუვარდებოდა, ეგონა მთელ ქვეყანას ესმოდა მისი გულის ძგერა!
ვაჟამ ხელი მოხვია და ძლიერად ჩაიკრა გულში თავისი მომავალი მეუღლე. შემდეგ მხარზე მოხვია ხელი და მისაღებ ოთახში გაიყვანა.
გაგამ, დაინახა თუ არა ნათია, ელენეს ხელიდან გაუსხლტა და მასთან მიიჭრა.
- ცემო დედიკო, სენ ხო აღალ ტილიხალ? ალ იტილო, ლააა? მე სენ იცი ლოგოლ მიყვალხალ? ჰა, დე, იცი? – გაგა ფეხებზე შემოეხვია ნათიას.
- არა, გაგა, არა ვიცი!... მაინც, როგორ გიყვარვარ, არ მეტყვი?
- ლოგოლ და, ლოგოლც მამიკო!...

ვაჟამ ხელში აიტაცა თავისი ვაჟკაცი, მეორე ხელით ნათია მიიზიდა და გვერდით დაიყენა.
შეჰყურებდნენ ოჯახის წევრები ამ სამ ბედნიერ სახეს, სიხარულით ანთებული თვალების სამ წყვილს და, ალბათ, ოთხივე ერთსა და იმავეს ფიქრობდა: რომ ასეთი რამ მილიონში ერთხელ შეიძლება მომხდარიყო, და ის ერთი შემთხვევა სწორედ მათ თვალწინ ხდებოდა ახლა.

ვახტანგს სჯეროდა, რომ ეს წარმოსადეგი, სიმპათიური ყმაწვილი მის ერთადერთ ქალიშვილს ნამდვილ მეგობრობას გაუწევდა; რომ ეს დიდთვალა ბიჭუნა ნამდვილ დედად მიიღებდა ნათიას და რომ ნათია ერთგული მეუღლე და დედა იქნებოდა ვაჟასა და გაგასთვის. სხვაგვარად ვერც კი წარმოედგინა ვახტანგს.

ელენე მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა ახლა, - მისი ნათია ყოფილიყო ბედნიერი ნამდვილი ქალური ბედნიერებით.

მერაბი შეჰყურებდა ნათიას, ვაჟასა და გაგას და ეჭვი უღრღნიდა გულს: ვაი, თუ გაგამ, რომ გაიზრდება, ვერ აპატიოს ვაჟასა და ნათიას ასეთი ტყუილი?!... ხომ შეიძლება ვინმემ, "ბოროტმა სულმა" გაუმხილოს გაგას სიმართლე, რომ ნათია არ არის მისი ნამდვილი დედა?! მაშინ? რა მოხდება მაშინ?... ხომ არ დაეჩაგრება მისი ერთადერთი საყვარელი დაიკო?

ლიას სულ სხვანაირად წარმოედგინა ნათიას გათხოვება: ეგონა, სიძე აუცილებლად ფაეტონით უნდა მისულიყო თეთრ კაბაში გამოწყობილი ნათიას წასაყვანად... უნდა ყოფილიყო შამპანურის ზღვა, ყვავილების ტყე და... ფერიასავით ნათია!... აქ კი, რაღაც ყველაფერი უჩვეულოდ მოხდა, თუმცა არაბანალურად. ასეთი რამ ლიას არც კი გაეგონა: გაცნობის დღესვე გათხოვება და ისიც – ბავშვიან მამაკაცზე! "ალბათ, ასეთ მოქმედებასაც ვაჟკაცური ხასიათი უნდა! თურმე როგორი გოგო ყოფილხარ, ნათო! ყოჩაღ, ნათია, ყოჩაღ! ბედნიერი იყავი, ჩემო გოგონა!"

ფიქრის ძაფი ყველას გაგამ გააწყვეტინა:
- დედიკო, ცემოდანი ლოდის უნდა ცაალაგო? სენი კაბები ხო უნდა წამოიღო სახლსი?
- წამოდი, გაგა, ერთად ჩავალაგოთ ჩემი კაბები... ხომ მომეხმარები? - ნათიას გაეცინა, გაგა ხელიდან გამოართვა ვაჟას და თავის ოთახში გაიყვანა.

- რა დროს ჩემოდნის ჩალაგებაა?! ელენე, აბა, ერთი შენებურად დამიტრიალდი! ლია, შვილო, შენც მიეხმარე დედას. მერაბ, სარდაფიდან ღვინო და მწნილი ამოიტანე...…ასე დაულოცავად ვერც სიძეს მივიღებ ოჯახში და ვერც ქალიშვილს გავუშვებ ვერსად. სახლიდან კი არ ვაგდებ ჩემს შვილს, ახალი შვილი და შვილიშვილი შემომყავს სახლში!... აბა?... დღეს ამ ცოტათი დავკმაყოფილდეთ და მერე? "თუ ქორწილია, ქორწილი იყოს!"...
- არ არის საჭირო, ბატონო ვახტანგ! ნუ შეწუხდებით, გვიანია უკვე!
- რას ქვია "გვიანი"? ხვალ შაბათია, სამსახურში არცერთი არ მივდივართ!... ჰოდა, დილამდე ვიქეიფოთ, თუ გინდა!
- გაგა ცოდოა, ეძინება უკვე...
- გაგას ჯავრი ნუღარ გაქვს, ნათია მიხედავს!... დაიცა, შენ თავს ხომ არ გვარიდებ?! თუ არ გინდა ჩვენთან ერთად პურის გატეხა, ეს სხვა ამბავია!... – ხმაში წყენა შეეპარა ვახტანგს.
- არა, ბატონო ვახტანგ! თავს გარიდებთ კი არა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვარ მე ახლა! მაგრამ, მერიდება თქვენი... მე ხომ ასე მოულოდნელად შემოვიჭერი თქვენს ოჯახში?!A
- ოჯახში შემოჭრა სამტროდ არის ცუდი, თორემ, სამოყვროდ? მოდი, შვილო!... ბოლოს და ბოლოს, ცოტა ხანს კიდევ მაყურებინეთ თქვენზე, ვიდრე  ნათიას სამუდამოდ გაიყვანდე ჩემი ოჯახიდან! და ის პირობაც დაივიწყე, წეღან რომ აღმიქვი! ნათია უკან არ დაბრუნდება! დღეიდან ის შენი მეუღლეა და… აბა, თქვენ იცით, როგორ გასწევთ ამ უღელს ცხოვრების ძნელ გზაზე... ერთი კია, იმ თქვენს პირველ გავლებულ ხნულში სიკეთეს ჩათესავთ – სიკეთეს მოიმკით, ბოროტს ჩათესავთ და – ცხოვრებაც ბოროტებით გიპასუხებს... ვაჟა, შვილო, რატომღაც, პირველივე დანახვაზე კეთილად მიგიღო ამ გულმა. ალალი ბიჭი ჩანხარ და... შენ იცი და შენმა კაცობამ!.. გოგო არ დამიჩაგრო! ოღონდ ნათია მყავდეს ბედნიერი და... მე თქვენთვის ვიცოცხლებ.
- ბატონო ვახტანგ, მეც ერთადერთი სურვილი მაქვს ახლა: მინდა რომ თქვენ ჩემი გჯეროდეთ, ჩემი ირწმუნოთ... ჩვენ ერთმანეთს არ უნდა გავურბოდეთ, თვალებში თამამად უნდა შევყურებდეთ ერთმანეთს. ჩემი მხრიდან თქვენი ღალატი – გამორიცხულია!
-ჰოდა, მეც ეს მინდა, შვილო!...

მომავალ სიძე-სიმამრს საუბარი გაგამ შეაწყვეტინა, რომელიც სირბილით გამოვიდა ნათიას ოთახიდან.
- მამიკო, მე და დედამ ცემოდანი უკვე ცავალაგეთ. ეხლა მალე წავალთ სახლსი?
- ბაბუ, მოდი ჩემთან... - ვახტანგმა კალთაში ჩაისვა გაგა, - დღეს აქ დარჩით, კარგი? ხომ გინდა დედიკოს სახლში დაძინება?
- მე ხო დედიკოსთან დავწვები? - მაშინვე ეს იკითხა გაგამ და ჯერ ვაჟას შეხედა და შემდეგ – ვახტანგს.
- აუცილებლად! რა თქმა უნდა, დედიკოსთან დაწვები! – გაეცინა ვახტანგს და ვაჟას თვალი ჩაუკრა, - პირობა –პირობაა!


ელენე, ლია და მერაბი ციბრუტივით დატრიალდნენ. ერთ საათში სუფრაც გაშლილი იყო. სუფრის ერთ მხარეს ნათია, ვაჟა და გაგა დასხდნენ, მეორე მხარეს – ლია და მერაბი, მაგიდის თავსა და ბოლოში კი – ვახტანგი და ელენე მოთავსდნენ.
თავიდან გაგამ ცალკე სკამზე დაჯდომა მოისურვა, რა თქმა უნდა, ნათიას გვერდით. შემდეგ – ნათიას ააბობღდა კალთაზე და იქ მოიკალათა, ხოლო ერთი საათის შემდეგ თვალები მილულა და ნათიას კალთაში ტკბილად დაეძინა.
ნათიამ ფრთხილად აიყვანა ბავშვი, თავის ოთახში გაიყვანა და ლოგინში ჩააწვინა. გაგას გაეღვიძა, მაგრამ ძილს თავი ვერ წაართვა და მხოლოდ ეს ჩაიბურტყუნა:
- დედიკო, ალ დამტოვო, ლა...

ნათია გვერდით მიუწვა. გაგამ მკერდზე დაადო თავი და მაშინვე ჩაეძინა.
გაგას თბილმა სუნთქვამ მკერდი გაუთბო ნათიას. ამ სითბომ გულამდე ჩააღწია და სამუდამოდ ჩაიბუდა შიგ. ნათია რაღაც უჩვეულო გრძნობამ შეიპყრო. ამ სითბომ მთელ სხეულში დაუარა, სულის ყველა სიმს გამოჰკრა ხელი... ნათიას გულმა ჯერ მოუხშირა ფეთქვას, შემდეგ კი ერთბაშად დამშვიდდა, დაწყნარდა და.. ამღერდა!... ჰო, მღეროდა ნათიას გული... მღეროდა საოცარი სინაზით, სიყვარულით... ახლა რომ ვინმეს ეთქვა ნათიასთვის, რომ გაგა შენი შვილი არ არისო, ალბათ... არა, გაგა ნათიას შვილია! დღეიდან და სამუდამოდ! მორჩა და გათავდა!
ნათიამ სიყვარულით გაუსწორა საბანი თავის გაგას და... მასაც ჩაეძინა.

ნათიას რომ შეაგვიანდა, ელენემ მის ოთახში შეიხედა და კარებთანვე შეჩერდა.
- ვაჟა, მოდი აქ, შვილო! – ჩურჩულით გასძახა ელენემ.
ვაჟა მაშინვე წამოდგა და ელენეს მიუახლოვდა. მას ვახტანგი, ლია და მერაბიც მიჰყვნენ.
ალბათ მხატვრის ფუნჯსაც გაუჭირდებოდა იმ ორი მძინარე არსებისა და მათ სახეზე ძილში აღბეჭდილი ბედნიერი ღიმილის დახატვა.
ცოტა ხანში ყველანი სუფრასთან დაბრუნდნენ. მხოლოდ ვაჟა დარჩა ოთახის კარებთან ატუზული. ვერც ოთახში შესვლა გაებედა, რომ შემთხვევით არ დაეფრთხო ძილი ამ ორი ძვირფასი ადამიანისთვის და არც ეს მშვენიერი სურათი ეთმობოდა.
- ვახტანგ, სამის ნახევარია უკვე. მოდი ლოგინს გავუშლი ვაჟას, - ჩურჩულით უთხრა ელენემ.
ვახტანგმა უხმოდ დაუქნია თავი და თან ვაჟას მისჩერებოდა.
"არა, არ შეიძლება, რომ ეს ბიჭი ცუდი იყოს!... თორემ, რატომ არ მიგრძნობს გული რამე ავს?" - მერამდენედ იმეორებდა ვახტანგი ამ სიტყვებს საკუთარ გულში და ამით ცდილობდა ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილების გამართლებას.

სწორად მოიქცა?
თუ შეცდა ვახტანგი, როცა თანხმობა უთხრა ვაჟას?
ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები